[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პანკისის ხეობაში ადგილობრივი აქტივისტების და თემის წევრების შევიწროებისა და კონტროლის პრაქტიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება პანკისის ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგე თემის წევრებისა და აქტივისტების საპოლიციო შევიწროების ფაქტებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  მოუწოდებს, თავი შეიკავოს ადგილობრივების საპოლიციო კონტროლისა და გამოხატვის  თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის პრაქტიკისგან.

EMC-ის ინფორმაციით, 2019 წლის 29 იანვარს პანკისის ხეობაში გაიმართა სახალხო კრება, სადაც ადგილობრივებმა ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს.[1] კრების შემდგომ  შსს-ს წარმომადგენლებმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს ხეობის ის რამდენიმე უხუცესი, რომლებიც კრების შეხვედრაზე ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ჰესების მშენებლობას. მათ რამდენიმე საათის გამავლობაში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ჰესების მშენებლობის მხარდაჭერის აუცილებლობაში არწმუნებდნენ.   უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ქმედება ხეობის მოსახლეობის მიმართ პირველი არ არის. საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე, ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებისა და აქტივისტების პოლიციის განყოფილებაში დაბარებამ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკითხვამ და დაშინების მცდელობებმა პრაქტიკის ხასიათი მიიღო.

2018 წლის ზაფხულის განმავლობაში, EMC-ის ინფორმაციით, შსს-მ არაერთი აქტივისტი გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მათ უსვამდნენ შეკითხვებს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოხატული მოსაზრებების გამო, ღიად ემუქრებოდნენ და  უცხადებდნენ, რომ წინააღმდეგობის გაგრძელების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებდნენ. ამ ფაქტების ირგვლივ EMC-იმ გაცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ითხოვა ფაქტების შესწავლა და მოქალაქეთა პოლიციის განყოფილებებში გადაყვანის სამართლებრივი საფუძვლის განმარტება. თუმცა, მოთხოვნას შსს-ს მხრიდან რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია. EMC-ის მიმართვის საფუძველზევე აღნიშნულ ფაქტებს ასევე სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის პროცესის ღია მხარდაჭერა შსს-ს მხრიდან და ამ პროცესში საპოლიციო აპარატისა და კონტროლის მექანიზმების გამოყენება არსებითად ეწინააღმდეგება სამინისტროს კანონით გათვალისწინებულ მანდატს, კომპეტენციებს და სამართლდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას ასუსტებს. ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამოხატვა ხეობაში  არსებითად მშვიდობიან ხასიათს ატარებს და ამ პროცესში შსს-ს ინტერვენციის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანიასა და ადგილობრივებს შორის მიმდინარე კომუნიკაციის და მოლაპარაკების მოდერაციის ფუნქცია შეიძლება მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნდეს, ისიც კანონით დადგენილი წესითა და პროცედურით. ამ პროცესში შსს-ს უკანონო მონაწილეობა კი არსებითად ზღუდავს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას და მიზნად ისახავს ადგილობრივი საზოგადოების დაშინებას, კონტროლსა და სოციალური პროტესტის დასუსტებას ,  კერძო ინტერესების დასაცავად სახელმწიფოს მხრიდან საპოლიციო რესურსის ამ ინტენსივობით გამოყენება და სოციალური გამოწვევების რეპრესიული აპარატის გამოყენებით რეგულირება არსებითად მოდის წინააღმდეგობაში დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC  მოუწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

განმარტოს, რა სამართლებრივი საფუძვლით და წესით იბარებს ადგილობრივ მოსახლეობის  პოლიციაში და  რა საფუძვლით ცდილობს, ჰესების მშენებლობისთვის მათი მხარდაჭერის  მოპოვებას. 

დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პანკისის ხეობის მოსახლეობის დაშინებისა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკა და საკუთარი საქმიანობა, პანკისის ხეობაში, არსებითად მოაქციოს კანონის მოთხოვნებში;

დაიწყოს დისციპლინური დევნა ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების მიმართ, რომელიც ადგილობრივი თემის თვითნებური შევიწროების და კონტროლის პროცესში არის ჩართული.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

მხედველობაში მიიღოს ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივების კრიტიკა, უზრუნველყოს ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებული ზიანის რისკების ადეკვატური შეფასება და მის მიერ გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების ფუნდამენტური რევიზია.  ამ მიზნით EMC  სამინისტროს სამუშაო შეხვედრის ჩანიშვნას სთხოვს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აგრძელებს საკითხის შესწავლას და საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] პანკისის ხეობაში შპს ‘ფერი’ გეგმავს ორი დამატებითი ჰესის - ხადორი 3 და სამყურისწყალი 2 -  მშენებლობას, რომელთა მშენებლობისთვის გაცემული ეკოლოგიური დასკვნები აშკარად არ აკმაყოფილებს კანონის ბაზისურ მოთხოვნებს და გარემოზე და სოციალურ ცხოვრებაზე ზიანის მიყენების მაღალ რისკებს შეიცავს. ორივე ჰესთან დაკავშირებით EMC  მომზადებული აქვს დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასება, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებს დაბალ შეფასებას აძლევს და მის ფუნდამენტურ ხარვეზებზე უთითებს. ჰესების კასკადის მშენებლობამ შეიძლება არსებითად შეამციროს სასმელი წყლის რესურსი ხეობაში, დააზიანოს ადგილობრივი უნიკალური ეკოსისტემა და დაცული ტერიტორიები. ადგილობრივების სახელით EMC ადმინისტრაციულ და სასამართლო დავებს აწარმოებს ორივე ჰესზე. თუმცა, მიმდინარე დავის მიუხედავად, სახელწმიფო უწყებები და კომპანია სინქრონიზებულად ცდილობენ გამოიყენონ ყველა საშუალება (ეკონომიკური, სოციალური, საპოლიციო) ადგილობრივების წინააღმდეგობის   დასუსტებისთვის.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“