[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ანალიტიკური დოკუმენტები

მარნეულის კულტურის ცენტრის პოლიტიკის შეფასება

მარიამ შალვაშვილი 

 

შესავალი

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია მარნეულის კულტურული ცენტრის საქმიანობის შესწავლა და მისი პოლიტიკის ანალიზი, განსაკუთრებით იმ მიმართულებით თუ რამდენად უწყობს ის ხელს ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის დაცვასა და კულტურათა შორის დიალოგის წახალისებას.

შეფასების დოკუმენტი მომზადებულია ცენტრის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებზე (მათ შორის, სტრატეგიასა და ცენტრის ბოლო 3 წლის საქმიანობის ანგარიშებზე), საქართველოს აზერბაიჯანელი თემის აქტივისტებთან, ასევე მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორთან და მის მოადგილესთან ჩაწერილ ინტერვიუებზე დაყრდნობით.

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება „კულტურის ცენტრი“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი,  რომელიც დაფუძნდა 2007 წელს და რომლის დამფუძნებელი მარნეულის მუნიციპალიტეტია. დაფინანსების წყაროებს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტი (სუბსიდია) და ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები. მის დაქვემდებარებაშია მარნეულსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული 7 კულტურის სახლი, 5 ბიბლიოთეკა, 2 სახლ-მუზეუმი და მარნეულის მუსიკალური სკოლა.[1]  კულტურის ცენტრის თანამშრომლების რაოდენობა ამჟამად შეადგენს 93 თანამშრომელს.[2]

ზოგადად უნდა ითქვას, რომ მარნეულის კულტურის ცენტრი საკმაოდ აქტიურია და განსაკუთრებით ბოლო წლებში, ახალი მენეჯმენტის პირობებში ღონისძიებების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუმცა კვლევის შემდეგ გამოიკვეთა არსებითი ხასიათის პრობლემები თანასაწორობის დაცვისა და ინტრკულტურული დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით.

 

  1. თანასწორობის კონცეფციის არასათანადო ინტერპრეტაცია და მისი სოციალური გავლენები 

ცენტრის მთავარი გამოწვევა, რომელიც განაპირობებს ბევრ სხვა პრობლემას მის პოლიტიკაში, თანასწორობის კონცეფციის არასწორ გაგებას უკავშირდებდა. ცენტრი სათანადოდ ვერ აფასებს რეგიონში იმ ძალაუფლებრივ ასიმეტრიას, რომელიც დომინანტურ და არადომინანტურ ეთნიკურ/კულტურულ ჯგუფებს შორის არსებობს და მათ მიმართ ერთგვაროვანი მოპყრობის ზოგად და იმთავითვე პრობლემურ კონცეპტუალურ მიდგომას იყენებს. ცენტრი არ აღიარებს ამ რეგიონში  მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების განსაკუთრებულ საჭიროებებს და მოწყვლადობას (მათ შორის, ქართული ენის დომინაციის პოლიტიკის (და სახელმწიფო ენის არასათანადო სწავლების) გამო ადგილობრივების გათიშულობას პოლიტიკური და კულტურული პროცესებიდან, უმცირესობების განათლების პოლიტიკის ფუნდამენტურ ხარვეზებს), რაც არსებული უთანასწორო გარემოს აღმოფხვის მიზნით დამატებითი და სპეციალური პოლიტიკის გატარებას ავალდებულებს სახელმწიფოს. აშკარაა, რომ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები საქართველოში ერთნაირ ძალაუფლებას არ ფლობენ და მეტიც, ზოგიერთი თემის უფლებები და  საჯარო რესურსებზე წვდომა შეზღუდულია ინსტიტუციური პრაქტიკებით, რის გამოც  თანაბარი  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია სახელმწიფოს პოზიტიური ჩარევა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი მიდგომის პრობლემა ახასიათებს არა მხოლოდ კულტურის ცენტრს, არამედ ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკას.

