საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
“ქართული ოცნების” მორიგი საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურა კანონის დონეზე განმტკიცდება და რადიკალურად დაასუსტებს გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის გარანტიებს ქვეყანაში.
“ქართული ოცნება” დაჩქარებული წესით აპირებს განიხილოს შემდეგი ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში:
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიების ამ ხარისხით შეზღუდვით “ქართული ოცნება” პრაქტიკის დონეზე განხორციელებულ მთელ რიგ რეპრესიებსა და ცენზურის პრაქტიკებს კანონის დონეზე განამტკიცებს და სამართლებრივი სისტემის დეგრადაციას ახდენს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკანასკნელი კვირების განმავლობაში არაერთი მოქალაქე თუ აქტივისტი დააჯარიმეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების და კომენტარების გამო, ასევე ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯათ აქტივისტებს საჯარო პირების საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ კი სიტყვის, მოსაზრების გამო ადამიანების დასჯა რეჟიმისთვის კიდევ უფრო ადვილი გახდება და მოქალაქეებს პირდაპირ ერთმევათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური გარანტიები.
ამასთან ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა სამართლით დაცულ ძირითად პრინციპებთან და სტანდარტებთან. ეს ცვლილებები არა მხოლოდ ეჭვქვეშ აყენებს გამოხატვის თავისუფლების დაცვას საქართველოში, არამედ არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებსაც, რომელთა შესრულებას საქართველო მრავალმხრივი ვალდებულებებით ეკისრება.
ცილისწამების საქმეებში მტკიცების ტვირთის შეცვლის პრობლემურობა
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე უფლებრივი დეგრადაცია სწორედ ცილისწამების საქმეებში მტკიცების ტვირთის შეცვლას უკავშირდება. აღნიშნულ საქმეებში მოქმედი რედაქციის მიხედვით მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა და გამოხატვის თავისუფლებას მაღალი სტანდარტით იცავდა. ეს პრინციპი არა შემთხვევითი, არამედ ევროპული სასამართლოს მიერ გამყარებული სტანდარტია, რომელიც გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულად დაცულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს საჯარო დებატებში. ახალი სამართლებრივი რეალობით, იმ პირებს, ვინც კრიტიკულად გამოხატავს საკუთარ აზრს - იქნება ეს ჟურნალისტი, უფლებადამცველი, მკვლევარი თუ რიგითი მოქალაქე - ევალებათ დაამტკიცონ, რომ მათი განცხადება სიმართლეს შეესაბამებოდა. პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ხშირად შეეცდებიან თავიანთი გამოხატვისგან თავის შეკავებას, რადგან შეუძლებელია ყოველი შეფასების დამოწმება სრული ფაქტობრივი სიზუსტით, მით უფრო მაშინ, როდესაც ხშირად გამოხატვა ეფუძნება სუბიექტურ გამოცდილებას, ინტერპრეტაციასა და საზოგადოებრივ ინტუიციას.
