[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

EMC ეხმიანება აფრიკის დასახლებაში საცხოვრისების დემონტაჟის ფაქტს

EMC მოუწოდებს თბილისის მერიას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში საცხოვრისების დემონტაჟის მიმდინარე პროცესი და ნგრევის შედეგად დაზარალებული ადამიანები დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადო საცხოვრისით.

ქვეყანაში უსახლკარობის, მზარდი სიღარიბის, უმუშევრობისა და უკიდურესად მაღალი ეკონომიკური და სოციალური დაუცველობის ფონზე, ნებართვის გარეშე აგებული შენობები ასობით ოჯახისთვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს. ზამთარში, განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც კიდევ უფრო გაზრდილია მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალური და ეკონომიკური რისკები, სოციალურად ყველაზე დაუცველი საცხოვრისების დემონტაჟით თბილისის მერია არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ შენობებში მაცხოვრებელ პირებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების წინაშე აყენებს.

კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია გამოსახლების აღსრულების პროცესი. თუმცა, მორატორიუმი არ ვრცელდება უკანონოდ აგებულ შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე რის გამოც ნგრევის შედეგად დაზარალებული ადამიანები გამოსახლებულად არც კი მიიჩნევა, მიუხედავად იმისა რომ მათ შესაძლოა უკანასკნელი თავშესაფარი დაკარგეს.

დღეს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს მერიის მიერ უსახლკარო ადამიანების მიმართ მგრძნობელობის არარსებობასა და სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ჯგუფების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობების გაუაზრებლობაზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში საცხოვრისების დემონტაჟის პროცესი და ამ პროცესის შედეგად მიუსაფარ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანები უზრუნველყოს საცხოვრისით.

EMC მზადაა სამართლებრივი დამხარება გაუწიოს იმ ოჯახებს, რომლებიც მერიის უმძიმესი გადაწყვეტილების შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“