[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე 

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის და სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება

ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული 2017 წელს დაწყებული სასამართლო საქმე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. მეჩეთის მშენებლობის კანონიერი მოთხოვნა კი მუსლიმი მოსახლეობის მრავალწლიანი საჭიროებიდან გამომდინარეობს და ამ დრომდე გადაუჭრელ საკითხად დგას.

საყურადღებოა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არაერთ პრობლემურ მსჯელობას შეიცავს, რაც არა მხოლოდ მუსლიმთა ფუნდამენტური უფლებების რეალიზებას აფერხებს, არამედ რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების სტანდარტის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით, 7 წლის განმავლობაში გაჭიანურებული სასამართლო განხილვა და, შესაბამისად, მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევა, კვლავ განუსაზღვრელი ვადით ხანგრძლივდება, რითაც ირღვევა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპი.

2023 წლის 25 მაისის განჩინებით, უზენაესის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (მოსამართლეთა შემადგენლობით: მაია ვაჩნაძე, ქეთევან ცინცაძე და ბიძინა სტურუა), ნაწილობრივ დააკმაყოფილა “ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის” და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები, გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განიჩნება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა.

როგორც ცნობილია, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით (რომელმაც უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) დაადგინეს:

  1. ბათუმის მერიის მხრიდან მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა (იმ ზონაში, სადაც მოსარჩელე ითხოვს მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, შვიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა განთავსებული, მათგან სამი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზეა);
  2. ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მერიის უარი მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის ფარგლებში წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე, რადგან მერიამ არ გამოიკვლია ყველა საჭირო გარემოება, უგულებელყო მუსლიმთა მნიშვნელოვანი ინტერესი და პრიორიტეტი მიანიჭა ქალაქის ამ ზონის საცხოვრებელი მიზნით განაშენიანების აბსტრაქტულ ინტერესს.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მუსლიმების მოთხოვნა, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ნაცვლად, პირდაპირ დაევალებინა ბათუმის მერიისთვის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილება.

უზენაესმა სასამართლომ მუსლიმი თემის მოთხოვნა და საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მან გაიზიარა ფონდის არგუმენტი, რომ რადგან სააპელაციო სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა, დისკრიმინაციის შედეგის აღმოფხვრის მიზნით მას არსებითად საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა საკითხი და მერიისთვის აღარ უნდა დაებრუნებინა. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ არ დაავალა მერს მშენებლობის ნებართვის გაცემა, არამედ საქმე სააპელაციო სასამართლოში დააბრუნა ხელახლა განსახილველად.

უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარიც. კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რადგან ბათუმის მერიას ,,საცხოვრებელ ზონა 6-ში” (ზონა, რომელშიც მდებარეობს ახალი მეჩეთის მიწის ნაკვეთი) მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, არამედ ისინი უნებართვოდ არის აშენებული.” ვინაიდან მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობაზე არ ფიქსირდებოდა ბათუმის მერიისათვის მიმართვის ფაქტი, სასამართლომ ეს მოცემულობა არ ჩათვალა საკმარისად ამ ორი ჯგუფის შედარებისათვის დისკრიმინაციის გამოსაკვეთად. უზენაესი სასამართლო ვიწროდ დაეყრდნო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებს, რომლის მიხედვითაც საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზეც იმსჯელა (ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრის ფარგლებში), რომელშიც სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა მეჩეთის მშენებლობის ინტერესს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელ ინტერესთან მიმართებით. მან სააპელაციო სასამართლოს დაავალა, რომ საფუძვლიანად შეაფასოს და გამოიკვლიოს ყველა საჭირო გარემოება და ამაზე დაყრდნობით დაადგინოს, მოცემულ შემთხვევაში რომელი ინტერესია უპირატესი - მუსლიმების რელიგიური ინტერესი თუ ადგილობრივ მცხოვრებთა საცხოვრებელი ინტერესი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მთელ რიგ სადავო და ურთიერთწინააღმდეგობრივ დასაბუთებასა და ინტერპრეტაციას შეიცავს. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს განმარტებები დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მანკიერ პრაქტიკას ამკვიდრებს არამხოლოდ მუსლიმთა უფლებების, არამედ ზოგადად თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის კუთხით, რაც მომავალში საზიანო იქნება ზოგადად ამ კუთხით ქვეყანაში არსებული უფლებრივი მდგომარეობისათვის. მაგალითად, სასამართლომ თქვა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და მუსლიმები კი არიან არსებითად თანასწორნი, მაგრამ მათ მიმართ უთანასწორო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიაზე არასდროს გაცემულა ზონალური შეთანხმება „საცხოვრებელ ზონა 6-ში“ ტაძრის აშენებისთვის და ეკლესიას არც არასდროს მიუმართავს მერისთვის ამ მოთხოვნით. ამგვარი მსჯელობით უზენაესმა სასამართლომ სრულიად ჩამოაშორა საქმეს ის კონტექსტი, რომ მხოლოდ ფორმალურად ნებართვის გაცემა და არგაცემა კი არ ქმნის დისკრიმინაციის შემადგენლობას, არამედ ერთი მხრივ, ერთი გაერთიანებისთვის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა, ხოლო სხვის მიერ მშენებლობის უნებართვო განხორციელების იგნორირება. საკასაციო სასამართლომ კონტექსტის გაუთვალისწინებლად მოიშველია პრინციპი “არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში”, თუმცა, არ იმსჯელა იმაზე, რომ ეს პრინციპი, შესაძლოა, სახელმწიფომ გამოიყენოს დისკრიმინაციის ლეგიტიმაციისთვის.