ადამიანის უფლებათა სამართლის მიდგომაა, რომ გამოხატვის თავისუფლებაზე უარყოფითი ზეგავლენის მქონე სამართლებრივი ცვლილებები ვერ იქნება გამართლებული, თუკი ისინი იწვევენ ე.წ. “მსუსხავ ეფექტს”. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომით, მტკიცების ტვირთი არ უნდა აჩენდეს „მსუსხავ ეფექტს“ გამოხატვის თავისუფლებისთვის,[1] რაც გულისხმობს იმას, რომ თუკი სასამართლო სრულად მოპასუხე მხარეს აკისრებს მტკიცების ტვირთს და არ ითვალისწინებს საჯარო ინტერესს, ეს წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციით დაცულ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებასთან. [2] გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა სამართალი საჯარო პირებს უფრო მეტი თმენის ვალდებულებას აკისრებს ვიდრე ეს კერძო პირების შემთხვევაშია, მათ შორის. ე.წ value judgment შემთხვევაში, როცა სუბიექტურ შეფასებას ეფუძნება გამოხატვა და მასთან მიმართებაში სიმართლის მტკიცების ვალდებულება საერთოდ არ არსებობს.[3]
შეურაცხყოფის რეგულირების ცვლილება და ცენზურის დაწესება
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი განასხვავებს ცილისწამების და შეურაცხყოფის ცნებებს, და ამ უკანასკნელის შემთხვევაში შინაარსობრივ რეგულირებას მხოლოდ „პირისპირ შეურაცხყოფის“ შემთხვევაში უშვებს. ცილისწამებისგან განსხვავებით, რომელიც ცრუ ფაქტების გავრცელებით პირის რეპუტაციის შელახვას იწვევს, შეურაცხყოფა გულისხმობს პირის ღირებულებითი შეფასებებით [value judgement] გამოწვეულ სუბიექტურ აღქმას. შესაბამისად, კანონი ზოგადად შეურაცხყოფის რეგულირების აკრძალვით, თვითნებური, გამოხატვის ადრესატის სუბიექტურ აღქმაზე დაფუძნებული, ცენზურის პრევენციას ახდენს. განსხვავებით შეურაცხყოფის ზოგადი რეგულირებისგან, პირისპირ შეურაცხყოფის პრევენციას კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი აქვს, აირიდოს ასეთი შემთხვევებისთვის დამახასიათებელი ძალადობის რისკები (მსგავსი რისკების გამო ისჯება ძარცვა ქურდობაზე მძიმე სანქციით) დემოკრატიისთვის აუცილებელი საჯარო პირების, ზოგჯერ მწვავე და შეურაცხმყოფელი, კრიტიკის შეზღუდვის გარეშე.
დაგეგმილ ცვლილებებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სრულიად ახალი საფუძველი შემოაქვს, რომელიც შეურაცხყოფის ცნებისთვის დამახასიათებელი “სუბიექტური აღქმის” საფუძველზე, ფაქტობრივად ცენზურის დაკანონებას ახდენს. კერძოდ, ცვლილებებით შინაარსობრივი რეგულირება დაშვებულია „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზეც“. ეს წინააღმდეგობაში მოდის ჯერ კიდევ 1974 წელს ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებულ სტანდარტთან, რომელიც თავისუფლების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს გამოხატვის შეურაცხმყოფელ ფორმებსაც,[4] განსაკუთრებით საჯარო პირებთან, მათ შორის, სახელმწიფოს მეთაურთან მიმართებით (მისი სიმბოლური სტატუსის მიუხედავად).[5] ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობისას სასამართლო აკონკრეტებს, რომ დაშვებულია გაზვიადებული, პროვოკაციული გამოხატვაც.[6]
მეტიც, ევროპული სტანდარტით, ცილისწამების კონტექსტში არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაშიც კი, განსაკუთრებით კი საჯარო პირებთან მიმართებაში, უსაფუძვლო რეპუტაციული ზიანის მიუხედავად, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს ცილისწამების განზრახვაც, და გამორიცხოს, რომ გაკეთებული განცხადებები კეთილსინდისიერად ეფუძნებოდა პირის ხელთ არსებულ ინფორმაციას.[7] ამ სტანდარტით, პროფესიული სტანდარტების დაცვით სანდო წყაროზე დაყრდნობით მოქმედების შემთხვევაში, (მათ შორის, მოყვარულ[8]) ჟურნალისტს მისი განცხადების სიზუსტის მტკიცებაც არ ევალება, განსაკუთრებით, თუ ის საზოგადოებრივი საკითხის გარშემო მსჯელობს.[9]
იმის გარდა, რომ შეურაცხყოფის ზოგადი რეგულირება აკრძალულია გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მსგავსი კანონი ვერ აკმაყოფილებს სამართლის უზენაესობის ბაზისურ ფორმალურ კრიტერიუმებსაც, კერძოდ, კანონის განჭვრეტადობისა და იმის შესახებ, რომ არავინ უნდა იყოს მსაჯული მისივე საქმეში. ამ შემთხვევაში, შეურაცხყოფის ცნების ბუნდოვანებიდან, ასევე მისი სუბიექტურობიდან გამომდინარე, გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე მოკლებულია შესაძლებლობას, წინასწარ განსაზღვროს, თუ რა ფორმის კრიტიკა იქნება შეურაცხყოფად აღქმული და დაშვებული, და რა არა. გამოხატვის ადრესატი კი იძენს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას შეურაცხყოფაზე პირადი სუბიექტური აღქმის საფუძველზე, თვითნებურად განსაზღვროს დავის ბედი.
