[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

აჭარელი ეკომიგრანტების თვითაღქმა: უცხოდ ყოფნა და არასტაბილურობა

მარიამ შალვაშვილი 

წალკის ერთ-ერთი სოფელში მისასვლელად ტრასიდან გადავუხვიეთ და მდელოზე მანქანების მიერ გაკვალულ, მოუხრეშავ გზას გავუყევით, დაახლოებით სამი ან ოთხი კილომეტრის გასავლელად 15-20 წუთი დაგვჭირდა. აქ პირველად მყოფი ვერც წარმოიდგენს, რომ ცენტრალურ ტრასას სოფლებამდე ასეთი გზა შეიძლება აკავშირებდეს - ეს არის რთულად გასავლელი ბორბლების ნაკვალევი, რომელიც წვიმის დროს ტალახდება და რომელიც სოფლებამდე მისასვლელ ძირითად გზას წარმოადგენს. სოფლების მაცხოვრებლები ამბობენ, რომ აქ ინფრასტრუქტურა თითქმის ზუსტად ისეთივეა, რაც 20 წლის წინ, აჭარიდან ჩამოსახლებისას დახვდათ: ბევრგან გზები დაგებული არ არის, უმეტეს სოფლებში წყლის მილები არასდროს გაუყვანიათ და სოფლების მაცხოვრებლები წყალს ჭაბურღილებიდან ან სოფლის პატარა წყაროებიდან ეზიდებიან, გაზი კი მხოლოდ ერთ-ორ სოფლამდეა მიყვანილი.

წალკის მუნიციპალიტეტი ეთნიკურად და რელიგიურად საკმაოდ მრავალფეროვანი რეგიონია. აქ ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები (ძირითადად აჭარლები, სვანები და იმერლები), ასევე ეთნიკურად სომხები, აზერბაიჯანელები და ბერძნები, მუსლიმები და ქრისტიანები. წალკის დაახლოებით 30%-ს აჭარელი ეკომიგრანტები წარმოადგენენ, მათი საცხოვრებელი სახლები და სოფლები ზემო აჭარაში საკმაოდ არამდგრადი და სიცოცხლისთვის საშიში იყო და ამის გამო წალკის მუნიციპალიტეტში 90-იანი წლების ბოლოდან 2007 წლამდე ეტაპობრივად ჩამოვიდნენ. თუმცა მათ გადმოსახლებას წინ უძღვოდა დაპირებები, რომ მათ წალკაში მაინც ექნებოდათ საცხოვრებელი პირობები და მდგრადი სახლები, თუმცა აშკარაა, რომ წალკაში აჭარელი ეკომიგრანტების ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი განსაკუთრებული არამდგრადობით და არასტაბილურობით ხასიათდება. ეს სტატია ეფუძნება წალკაში და წალკის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ვიზიტს და ადგილობრივებთან საუბარს ეკომიგრანტების ძირითადი პრობლემებისა და მათი თვითაღქმის შესახებ.

წალკის მუნიციპალიტეტში თავიდანვე შესამჩნევია მიტოვებული ან დანგრეული სახლების სიმრავლე. ბევრი სოფელი ნაქალაქარს ჰგავს. აქ, თავის დროზე, ბერძნული და გერმანული სოფლები იყო, საიდანაც ბერძნებისა და გერმანელების უმეტესი ნაწილი საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე წავიდა. დღეს აქა-იქ თუა შემორჩენილი ბერძნული ოჯახები (ბერძნების რაოდენობა მუნიციპალიტეტში დაახლოებით 7% - 1100 ადამიანია). აჭარელი ეკომიგრანტების დიდმა ნაწილმაც, მას მერე, რაც თავი წალკაში ვერ დაიმკვიდრა, აჭარაში დაბრუნება გადაწყვიტა. აშკარაა, რომ წალკის მუნიციპალიტეტში არა მხოლოდ აჭარიდან ჩამოსახლების, არამედ აჭარაში უკან გადასახლების რამდენიმე ციკლი იყო. ამიტომ ზოგი სოფლის ნახევარზე მეტი დაცარიელებულია და ნგრევადი, წლობით გამოკეტილი სახლების სიუხვე კი საკმაოდ თვალშისაცემია.

