საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
“ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკაში უკვე დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიღებული ავტორიტარული კანონების გამოყენება, რაც მათი უფლებადაცვითი საქმიანობის სტიგმატიზებასა და კრიმინალიზებას ახდენს და ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას განადგურების რისკის წინაშე აყენებს.
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ანტიკორუფციულმა ბიურომ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) საფუძველზე სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და კიდევ 6 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წინააღმდეგ ინსპექტირება დაიწყო და 2025 წლის 11 აგვისტოს მიღებული წერილით ჩვენგან მოითხოვა წერილობითი ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ დარეგისტრირდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი უცხოეთის აგენტად. ბიურო ხაზს უსვამს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით (FARA) გათვალისწინებულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და არაპირდაპირ ჩვენი დასჯის მუქარას აჟღერებს.
უფრო ზუსტად, ანტიკორუფციული ბიუროს წერილით გვეცნობა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს საზღვარგარეთიდან, უცხოური დონორების მიერ გაცემული გრანტები. ამასთან, ბიუროს განმარტებით, ჩვენი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და საჯარო წყაროების მიხედვით, ჩვენი საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს “პოლიტიკურ საქმიანობად” უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის საფუძველზე, რის გამოც უწყებამ დაიწყო ორგანიზაციის ინსპექტირება.
კერძოდ, ბიუროს მიერ სოციალური სამართლიანობის ცენტრის საზოგადოებრივი და უფლებადაცვითი საქმიანობის “პოლიტიკურ საქმიანობად” მიჩნევის საფუძველი გახდა ჩვენი ისეთი საჯარო გამოხმაურებები როგორიცაა:
ოფიციალურ წერილში ბიურო არც კი ასაბუთებს იმას, თუ სოციალური სამართლიანობის ცენტრის კონკრეტულად რომელი საქმიანობა მიიჩნია სავარაუდო პოლიტიკურ საქმიანობად უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესაბამისად; ასევე კონკრეტულად რომელი პრინციპალის კონტროლისა და დირექტივის ქვეშ მოქმედებას ედავება ორგანიზაციას და როგორ ადასტურებს ამ შემთხვევაში კონტროლისა და დონორის ინტერესების მიხედვით მოქმედების ტესტს.
(ამასთან, ბიურო უახლეს კორესპონდენციაში აღარც კი ახსენებს “გრანტების შესახებ” კანონსა და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონს, რომელიც 2025 წლის 19 ივნისს ჩვენი ორგანიზაციის ინსპექტირებისა და შეუზღუდავი ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი გახდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სასამართლო ბრძანებაში, რომლითაც ორგანიზაციას ბიუროსთვის ინფორმაციის გაცემა დაევალა, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით (FARA) საერთოდ არ იყო მითითებული. ეს მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს ბიუროს თვითნებურ და შერჩევით მიდგომებს მის საქმიანობაში).
აღსანიშნავია, რომ ამერიკული FARA (ისევე როგორც მისი ანალოგიური ქართული კანონი და მისი საფუძველზე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ დამტკიცებული ბრძანება) ადგენს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეიძლება შემხებლობაში იყოს პოლიტიკურ საკითხებთან, თავისთავად არ არის უცხოური პრინციპალის აგენტად მიჩნევის წინაპირობა. კანონის თანახმად, პირის ასეთად მიჩნევისთვის აუცილებელია, რომ: 1. ორგანიზაცია მოქმედებდეს “უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით”; და 2. მის საქმიანობას უცხოური პრინციპალი “მთლიანად ან უმეტესწილად, პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობდეს, მართავდეს, აკონტროლებდეს, აფინანსებდეს ან სუბსიდირებას უწევდეს,” - რაც, თავის მხრივ, ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებისა და დონორთან ურთიერთობის სპეციფიკის ინდივიდუალურ და დეტალურ გამოკვლევას მოითხოვს. პირველი წინაპირობის დასადგენად კი მხოლოდ საგრანტო შეთანხმების არსებობის (ანუ დაფინანსების) ფაქტი საკმარისი არ არის.
ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის უახლესი განმარტებები აღნიშნულ საკითხებზე.