აღსანიშნავია, რომ “პირისპირ შეურაცხყოფის” რეგულირებისგან განსხვავებით, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის აკრძალვა მოიცავს თანამედროვეობაში ინფორმაციის გავრცელების მთავარ საშუალებას - სოციალურ მედიასაც. სოციალური მედიის შეძენილი როლის გათვალისწინებით, ევროპული სასამართლო ჟურნალისტებისთვისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დადგენილ დაცვის სტანდარტებს უკვე სოციალურ ქსელში პოლიტიკურ კრიტიკაში ჩართულ პირებზეც, ე.წ. ონლაინ საჯარო მცველებზეც [“online public watchdogs”], მაგალითად, ბლოგერებზეც ავრცელებს.[10]
ნიშანდობლივია, რომ საჯარო ორგანოს მიერ ცილისწამების საქმის აღძვრის შესაძლებლობის დაუშვებლად ცნობისას ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა როგორც მედიის თავისუფლებაზე „მსუსხავი ეფექტი“, ისე ასეთი ორგანოების შესაძლებლობა საჯაროდ, საზოგადოების წინაშე [in the court of public opinion] უპასუხონ ბრალდებებს. ასეთივე შესაძლებლობა აქვთ საჯარო მოხელეებსაც, რომელთაც თმენის ვალდებულებასთან ერთად პრაქტიკულად მეტი შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ბრალდების გასანეიტრალებლად.[11]
ამდენად, მიღებული ცვლილებებით კანონი გამოხატვის თავისუფლების ევროპულ სტანდარტებს დაშორდება იმ ხარისხით, რომ ის თვითნებურ, სუბიექტურ, უსაზღვრო შეზღუდვას - ცენზურას დაუქვემდებარებს, რაც უფლების მიზანმიმართულ ფაქტობრივ გაუქმებას ნიშნავს.
პირადი ცხოვრების დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დადგა
გარდა ამისა, უქმდება, მე-12 მუხლის მესამე პუნქტი რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ უშვებდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, იმ მოვლენასთან დაკავშირებით თუ მისი ცოდნა აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად.
მე-12 მუხლის მესამე პუნქტის ამოღებით დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოების ინტერესებზე მაღლა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პერსონალური მონაცემების დაცვა დადგა, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სასამართლომ 2012 წელს განმარტა, რომ პირადი ცხოვრების დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას შორის ბალანსისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ ინტერესს, - თუ რამდენად მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია თუ ფაქტი დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო დებატებისთვის (Von Hannover v. Germany (No. 2) (2012). გერმანიის წინააღმდეგ მიღებული კიდევ ერთ საქმეში (Axel Springer AG v. Germany (2012), სასამართლომ დაადგინა, რომ მედიას უფლება აქვს გამოაქვეყნოს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, თუ ის ეხება საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ინფორმაციას და ინფორმაცია მოპოვებულია კანონიერად. მაშინ როცა ადამიანის უფლებათა სამართალი ამ ორ უფლებას შორის ბალანსისთვის მოითხოვს არაერთი ფაქტორის გათვალისწინებას, მათ შორის უპირველეს ყოვლისა საზოგადოებრივი ინტერესის და დემოკრატიის საბაზისო პრინციპების გათვალისწინებას, საკანონმდებლო ცვლილებებით, ამ ორ უფლებას შორის ჭიდილი იმთავითვე ბლანკეტურად პირადი ცხოვრების დაცვის სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი.