წალკის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი ეკომიგრანტი ოჯახების არასტაბილურ ყოფას პირველ რიგში ის ფაქტი განაპირობებს, რომ ისინი უცხოეთში წასული ბერძნებისა და გერმანელების სახლებში შეასახლეს და ამ სახლების საკუთრების უფლება დღემდე სადავოა. იმის მიუხედავად, რომ აჭარელი ეკომიგრანტების მცირე ნაწილმა საკუთარი სახსრებით თუ სახელმწიფოს დახმარებით სახლების გამოსყიდვა მოახერხა, უმეტესობის ბედი დღემდე გაურკვეველია. ზოგ შემთხვევაში იმის დადგენაც ჭირს, ვინ არის სახლის მეპატრონე და სად არის იგი. სახელმწიფომ რაღაც პერიოდში სახლების დიდი ნაწილი გამოისყიდა, თუმცა ეს პროცესი ბოლომდე არ ყოფილა მიყვანილი. მეტიც, მაცხოვრებლების გამოცდილებით, სახელმწიფოს მიერ სახლების შესყიდვის ფაქტი ამჟამად საერთოდ არსად ფიგურირებს და საკითხში გარკვევის მსურველებს ზოგიერთი წარმომადგენელი იმასაც ეუბნება, რომ შესყიდვა არასდროს მომხდარა, „იმასაც გვეუბნებიან, სად ჰქონდა მუნიციპალიტეტს სახლების ყიდვის ფულიო,“ ამბობს ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელი.

