საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: ჯემნიუსი
ბათუმის მერია აგრძელებს მუსლიმი თემის რელიგიური უფლებებისა და საჭიროებების უგულებელყოფას და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ორი ინსტანციის სასამართლოს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვაზე მიმართული გადაწყვეტილების შემდეგაც, პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება, რომელმაც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გასულ კვირას ბათუმის მერიამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ბათუმის მერიის ამ გადაწყვეტილების ფონზე, 20 ივლისს უზენაეს სასამართლოს საკასციო საჩივრით ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმაც მიმართა, სადაც ის ბათუმის მერიისთვის მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების პირდაპირ დავალდებულებას ითხოვს.
როგორც საზოგადოების ცნობილია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებაში გაიზიარა, ბათუმის სასამართლოს შეფასება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე ბათუმის მერიის უარის უკანონობისა და რელიგიის ნიშნით მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ. სამწუხაროდ, ბათუმის მერია, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც, კვლავ პროცესის ხელოვნური გაჭიანურების სტრატეგიას მიმართავს და საკასაციო განხილვის ეტაპზე ცვლილების მიღწევის აშკარად დაბალი შანსების მიუხედავად, გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს.
***
როგორც ცნობილია, ბათუმში ახალი მეჩეთის საქმეზე დავის საგანია ზონალურ შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის პირველ სტადიაზე უარის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის აქტების კანონიერება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბრის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებით, უკანონოდ ცნო აღნიშნული აქტები და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები მათი გაუქმებისა და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის შესახებ.
ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მერიის სადავო აქტებში მითითებული უარის საფუძვლები არ იყო სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რის გამოც ისინი ეწინააღმდეგებოდა მოქმედ სამშენებლო კანონმდებლობას. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბათუმის მერიას უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, მათ შორის, ბათუმის მერიას არ ჰქონდა ნამსჯელი საკულტო ნაგებობის, როგორც მუსლიმი მრევლის სოციალური საჭიროებისა და მოთხოვნის შესახებ.
სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობა მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევს შესაძლებლობას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ დასახლებულ კვარტლებში, ააშენოს საკულტო ნაგებობები და ისარგებლოს რელიგიის თავისუფლებით, ხოლო მეორე მხრივ, მუსლიმ თემს, რომელიც საკუთარ მიწის ნაკვეთზე ითხოვს საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვას, უარს ეუბნება ქალაქგანვითარებითი ინტერესების დაცვის არგუმენტით.
სააპელაციო პალატამ, ისევე როგორც საქალაქო სასამართლომ, გაიზიარა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის პოზიცია და აღნიშნა, რომ უსაფუძვლო იქნებოდა იმის მტკიცება, თითქოს მუნიციპალიტეტი თანაბრად ეპყრობოდა ორივე რელიგიურ გაერთიანებას, რადგან, იდენტური პირობების შემთხვევაში, აშკარად, ორი სხვადასხვა სამართლებრივი შედეგია დამდგარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ისევე, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლომ, არ დააკმაყოფილა ფონდის მესამე მოთხოვნა, რომელიც დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგის აღმოფხვრის მიზნით, ბათუმის მერიისთვის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების დავალებას ითვალისწინებდა. შესაბამისად, მოთხოვნის სწორედ ეს ნაწილი გაასაჩივრა ფონდმა უზენაეს სასამართლოში.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნა ქართველი მუსლიმი თემის ისტორიული მოთხოვნაა, რომელიც ქალაქში სალოცავი სივრცის საჭიროებიდან გამომდინარეობს. გასულ წლებში ასობით მუსლიმს ღია სივრცეში, ქუჩაში უწევდა პარასკევის ჯუმა ლოცვისა და სხვა დღესასწაულების აღნიშვნა. ხელისუფლებების არა ერთი საჯარო დაპირების მიუხედავად, ამ საკითხის გადაწყვეტა არ მოხდა, რის გამოც მუსლიმ თემს თვითორგანიზება, მიწის ნაკვეთის შეძენა და მშენებლობის ნებართვის მოპოვების ხანგრძლივი და რთული გზის გავლა დასჭირდა. ეს ბრძოლა აჭარის ცენტრში სალოცავი და კულტურული სივრცის აღიარებისთვის ამ დრომდე გრძელდება.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესის ხელშეშლა მთლიანობაში რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკას ავლენს, რომელიც უკვე წლებია არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების და მათი უფლებების და საჭიროებების დემონსტრაციულ უგულებელყოფას, იერარქიზებასა და არაღიარების ახდენს. სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა ჩანს რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთოების არა ერთ სფეროში, მათ შორის, დაფინანსების, ქონებრივი უფლებების დაცვის, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განათლების, პოლიტიკური რიტორიკის სფეროში.
სასამართლოში „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ ინტერესებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) იცავენ.
ინსტრუქცია