[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოში სოციალური უფლებების რეალიზების შესახებ გაეროში ანგარიშები წარადგინა 

მიმდინარე წლის იანვარში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტს ორი ანგარიში წარუდგინეს. დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა რვა ორგანიზაციამ (სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), დამოუკიდებელო პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი, პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის, თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი და ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ) მიიღო.

გაეროს კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშებში მოცემულია ინფორმაცია ქვეყანაში სოციალური უფლებების რეალიზების მდგომარეობის შესახებ; საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობისა და იმ სისტემური გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც მოქალაქეები ყოველდღიურად დგანან. ორგანიზაციებმა კომიტეტს ასევე მიაწოდეს იმ რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელიც, მნიშვნელოვანია, გაიცეს სახელმწიფოს მიმართ.

გაეროს კომიტეტისთვის წარდგენილი ერთ-ერთი ანგარიში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის სოციალური და ეკონომიკური უფლებების განხორციელებას ეხება, მათ შორის არიან ეთნიკურ უმცირესობები, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობა, ლგბტქ+ ადამიანები, შშმ პირები და ბავშვები. ანგარიშში მიმოხილულია ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა, მაგალითად,

  • სახელმწიფოს ენის პოლიტიკა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ექსკლუზიის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, ასევე, ეთნიკური უმცირესობების წვდომა დასაქმებაზე, ხარისხიან განათელებასა და სოციალურ დაცვაზე;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გალსა და ახალგორში მცხოვრებთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისა და იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია;
  • უკანასკნელ წლებში ლგბტქ+ თემის წევრთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და მათი დევნა, დისკრიმინაციული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მათ უფლებებს ფაქტობრივად აუქმებს, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მექანიზმებთან, ისევე, როგორც ჯანდაცვის უმნიშვნელოვანეს სერვისებთან წვდომის უდიდესი გამოწვევები;
  • შშმ პირთა მიმართ არსებული პოლიტიკის (საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს) მნიშვნელოვანი ჩავარდნები, ფრაგმენტული და არასაკმარისი სოციალური და დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი მექანიზმები, ასევე, სპეციალიზებული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის შეფერხებები და ინსტიტუციებში მყოფი ადამიანების უმძიმესი უფლებრივი მდგომარეობა;
  • ბავშვთა სიღარიბე და სოციალურად დაუცველობა, მათი სოციალური მხარდაჭერის მექანიზმებისა და შესაბამისი პროფესიონალების ნაკლებობა, ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევები უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს არარსებობის გამო და “ქართული ოცნების” მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების კრიტიკა, რომელიც, სხვა არაერთ ცვლილებასთან ერთად, 10 წლიდან ბავშვების ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ინსტიტუციონალიზაციას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც კომიტეტს წარედგინა, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მუხლებს მიჰყვება და ქვეყანაში შრომის, სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების უფლებების რეალიზაციის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას აანალიზებს. დოკუმენტში მიმოხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად,

  • სოციალური დაცვის სისტემის ჩავარდნები და მხარდაჭერის მექანიზმების ნაკლებობა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფუნქციონირება და მისი შეწყვეტის სავარაუდო მძიმე შედეგები;
  • შრომის უფლებების დარღვევის შემთხვევები (მათ შორის, სამუშაო ადგილზე დაშავება და გარდაცვალება), საჯარო სამსახურში მასობრივი გათავისუფლების, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღის, გამოყენების პრაქტიკა, რეპრესიები პროფკავშირების წინააღმდეგ და ჭიათურაში არსებული კრიზისი, რომელიც უმოკლეს ვადებში მოგვარებას საჭიროებს;
  • სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, შესაბამისი პოლიტიკის, კანონმდებლობისა და ინსტიტუციური ჩარჩოს არარსებობა/უკიდურესი სიმწირე, უსახლკარობასთან ბრძოლის მექანიზმების სისუსტე და გამოსახლებისა და თავშესაფრების ნგრევის არაადამიანური პრაქტიკა;
  • გარემოსდაცვითი უფლებების რეალიზება, მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის ნაკლებობა/არარსებობა, ასევე, გარემოს დამცველი აქტივისტების შევიწროებისა და დევნის პრაქტიკა;
  • განათლების უფლების განხორციელების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათ შორის, სასკოლო კვების არარსებობა და ის საფრთხეები, რომლებიც ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროში “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს;
  • ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციის პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია მოწყვლადი ჯგუფების სომატური ჯანმრთელობის საჭიროებების უგულებელყოფასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებთან, რომლებიც ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი გაეროს ფარგლებში მოქმედი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც სახელმწიფოების თემატურ ვალდებულებებს განსაზღვრავს. აღნიშნული ინსტრუმენტი საქართველოსთვის 1994 წლიდანაა სავალდებულოდ შესასრულებელი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, აღიაროს და უზრუნველყოს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების განხორციელება. პაქტის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ასევე ეკისრებათ ვალდებულება, ინსტრუმენტის იმპლემენტაციის შესახებ გაეროს კომიტეტს პერიოდული ანგარიშები მიაწოდონ. ამ ანგარიშების, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მიერ მომზადებული ანგარიშების საფუძველზე, კომიტეტი ქვეყნის მიმართ დასკვნით რეკომენდაციებს ამზადებს და უახლოეს წლებში განსახორციელებელ ძირითად ღონისძიებებს განუსაზღვრავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გაეროს კომიტეტს ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური უფლებების განხორციელების მიმართულებით მდგომარეობა 2002 წლის შემდგომ არ შეუფასებია. საქართველოს პაქტის საფუძველზე ანგარიში 2007 წელს უნდა წარედგინა, თუმცა, ანგარიშგება მხოლოდ 15 წლის დაგვიანებით, 2022 წელს, განახორციელა. კომიტეტმა ქვეყნის ანგარიში წინასასესიო ფორმატში 2024 წლის დასაწყისში შეაფასა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში, იგი საქართველოს მიმართ დასკვნით რეკომენდაციებს მოამზადებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გააგრძელებს გაეროს კომიტეტში მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას კომიტეტის შეფასების შინაარსის, ქვეყნის მიმართ გაცემული რეკომენდაციებისა და მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ.

ანგარიშები შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“