უზენაესი სასამართლო მსჯელობს ამ ზონაში არსებული 7 მართლმადიდებლური ტაძრის უნებართვო მშენებლობის საკითხზე და ერთობ უცნაურ მსჯელობას ავითარებს. სასამართლოს არგუმენტად მოჰყავს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლი, რომლის მიხედვით “სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედ და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული”. ამის საფუძველზე კი ასკვნის, რომ ბათუმის მერია შეზღუდულია სამართლებრივი ბერკეტით, რაიმე ზემოქმედება განახორციელოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე. მიგვაჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციური შეთანხმების მეშვიდე მუხლი არასწორად განმარტა. ეს დებულება, თავისი არსით, ეხება ამ შეთანხმების დადების დროისთვის არსებულ მართლმადიდებლურ ისტორიულ ქონებას და არა რელიგიური გაერთიანების მიერ უკანონო მშენებლობის განხორციელებისა და, შემდეგ, ლეგიტიმაციის უფლებას. შეუძლებელია, კონსტიტუციური შეთანხმების მიზანი იყოს საკუთრების უფლების წინასწარი დადგენა სამომავლო და უკანონოდ მოპოვებულ/აშენებულ ქონებაზე.

უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა საჯარო და კერძო ინტერესებზეც. რელიგიური გაერთიანების ინტერესი, გახსნას საკულტო/თაყვანისცემის ადგილი, უნდა იყოს სათანადოდ დაბალანსებული საზოგადოებრივ წესრიგსა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებთან. უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ისე მიანიჭა უპირატესობა მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსარჩელის კერძო ინტერესს, რომ სათანადოდ არ უმსჯელია იმ საჯარო თუ საზოგადოებრივ ინტერესზე, რომელიც შესაძლოა ობიექტურად დაპირისპირებოდა კონკრეტულ ტერიტორიაზე მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნას. ამდენად, უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს, რელიგიური გაერთიანების საკულტო ნაგებობის მშენებლობის ინტერესი მომეტებულად ხომ არ ზღუდავს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესებს.

საკუთარი მსჯელობის გასამყარებლად უზენაესმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებებიც მოიშველია, რომლებიც, დიდწილად არასწორი კონტექსტითა და მოცემული საქმისთვის სრულიად შეუსაბამოდ, ადამიანის უფლებათა სტანდარტის დაკნინების ეფექტით არის გამოყენებული. მაგალითად:

  • ეკლესიაზე გადაცემული საკუთრების დაცვის კონტექსტში უზენაესი სასამართლო ციტირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „Maurice v. France.” ამ საქმეში კი სასამართლოს მთავარი არგუმენტაცია, იმპერატიულად, ინდივიდებზე მიყენებული ზიანის კონტექსტს ეყრდნობა და ირიბადაც არ მიუთითებს საჯარო ინტერესსა და სუბიექტის მიერ საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას შორის ბალანსზე. სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლო სრულად უგულებელყოფს, მიყენებული ზიანის, როგორც გადაწყვეტილების მიღების მოტივაციის უპირობო ასპექტს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისე განმარტავს, თითქოს იგი საკუთრების დაცვის პრეცედენტსა და სუბიექტისათვის „აქტივის“ წართმევის დაუშვებლობის პრეცედენტს ქმნიდეს.
  • აქვე, უზენაესმა სასამართლომ საქმე - Griechische Kirchengemeinde München und Bayern e.V. v. Germany (dec.), no. 52336/99, 2007 - მოიყვანა იმის დასტურად, რომ „კონვენციის მე-9 მუხლი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, თითქოს იგი ავტომატურად აღჭურავს რელიგიურ საზოგადოებას უფლებამოსილებით, მოიპოვონ საკულტო თაყვანისცემის ადგილი/ნაგებობა სახელმწიფო ორგანოებისგან.“ ნიშანდობლივია, რომ ერთი მხრივ, სრულიად განსხვავებულია საქმეთა კონტექსტი, პრეცედენტად მოყვანილი აღნიშნული საქმე შეეხებოდა ორ რელიგიურ ორგანიზაციას შორის არსებულ დავას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ეკლესიის მიკუთვნების თაობაზე, ხოლო ამ დავის წარმოშობაში სახელმწიფოს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და არც მის რომელიმე მხარეს წარმოადგენდა. მეორე მხრივ, ბათუმის მეჩეთის შემთხვევაში, სადავო საკითხი შეეხება მომჩივანთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის (საკულტო ნაგებობის) მშენებლობის ნებართვას და არა სახელმწიფოსგან ქონების მოპოვებას.
  • ასევე, ნიშანდობლივია, რომ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, საკუთარი პოზიციის გამყარების მიზნით მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „COMMUNITY OF JEHOVAH’S WITNESSES OF KRYVYI RIH’S TERNIVSKY DISTRICT v. UKRAINE“. რომლის 51-ე პარაგრაფშიც ევროპული სასამართლო მართლაც უთითებს, რომ უკონტროლო ურბანული განვითარების პრევენციის მიზნით ქალაქგეგმარებითი პოლიტიკის გატარებისას სახელმწიფოები სარგებლობენ მიხედულების ფართო ფარგლებით. თუმცა აღნიშნული პარაგრაფი ბლანკეტურია და ამისამართებს გადაწყვეტილების 54-ე პარაგრაფთან, რომლის მიხედვითაც, ევროპულმა სასამართლომ არამართებულად მიიჩნია იეჰოვას მოწმეებისათვის სალოცავის მშენებლობის ნებართვაზე უარის თქმა და დაადგინა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა. იმდენად, რამდენადაც სასამართლომ განსაზღვრა, რომ სახელმწიფო ორგანოების უარი სალოცავის მშენებლობის ნებართვის შესახებ მყარად უნდა იქნას დასაბუთებული იმ არგუმენტაციით, რაც დაადასტურებს, რომ ნებართვაზე უარი, წმინდად ქალაქგეგმარებითი მიზეზებით იქნა განპირობებული. მათ შორის სასამართლომ დაადგინა, რომ მაგალითისათვის სამეზობლოს წინააღმდეგობა ვერ იქნება სალოცავის მშენებლობაზე უარის თქმის ვალიდური სამართლებრივი წინაპირობა.
  • სასამართლომ რელიგიის თავისუფლების უფლების ქალაქგეგმარებითი რეგულაციების გამო შეზღუდვის გამართლება „სცადა“ საქმეზე Vergos v. Greece, no 65501/01, 2004 წარმოდგენილი განმარტებებით, ამ საქმეში ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა მე-9 მუხლის დარღვევა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ნაგებობის აშენების ნებართვაზე უარის გაცემის გამო. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტები, რამაც საფუძველი დაუდო სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას, და რომლებიც სრულიად განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მიერ შესაფასებელი ფაქტებისგან. კერძოდ, მომჩივანს რელიგიური ნაგებობის აშენების ნებართვაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ ქალაქში ამავე რელიგიური დენომინაციის სხვა წარმომადგენელი, გარდა მომჩივნისა, არ ცხოვრობდა. მსგავსი სალოცავი მეზობელ ქალაქში უკვე აშენებული იყო. გარდა ამისა, სამლოცველო სახლი საჯარო დაწესებულების განმარტებაში ექცეოდა, ხოლო შემოთავაზებულ მიწის ნაკვეთზე საჯარო დაწესებულების აშენებას ქალაქმშენებლობის გეგმა კრძალავდა. გარდა ამისა, მართალია, კანონმდებლობით შესაძლებელი იყო ქალაქის გეგმის ცვლილება, თუმცა ამის სოციალური საჭიროება არ არსებობდა ქალაქში მომჩივნის რელიგიური კონფესიის წარმომადგენლების არარსებობის გამო (§36).

ცალსახაა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულიად სუბიექტური, მცდარი და რელიგიის თავისუფლების უფლების არსთან შეუთავსებელი ინტერპრეტაციები წარმოადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების და გამოყენებული საქმეების კონტექსტის შეცვლა, გარდა იმისა, რომ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს, ეწინააღმდეგება, სეკულარული და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს.

ხელისუფლების მხრიდან მუსლიმთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას განგრძობითი ხასიათი აქვს. წლების განმავლობაში, მუსლიმები ხელისუფლების მიერ შექმნილი უკანონო ბარიერების გამო ვერ ახერხებენ ბათუმში სამლოცველოს აშენებას და მათ ამ დრომდე უწევთ ღია ცის ქვეშ შეკრება და ლოცვა. ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი გამოიყენა, რომ საქმე არსებითად დროულად არ გადაწყვეტილიყო და სასამართლო ინსტანციებში გასაჩივრების გზით საქმე 7 წლის განმავლობაში გააჭიანურა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კი ხელს უწყობს როგორც პროცესის გაჭიანურებას, ასევე მუსლიმის უფლებების სისტემური დარღვევის გაგრძელებას.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი და მუსლიმი თემი აგრძელებს საკუთარი ფუნდამენტური უფლებების კანონიერი გზით დაცვას, რისთვისაც გამოიყენებს ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს.

სასამართლოში „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ ინტერესებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავენ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“