წყაროს ან პროფესიული საიდუმლოების გამოუქვეყნებლობისთვის პასუხისმგებლობა
კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის ამოღებით უქმდება ნორმა, რომლის თანახმადაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი, გაამხილოს წყარო ან პროფესიული საიდუმლოება დაუშვებელია გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.
ამ ნორმის გაუქმება ლოგიკურად გულისხმობს შესაძლებლობას, პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ პირმა უარი განაცხადა ინფორმაციის წყაროს ან პროფესიული საიდუმლოების გაცხადებაზე. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო წყაროს კონფიდენციალობის დაცვას მედიის ფუნქციონირების წინაპირობად ხედავს, რადგან ვინაობის გამჟღავნების რისკს პოტენციურ წყაროზე “მსუსხავი ეფექტი” ექნება და ჟურნალისტურ საქმიანობას გაართულებს.[12] ამის გათვალისწინებით, ევროპული სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს წყაროს იდენტობის და წყაროსთან კომუნიკაციის დეტალების (მაშინაც თუ წყარომ თავად გაასაჯაროვა იდენტობა) გამჟღავნების დავალდებულებას, და შესაბამისად, მედიის თავისუფლების ამ გარანტიით სარგებლობისთვის დასჯას,[13] თუ არ არსებობს სერიოზული საზოგადოებრივი აუცილებლობა და არ არის დაცული სტრუქტურული გარანტიები თვითნებური ჩარევისგან უფლების დასაცავად. ცხადია, მედიის თავისუფლებისთვის აუცილებელი მკაცრი ტესტით დაცვის სრულიად საპირისპირო რეალობა გვაქვს წარდგენილ კანონპროექტში, რომელიც არამარტო სრულიად უარყოფს ასეთ გარანტიას, არამედ ითვალისწინებს ცილისწამებისთვის პირის პასუხისმგებლობას მხოლოდ და მხოლოდ წყაროს გაუმჟღავნებლობის საფუძვლით, რაიმე დამატებითი მტკიცებულების გარეშეც.
წყაროს გაუმჟღავნებლობის გარანტიას ევროპული სასამართლო მკაცრ ტესტთან ერთად იცავს საგამონაკლისო წესით - დროებითი ღონისძიების საშუალებითაც, ცნობს რა ამ პრივილეგიის დარღვევით გამოწვეული გამოუსწორებელი შედეგების სიმძაფრეს. [14] საქმეზე Sedletska v. Ukraine ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების სახით სახელმწიფოს ჟურნალისტის ტელეფონზე წვდომა აუკრძალა სისხლისსამართლებრივი საქმის ფარგლებშიც. სასამართლო ამ საქმეზე პირდაპირ ამბობს, რომ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, აქ საკმარისი არ არის მეორე მხარის მტკიცება, რომ წყაროს გამჟღავნება საჭიროა მისი სამართლებრივი მოთხოვნის დასასაბუთებლად, არამედ სახეზე უნდა იყოს გარდაუვალი აუცილებლობა [overriding requirement], რადგან ასეთის გარეშე უპირატესი იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფალი პრესის უზრუნველყოფის ინტერესი. სასამართლოს სიტყვებით, ჟურნალისტების უფლება არ გაამჟღავნონ საკუთარი წყაროები ვერ ჩაითვლება უბრალო პრივილეგიად, რომელიც შეიძლება მიენიჭოს ან გაუქმდეს მათ წყაროს კანონიერების მიხედვით, არამედ ის ასევე ინფორმაციაზე წვდომის უფლების განუყოფელი ნაწილიც არის და შესაბამისი დაცვით უნდა სარგებლობდეს (პარა 62). ამ გადაწყვეტილებით ECtHR-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჟურნალისტის წყაროს დაცვა არ წარმოადგენს ტექნიკურ ან თუნდაც მხოლოდ ინდივიდუალურ უფლებას, არამედ ძირითადი ინსტრუმენტია პრესის თავისუფლებისა და ზოგადად, დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის.
