საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ეთნიკური უმცირესობების ენაზე საჯარო ინფორმაციის თარგმნის პოლიტიკის და რესურსების არ არსებობის პრობლემას და მერიას, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისკენ მოუწოდებს.
რადიო მარნეულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდისა და ფეისბუქის გვერდის ანალიზი აჩვენებს, რომ კომუნიკაციის ეს პლატფორმები არ არის ორენოვანი და არც სხვა ფორმით ხდება ინფორმაციის უმცირესობების ენაზე თარგმნა. მეტიც, რეგიონში EMC მუშაობა აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია თარჯიმნის რესურსი, რის გამოც ადგილობრივი აზერბაიჯანულენოვანი თემი ვერ ახერხებს განცხადებების/საჩივრებისა და სხვა დოკუმენტების მათ ენაზე ჩაბარებასა და თარგმნილი საჯარო ინფორმაციის მიღებას.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ, ხოლო აზერბაიჯანული თემი წარმოადგენს მარნეულის მოსახლეობის დაახლოებით 83-84 %-ს. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის დონე ეთნიკურად აზერბაიჯანელ თემში საკმაოდ დაბალია, რაც არაერთი კვლევით დასტურდება[1], მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის მხოლოდ სახელმწიფო ენაზე გავრცელება წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას, რაც მას ნაკისრი აქვს როგორ საერთაშორისო დონეზე, ისე ეროვნული კანონმდებლობით.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს თავისუფლება თვითონ დაადგინოს საჯარო უწყებებთან კომუნიკაციის/კორესპოდენციის ოფიციალური ენა, მას აქვს პოზიტიური ვალდებულება, ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით, გამოიყენოს უმცირესობის ენა, ამ ადამიანებსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის ურთიერთობაში.
აღნიშნულ ვალდებულებას განუსაზღვრავს წევრ სახელმწიფოებს „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ევროპული ჩარჩო კონვენცია, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2006 წლიდან. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ ტრადიციულად ან დიდი რაოდენობით, სახელმწიფო ორგანოებმა უნდა მაქსიმალურად უზრუნველყონ უმცირესობის ენის გამოყენება ადმინისტრაციულ ორგანოსა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ პირს შორის.
გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ლინგვისტურ უფლებებს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“, რომლის თანახმადაც, იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ეთნიკური უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას (მუხლი 9.3). ასევე ამავე კანონის მე-11 და 12 მუხლები ავალდებულებს სახელმწიფოს ეთნიკური უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის და მასზე გაცემული პასუხის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის უმცირესობის ენაზე თარგმნას.
როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული კანონმდებლობა მიუთითებს იმაზე, რომ იმ ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო და ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოები, სადაც ეთნიკური უმცირესობები ისტორიულად და მრავლად ცხოვრობენ, ვალდებულნი არიან საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენასთან ერთად ეთნიკური უმცირესობის ენაზეც განათავსონ.[2]
ლინგვისტური უფლებების კუთხით თვითმმართველობის ორგანოს მიერ მისი პოზიტიური ვალდებულების დარღვევა, გავლენას ახდენს ეთნიკური უმცირესობების სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ მონაწილეობაზე და მათ იზოლაციას და გარიყულობას აღრმავებს. ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში სახელმწიფო ენის მხარდაჭერის პოლიტიკამ არ შეიძლება მათთვის გამრიყავი გავლენა იქონიოს და სახელმწიფოსთან ბაზისური კომუნიკაციის შესაძლებლობები წაართვას. პრობლემურია თარგმანის რესურსების არ ქონა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების პირველი რგოლია და ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული პოლიტიკის წარმოებასა და ადგილობრივი საჭიროების გადაწყვეტაზე არის პასუხისმგებელი. ეს მიდგომა არსებითად ართულებს ინტეგრაციის პროცესს და ეთნიკურ უმცირესობათა ბაზისური უფლებების უგულებელყოფას წარმოადგენს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას უზრუნველყოს:
EMC გეგმავს აღნიშნულ პრობლემატიკაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და საჭიროების შემთხვევაში, არ გამორიცხავს, სამართლებრივი დავის წამოწყებას ადგილობრივების უფლებების დაცვისთვის.
[1] უმცირესობათა უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით:https://gdi.ge/uploads/other/0/708.pdf; ქვემო ქართლის მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობისა და განწყობების შესწავლა, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, 2011, ხელმისაწვდომია: http://issa-georgia.com/files/publications/%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%20%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/Report-GEO-004.pnf_3.pdf
[2] სახელმწიფო ენის შესახებ კანონის 24-ე მუხლი; ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენცია- მუხლი 10(2)
ინსტრუქცია