[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / განცხადება

8 მარტი - ჩვენ ვითხოვთ რეალური თანასწორობის პოლიტიკას  

8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კონტექსტში ერთი მხრივ ფემინისტური ბრძოლების მიღწევებს აღნიშნავენ, მეორე მხრივ კი ხაზს უსვამენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქალები კვლავ დგანან პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური ემანსიპაციისთვის ბრძოლის გზაზე. ბოლო წლებში 8 მარტმა საქართველოშიც შეიძინა პოლიტიკური შინაარსი და ის ადგილობრივი ფემინისტური მოძრაობებისთვის და ჯგუფებისთვის ქალთა საჭიროებებზე მსჯელობის, პროტესტისა და სოლიდარობის გამოხატვის დღედ იქცა.

პოსტპანდემიური სამყარო მზარდი პრეკარიზაციით და სამხედრო კონფლიქტების ესკალაციით გამოირჩევა. წელს ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ გლობალური მღელვარების, მიმდინარე შემზარავი, განგრძობადი ომებისა და სამხედრო კონფლიქტების (მათ შორის, უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომი, ღაზაში პალესტინელი ხალხის მასობრივი განადგურება, დევნა და მათი საცხოვრებელი გარემოს განადგურება), მზარდი ეკონომიკური არასტაბილურობის და კრიზისების ფონზე, რაც გენდერულ ნორმებსა და ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. ამასთან, გლობალურად ძლიერდება ულტრამემარჯვენე ძალები და დისკურსები, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ქალთა და უმცირესობების უფლებებს და აფერხებს ფემინისტური მოძრაობების პროგრესს.

2023 წელს საქართველოშიც გაძლიერდნენ მემარჯვენე ძალები. განსაკუთრებით საგანგაშო იყო ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ჰომოფობიის მძლავრი ტალღა და მკაფიოდ ულტრაკონსერვატიული, ანტიგენდერულ შინაარსის განცხადებები, რის ფონზეც შეუძლებელი ხდება ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება. მიმდინარე კრიზისების ფონზე კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სოციალური მოძრაობების მხრიდან ახალი წინააღმდეგობების ფორმებისა და სტრატეგიების პოვნა, ახალი სოლიდარობის ქსელების შენება, რაც ეფექტურად უპასუხებს დემოკრატიის უკუსვლის გლობალურ ტენდენციებს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ გამკაცრებულია ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკა, სახელმწიფოს რეაგირება ფემიციდის, იძულებითი ქორწინებისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრაქტიკაზე კვლავ არასაკმარისი, არაეფექტიანი და ორმაგად სუსტია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. იძულებითი ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევა კვლავ გამოწვევად რჩება.

ძალადობის მსხვერპლებისთვის კრიტიკულად მწვავეა სათანადო ფსიქო-სოციალური და ჯანდაცვის სერვისების მიღება. სახელმწიფოს კვლავ არ აქვს ძალადობის მსხვერპლების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პოლიტიკა.

ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული დღის წესრიგი არამხოლოდ ფარავს ქალთა მიმართ ძალადობის სისტემურ ბუნებას, არამედ აუჩინარებს მის სტრუქტურულ მიზეზებსაც. აღნიშნული მიდგომა ცდილობს ქალთა ჩაგვრა ინდივიდუალიზებულ ძალადობად წარმოგვიდგინოს, და ის მეტწილად კულტურულ კატეგორიებში მოათავსოს, სადაც გამორიცხულია კლასობრივი და ქალთა ისტორიული დაქვემდებარების განზომილებები. ქალთა მიმართ ძალადობის მხოლოდ ანტიდისკრიმინაციული პერსპექტივიდან გააზრების გაბატონებულ მიდგომას არ შეუძლია სრულად ახსნას და დაუპირისპირდეს ქალთა ჩაგვრის მრავალშრიან და უმძიმეს რეალობას.

მწვავე პრობლემებია ქალთა რეპროდუქციული უფლებებისა და საჭიროებების უზრუნველყოფის კუთხით. ქალებისთვის არ არის უზრუნველყოფილი ყველა იმ საჭირო სერვისზე ხელმისაწვდომობა, რომლებიც მათ ორსულობის, უსაფრთხო მშობიარობისა და ჯანმრთელი ბავშვის ყოლაში დაეხმარება, განსაკუთრებით მთიან რეგიონში.

ქალთა მიმართ ძალადობის, შევიწროებისა და სექსისტური პრაქტიკის მიღმა, ქალებს დღეს ჩაგრავს სიღარიბე, არსებული ეკონომიკური სისტემა, რომელიც მათ ხშირად მიგრაციისა და ექსპლოატაციის მძიმე გამოცდილების წინაშე აყენებს, სოციალური დაცვის და ზრუნვის ეფექტიანი სახელმწიფო სისტემების არსებობა, შინ შრომის და ემოციური ხარჯვის მძიმე და შეუმსუბუქებელი ტვირთი, სუსტი და განკერძოებული ჯანდაცვის სისტემა, დაბინძურებული გარემო და მასთან დაკავშირებული სოციალური დანაკლისი, რომელსაც ყველაზე ხშირად სწორედ ქალთა შრომა აკომპენსირებს. კიდევ უფრო რთულია პერიფერიებში სოფლად, მაღალმთიან რეგიონებში და არადომინანტურ ეთნიკურ და რელიგიური თემებში მცხოვრები ქალების ყოფა, რომელთა ხმის გაგონება და გათვალისწინება კიდევ უფრო რთულდება.

