პრობაციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში.
კვლევა წარმოადგენს მცდელობას, არსებული მიდგომების, კანონმდებლობისა და პოლიტიკის გათვალისწინებით გამოკვეთოს, რამდენად შესწევს ქართულ პრობაციის სისტემას ამ ფუნქციის სათანადოდ შესრულების უნარი.
წინამდებარე კვლევის მიზანია, ფართო სურათში დავინახოთ პრობაციის სისტემა და მისი ადგილი, ასევე შევაფასოთ, რა ძირითადი გამოწვევების წინაშეა ის. საკითხის შესწავლის ფარგლებში გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები:
- პრობაციის სისტემის დანიშნულება საქართველოში დანახულია უპირველესად კონტროლის და სასჯელის აღსრულების ტექნიკურ ნაწილში, ზრუნვის ვალდებულება კი პოლიტიკის ცენტრალურ კომპონენტად არ განიხილება;
- ნარკოდანაშაულებთან მიმართებით, პირობით მსჯავრთან ერთად, აქტიურად გამოიყენება ისეთი სახის დამატებითი სასჯელები, რომლებიც პირზე სოციალურ და ფინანსურ წნეხს ზრდის (ჯარიმა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა);
- ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების უდიდესი უმრავლესობა, დანაშაულის ჩადენის მომენტში, უმუშევარია;
- პრობლემურია პრობაციის ოფიცრის ფართო დისკრეცია, როცა მას უფლება აქვს ნარკოტიკული დანაშაულისათვის პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და სათანადო დასკვნის წარმოდგენა;
- პირობით მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულება ლოგიკური გაგრძელებაა არსებული ნარკოპოლიტიკის, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებლებს დღემდე სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტებად ხედავს. ამდენად, ეს პრობლემა უნდა დავინახოთ უფრო ფართოდ, ნარკოპოლიტიკის კრიტიკის ჭრილში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების კრიმინალიზებაა;
- ამასთან, პრობაციის ეროვნული სააგენტო არ ამუშავებს ინფორმაციას, რამდენ- ჯერ მიმართა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს. შედეგად, ადამიანების კონტროლზე მიმართული სტრა- ტეგიები გაუსაჯაროებელი, მისი მასშტაბი კი ბუნდოვანი რჩება;
- პირს დამოუკიდებლად არ შეუძლია მიმართოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიას, პირობითი მსჯავრის გაუქმების და ნასამართლობის მოხსნის თხოვნით. ამ პროცესში პრობაციის ბიუროს უფროსს გაუმართლებელი დისკრეცია აქვს, საკითხს კი გაუმჭვირვალედ წყვეტს;
- მუდმივმოქმედი კომისია, როგორც პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, ასევე ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით უფლების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე, უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს, რაც გამჭვირვალობის პრინციპს ეწინააღმდეგება;
- პრობაციის სისტემაში სოციალურ მუშაკებსა და ფსიქოლოგებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მკვეთრად შეზღუდულია;
- პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მაღალია პრობაციის ოფიცრების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დატვირთულობის მაჩვენებელი;
- პრობაციის სისტემაში აშკარა დისპროპორციაა ერთი მხრივ, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების, მეორე მხრივ, პრობაციის ოფიცრების წარმომადგენლობის მასშტაბებს შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. ეს პრობაციის სისტემაში ზრუნვისა და მხარდაჭერის მიდგომების ფაქტობრივ დეფიციტზე მიუთითებს;
- პრობაციის ეროვნულ სააგენტოში რესურსების არსებული განაწილება არ ეფუძნება კონკრეტულ მეთოდოლოგიურ დოკუმენტებს, რაც არსებითია მისი მუშაობის ეფექტიანობის შეფასებისთვის;
- პრობაციონერების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით, რისკისა და საჭიროებების შეფასების პროცესში, შეზღუდულია სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჩართულობა, წამყვანი როლი კი პრობაციის ოფიცერს აქვს მინიჭებული;
- ბენეფიციარის ჩართულობა, მისთვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავების პროცესში, მინიმალიზებულია. მას ასევე არ აქვს შესაძლებლობა თავად მოითხოვოს მისი სოციალური მდგომარეობის და პიროვნული მახასიათებლების (დინამიკური ფაქტორების) სიღრმისეული შესწავლა და შეფასება;
- პირობით მსჯავრდებულებთან მიმართებით, ყოფილი პატიმრებისგან განსხვავებით, ნაკლებად კონკრეტულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებები სოციალური მხარდაჭერისა და გაძლიერების მომსახურებების მიწოდების ნაწილში;
- მცირეა იმ ყოფილი პატიმრების რიცხვი, ვინც შესაბამისი დახმარებისთვის პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, რაც სააგენტოს მხრიდან მეტი ინფორმირებისა და ძალისხმევის გაწევის აუცილებლობაზე მიუთითებს;
- პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის არ არსებობს სპეციალიზაციის მოდულები, რომელიც მათ ნარკოდანაშაულის კონტექსტისა და მახასიათებლების შესახებ მეტი ცოდნით აღჭურავდა;
- პრობაციის ეროვნულ სააგენტოში არ მიმდინარეობს აქტიური კვლევითი საქმიანობა, პირობით მსჯავრდებულთა სოციალური მახასიათებლების ანალიზისა და მასზე დაფუძნებული პოლიტიკების შემუშავებისთვის;
- ზოგადად, ბევრ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით (როგორებიცაა: ნარკოდანაშაულში პირობით მსჯავრდებულების მხრიდან განმეორებითი დანაშაულების ჩადენა, კვირაში ერთხელ გამოცხადების გარდა სხვა მოვალეობების დაკისრება და სხვ.), კვლევაზე, სტატისტიკის წარმოებასა და ანალიტიკაზე დაფუძნებული საქმიანობა, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ძალზე ფრაგმენტულია ან ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ არ არსებობს.
ზრუნვა_თუ_კონტროლი_-_ვებ_GEO_1655140521.pdf