იმავე სოფელში რამდენიმე მაცხოვრებელი სახლების ბედის გარკვევის გამოცდილებას მიყვება: „მივდივართ, ვკითხულობთ სად არის ის საბუთები, რითიც მტკიცდება, რომ სახელმწიფომ სახლები შეგვისყიდა, მაგრამ ვისაც კი მივაკითხეთ არავინ იცის საბუთები სად არის. იმასაც კი მივაკითხეთ, ვინც ამ საქმეს სათავეში ედგა და მანაც არ იცის. ფაქტიურად, ჰაერშია ჩვენი სახლები - არც სახელმწიფოს ეკუთვნის, არც ბერძნებს, არც - ჩვენ. 20 წელია ამ სახლებში ვცხოვრობთ და უმეტესობას ისევ არ გვაქვს საბუთები.“ სხვა სოფლებში მიყვებიან, რომ სახლების საკითხზე მუდმივად წრეზე სიარული უწევთ: „იქიდან იქ გიშვებენ, მერე კიდევ სხვაგან და ბოლოს წრეს არტყამ, უკან ბრუნდები და მაინც ვერაფერს არკვევ ამ ამბავზე.“ მოსახლეობა შიშს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს მოუწიოთ წალკიდან წასვლა მაშინ, როდესაც წასასვლელი ბევრ მათგანს არსად აქვს: „დაშბაშის კანიონზე სამუშაოები რაც დაიწყო, ველით რომ ბინის პატრონები დღე დღეზე დაგვირეკავენ, დაცალეთ სახლებიო.“ „ჰაერში გამოკიდებას“ წალკის მუნიციპალიტეტში ხშირად ახსენებენ. აქ მაცხოვრებლებს ხშირად აქვთ ის განცდა, რომ წალკასთან მათ თითქმის არაფერი აკავშირებთ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება აქედან ისე წავიდნენ, რომ მათი კვალიც არ დარჩეს. ეს გამოცდილება და შეგრძნებები არც ისე უცხოა სხვა რეგიონებში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვისაც. მაგალითად, შიდა ქართლის ზოგ სოფელში აჭარელი ეკომიგრანტები ოსების სახლებში შეასახლეს და სახლების ბედი იქაც გაურკვეველია. შიდა ქართლშიც შიშით ელიან, რომ სახლების პატრონები ერთ დღეს გამოასახლებენ. ათწლეულების მანძილზე სახელმწიფო პოლიტიკა ეკომიგრანტების მიმართ არ ყოფილა გათვლილი გრძელვადიან, მდგრად მიდგომაზე, რომ მასობრივად გადაეწყვიტა ეკომიგრანტების ყველაზე აუცილებელი, ძირითადი პრობლემები. წლების მანძილზე პოლიტიკა მოკლევადიან გადაწყვეტილებებს ეფუძნება, რომელიც ეკომიგრანტების სასწრაფო პრობლემებს დროებით აგვარებს. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც უფრო გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც ჩანს, ისინი ბოლომდე მიყვანილი არ ყოფილა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც აჭარელ ეკომიგრანტებში არასტაბილურობის განცდას იწვევს მიწის პრობლემაა. სოფლების მთავარ ეკონომიკურ საქმიანობას პირუტყვის მოვლა-პატრონობა წარმოადგენს (თუ არ ჩავთვლით სეზონურ მიგრაციას უცხოეთში ან დროდადრო სხვადასხვა პროექტებში მუშად დასაქმებას), თუმცა შემოსავალი არასტაბილურია. წალკაში საძოვარი საკმაოდ ბევრია, მაგრამ თითქმის ყველა სოფელს მაინც აქვს საძოვრის პრობლემა. მიწის ნაწილი რამდენიმე ადამიანზეა გასხვისებული და სოფლის მაცხოვრებლები ხშირად ვერც იმას იგებენ, როდის გამოცხადდა ტენდერი, რა დროს იყო აუქციონი ან ტერიტორია როდის შეფასდა. მაცხოვრებლები ვერც იმას იგებენ, საძოვრები როგორ შეიძლება გაიყიდოს, რადგან საძოვრის გასხვისება ან გაყიდვა კანონით აკრძალულია. ამასთან, მათ ვერც იმ საჯარო ინფორმაციას და საბუთებს მიაკვლიეს, რომელიც საძოვრების გაყიდვის ან გასხვისების ოქმს წარმოადგენს. რაც შეეხება დანარჩენ მიწას, ის ბევრ სოფელში სადავოა მეზობელ სოფლებთან ან მომთაბარე მწყემსებთან. ეს დავები ხანდახან მუნიციპალიტეტის ჩარევით დროებით გადაწყდება-ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ არცერთ სოფელში არ მოგვარებულა. რაც შეეხება სახნავ-სათეს მიწას, დაახლოებით 10-15 წლის წინ ყველა ოჯახს 1 ჰექტარი მიწა აჩუქეს, ამ პროექტს „პრეზიდენტის საჩუქარი“ ერქვა, თუმცა წალკაში მიწა დასამუშავებლად უვარგისი და ქვიანია. ამ ერთ ჰექტარზე იმდენად ცოტა მოსავალი მოვიდა, რომ გლეხებმა სარგებელი ვერ ნახეს.