სწორედ სიღარიბე, სოციალური უიმედობა და უთანასწორობა აიძულებთ ქალებს წავიდნენ შრომით მიგრაციაში, სადაც მათ ხშირად საკმარისი სამართლებრივი გარანტიებისა და ფიზიკური და ემოციური მხარდაჭერის გარეშე, სრულიად მარტოებს, უწევთ უმძიმეს შრომით პრაქტიკებში ჩართვა. UN DESA-ს მონაცემებით, 2020 წლისთვის საქართველოდან წასული მოსახლეობის რაოდენობამ 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია, და რომლის 51 პროცენტიც არის ქალი. მიგრაციაში მყოფი ქალების მიერ გამოგზავნილი თანხა საქართველოში დარჩენილი მათი ოჯახებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი იხარჯება ისეთ პირველად საჭიროებებზე, როგორებიცაა საკვები (79%), კომუნალური გადასახადები (63%) და ტანსაცმელი (53%). ფულადი გზავნილების მიმღებთაგან, მხოლოდ 7% ახერხებს დანაზოგის გაკეთებას ბიზნესის დასაწყებად და უძრავი თუ მოძრავი ქონების შესაძენად. ამ პირობებში მიგრაციაში მყოფი ქალები ვერ ახერხებენ დანაზოგის შექმნას და მომავლის დაზღვევას მაინც. უკვე მაშინ კი, როცა მათ საქართველოში დაბრუნება უწევთ ასაკის ან სხვა სუბიექტური მიზეზების გამო, მათი რეინტეგრაცია სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი არ არის. ქალთა შრომის მიგრაციას მძიმე გავლენები აქვს მათი შვილების მდგომარეობაზე და დაუცველობაზე. დედის გარეშე დარჩენილი ბავშვები უფრო მეტად არიან მოწყვლადები ძალადობის და სხვადასხვა სოციალური სტრესის მიმართ.

არსებული რეალობა მოითხოვს ისეთი ფემინისიტური დღის წესრიგის შექმნას, რომელიც ერთის მხრივ დაეფუძნება ქალთა ნამდვილ საჭიროებებს და ინტერესებს და მეორეს მხრივ, ქალთა სხვადასხვა ჯგუფების ორგანიზებით ააშენებს ნდობას, ძალას და სოლიდარობის ქსელებს სოციალური და პოლიტიკური ცვლილებებისთვის. სამწუხაროდ, გენდერული თანასწორობის დომინანტური (ნეოლიბერალური) პოლიტიკა, რომელიც მხარდაჭერილია სახელმწიფოს, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ნაკლებად ინტერესდება ქალთა სიღარიბის, ეკონომიკური უთანასწორობისა და სოციალური დაუცველობის სტრუქტურული მიზეზებით და არ უშვებს არსებული წესრიგის ფუნდამენტურ ცვლილებას. ფემინიზმის დომინანტური გაგება, რომელიც მხოლოდ ანტიდისკრიმნაციული პოლიტიკის და არჩევანის თავისუფლების იდეებზე დგას, უარყოფს თანასწორობის და თავისუფლების შემზღუდავ სოციალურ და ეკონომიკურ საფუძვლებს. ნაცვლად იმისა, რომ მისი მიზანი იყოს სოციალური იერარქიების გაუქმება, ის ამ სფეროების ფემინიზაციას ახდენს და ცდილობს ქალებს მოაპოვებინოს ადგილი არსებულ უსამართლო ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ არ შეცვალოს ის. ამგვარი ფემინიზმით ხეირობენ ძირითადად ის ქალები, რომლებიც იმთავითვე სარგებლობენ სოციალური, კულტურული და ეკონომიკური პრივილეგიებით. მეტიც, ფემინიზმის ეს ფორმა არა მხოლოდ არ პასუხობს რეალურ უთანასწორობებს, არამედ „აკეთილშობილებს“ და პროგრესულ ნიღბებს აფარებს არსებულ სასტიკ და არაადამიანურ ეკონომიკურ სისტემას.

სწორედ ამიტომ დღეს ჩვენი მოწოდებაა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ჩვენს ნამდვილ ინტერესებზე და მოვითხოვოთ ისეთი რეალური პოლიტიკის წარმოება, რომელიც ღარიბი, სოფლად მცხოვრები, მშრომელი, ეთნიკურ უმცირესობას მიკუთნებული, შშმ, ლბტი, მიგრანტი და სხვა ქალების და უფრო ფართოდ მთლიანი საზოგადოების ჭეშმარიტ საჭიროებებს და ფუნდამენტურ სოციალურ და პოლიტიკურ უთანასწორობებს უპასუხებს.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“