ამასთან, როგორც აღვნიშნეთ, ევროპული სასამართლო ფართოდ ხედავს “ონლაინ” და “ოფლაინ” საჯარო მცველების [watchdog] ფუნქციას და მასში მოიაზრებს ყველას, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ დონეზე პოლიტიკურ კრიტიკაში ჩართულ პირებს (მაგ. ბლოგერებს). წყაროს გაუმჟღავნებლობის გარანტიას ჟურნალისტებთან ერთად ავრცელებს პოლიტიკურ კრიტიკაში ჩართულ სხვა პირებზე ვენეციის კომისიაც (2015 Report of the European Commission for Democracy through Law (“the Venice Commission”) on the Democratic Oversight of Signals Intelligence Agencies, პარა. 102).
ამ სტანდარტებისგან სრულიად საპირისპირო მიდგომა აქვს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მედიას წყაროს გაუმჟღავნებლობის პრივილეგიის სახით საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს ართმევს, და მეტიც, მედიის თვითნებური დასჯის შესაძლებლობას ქმნის. ეს არამარტო ართულებს ჟურნალისტურ საქმიანობას, არამედ ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მას, ქმნის რა ჟურნალისტების პასუხისმგებლობაში მიცემის სრულიად განუჭვრეტელ, თვითნებურ საფუძველს. ასეთი შესაძლებლობა ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს არსსაც, რომლის თანახმად ნებისმიერი გადაწყვეტილება მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს და დასაბუთებული უნდა იყოს.
ინიცირებულ ცვლილებებს 100 დღიანი უკუძალა ექნება
გარდა ზემოაღნიშნული შინაარსობრივი პრობელემებისა, “ქართულმა ოცნებამ” კანონის უკუძალით მოქმედების წესით ინიცირებით კიდევ უფრო დაამძიმა ის უფლებრივი ზიანი, რასაც მისი შინაარსობრივი დეგრადაცია იწვევს.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას 25 ივნისს გაირკვა, რომ კანონში შესული ცვლილებები რეგულაციის ამოქმედებამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხება. შესაბამისად, პირს ექნება უფლება მოედავოს მეორე პირს იმ განცხადებაზე, რომელიც მან კანონის ამოქმედებამდე 100 დღით ადრე გააკეთა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების მიხედვით უკუძალის აკრძალვის ამ კონსტიტიციური პრინციპის “მთავარი მიზანი, დანიშნულება არის კანონის განსაზღვრულობის უზრუნველყოფა, რაც გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან და, საბოლოო ჯამში, არსებითად განაპირობებს მისსავე რეალიზაციას. პირს კონკრეტული ქმედების ჩადენისას კანონმდებლობა უნდა აძლევდეს საკმარისად ცხად და მკაფიო ინფორმაციას იმის თაობაზე, წარმოადგენს თუ არა ეს ქმედება სამართალდარღვევას და როგორი იქნება კონკრეტული ქმედების განხორციელების შედეგად კანონის მასზე გავრცელების სამართლებრივი შედეგები. ამასთან, მეორე მხრივ, პირს უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა იმის თაობაზე, მის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში როგორი იქნება მოსალოდნელი პასუხისმგებლობის სიმძიმე, რა ტვირთს აკისრებს მას სახელმწიფო. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის სახელმწიფოსთან ურთიერთობის განჭვრეტისა და პროგნოზირებისათვის, ამასთან, სახელმწიფოს ნებისმიერი თვითნებობის თავიდან აცილებისთვის” (საკონსტიტუციო სასამართლის 2014 წლის გადაწყვეტილება, №1/4/557,571,576).
ამრიგად, კანონპროექტის უკუძალით მოქმედება არსებითად არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობისა და უსაფრთხოების კონსტიტუციურ პრინციპს და კიდევ ერთხელ ამხელს “ქართული ოცნების” მზარდ ტენდენციას, დაუშვას სამართლის ინსტრუმენტალიზება საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
დასკვნა
აშკარაა, რომ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ერთი ძირითადი მიზანი აქვს, ეს კრიტიკული ქცევის მიმართ “მსუსხავი ეფექტის” გამოწვევა და განსხვავებული ხმებისა და კრიტიკული გამოხატვის ჩახშობაა. ამ მიზანს დღეს კოორდინირებულად ემსახურება არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებაც, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს ცენზურისა და რეპრესიული პრაქტიკის მოლოდინზე.
