საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის — მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.
ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს — ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენს, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცვას ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლებს გარემოს დასაცავად და ა.შ.
ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ — დაგაპატიმრებ.
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში.
ინსტრუქცია