[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანგარიში

EMC-მ, საიამ და PHR - მა UPR-ის ფარგლებში სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით კოალიციური ანგარიში წარადგინეს

8 ივლისს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) და პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის (PHR), უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში კოალიციური ანგარიში წარადგინეს.

ანგარიში ფარავს 2015-2020 წლების პერიოდს და აფასებს ცალკეული სოციალური და ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფის პროგრესსა და გამოწვევებს. დოკუმენტი ხუთი თავისა და ჯამში 45 რეკომენდაციისგან შედგება და შემდეგ საკითხებს ეხება:

  • ზოგადი ხასიათის ვალდებულებების შესრულება, რომელიც ზეგავლენას ახდენს სოციალური და ეკონომიკური უფლებების განხორციელებაზე - ანგარიში ხაზს უსვამს რელევანტური საერთაშორისოსამართლებრივი ინსტრუმენტების (მათ შორის, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის დამატებითი ოქმი, ევროპის სოციალური ქარტიის ცალკეული დებულებები და სხვ.) რატიფიცირების, ასევე, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტში სახელმწიფოს პერიოდული ანგარიშის წარდგენის მნიშვნელობაზე, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს უნდა განხორციელებულიყო.
  • სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტირება - დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფოს მიერ უსახლკარობასთან ბრძოლის საკითხების არაპრიორიტეტულობაზე, რაც, მათ შორის, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არარსებობაში, სუსტ და ხარვეზიან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ჩარჩოში, ასევე, საცხოვრისის სერვისების სიმწირეში გამოიხატება. დოკუმენტი ასევე კონკრეტულად აღნიშნავს სახელმწიფო პოლიტიკის ჩავარდნის მძიმე შედეგებს ისეთ ჯგუფებზე, როგორიცაა, შშმ პირები და გამოსახლებას დაქვემდებარებული ადამიანები/შინამეურნეობები.
  • შრომისა და დასაქმების უფლების განხორციელება - დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შრომის ინსპექციის უფლებამოსილების გაზრდის, მისი სამართლებრივი და ინსტიტუციური გაძლიერების აუცილებლობაზე. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს შრომითი უფლებების (მათ შორის, მინიმალური ხელფასის, ზეგანაკვეთური სამუშაოს, სამუშაო დროის რეგულირება) უზრუნველყოფისათვის ეფექტიანი სამართლებრივი სტანდარტების შემოტანის მნიშვნელობაზე.
  • ბავშვთა სოციალური უფლებების გარანტირება - აღნიშნულ ანგარიშში მწვავედაა ხაზგასმული ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის მნიშვნელოვანი ჩავარდნები, რაც, მათ შორის, ბავშვთა სიღარიბის მნიშვნელოვან მაჩვენებლებსა და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მძიმე უფლებრივ მდგომარეობაში გამოიხატება. დოკუმენტი ასევე აღნიშნავს ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორიცაა, ადრეული და ზოგადი განათლების უფლების გარანტირება, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არასრულწლოვნებისთვის, ასევე, ბავშვების ჯანმრთელობის უფლების დაცვისა და რეაბილიტაციის სერვისების არასაკმარისი მისაწვდომობა;
  • შშმ ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა - დოკუმენტი ხაზს უსვამს შშმ, მათ შორის, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალების, წინაშე არსებულ გამოწვევებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომის ნაწილში. ანგარიშმა ერთ-ერთ საკითხად გამოკვეთა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა, ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების პრაქტიკული უგულებელყოფა.

შეგახსენებთ, რომ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) გაეროს ფარგლებში მოქმედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს წევრი ქვეყნების ანგარიშების პერიოდულ განხილვასა და რელევანტური რეკომენდაციების გაცემას. UPR-ის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოს ანგარიშის განხილვა 2021 წელს იგეგმება. საყურადღებოა, რომ ამ პროცესში მთავრობის მიმართ რეკომენდაციებს გაეროს წევრი სხვა სახელმწიფოები შეიმუშავებენ, რომლებიც დაეყრდნობიან არა მხოლოდ მთავრობის, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს.

კოალიციური ანგარიშის შემუშავებაში ჩართული ორგანიზაციები გააგრძელებენ UPR-ის პროცედურებში აქტიურ ადვოკატირებას და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შინაარსისა და მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ.

UPR-Report_1594630575.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“