არასტაბილურობისა და მერყეობის განცდა იმაშიც გამოიხატება, რომ წალკაში ეკომიგრანტი ოჯახები ქორწილებს არ იხდიან. უმეტეს შემთხვევაში, წყვილი აჭარაში მიდის და იქ აღნიშნავს. აქ არც მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრების საფლავებია - ეკომიგრანტები აჭარაში იმარხებიან. ზოგი ადგილობრივის აზრით, ქორწილები უფრო ურბანულ ადგილას ქორწილის გადახდის და ნათესაობასთან ახლოს ყოფნის სურვილითაა გამოწვეული, ხოლო დასაფლავება იმით, რომ აჭარაში უფრო მეტად წვდება საფლავებს აზანის/ეზანის ხმა, თუმცა მაინც აშკარაა, რომ აჭარა ხდება ამ მნიშვნელოვანი მოვლენების ცენტრი და არა წალკა. წალკის სოფლებში მაცხოვრებლები ხშირად აჟღერებენ იმ წუხილს, რომ ორი ათეული წლის მერეც არაფერი აქ მათ არ ეკუთვნის. ამასთან, ბევრ მაცხოვრებელ ის განცდა აქვს, რომ მათი აქ ცხოვრება არავის უნდა, „ყველანაირ პირობებს გვიქმნიან, რომ წავიდეთ,“ საუბარში ახსენებს რამდენიმე მათგანი. „აჭარაში რომ ვცხოვრობდით ჩვენი სახლი როგორი იყო, იცი?“ მიყვება ერთ-ერთი მაცხოვრებელი. „ხისგან იყო დამზადებული, რადგან ქვა და აგური ვერ გაუძლებს მეწყერს. ეს სახლი მიწის დაცურების დროს მიწას მიჰყვებოდა. ამიტომ ასეთი კონკრეტული ნაკვეთი კი არ გვქონდა, არამედ ის სახლი იყო და მიწას სადაც ჩამოჰქონდა იქ ვაგრძელებდით ცხოვრებას.“ აჭარაში მცოცავ სახლებში მცხოვრებლებს, ჩამოსვლამდე მოლოდინი ჰქონდათ, რომ ქვემო ქართლში მაინც შეძლებდნენ სტაბილური პირობების შექმნას და დაფუძნებას, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. წალკაში სიღარიბეს და არასტაბილურობის განცდას არასათანადო ინფრასტრუქტურაც განაპირობებს. სოფლების უმრავლესობაში არ არსებობს ელემენტარული პირობები, რაც მოსახლეობას წყლით, გზით, ჯანდაცვით უზრუნველყოფდა. ზოგიერთი სოფლის მაცხოვრებლები იმასაც აღნიშნავენ, რომ განცდა აქვთ, მათ სოფლებში 20 წელია ინფრასტრუქტურა სპეციალურად არ შენდება, რათა სოფელში კარგად დაფუძნება ვერავინ შეძლოს.

რადგან წალკის მუნიციპალიტეტი საკმაოდ მრავალფეროვანი რეგიონია, არასტაბილურობის განცდას კულტურათშორისი პოლიტიკის არარსებობაც იწვევს. შეჭიდულობის ან კულტურული გაცვლის მიზნით აქ არანაირი პოლიტიკა არ გატარებულა. ამიტომ, ელემენტარული საყოფაცხოვრებო ურთიერთობის, პროდუქტის ყიდვა-გაყიდვის ან ელემენტარული კომუნიკაციის გარდა, წალკის სოფლების უმეტესობაში სხვადასხვა ჯგუფს მყარი, ღრმა კომუნიკაცია არ აქვს და იშვიათია მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითები სხვადასხვა თემს შორის. წალკაში მცხოვრები აქტივისტი ზაზა მიქელაძე ყვება: „კულტურული გაცვლისა და შეჭიდულობის პოლიტიკა აქ არა თუ არ არსებობს, არამედ არც კი ვიცი სახელმწიფოს ხედვა თუ აქვს ამ საკითხის შესახებ. წალკაში 15 წელია ვცხოვრობ და მსგავსი კულტურული და სოციალური დაახლოების მცდელობები ამ მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ რეგიონში არ მინახავს. მეტიც, უფრო მეტად ბარიერების აღმართვის პირობებს ვხედავ, ვიდრე ინტეგრირებულად ცხოვრების ხელშეწყობას. 1998-1999 წლებში, აჭარლებისა და სვანების ჩამოსახლების პირველ პერიოდში საფუძველი და ბაზა უნდა შექმნილიყო ამ ურთიერთობის და მყარი, ღრმა კომუნიკაციის ჩამოყალიბების. აჭარლებს, გეოგრაფიული მოცემულობის - მაღალმთიან აჭარაში ცხოვრების გამო, არ ჰქონდათ შეხება სხვა ჯგუფებთან და სხვა ჯგუფებსაც ერთმანეთთან შეჭიდულობის ნაკლები გამოცდილება ჰქონდათ, ამიტომ უფრო მეტად ერთმანეთზე სტერეოტიპული ცოდნები დომინირებდა და ერთმანეთისადმი გაუცხოებაც არაა გასაკვირი. ახლა ოდნავ მეტად ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ მაინც არ გვაქვს ერთმანეთზე საკმარისი ინფორმაცია და შესაბამისად, არც ურთიერთგაცვლა.“