ცენტრის საქმიანობაში ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების სპეციალური საჭიროებები და გამოწვევები კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობაზე თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ფაქტობრივად არის გამოტოვებული, მათ შორის:

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ცენტრის ორგანიზებული სპექტაკლები, კინოჩვენებები და ლექციების უმეტესი ნაწილი მათ შორის სოციალური ღონისძიებები ადრეულ ქორწინებაზე, ქალთა მიმართ ძალადობასა და ბავშვის აღზრდაში ოჯახის როლის შესახებ და სხვა ლექციები თუ სპექტაკლები მხოლოდ ქართულ ენაზე მიმდინარეობს და იმავე ინფორმაციის გასავრცელებლად არ იგეგმება აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან აზერბაიჯანულ ენაზე ამ ლექციების შინაარსის მიწოდება. ამ ღონისძიებების თარგმანის, სუბტიტრების ან სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე ანალოგიური ლექციების, სპექტაკლების ან კინოჩვენებების ჩატარების პრაქტიკა საერთოდ არ არსებობს. ეს კი უკვე იმას ნიშნავს, რომ ენის არმცოდნე ან ქართული ენის ცუდად მცოდნე მოსახლეობა ამ ლექციებით, კინოჩვენებებითა და სპექტაკლებით ვერ სარგებლობს ან თუ სარგებლობს, ეს ღონისძიებები მათთვის მწირი ინფორმაციის მომტანია.

პრობლემები გამოიკვეთა ბიბლიოთეკებთან დაკავშირებითაც. სოფლების ბიბლიოთეკების აზერბაიჯანულენოვანი წიგნების დიდი ნაწილი დაწერილია კირილიცათი, რაც არ აძლევს საშუალებას ახალგაზრდა თაობას, რომ წიგნები იკითხონ და არ ხდება ბიბლიოთეკების საკითხავი მასალის აქტიური განახლება. ეს კი უკვე იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის ბიბლიოთეკების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. თუმცა უფრო დიდი პრობლემა, აქტივისტების თქმით, ისაა, რომ კულტურის სახლები, საიდანაც გაიცემოდა ხოლმე წიგნები, ბევრ სოფელში საერთოდ დაკეტილია და ზოგიერთი სოფლის მოსახლეობას სრულიად არ აქვს საშუალება, წიგნებზე წვდომა ჰქონდეს.

როგორც გამოიკვეთა, სოფლებში კულტურული სახლის ან კულტურის ცენტრის საქმიანობასა და აქტივობებზე ინფორმაცია მაცხოვრებლებს ხშირად არ აქვთ, რის გამოც აკლდებიან მარნეულში ან თავად სოფლებში გამართულ სხვადასხვა აქტივობებს, კონცერტებსა და ფილმის ჩვენებებს. თვითონ ცენტრი აცხადებს, რომ ურთიერთობა აქვთ მარნეულის ტელევიზიასთან, რწმუნებულებთან, სკოლების დირექტორებთან და რესურს-ცენტრთან, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიან სხვადასხვა ღონისძიების შესახებ. ამის მიუხედავად, სოფლებში მცხოვრებ აქტივისტებს უჭირთ იმის გახსენება, როდესაც მათ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია რაიმე სახით მიეწოდათ და უმეტეს შემთხვევებში არც იცოდნენ მათ სოფელში ჩატარებული აქტივობების შესახებ. თუმცა აშკარაა, რომ ცენტრის ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო მისი საკმაოდ აქტიური Facebook გვერდია, რომელიც მხოლოდ ქართულ ენაზე ფუნქციონირებს. მარნეულის ცენტრს ენასთან დაკავშირებული კრიტიკის შემდეგ ჰქონდა გვერდის აზერბაიჯანულად თარგმნის მცდელობა, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდა. ამასთან, რესპოდენტების თქმით, თარგმანები არ იყო გამართული და ონლინ პროგრამით ნათარგმნს ჰგავდა, ამიტომ რამდენჯერმე პოსტები თავად გაასწორეს და ცენტრს გადაუგზავნეს. თუმცა მიმდინარე წლის  გაზაფხულის შემდეგ Facebook გვერდზე პოსტები აზერბაიჯანულად აღარ იდება და არის მხოლოდ ქართულ ენაზე. ამ ფაქტის მეშვეობით შეგვიძლია კვლავ დავინახოთ, რომ ცენტრს არ ჰყავს აზერბაიჯანულენოვანი თანამშრომელი, რომელიც ტექსტებს აზერბაიჯანულად დაწერს. ასევე, ამ ფაქტის მეშვეობით ცხადია, რომ ხელმისაწვდომობა ნამდვილად შეზღუდული აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულად კარგად ვერ საუბრობენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ცენტრის Facebook გვერდი იყოს როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენებზე.