მაგალითად, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 14 მარტს გამოქვეყნდა შეფასება, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ადვოკატირების ორგანიზაციის უცხოური პრინციპალის აგენტად მიჩნევის და მისთვის რეგისტრაციის დავალდებულების საკითხს ეხება. დასკვნაში იუსტიციის დეპარტამენტმა მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობა და უცხოური დაფინანსების ფაქტი ორგანიზაციის აგენტად რეგისტრაციისთვის საკმარის წინაპირობად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ “გრანტთან დაკავშირებული აქტივობები შესაბამისობაში იყო ორგანიზაციის მიზნებთან და, უფრო მეტიც, დონორს არ ჰქონია მნიშვნელოვანი გავლენა ამ საქმიანობაზე. მიღებული ინფორმაცია ასევე ცხადყოფს, რომ ორგანიზაციის აქტივობები არც უცხო მთავრობის ან პოლიტიკური პარტიის მითითებებით ხორციელდებოდა, და არც პირდაპირ ემსახურებოდა მათ პოლიტიკურ ინტერესებს. ამ მიზეზების გამო, ორგანიზაციის აქტივობები უპირატესად საგარეო ინტერესს არ ემსახურებოდა და, შესაბამისად, გამორიცხული უნდა იყოს FARA-ს ფარგლებში რეგისტრაციის ვალდებულებისგან”.[1]
საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 12 მარტს მიღებული შესწორებული გადაწყვეტილება, რომლითაც მან ორგანიზაცია ასევე არ მოაქცია კანონის მოქმედების სფეროში და აღნიშნა, რომ “უცხო ძალის გრანტთან დაკავშირებული აქტივობები პირდაპირ თანხვედრაში იყო თავად ამ ორგანიზაციის გაცხადებული მიზნებთან; ორგანიზაციის აქტივობებზე უცხო ძალა არსებით ზეგავლენას არ ახდენდა; ორგანიზაციის აქტივობები არ იყო უშუალოდ ნაკარნახევი და არ ემსახურებოდა უცხო სახელმწიფოს ან პოლიტიკური პარტიის ინტერესების ხელშეწყობას”.[2]
ამასთან, დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ FARA-ს მოქმედების ფარგლებში არ უნდა მოექცეს აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცული გამოხატვის ფორმები, რომელიც, შეიძლება ემთხვეოდეს უცხო ძალის ინტერესებს, მაგრამ არსებითად წარმოადგენდეს პირის/ორგანიზაციის სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლების განხორციელების ნორმალურ შემთხვევას.[3] FARA არ მოითხოვს პირთა რეგისტრაციას მხოლოდ იმის გამო, რომ სახეზეა მოსაზრებებს შორის თანხვედრის არსებობა.[4]
ამ პირობებში ნიშანდობლივია, რომ 2023 წლის მონაცემებით, აშშ-ში FARA-ს ფარგლებში რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირების წილი 5%-ზე ნაკლებია. FARA-ს რეესტრში დარეგისტრირებული არ არიან ცნობილი მედია და უფლებადაცვითი ორგანიზაციები, როგორებიცაა BBC, DEUTSCHE WELLE, Human Rights Watch, Amnesty International, Transparency International.
აქვე მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმას, რომ ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ სრულად შეცვალა მიდგომები FARA-თან დაკავშირებით. კერძოდ, პრეზიდენტი ტრამპის მიერ დანიშნული გენერალური პროკურორის [Attorney General] მემორანდუმი აცხადებს, რომ FARA-ს გამოყენების პრაქტიკაში ყურადღება სისხლისსამართლებრივი მექანიზმებიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აღსრულებაზე უნდა გადავიდეს. მისი დირექტივის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე უნდა დაიწყოს, როდესაც ე.წ. უცხოური აგენტის მიერ განხორციელებული ქმედება უტოლდება “ჯაშუშობის” დანაშაულს, ტრადიციული გაგებით.
ზემოთ აღნიშნული სტანდარტების საწინააღმდეგოდ, ინსპექტირების პროცესში ბიურო არც კი ცდილობს აჩვენოს, რომ ის კონტროლისა და ინტერესის ნიუანსურ შემოწმებას გეგმავს და ორგანიზაციის მიერ მხოლოდ უცხოური დაფინანსების ფაქტს მიიჩნევს საკმარის და ერთადერთ პირობად მისი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ქვეშ აგენტად რეგისტრაციისთვის. ცხადია, რომ ეს მიდგომა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ამერიკული FARA-ს ლოგიკასა და სტანდარტებს, მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” მუდმივად აპელირებს, რომ აღნიშნული კანონის აღსრულება სწორედ ამერიკული სამართლის მოთხოვნების ზედმიწევნითი დაცვით მოხდება.