საბოლოოდ, ზემოთ განხილული საკანონმდებლო ცვლილებები არის იმ სისტემური პროცესის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლება ეტაპობრივად ზღუდავს საზოგადოებრივ კონტროლს, ამკაცრებს სანქციებს და ართულებს იმ პლატფორმების ფუნქციონირებას, რომლებიც დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და საჯარო ანგარიშვალდებულების გარანტია უნდა იყვნენ.
როგორც წესი, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ამგვარი ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება არა დაჩქარებულად, არამედ ფართო საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ უნდა მოხდეს. მათ შორის, მნიშვნელოვანია ფუნდამენტურ უფლებებში ჩარევას წინ უსწრებდეს კონსულტაციების გავლა ავტორიტეტულ საერთაშორისო აქტორებთან, როგორიც არის მაგალითად ვენეციის კომისია. თუმცა, საკანონმდებლო ძალაუფლების აგრესიული ინსტრუმენტალიზების პირობებში ჩვენი ქვეყნის სამართლის სისტემა ერთპარტიული პარლამენტის მიერ თვითნებურად და ტოტალურად იცვლება და მოქალაქეობის ხმა და ინტერესები სრულად არის გამოთიშული პროცესიდან.
ცხადია, რომ ცვლილებებს პირდაპირი გავლენა ექნება მოქალაქეებზე და მათი წვდომა ინფორმაციასა და სიმართლეზე, ისევე როგორც თვითგამოხატვის შესაძლებლობები, მნიშვნელოვნად შეიზღუდება და გრძელვადიანად ეს პროცესები გაანადგურებს დემოკრატიზაციის პერსპექტივებს საქართველოში.
[1] Thoma v. Luxembourg, 2001.
[2] Steel and Morris v. UK, 2005, para 61-62.
[3] Lingens v. Austria, 1986, §42-47; იხილეთ ასევე: Jerusalem v. Austria. 2001.
[4] Handyside v. the United Kingdom, 7 December 1976, §49, Series A no. 24
[5] Vedat Şorli v. Turkey, no. 42048/19, 9 October 2021
[6] Cojocaru v. Romania, no. 32104/06, §23, 32, 34, 10 February 2015, ასევე იხ. Długołęcki v. Poland, no. 23806/03, 24 February 2009; MITICHYAN v. ARMENIA, 34787/12, §14, 21 March 2023.
[7] Cojocaru v. Romania, no. 32104/06, §23, 32, 34, 10 February 2015; იხ. ასევე Magyar Jeti Zrt v Hungary, no. 11257/16.
[8] Falzon v. Malta, 2018, § 57, where a retired politician was a “regular opinion writer” in weekly publications
[9][9] Colombani v. France, 25 June 2002, Application No. 51279/99, para. 65.
[10] Magyar Helsinki Bizottság v. Hungary [GC], no. 18030/11, §168, 8 November 2016.
[11] OOO Memo v. Russia, no. 2840/10, §45, 15 March 2022
[12] Man and Others v. Romania (dec.), 2019, § 131
[13] Becker v. Norway, no. 21272/12, 5 October 2017. წყაროს გაუმჟღავნებლობის პრივილეგიაზე და მსუსხავ ეფექტზე, იხ. ასევე Goodwin v. the United Kingdom, 27 March 1996, Reports of Judgments and Decisions 1996-II; Voskuil v. the Netherlands, no. 64752/01, 22 November 2007; Sanoma Uitgevers B.V. v. the Netherlands, no. 38224/03, 31 March 2009.
[14] Sedletska v. Ukraine, no. 42634/18, § 27, 1 April 2021.
ინსტრუქცია