 

  1. ცენტრის რესურსების და სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემა

მარნეულის კულტურის ცენტრის საქმიანობები ძირითადად კონცენტრირებულია თავად მარნეულში იმის მიუხედავად, რომ მარნეულის კულტურის სახლის, მუსიკალური სკოლის და ბიბლიოთეკის გარდა მის დაქვემდებარებაშია შემდეგი კულტურული სახლები და ბიბლიოთეკები: სოფ. ალგეთის კულტურის სახლი, სოფ. თამარისის კულტურის სახლი, სოფ. კაჩაგანის კულტურის სახლი, სოფ. სადახლოს კულტურის სახლი, სოფ. წერაქვის კულტურის სახლი, სოფ. აღმამედლოს კულტურის სახლი, სოფ. სადახლოს ბიბლიოთეკა, სოფ. სიონის ბიბლიოთეკა, სოფ. წერეთლის ბიბლიოთეკა, სოფ. შაუმიანის ბიბლიოთეკა, მ. ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი წერაქვში, მ. ფაშიევის სახლ-მუზეუმი შაუმიანში.

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ისაა, რომ ცენტრის სერვისები ხელმისაწვდომი არ არის სოფლის მაცხოვრებლებისთვის და სოფლებში კულტურული ღონისძიებები იშვიათად ტარდება. მაგალითად, ცენტრის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ცენტრთან არსებული ხატვის, ცეკვის და სიმღერის წრეები ყველა მსურველისთვის არსებობს, მაგრამ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს მსგავსი წრეები არ გააჩნიათ (როგორც ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, ზოგიერთ სოფელში ხანდახან ზაფხულში ასეთი წრეები ფუნქციონირებს ხოლმე, თუმცა მხოლოდ შეზღუდულად). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს წრეები ხელმისაწვდომი მხოლოდ მარნეულის ან მისი ძალიან ახლომდებარე სოფლების მცხოვრებთათვისაა. ხოლო მუნიციპალური ტრანსპორტი სოფლების დიდ ნაწილში საერთოდ არ მოძრაობს, რომ მოსწავლეებმა სოფლებიდან მარნეულში იარონ. ზოგ სოფელში კერძო ტრანსპორტიც არ დადის, სოფლების ნაწილში კი კერძო ტრანსპორტი იშვიათად, მხოლოდ დღეში ერთხელ ასრულებს რეისს და ძვირი ღირს.

ალგეთში 2017 წელს 0 ღონისძიება ჩატარდა, ხოლო 2018 წელს - 3. სოფელ თამარისში 2017 წელს 6 ღონისძიება ჩატარდა, 2018 წელს - 7. კაჩაგანის კულტურის სახლში 2017 წელს 0 ღონისძიება ჩატარდა, ხოლო 2018 წელს მხოლოდ 1. სადახლოს კულტურის სახლში 2017 და 2018 წლებში 11-11 ღონისძიება ჩატარდა. წერაქვის კულტურის სახლში ორივე წელს 2-2 ღონისძიება ჩატარდა, ხოლო აღმამედლოში ორივე წელს - 0.

ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილეს განცხადებით, ისინი ღონისძიებებს ატარებენ იმ კულტურის სახლებში, სადაც არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თუმცა, მნიშვნელოვანია, ცენტრმა სასწრაფოდ დააყენოს სხვადასხვა სოფლებში კულტურის სახლების განახლების თხოვნა მარნეულის მერიაში მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვისას. აშკარაა, რომ, სადახლოს გამოკლებით, ყველა სოფელი, სადაც კულტურის სახლი აქტიურად ან საერთოდ არ ფუნქციონირებს, უმეტესად აზერბაიჯანელებით არის დასახლებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სოფლებში ღონისძიებების ნაწილი არა კულტურის სახლებში, არამედ ბაღებში და კულტურის სახლის ეზოში იმართება. თუმცა ზოგადად, სოფლებში ჩატარებული ღონისძიებების სია მაინც ძალიან მცირეა და ისინი აქტიური არ არის და დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სოფლებში აზერბაიჯანული თემის თვითმყოფადობისთვის გამართული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა საკმაოდ მწირეა. ამიტომ პირველ რიგში, კულტურის ცენტრმა უნდა აღიაროს, რომ აზერბაიჯანული სოფლების მოსახლეობისთვის კულტურის ცენტრის სერვისები ნაკლებ ხელმისაწვდომია და შემდეგ ეცადოს, სოფლების მცხოვრებთათვის სხვადასხვა ღონისძიებებისა და ცეკვის, სიმღერის, ხატვის და სხვა წრეების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

2018 წელს საქმიანობის ანგარიშში ჩამოთვლილი 68 საქმიანობიდან მარნეულში ჩატარდა 46 აქტივობა. დანარჩენი 22 საქმიანობიდან დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში გასტროლებს ან გასვლას წარმოადგენდა (მათ შორის, მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების მარნეულის სოფლების კულტურის სახლებში გასვლებს მოიცავდა). რაც შეეხება სოფლის კულტურის სახლებსა და მუზეუმებს, 2018 წელს მარნეულის გარდა ჯამში ყველა სოფელსა და მუზეუმში ჯამში ჩატარდა 29 აქტივობა.

