[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

საცხოვრისების დემონტაჟი უსახლკაროთა წინააღმდეგ თბილისის მერიის კიდევ ერთი რეპრესიული ღონისძიებაა 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერიის მიერ ორხევის ტერიტორიაზე საცხოვრისების ნგრევის შესახებ და მუნიციპალიტეტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დემონტაჟის პროცესი და უზრუნველყოს დაზარალებული ადამიანები გრძელვადიანი საცხოვრისითა და საჭირო სერვისებით.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა საცხოვრისების დემონტაჟი დილის 7 საათიდან დაიწყო და ამ ეტაპზე 5 სახლის დანგრევა შეძლო. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული შენობები უსახლკარო ადამიანების მიერ თვითდახმარების მიზნით იყო აშენებული და საცხოვრისის დანიშნულებით გამოიყენებოდა. ერთ-ერთი ადამიანის თქმით, იგი მოცემულ ტერიტორიაზე 2013 წლიდან მოყოლებული ცხოვრობდა.

თბილისის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ ნაგებობების დემონტაჟის პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის ნულოვანი მგრძნობელობა, რაც თბილისის მერიას უსახლკარო და უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების მიმართ აქვს. ამ პროცესში მერიის ერთადერთ არგუმენტს წარმოადგენს არსებული მშენებლობების ნებართვის გარეშე აშენების ფაქტი და კანონის ფორმალური აღსრულება - “უკანონო” საცხოვრისების დემონტაჟი.

ორხევის ტერიტორიაზე საცხოვრისების ნგრევა არა ერთეულ შემთხვევას, არამედ მუნიციპალიტეტის რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. ამის დადასტურებაა დაახლოებით ერთი წლის წინ მერიის მიერ აფრიკის დასახლების ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების დაშლა, ასევე, თბილისის მერის არაერთი განცხადება უნებართვოდ აშენებული შენობების დემონტაჟთან დაკავშირებით.

სახელმწიფოს მიერ საცხოვრისის გარანტირების პოლიტიკისა და სერვისების არარსებობის, ასევე, ამ მიმართულებით მთავრობისა და მუნიციპალიტეტების უმოქმედობის ფონზე, უამრავი ოჯახი თვითდახმარების გზებს - ნებართვის გარეშე შენობების აგებასა თუ სხვადასხვა ობიექტებში ცხოვრებას მიმართავს. ამგვარი საქმიანობის აკრძალვისა თუ დასჯის პოლიტიკა, განსაკუთრებით, ალტერნატიული სათანადო საცხოვრისის შეთავაზების გარეშე და ზამთრისა და COVID-19-ის ვირუსის უპრეცედენტო გავრცელების პირობებში, ადამიანებს ქუჩაში, მიუსაფარ მდგომარეობაში აღმოჩენისა და ფიზიკური განადგურების რისკის წინაშე აყენებს.

საყურადღებოა, რომ უსახლკარო ადამიანების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების პრაქტიკის პარალელურად, უკიდურესად ხარვეზიანია საკანონმდებლო ჩარჩო. მაშინ, როდესაც პანდემიის მიზეზით, საცხოვრისიდან გამოსახლებაზე დაწესებულია მორატორიუმი, არსებული სისტემა, საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით, დემონტაჟის პროცესს და ამ პროცესის შედეგად შენობებიდან ადამიანების გამოყვანას არ მიიჩნევს გამოსახლების სახედ, ამგვარ შემთხვევებს სამშენებლო სამართალდარღვევის ჭრილში აღიქვამს და დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა თუ აღსრულების დროს სრულიად გამორიცხავს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, მაშინაც კი, თუ ამგვარი გადაწყვეტილება ადამიანების ქუჩაში დარჩენას იწვევს. მეტიც, 2020 წელს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, უნებართვო მშენებლობის შემთხვევაში უსახლკარო ადამიანებს არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც შეიძლება დაეკისროთ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონის ფორმალურად დაცვის მოტივით საცხოვრისების დემონტაჟის პროცესი და გაიაზროს ადამიანების სოციალური დაცვისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის საკუთარი ვალდებულებები. არსებითია, რომ მერიამ, ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეზე რელევანტურ სხვა აქტორებთან ერთად, უზრუნველყოს საცხოვრისის პოლიტიკისა და ღირსეული სერვისების ჩამოყალიბება და გაფართოება და არ დაუშვას სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების უგულებელყოფა და მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის კიდევ უფრო დიდი საფრთხის შექმნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ

თბილისის მუნიციპალიტეტს:

  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ორხევში საცხოვრისების დემონტაჟის პროცესი და დაიწყოს მუშაობა ამგვარ საცხოვრისებში მცხოვრებთა საჭიროებების, მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისათვის;
  • შეისწავლოს დემონტაჟის პროცესში დაზარალებული პირების საჭიროებები და უზრუნველყოს ისინი რელევანტური მხარდამჭერი მექანიზმებით, მათ შორის, ადეკვატური საცხოვრისით;
  • დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და მისი აღსრულებისას პრიორიტეტულად მიიღოს მხედველობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს:

  • უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს საცხოვრისის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც უსახლკარობასთან ბრძოლის ზოგადი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების პარალელურად, მოახდენს გამოსახლების, მათ შორის, დემონტაჟის, შემთხვევების პრევენციასა და მინიმუმამდე დაყვანას.

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს:

  • მოხდეს საცხოვრისის დემონტაჟისას ადამიანების შენობიდან გამოყვანის აღიარება გამოსახლების ფორმად და მასზე გავრცელდეს მორატორიუმის რეჟიმი;
  • განხორციელდეს გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე პოლიტიკისა და პრაქტიკის სრული ჰარმონიზაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“