ადგილობრივი მასწავლებელი, ირა ძირკვაძე, მიიჩნევს, რომ „მნიშვნელოვანია, მარტო ერთი მხარე არ ცვლიდეს ინფორმაციას, კულტურას, ამ პროცესში ერთნაირად უნდა იყოს ჩართული ყველა მხარე, ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა და უფრო მასშტაბური უნდა იყოს, ვიდრე ახლა. ახლა მხოლოდ ცალკეული ადამიანების და 1-2 ორგანიზაციის რამდენიმე პროექტის ქვეშ ხდება სხვადასხვა თემს შორის ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობა. მაგრამ ამ პროექტებსა და პროგრამებს თუ სახელმწიფო მხარდაჭერა არ ექნება, დროში ძალიან გაიწელება და ძირეული ცვლილებების განმაპირობებელი ვერ იქნება.“ ზაზა აღნიშნავს, „მაგალითად, წალკის სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს უფრო მარნეულთან ან გარდაბანთან აქვთ კავშირი, ვიდრე წალკასთან. მათ არ აქვთ განცდა ამ მუნიციპალიტეტში ცხოვრების. ვფიქრობ, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის განცდა მათ მიმართ ასევე დაბალია.“ ეს გათიშულობა რთულს ხდის იმის აღქმას, რომ წალკაში სხვადასხვა თემს ძალიან მსგავსი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა და პრობლემები აქვთ.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პოლიტიკა ხელს უწყობდეს სხვადასხვა თემს შორის შეჭიდულობის და მჭიდრო თანაცხოვრების გამოცდილებას. წალკის მრავალფეროვნების გამო, ზაზა მიიჩნევს, რომ წალკა შეიძლება მულტიეთნიკური და მრავალკონფესიური თანაცხოვრების და ინტეგრაციის მოდელადაც იქცეს: „ყველა უმცირესობას აქვს განცდა, რომ საქართველოში „უცხოს“ წარმოადგენს. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში აჭარელს აქვს შეგრძნება, და ეს გამოცდილება მსგავსია სხვა უმცირესობებშიც, რომ ისინი ბოლომდე ამ სივრცის თანასწორუფლებიან წევრად არ აღიქმებიან. მეტიც, ეს შეგრძნებები მართლმადიდებელ აჭარლებშიც კი არსებობს. ჩვენ ყველას გვაქვს შეგრძნება, თითქოს ქართველობის ან საქართველოს მოქალაქის არსებულ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებთ ... შესამჩნევია უმცირესობების ჯგუფებს შორის შეჭიდულობის არარსებობა - სახელმწიფომ რეალურად უნდა უზრუნველყოს მულტიკულტურალიზმი, მშვიდობის ხიდების მშენებლობა სხვადასხვა თემს შორის, ერთმანეთის აღიარება და სიღრმისეული (არა ზედაპირული) კავშირების ხელშეწყობა. ამ ყველაფრის არარსებობა აჩენს უცხოობის განცდას სხვადასხვა თემს შორის. ეს შეგრძნება მძიმეა და ხშირად ის განცდა გრჩება, რომ იგივე პრეტენზიები ვერ გექნება ამ ქვეყანაზე, როგორც ყველა სხვა ადამიანს და რომ მეორეხარისხოვნად მოიაზრები. ვფიქრობ, ამის შეცვლა მნიშვნელოვანია ყველა უმცირესობის წარმომადგენლისთვის. ამასთან, ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთგაცვლა საჭიროა საზოგადოებრივი სტაბილურობის, პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციის პროცესში.“