2017 წელს ცენტრის საქმიანობებში ჩამოთვლილი 58 აქტივობიდან 41 იყო მარნეულში, დანარჩენი ღონისძიებები კი ცენტრთან არსებული ანსამბლების უცხოეთში, თბილისში, რუსთავში, ბოლნისში და იშვიათად - მარნეულის სოფლებში წარდგენას ეხებოდა. 2017 წელს სოფლების კულტურის სახლებსა და მუზეუმებში ჯამში ჩატარდა 19 აქტივობა. 2016 წლის ანგარიშში კი სოფლების კულტურის სახლებში განხორციელებული აქტივობების რაოდენობა არ არის ნაჩვენები. აშკარაა, რომ სოფლებში ჩატარებული აქტივობების სია ძალიან მცირეა და აუცილებელია, სოფლებშიც ისეთივე აქტიური იყოს კულტურის სახლები და მუზეუმები, როგორც თავად მარნეულში.

რესპოდენტებმა ასევე გაგვიზიარეს, რომ სოფელ ალგეთსა და აღმამედლოში რამდენიმე ახალგაზრდას კულტურის სახლების ამუშავება და იქ ღონისძიებების ორგანიზება უნდოდათ, თუმცა ორივე სოფელში მათ შეფერხებები შეხვდათ და საბოლოოდ მაინც ვერ გამართეს ღონისძიებები და ვერც კულტურის სახლების ამუშავება შეძლეს. როგორც რესპოდენტები აცხადებენ, სოფლებში ახალგაზრდების დიდი რესურსია, რომლებსაც სურთ აამუშავონ კულტურის სახლები, თუმცა, კულტურის ცენტრი და სოფლების კულტურის სახლები არ ცდილობენ სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში მათ ჩართვას.  

რესპოდენტების მონაყოლიდან ასევე საყურადღებოა შემდეგი საკითხიც: სადახლოში და აღმამედლოში კულტურის სახლების ერთ ნაწილში გახსნილია ჩაიხანა. რადგან აზერბაიჯანულ თემში ჩაიხანა განკუთვნილია მამაკაცებისთვის, ეს ტერიტორიაც მოინიშნება, როგორც მხოლოდ მამაკაცებისთვის განკუთვნილი საჯარო სივრცე.  ამიტომ, ადგილობრივების თქმით, რამდენიმე ქალის გამოკლებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცენტრის თანამშრომლები არიან, იქ გამართულ ღონისძიებებს ქალები იშვიათად ესწრებიან. კულტურის ცენტრმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა კულტურის სახლებმა ქალების მონაწილეობას ხელი უნდა შეუწყონ და არ შეუშალონ, ამიტომ გასათვალისწინებელია კულტურის სახლებში ჩაიხანების გახსნის პრაქტიკის კრიტიკული გააზრება.

 

  1. უმცირესობებისთვის განკუთვნილი და ინტერკულტურული ღონისძიებების მკვეთრი სიმწირე

კულტურის ცენტრის საქმიანობის ანგარიშში ცენტრის მიზნებიდან ერთ-ერთი არის ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია. ანგარიშში წერია: „ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამაში აქტიური მონაწილეობა (თითოეული სათვისტომოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის გააქტიურება).“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებიდან ინტერკულტურული ღონისძიებები თითქმის არ არსებობს. 2018 წელს ინტერკულტურული ღონისძიებები მხოლოდ ნოვრუზ ბაირამზე კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების სადახლოში კონცერტში მონაწილეობით შემოიფარგლებოდა. დირექტორის თქმით, ცენტრი ყოველწლიურად რამდენიმე მულტიკულტურულ ფესტივალში მონაწილეობს და ყველანაირად მხარს უჭერს ამგვარ ფესტივალებს (One Caucasus, მრავალფეროვანი საქართველო, ერთი ცის ქვეშ, სხვა საქართველო სად არის?) და 2020 წელს დაგეგმილი აქვთ 6 თვიან მულტიკულტურულ ფესტივალში მონაწილეობა. მაგრამ იმ რეგიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა აზერბაიჯანელია (2014 წლის აღწერის ძირითადი შედეგები, 2018: 340), აუცილებელია ცენტრის მიერ იმგვარი ღონისძიებების ორგანიზება, რომლებიც აქტიურად შეუწყობს ხელს კულტურულ დიალოგს და არ იქნება დაფუძნებული ერთი კულტურის ჰეგემონიასთან და მხოლოდ აზერბაიჯანელებისთვის ქართული კულტურის გაზიარებასთან.

