საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გუშინ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე ოფიციალურ უარს და ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ მშვიდობიანი შეკრების სასტიკ დაშლას უკავშირდება. ირაკლი კობახიძის ბრიფინგი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა, ამჯერად პირდაპირ ამბობს ევროინტეგრაციაზე უარს და საბოლოოდ გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეებს დაკარგული გვაქვს პოლიტიკურ პროცესებზე ინსტიტუციური გავლენის შესაძლებლობები და ქვეყანაში კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი მყარდება, მოქალაქეებს კონსტიტუციისა და ქვეყნის დემოკრატიული, მშვიდობიანი და ევროპული მომავლის დასაცავად მხოლოდ მშვიდობიანი და საყოველთაო სამოქალაქო წინააღმდეგობის გზა რჩებათ.
გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლამდე დღის წესრიგიდან იღებს ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.[1] მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი აქამდეც ფაქტობრივად ყველა ზომას იღებდა, რომ საქართველოს არ ჰქონოდა წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, გუშინდელი განცხადება მთავრობის ანტიევროპული მიზნების საბოლოო დეკლარაციაა. ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის თავზე სრულად უარყოფს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ და ურყევ პოლიტიკურ არჩევანს.
ირაკლი კობახიძის ბრიფინგს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებსა და ლოკაციებზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი აქციის დაწყებისთანავე განალაგა დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალა და სპეციალური საშუალებები დემონსტრაციების ადგილას, რითაც ხელოვნურად გამოიწვია დაძაბულობა პროტესტის მიმდინარეობის დროს. ამის შემდეგ, შსს-მ აქციის მონაწილეები ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია. შსს-ის განცხადებით, ადმინისტრაციული წესით 43 პირი დააკავეს, რომელთაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. სახალხო დამცველისა და ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობას ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება. ზოგიერთი მათგანი გუშინვე მოათავსეს სამედიცინო დაწესებულებებში.
ადმინისტრაციული დაკავების გარდა, პოლიცია ინტენსიურად იყენებდა მოქალაქეების მიმართ არაპროპორციულ ფიზიკურ ძალასა და სპეციალურ საპოლიციო საშუალებებს. საპროტესტო აქციაზე განსაკუთრებულად დევნიდნენ ჟურნალისტებს, ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და ძალადობდნენ მათზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს აფიქსირებდნენ. სახალხო დამცველის განცხადებით,[2] სამართალდამცავების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები ხორციელდებოდა. აქციის მონაწილეებს პოლიცია დევნიდა შეკრების ადგილიდან მოშორებითაც, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიების, დასჯისა და დაშინების მიზანზე. განსაკუთრებით შემზარავი ჟურნალისტებისა და ოპერატორების სასტიკი ცემისა და ჟურნალისტური საქმიანობის დემონსტრაციული ხელშეშლა.
მიუხედავად საჯაროდ გავრცელებული არაერთი მტკიცებულებისა, ასევე, დაკავებულთა ადვოკატებისა და სახალხო დამცველის განცხადებებისა, სამართალდამცავთა მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, არაადამიანური მოპყრობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ გაუვრცელებია განცხადება გამოძიების დაწყებისა და შესაბამისი ზომების გატარების თაობაზე.
შსს წლებია უკანონოდ ზღუდავს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებებს და კრიტიკული აზრის ჩასახშობად ადმინისტრაციულ, სისხლისსამართლებრივ და საპოლიციო ინსტრუმენტებს იყენებს. ამასთან, ყოველდღიურად უფრო და უფრო რეპრესიული ხდება სახელმწიფოს პოლიტიკა აქტივისტების მიმართ, რაც საბოლოოდ მედიისა და საზოგადოებრივი სივრცეების მკაცრ კონტროლსა და ცენზურის დაწესებას ემსახურება.
არსებულ პოლიტიკურ რეჟიმში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად უგულებელყოფს მოქალაქეების უფლებებს და დაუფარავად არღვევს კონსტიტუციას, ერთადერთი გამოსავალი ჩვენი - მოქალაქეების უწყვეტი, მშვიდობიანი დემონსტრაციები და საყოველთაო სამოქალაქო წინააღმდეგობაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო მოხელეების პრინციპულ პოზიციებს. წინა დღეებში რამდენიმე უწყების თანამშრომლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უკვე გაემიჯნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მომდევნო დღეებშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო მკაფიო სახე მიიღოს მოხელეების პროტესტმა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობას, დაიცვას თითოეული აქტივისტისა და საჯარო მოხელის უფლებები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დევნის ქვეშ მოექცევიან.
[1] რადიო თავისუფლება - „ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე“, 28.11.2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/beL4KL5d
[2] სახალხო დამცველის განცხადება სოციალურ ქსელში. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/5eL45tAv
ინსტრუქცია