[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / ანგარიში

ნარკოპოლიტიკა საქართველოში - 2021 წლის ტენდენციები

ქართული ნარკოპოლიტიკა წლების განმავლობაში ექცევა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ფოკუსში, ვინაიდან ის განსაკუთრებული რეპრესიულობით ხასიათდება. სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2021 წლის კვლევის თანახმად, ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებული პირები, ბოლო 10 წლის განმავლობაში პატიმრების 20-40%-ს შეადგენენ.

ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო ნარკოპოლიტიკის ჰუმანური გარდაქმნა. მეტიც, 2021 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტმა გაამკაცრა სასჯელები ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის, რაც კიდევ უფრო გვაშორებს სასჯელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, დამნაშავის რესოციალიზაციის მიზანს.

სახელმწიფოს მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს შეინიშნებოდა გარკვეული გაუმჯობესებები ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით. გაუმჯობესებულია ნარკოტიკულ დანაშაულზე მსჯავრდების პარამეტრები და საანგარიშო პერიოდში, თავისუფლების აღკვეთა ყველაზე იშვიათად გამოყენებად სასჯელს წარმოადგენდა. გასულ წელს, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული 2569 პირიდან თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 354 პირს დაენიშნა. ასევე, ცალსახა პოზიტიური დინამიკა შეინიშნება იძულებით ნარკოლოგიურ ტესტირებებთან მიმართებით. ბოლო წლებში, ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა რიცხვი კლებადია, 2021 წელს კი ტესტირებაზე წარდგენილ იქნა 4225 ადამიანი, რაც ბოლო წლების მინიმალური მაჩვენებელია.

ამასთან, დადებითად უნდა შეფასდეს პრეპარატ ნალოქსონის შეყვანა „გადაუდებელი დახმარების ჩანთის“ მედიკამენტთა სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეძენა გადაუდებელ შემთხვევებში, აფთიაქში რეცეპტის გარეშე იქნება შესაძლებელი. ნალოქსონი ოპიოიდებით ზედოზირებისას პირველადი დახმარების მედიკამენტია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებას თრგუნავს და სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატად მიიჩნევა. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2022 წლის მარტში შევიდა, შესაბამისად, ნალოქსონზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გავლენის შეფასება, მიმდინარე წლის ამოცანად დარჩება.

ნარკოპოლიტიკა_-_ვებ_GEO_1655139417.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“