კულტურის ცენტრის წარმომადგენლებთან ინტერვიუში შესამჩნევი იყო ის, რომ კულტურული ინტეგრაცია ცენტრის წარმომადგენლებს ცალმხრივად ესმით და მათთვის უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოში ქართული კულტურის პოპულარიზაცია და უმცირესობებისთვის ამ კულტურის გაზიარებას ნიშნავს, ვიდრე ორმხრივ პროცესს. შესაბამისად, ცენტრის დამოკიდებულება მის პოლიტიკაზეც აისახება და არ არსებობს ინტერკულტურული ღონისძიებები, რომლებიც აზერბაიჯანული და ქართული კულტურის გაცვლას უზრუნველყოფს.

ცენტრის საქმიანობის ფარგლებში აუცილებელია ისეთი ღონისძიებების მოწყობა, რომლებიც ქართველ და აზერბაიჯანელ ბავშვებსა და ზრდასრულ მოსახლეობას შორის კულტურულ დიალოგს უზრუნველყოფს. ამ ღონისძიებებზე უნდა მოხდეს არა მხოლოდ ქართული კულტურის, არამედ აზერბაიჯანული კულტურის გაცნობა და გაზიარება. რესპოდენტებიდან  მიღებული ინფორმაციით გამოიკვეთა, რომ მათთვის ინტეგრაცია შემოიფარგლება ქართული ღირებულებებისა და კულტურის გავრცელებით: „ჩვენ ვიცით ქართველები როგორები არიან, მაგრამ ქართველებმა არ იციან ჩვენი ღირებულებები.“

აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ღონისძიებების რაოდენობა ცენტრის საქმიანობაში რადიკალურად მწირი და არაპროპორციულია. 2018 წელს 68 ღონისძიებიდან მხოლოდ 4 მიეძღვნა უმცირესობების კულტურას, 2017 წელს ეს მონაცემები 58 ღონისძიებიდან 4 ღონისძიება იყო, 2016 წელს კი 47 აქტივობიდან უმცირესობების კულტურას მხოლოდ 1 ღონისძიება ნოვრუზ ბაირამი უკავშირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ნოვრუზ ბაირამი 2016 და 2017 წლებში მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან დაფინანსდა, ხოლო კულტურის ცენტრს ხარჯი არ გაუწევია.

რაც შეეხება სოფლებს, 2017-2018 წლებში აზერბაიჯანულ სოფლებში აზერბაიჯანული კულტურის აღსანიშნავად მხოლოდ ნოვრუზ ბაირამის ღონისძიებები ჩატარდა, გამონაკლისი იყო სადახლო, სადაც ჩატარდა რამდენიმე სხვა ღონისძიება. ღონისძიებების სტატისტიკა და აზერბაიჯანული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სიმწირე, ძირითადად აზერბაიჯანელებით დასახლებული მუნიციპალიტეტისთვის, ნამდვილად პრობლემურია და ის უმცირესობების კულტურის, იდენტობის და ავთენტურობის დაცვის პრობლემას აჩვენებს. არსებითია, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ ხელი არ შეუშალოს უმცირესობებს მათი კულტურის განვითარებაში, არამედ დამატებითი ძალისხმევა გაწიოს მათი კულტურის განვითარებაში. ამ კუთხით უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში ქართული კულტურის პოპულარიზაცია ამგვარი კონცენტრაცია და უმცირესობების კულტურის დაცვისა და ხელშეწყობის ინტერესის იგნორირება, კულტურული დომინაციის პოლიტიკაზე მიუთითებს და საგანგაშო ტენდეციაა.

ცენტრის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ არ უნდათ რომელიმე ჯგუფის ცალკე გამოყოფა და მათკენ ღონისძიებების მიმართვა, თუმცა, როგორც თავშიც ავღნიშნეთ ეს მიდგომა პრობლემურია და რეალურად ირიბი დისკრიმინაციის პრაქტიკას ქმნის. მნიშვნელოვანია, ცენტრის ადმინისტრაციამ აღიაროს უმცირესობათა კულტურის დაცვისა და ხელშეწყობის მნიშვნელობა და საკუთარი საქმიანობის არსებითი ნაწილი გახადოს.  

