საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 / 20
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) დუშეთის რაიონში, სოფელ ვეძათხევის მაცხოვრებელთა უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლა.
სოფელი ვეძათხევის მიმდებარე ტერიტორიაზე 2005 წლიდან გააქტიურდა გეოლოგიური პროცესები, რის შედეგადაც სახლები საცხოვრებლად უვარგისი გახდა. სოფელი იმყოფება მეწყერსაშიშ ზონაში და წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ამის გამო სოფელი უკვე დატოვა მაცხოვრებლების ნაწილმა. ამ დროისათვის ადგილზე მუდმივად ათამდე ოჯახია, რომელთაც არ გააჩნით ალტერნატიული საცხოვრებლის მოძიების შესაძლებლობა და იძულებულნი არიან დარჩნენ სოფელში.
სოფლის მაცხოვრებელთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სტიქიის გამო დაზიანებული ან განადგურებულია სახლები (დაზიანების I კატეგორია). ამის გამო უკლებლივ ყველა მოსახლეს საცხოვრებლად უვარგის ნაგებობებში უწევს ცხოვრება, ხოლო ზოგიერთი მათგანი იძულებული გახდა თუნუქის ნაჭრებით, ან წნელითა და ტალახით აგებულ საცხოვრებლებელ ქოხში შესახლებულიყო.
მაცხოვრებლები ცხოვრობენ უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა. ყველა გამოკითხული ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას.
სოფელში მცხოვრებლებს არ აქვთ სათანადო წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რადგან საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა სოფელში მისვლას ვერ ახერხებს. გართულებულია წვდომა საგანმანათლებლო დაწესებულებებზეც. გამგეობის მიერ სპეციალური ავტობუსის დანიშვნის შემთხვევაშიც კი ვეძათხევში მცხოვრებ ბავშვებს ფეხით დაახლოებით ხუთი კილომეტრის გავლა უწევთ, რაც ზამთრის პერიოდში გააქტიურებული მეწყერებისა და ადიდებული მდინარის გამო სიცოცხლისათვის საშიშია. სკოლასთან წვდომის სირთულიდან გამომდინარე, ზოგიერთ მოჯახს ბავშვები სხვა სოფელში ან ქალაქში ნათესავებთან ჰყავთ გაგზავნილი და მათ ნახვას იშვიათად ახერხებენ. სოფელში არ განხორციელებულა გაზიფიკაცია. ზამთარში გასათბობად შეშა გამოიყენება, თუმცა, ვინაიდან სახლების უმეტესობის მთლიანობა დარღვეულია, ასეთი გათბობა არაეფექტურია.
მოსახლეობა იძულებულია პროდუქტის, პირველადი მოხმარების ნივთებისა და წამლების შესაძენად დუშეთში იმგზავროს, თუმცა დაზიანებული გზის გამო ტრანსპორტირება გართულებულია. მიუხედავად იმისა, რომ სოფელს წყალი მილით მიეწოდება, იგი შეყვანილი არაა სახლებში და მოსახლეობა იძულებულია ხელით გადაზიდოს წყლის საჭირო რაოდენობა. ვინაიდან სოფელში მცხოვრებთა დიდ ნაწილს მარტოხელა მოხუცები ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონენი შეადგენენ, წყლის ხელით გადაზიდვის საჭიროება სერიოზული პრობლემაა. ასეთი საყოფაცხოვრებო პირობების გამო სოფლის მაცხოვრებლებს, მათ შორის, ბავშვებს, უწევთ მძიმე ფიზიკური შრომა.
სოფელს მუდმივად აქვს გარესამყაროსთან სათანადო წვდომის სირთულე. დაზიანებულია სოფლამდე მისასვლელი გზა. გამგეობის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გზა ნაწილობრივ მოიხრეშა, მაგრამ ზოგიერთ მონაკვეთზე იგი მთლიანადაა დაფარული ტალახით ან საერთოდ გადაშლილია, შედეგად სოფლამდე მისვლა წვიმიან ამინდში მანქანითაც შეუძლებელია.
მოსახლეობამ 2005 წლიდან მოყოლებული არაერთხელ მიმართა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას განსახლების მოთხოვნით. ერთ მაცხოვრებელს დაუკმაყოფილდა განაცხადი და მიეცა სოფლის დატოვების შესაძლებლობა. განსახლების საკითხთა მარეგულირებელმა კომისიამ განაცხადის დაკმაყოფილებაზე წერილობითი უარი უთხრა გიორგი ზვიადაურს, რომელიც მხოლოდ წნელისა და ტალახისაგან აგებულ ქოხში ცხოვრობს, ხანშიშესულია და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. სოფლის სხვა მაცხოვრებლებს კომისიიდან ამ დრომდე პასუხიც არ მიუღიათ.
ინსტრუქცია