ამ პირობებში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ანტიკორუფციულ ბიუროს გაუგზავნა ვრცელი წერილი, რომელშიც ჩვენ ვრცლად განვმარტავთ ერთის მხრივ, აშშ-ში FARA-ს გამოყენების სამართლებრივ სტანდარტებს, მიდგომებსა და პრაქტიკას და მეორეს მხრივ, ჩვენი ორგანიზაციის ისტორიას, იდეოლოგიას, მუშაობის ლოგიკასა და ეთიკას. ვასაბუთებთ, თუ რატომ არის შეუძლებელი და აბსურდული იმის მტკიცება, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეიძლება მისი დონორებისა და პარტნიორების კონტროლითა და დირექტივით მოქმედებდეს. ვრცელ შეპასუხებაში სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამტკიცებს, რომ ორგანიზაცია 2012 წლიდან დამოუკიდებლად და ავტონომიურად მოქმედებს და მის საქმიანობას მხოლოდ საკუთარ იდეოლოგიურ რწმენებს, კვლევაზე დაფუძნებულ მიგნებებსა და კონკრეტული სოციალური ჯგუფების, მათ შორის, მშრომელების, დევნილების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების, შშმ პირების - ნამდვილ საჭიროებებს და ინტერესებს აფუძნებს.
უფრო ზუსტად ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მთელი რიგი გარემოებები გამორიცხავს სოციალური სამართლიანობის ცენტრის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) რეგულირების სფეროში მოქცევას. მათ შორისაა:
აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ორგანიზაციის სამუშაოების დიდ ნაწილს მოიცავს მოქალაქეების უფასო სამართლებრივი დახმარება. მხოლოდ 2024-2025 წლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დაახლოებით 500 ადამიანს გაუწია უფასო სამართლებრივი დახმარება. სამართლებრივი დახმარების ბუნებისა და მომწესრიგებელი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ამ პროცესში ორგანიზაცია მოქმედებს მხოლოდ ბენეფიციარების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და აბსურდულია მსჯელობა იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია შეიძლება ამ პროცესში სხვა ინტერესს ატარებდეს.
გარდა ამისა, ორგანიზაცია ეწევა აქტიურ აკადემიურ სამუშაოებს (კვლევები, თარგმანები, სწავლება), რომელიც ასევე კვლევისა და სწავლების აკადემიური მეთოდოლოგიებით ორგანიზდება და თვისებრივად ავტონომიური სფეროა.
ამასთან, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ორგანიზაციის შეხედულებები გლობალურ თუ ადგილობრივ პროცესებზე ხშირად წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ პოზიციასთან, რაც არაერთხელ გამოვლინდა კიდეც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ კანონის გონივრული და კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შეუძლებელია ჩვენი ორგანიზაცია უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის კანონის ადრესატად იყოს განხილული.
ამ პირობებში აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ინიცირებული ინსპექტირება, ისევე როგორც ბიუროს მიერ ორგანიზაციის აგენტად მიჩნევისთვის გამოყენებული სამართლებრივი სტანდარტები, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, ისევე როგორც უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) მოთხოვნებსა და მის გონივრულ განმარტებას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წინააღმდეგ კანონის ფართო და თვითნებური გამოყენება არღვევს ჩვენი ორგანიზაციების კონსტიტუციით გარანტირებული გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. ამასთანავე, ბიუროს მხრიდან სწორედ კრიტიკული ორგანიზაციების მიზანში ამოღება და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების აგრესიული და შერჩევითი გამოყენება აშკარად აჩვენებს უწყების სავარაუდო დისკრიმინაციულ მიდგომებსა და ჩვენი კრიტიკული მოსაზრებების და საქმიანობის დევნის ინტერესს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს საკუთარი და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უფლებების და რეპუტაციის დასაცავად გამოიყენოს ყველა სამართლებრივი დაცვის საშუალება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ეს პროცესი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გადასარჩენად.
[1]https://www.justice.gov/nsd-fara/media/1355126/dl?inline=
[2] U.S. Department of Justice. 2024. ხელმისაწვდომია: https://www.justice.gov/nsd-fara/media/1355126/dl?inline, წვდომის თარიღი: 04.03.2025.
[3]Ibid.
[4]Ibid.
ინსტრუქცია