 

  1. აზერბაიჯანული დღესასწაულების ავთენტურობის დაცვის პრობლემა

რესპოდენტები აღნიშნავდნენ, რომ აზერბაიჯანული დღესასწაულების აღნიშვნის დროს შესამჩნევია ორგანიზატორების მხრიდან დღესასწაულის შინაარსის, არსისა და ფორმის არასაკმარისი ცოდნა. როგორც ისინი განმარტავენ, ხშირად მარნეულში ნოვრუზ ბაირამი პოზიციონირდება როგორც მუსლიმური დღესასწაული, თუმცა ნოვრუზი სინამდვილეში აზერბაიჯანული ტრადიციული და არა რელიგიური დღესასწაულია. მათ შორის, ნოვრუზის მილოცვის დროს ხანდახან გამოიყენება ტერმინი „ისლამური დღესასწაული.“ ეს მიდგომა უმცირესობების კულტურისა და ტრადიციის შესახენ ცოდნის პრობლემას აჩვენებს. მეტიც, ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნად გამოიყენება არა ნოვრუზისთვის დამახასიათებელი სანახაობები (ქეჩალი და ქოსას თეატრალური წარმოდგენა, გაზაფხულის გოგო, ფერადი კვერცხების დამტვრევა), არამედ ნოვრუზისთვის უცხო წარმოდგენები, რომლებიც არაა ტრადიციულად მასთან კავშირში. ყურადღება არ ეთმობა ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის შინაარსს და მისი აღნიშვნისას ავთენტური ელემენტების წარმოდგენას.

ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ისინი არასდროდ იღებენ ცალკე გადაწყვეტილებას და მათ ჰყავთ აზერბაიჯანელების წრე, მათ შორის მარნეულის კულტურის სახლის მასწავლებლები, რომლებსაც ისინი აზრს ეკითხებიან ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით. თუმცა, რადგან კულტურის ცენტრში მაღალ ადმინისტრაციულ პოზიციაზე აზერბაიჯანელი თანამშრომლები არ მუშაობენ (ცენტრში ადასტურებენ, რომ უფროსი მეთოდისტის, რამდენიმე მასწავლებლის, სამეურნეო მიმართულების და თითქმის უფუნქციო სოფლების კულტურის სახლების თანამშრომლების გარდა, ცენტრს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამშრომლები არ ჰყავთ), რომლებიც თავად გაუწევენ ზედამხედველობას აზერბაიჯანულ კულტურულ ღონისძიებებს, ცხადია, რომ ამგვარი პრობლემა ცენტრში იარსებებს.  ცენტრის მენეჯმენტი ვერ გვისახელებს მასწავლებლების გარდა ვინ წარმოადგენს იმ წრეს, რომელიც მათ რეკომენდაციებს აძლევს ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით, ან რა სახისაა ეს რეკომენდაციები. სამწუხაროა, რომ ცენტრის თანამშრომლებს შორის სათანადო პოზიციებზე ეთნიკური აზერბაიჯანელები სათანადოდ არ არიან წარმოდგენილები და ცენტრს ასევე არ გააჩნია საკონსულტაციო ორგანო, რომელიც უმცირესობების საზოგადო და კულტურულ მოღვაწეებს გააერთიანებს.

 

  1. კულტურის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების პოლიტიკის არ არსებობა

ცენტრის მიერ გამართული ღონისძიებების დიდი ნაწილი იმართება იუბილეების, ახალი წლის და სხვა დღესასწაულების აღსანიშნად და არ ატარებს გრძელვადიან ხასიათს. ღონისძიებებს არ აქვთ გრძელვადიანი მხარდაჭერის სახე არცერთი სოციალური ან კულტურული მიმართულებით და შემოიფარგლება ცალკეული ლექციებით, რომლებსაც სისტემური სახე აკლიათ. მართალია, ცენტრი ჩართულია ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც ყოველწლიურად იმართება (მათ შორის, One Caucasus, მრავალფეროვანი საქართველო და სხვა) თუმცა გრძელვადიან ღონისძიებებში არ იგულისხმება ფესტივალებში ყოველწლიური ჩართულობა. გრძელვადიანი მხარდაჭერა გულისხმობს იმას, რომ შემუშავდეს სტრატეგიული გეგმა კულტურის ცალკეული დარგების სისტემური განვითარების მიზნით. რაც მათ შორის მოიცავს კულტურის კონკრეტული დარგით ახალგაზრდების დაინტერესებისა და მათი ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერების წახალისებას და ამისთვის ადამიანური და მატერიალური რესურსების მობილიზებას.  