ეკომიგრანტებში უცხოობისა და უხერხულობის შეგრძნებებზე საუბრობს ირაც, რომელიც არა მხოლოდ წალკაში ვლინდება, არამედ საქართველოს ცენტრალურ ქალაქებში, ქართველებთან ურთიერთობისას: „აჭარაში მუსლიმად ყოფნის პრობლემა არ გვქონია, სადაც ვცხოვრობდით ყველა მუსლიმები ვიყავით, მაგრამ წალკაში ეს უფრო შესამჩნევია. ეს შეგრძნება კიდევ უფრო მძაფრია სტუდენტობისას თბილისში ჩასვლის შემდეგ და ბევრი ჩვენგანი იღლება იმის მტკიცებით, რომ არაფერს ვაშავებთ მეჩეთში ლოცვით. დაღლილობა და იმედგაცრუება აშკარაა წალკაში მცხოვრებ აჭარლებში. როცა სტუდენტობის დროს ლექტორიც იმას გეუბნება, რანაირი ქართველი ხარო, ან ყველა ქართველი ქრისტიანი უნდა იყოსო, ხან სირცხვილის და ხან კიდევ უხერხულობის ან შიშის გრძნობა გდევს თან. როდესაც ამბობენ ფრაზას, „ჩვენთვის ქართველებისთვის, როგორც ქრისტიანებისთვის,“ უხერხულად გრძნობ თავს, რომ შენ ამ ქართველებში არ მოიაზრები. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, აჭარელი მუსლიმების რეპრეზენტაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებშიც, რომ ჩვენც გაგვიცნონ და ჩვენი წუხილი და საჭიროებები წარმოდგენილი იყოს პოლიტიკაში. ოღონდ მე ნამდვილ რეპრეზენტაციას ვგულისხმობ და არა მოჩვენებით, ფორმალურ წარმომადგენლობითობას.“ მრავალმხრივი დიალოგის და სოციალური თუ კულტურული შეჭიდულობის არარსებობა სხვადასხვა კონფესიის თუ რწმენის მქონე ეთნიკურად ქართველებს შორისაც აშკარაა, რაც ნაწილის გაუცხოებას იწვევს.

წალკაში არსებულ კომპლექსურ პრობლემებს მრავალმხრივი მუშაობა სჭირდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სხვა მუნიციპალიტეტებში აჭარელი ეკომიგრანტების სოფლები ხშირად დგას უკიდურესი სიღარიბის წინაშე და ხშირად იქაც არ აქვთ ადამიანებს ელემენტარულ სიკეთეებზე, წყალზე, გზაზე, სახნავ-სათეს, საძოვარ მიწებზე, ჯანდაცვაზე წვდომა. [1] [2] [3] საქართველოში ეკომიგრანტების რამდენიმე სოფელი უკიდურესი სიღარიბის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა ერთიანი პოლიტიკა, რომელიც ამ სოფლებში ძირეულ პრობლემებს გადაჭრის. როგორც ერთ-ერთ სოფელში გამიზიარეს, „ვისაც ჰქონდა ოდნავი საშუალება, უკან დაბრუნდა, აჭარაში. დანარჩენებს სხვაგან სრულიად არაფერი გვაქვს. წასასვლელი რომ გვქონდეს აქ არავინ გაჩერდება, თქვენც კი ხედავთ, ნაქალაქარები უფროა, ვიდრე სოფლები.“ მეორე სოფელში მეუბნებიან, „ჩვენ ძალიან მშრომელი ხალხი ვართ. მცირედი ხელშეწყობა გვჭირდება სახელმწიფოსგან და იმდენს ვიშრომებთ, თავს გავიტანთ. უბრალოდ ელემენტარული პირობებია საჭირო.“ სოციალური პრობლემების მოგვარების პარალელურად აუცილებელია ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც გაუცხოებულ ჯგუფებს ერთმანეთთან მჭიდრო შეჭიდულობისა და თანაცხოვრების გამოცდილების შექმნაში დაეხმარება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“