[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

ბათუმის მეჩეთის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა

18 თებერვალს, 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა სხდომა ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართალომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია:

  • სასამართლომ დააკმაყოფილა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის სასარჩელო მოთხოვნა და დაადგინა დისკრიმინაცია. იმ ზონაში, სადაც მოსარჩელე ითხოვს მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, შვიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა განთავსებული, მათგან სამი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზეა.
  • ბათილად ცნო ბათუმის მერიის უარი მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილებაზე.
  • სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც ბათუმის მერიისთვის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების დავალებას ეხებოდა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მერია ითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების საკითხი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა. ფონდის სააპელაციო მოთხოვნაა, სასამართლომ პირდაპირ დაავალოს მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილება, რომ მერიას არ ჰქონდეს ახალი დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღებისა და საქმის კიდევ უფრო გაჭიანურების შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმეში დაადგინა დისკრიმინაცია და მერიის უარი უკანონონდ მიიიჩნია, ბათუმის მერია კვლავ ცდილობს პროცესის გაჭიანურებას. ადგილობრივი ხელისუფლება კვლავ უხეშად უგულებელყოფს მუსლიმების სამართლიან მოთხოვნასა და საჭიროებას, ააშენონ მათუმში ახალი მეჩეთი.

*

შეგახსენებთ, რომ სასამართლოში მიმდინარე დავა შეეხება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნებართვის გაცემაზე დისკრიმინაციული უარის კანონიერებას. ხელისუფლების მხრიდან მრავალჯერადი, უშედეგო დაპირების შემდეგ, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა“ 2016 წელს 12 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა და მეჩეთისათვის მიწის გამოყოფის თხოვნით აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და საქართველოს მთავრობას მიმართა, თუმცა არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით შემხვედრი ნაბიჯები არ გადაუდგამს და კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია.

ამის შემდეგ, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ საკუთარი სახსრებით მიწის ნაკვეთი შეისყიდა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით 2017 წელს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. მუსლიმ თემს ადგილობრივმა თვითმმართველობამ უარი უთხრა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. 2017 წლის ივნისში ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელის ძირითადი მოთხოვნა მუსლიმი თემის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილებაზე ბათუმის მერიის უარის ბათილად ცნობა, მერიისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის დავალება, და ასევე რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მისი შედეგების აღმოფხვრა იყო. იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმში, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, არაერთი საეკლესიო ნაგებობაა აშენებული და ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა, სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისთვის საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის სამართლებრივი შესაძლებლობის შეზღუდვა აშკარად ავლენს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის ინტერესებს სასამართლოში იცავენ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“