ხელფასის, მივლინებების, ტრანსპორტისა და ოფისის ხარჯის გარდა,  მარნეულის კულტურის ცენტრის დანარჩენი ფინანსები ძირითადად მიმართულია ღონისძიებებზე ერთჯერადი ნივთების - ბუშტების, ფოერვერკების და მსგავსი მოსართავი და საზეიმო მოწყობილობების საყიდლად. შესაბამისად, თანხა არ იხარჯება გრძელვადიან პროექტებში, მათ შორის სოფლების კულტურის სახლების რემონტისთვის, ინფრასტრუქტურისთვის, კულტურის მუშაკების პროფესიული განვითარების მხარდჭერისთვის. ცენტრში აცხადებენ, რომ სოფლებში არსებული კულტურის სახლები მათ ანგარიშზე არ ირიცხება, ამიტომაც ამ შენობების რემონტი სირთულეებთანაა დაკავშირებული და რომ მათ მხოლოდ საკითხის დაყენება შეუძლიათ. თუმცა ცენტრის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ კულტურის სახლების განახლებისა და რემონტის საკითხი მათ ჯერ არ დაუყენებიათ თვითმმართველობის წინაშე. ფული ასევე არ იხარჯება სოფლების კულტურის სახლებში სხვადასხვა მოწყობილობის (მაგ. კომპიუტერის, პროექტორის, პრინტერის) ყიდვის მიზნით ან სოფლის ბიბლიოთეკებისთვის მუდმივად ახალი წიგნების საყიდლად, რომ მათ ნორმალური ფუნქციონირება შეძლონ. ცენტრის განცხადებით, მათ მცირე ბიუჯეტი აქვთ და ამის გაკეთებას მომდევნო წლებში აპირებენ, თუმცა აშკარაა, რომ ზუსტი გეგმები ცენტს ჯერჯერობით არ გააჩნია.  

 

  1. ცენტრის თანამშრომლების ეთნიკური კომპოზიცია და უმცირესობების დაბალი რეპრეზენტაცია

ცენტრის წარმომადგენლებმა ჩვენთან ინტერვიუში რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ ისინი არ აწარმოებენ სტატისტიკას თანამშრომლების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ, თუმცა როგორც ზევით აღინიშნა, აღიარებენ, რომ მარნეულის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის მასწავლებლების და რამდენიმე თანამშრომლის გარდა მათ აზერბაიჯანული წარმოშობის ადამიანები არ ჰყავთ დასაქმებული, ხოლო მაღალ ადმინისტრაციულ პოზიციებზე აზერბაიჯანელები საერთოდ არ არიან წარმოდგენილები.

ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი ადამიანებს ასაქმებენ კვალიფიკაციის საფუძველზე და არ აქცევენ ყურადღებას მათ ეთნიკურ წარმომავლობას. თუმცა, ცხადია, რომ ამგვარი მიდგომა თავისთავშივე პრობლემურია, რადგან ის უმცირესობების ნაკლებად პრივილეგირებული მდგომარებისა და სპეციალური საჭიროებების და დაცვის აუცილებლობის არ აღიარების მიდგომას ეფუძნება.

პირველ რიგში, ცენტრი თავად აქტიურად უნდა ცდილობდეს აზერბაიჯანული წარმოშობის პირების დასაქმებას კულტურის ცენტრში, რადგან მათი ცოდნა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცენტრის სათანადო მუშაობისთვის. აზერბაიჯანელი თმის ნაკლები რეპრეზენტაცია მუნიციპალიტეტის კულტურის პოლიტიკაში საგანგაშოა იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი კულტურის პოლიტიკის ძირითადი მიზანი და ხანი სწორედ უმცირესობების კულტურის მხარდაჭერა და განვითარება უნდა იყოს. 

 

ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები

მარნეულის კულტურის ცენტრი საკმაოდ აქტიურია, თუმცა მის პოლიტიკაში გამოიკვეთა არსებითი ხარვეზები:

  1. ცენტრის სერვისები და რესურსები სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე სოფლად მცხოვრები ჯგუფებისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია, ცენტრმა მიიღოს ადეკვატური სპეციალური ზომები ამ უთანსწორობის აღმოსაფხვრელად. მათ შორის, არსებითია

ცენტრში გაიზარდოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების მაჩვენებლი, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. ამ კუთხით არსებითია ცენტრს ასევე გააჩნეს უმცირესობების კულტურის წარმომადგენლების და საზოგადო მოღვაწეების საკონსულტაციო საბჭო;

ცენტრის პრიორიტეტებში მოექცეს სოფლებში კულტურის სახლების, მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების განვითარება.  იმის მიუხედავად, რომ ცენტრის ანგარიშზე კულტურის სახლების შენობები არ ირიცხება, კულტურის ცენტრმა უნდა იმუშავოს იმისთვის, რომ სახლების რესტავრირებისა და განახლების თანხები ჩაიდოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის განახლებისთვის;

