[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანგარიში

EMC-იმ საქართველოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის (UPR) ინდივიდუალური და კოლექტიური ანგარიშები მოამზადა

Ceiling by Miquel Barceló.

2015 წლის 23 მარტს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოს მეორე ციკლით შეფასებისთვის ინდივიდუალური და კოლექტიური [სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად] ალტერნატიული ანგარიშები მოამზადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების საბჭოსთვის. ანგარიშებში განხილულია 2011 წელს საქართველოსთვის პირველი უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის მიერ მიცემული რეკომენდაციების შესრულების პროგრესის, სამართლებრივი ჩარჩოსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. ამასთან, დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც მიზანშეწონილია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) ინდივიდუალური ანგარიში ‘სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოში: სათანადო საცხოვრისის უფლება და შრომითი უფლებები’ შეეხება სოციალურად დაუცველი უსახლკარო პირების, ეკომიგრანტებისა და დასაქმებულთა უფლებების მდგომარეობას საქართველოში.

კოალიციურ ანგარიშში ‘დისკრიმინირებულ და მოწყვლად ჯგუფთა უფლებების დაცვა საქართველოში’ განხილულია ქვეყანაში დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით არსებული ვითარება - რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, უცხოელთა, ლგბტ, იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა. აღნიშნული დოკუმენტი EMC-იმ მოამზადა შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: „იდენტობა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA), „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“ (CIF), „საერთო-სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო“ (PMMG), „ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი“.

კოალიციურ ანგარიშში ‘ქალთა უფლებების დაცვა საქართველოში’ განხილულია ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა - მათ შორის, გენდერული ასპექტები, როგორც ქალთა სოციალური მოწყვლადობისა და უსახლკარობის განმაპირობებელი გარემოება და მათ საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები. „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო შემდეგ ორგანიზაციებთან ერთად: „საფარი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG), „აკესო - საერთაშორისო ორგანიზაცია ქალებისთვის“, „ჰერა XXI“ და „ალტერნატიული საქართველო“.

კოლექტიური ანგარიში ‘მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობა და რეფორმები, ადამიანის უფლებების დარღვევების, მათ შორის, ციხეებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეფექტური პრევენციისა და გამოძიების პრობლემები’ ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებს შეეხება. ანგარიში მოამზადეს ორგანიზაციებმა: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA), „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ (PRI) და „წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT).

უნივერსალური მიმოხილვის ფარგლებში, საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების საბჭოს წინაშე 2015 წლის ნოემბერში წარსდგება. მიმოხილვა სხვა წყაროებთან ერთად, დაეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებულ ალტერნატიულ ანგარიშებში მითითებულ ინფორმაციას. „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) გააგრძელებს ამ პროცესში მონაწილეობას.

[scribd id=299528280 key=key-Z5ATdONTI0AN2X82Emom mode=scroll]

[scribd id=299528347 key=key-vmMBgPRaYco3Tstgp7Ip mode=scroll]

[scribd id=299528397 key=key-uxcTBFZmgnM8iBKaEUNe mode=scroll]

[scribd id=299528450 key=key-KqZQYWHR3llt3tbn75ZC mode=scroll]

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“