ცენტრმა განავითაროს სოფლების კულტურის სახლები, ბიბლიოთეკები და შექმნას მათი განვითარების კონცეფცია, რომელიც ადგილობრივების საჭიროებებს, ინტერესებს და კულტურულ თვითმყოფადობის დაცვის ინტერესს დაეფუძნება;

ადგილობრივ ბიბლიოთეკებში ქართულენოვან ლიტერატურასთან ერთად, გაზარდოს აზერბაიჯანულ და სხვა უმცირესობების ენებზე წიგნების რესურსი; 

ცენტრმა უზრუნველყოს საკუთარი ღონისძიებების უმცირესობების ენაზე თარგმნა. ამ კუთხით აუცილებელია ცენტრის ოფიციალური Facebook გვერდის შინაარსი ითარგმნოს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე; 

  1. ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ნეკლებად არის ორიენტირებული ინტერკულტურული და ინტერეთნიკური დიალოგის წახალისებაზე. აზერბაიჯანელების და სხვა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში არ გულისხმობს მათთვის მხოლოდ ქართული კულტურის პოპულარიზებას და სწავლებას. ეს ჰეგემონიური მიდგომაა და იმთავითვე ახალისებს უთანასწორობას და არღვევს უმცირესობების იდენტობის დაცვის და ხელშეწყობის ვალდებულებას. ეს შესაძლოა უმცირესობების მხრიდან შეიძლება აღქმული იყოს როგორც ასიმილაციის მცდელობა, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა შეამციროს უმცირესობების მხრიდან ინტეგრაციის სურვილი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ცენტრმა უზრუნველყოს ისეთი პლატფორმებისა და ღონისძიებების ორგანიზება, რომლის თავდაპირველი და ძირითადი დანიშნულება იქნება კულტურათშორისი დიალოგი. არსებითია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ამგვარი დიალოგის რეალური და პოზიტიური გამოცდილებების შექმნა.
  2. ცენტრის საქმიანობაში ნაკლები ყურადღება ეთმობა აზერბაიჯანული და სხვა ეთნიკური უმცირესობების კულტურასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ეს ასიმეტრია მკვეთრია, ქართული კულტურის დომინაციის აშკარა ნიშნებს ატარებს და სიტუაციის დროულ და რადიკალურ ცვლილებას მოითხოვს. ამ კუთხით არსებითია, ცენტრმა, ადგილობრივი კულტურის მუშაკებთან და აქტივისტებთან კონსულტაციების გზით, შეისწავლოს აზერბაიჯანული კულტურასთან, ლიტერატურასთან, ტრადიციებთან, საქართველოს აზერბაიჯანელების ისტორიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მიმართულებები და საჯარო პოლიტიკაში მათი აღნიშვნა და პოპულარიზება წაახალისოს.
  3. ცენტრის პროექტები და ღონისძიებები არაა მიმართული გრძელვადიან მხარდაჭერაზე. მნიშვნელოვანია, ცენტრის პოლიტიკა და სტრატეგია იყოს თანმიმდევრული, კულტური განვითარების გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული, ნაცვლად ფრაგმენტული, ერთჯერადი, ძირითადად პოპკულტურაზე ორიენტირებული ღონისძიებებისა.

EMC გამოხატავს მზადყოფნას ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ შორის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაწილეობით, იმსჯელოს ზემოთ წარმოდგენილ შეფასებებზე და ჩაერთოს მარნეულის კულტურის ცენტრის სტრატეგიისა და პოლიტიკის რევიზიის პროცესში. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახალხო დაცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს მონაწილეობაც. 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მარნეულის კულტურის ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია: ქ. მარნეულის კულტურის სახლი, სოფ. ალგეთის კულტურის სახლი, სოფ. თამარისის კულტურის სახლი, სოფ. კაჩაგანის კულტურის სახლი, სოფ. სადახლოს კულტურის სახლი, სოფ. წერაქვის კულტურის სახლი, სოფ. აღმამედლოს კულტურის სახლი, ქ. მარნეულის ბიბლიოთეკა, სოფ. სადახლოს ბიბლიოთეკა, სოფ. სიონის ბიბლიოთეკა, სოფ. წერეთლის ბიბლიოთეკა, სოფ. შაუმიანის ბიბლიოთეკა, მ. ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი (სოფ. წერაქვი), მ. ფაშიევის სახლ-მუზეუმი (სოფ. შაუმიანი), ქ. მარნეულის მუსიკალური სკოლა.

[2] 94 საშტატო ერთეულიდან ერთი საშტატო პოზიცია ინფორმაციის გამოთხოვნის დროს არის ვაკანტური

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“