[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / ანგარიში

ნარკოპოლიტიკა საქართველოში - 2020 წლის ტენდენციები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (ყოფილი EMC) ნარკოპოლიტიკის 2020 წლის ტენდენციების შესახებ ანგარიში მოამზადა.

ანგარიშში მიმოხილულია ნარკოტიკულ დანაშაულებზე მართლმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობა, 2020 წლის სტატისტიკური მონაცემები ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის და გამამტყუნებელი განაჩენების, ნარკოტესტირების, პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობისა და სხვა რელევანტური საკითხების თაობაზე.

გასული წელი ნარკოპოლიტიკის სფეროს სისტემური ცვლილებების თვალსაზრისით, წინა წლებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა. ფრაგმენტული საკანონმდებლო ცვლილება შეეხო 8 ნარკოტიკული საშუალების ოდენობებას, თუმცა კანონმდებლობა არსებითად მკაცრი რჩება, განსაკუთრებით ნარკოტიკულ საშუალებათა რეგულარული მომხმარებლების მიმართ.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ნარკოპოლიტიკის სფეროში შემდეგი დინამიკა გამოიკვეთა:

  • ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმირების საკითხი კვლავაც არ არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. საკითხთან დაკავშირებულ კომპლექსურ პრობლემებზე სახელმწიფოს რეაგირება, არსებითად სისხლისსამართლებრივ ჭრილშია მოქცეული;
  • უცნობია მმართველი გუნდისა და მეათე მოწვევის პარლამენტის ხედვა ნარკოპოლიტიკის რეფორმის თვალსაზრისით, თუმცა გადაიდგა ნაბიჯები ამნისტიის გზით, მათ შორის, ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა ნაწილის სასჯელის შემსუბუქებისა თუ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისკენ;
  • ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ მკაცრ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შეეხო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ 8 ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელთა საკანონმდებლო ოდენობები ახლებურად განისაზღვრა, თუმცა ეს ცვლილება ვერ გააუმჯობესებს ნარკოტიკულ საშუალებათა რეგულარულ მომხმარებელთა სამართლებრივ მდგომარეობას, იგი ფრაგმენტულად მიემართება მხოლოდ დამწყებ/ექსპერიმენტატორ მომხმარებელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას;
  • მნიშვნელოვნად შემცირდა სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ზოგადად ნარკოტიკულ დანაშაულებზე, თუმცა მცირედით (5%-ით) გაიზარდა თავისუფლების აღკვეთის გამოყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ქმედებას, მათ შორის, შეძენას, შენახვას, გასაღებას აერთიანებს;
  • კიდევ უფრო შემცირდა ნარკოტიკულ დანაშაულზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის წილი და ის 2020 წელს 0,13%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2019 წელს იგივე მაჩვენებელი 0,4% იყო;
  • 2019 წელთან შედარებით (10797 პირი), განახევრდა ნარკოტესტირებაზე წარდგენილთა მთლიანი რაოდენობა (4936 პირი). ამასთანავე, გასულ წელს, 2019 წლის მონაცემებთან (64%) შედარებით, მცირედით იკლო ნარკოტესტირებაზე წარდგენილ პირთა შემოწმების დადებითობის მაჩვენებელმა (61%).

ანგარიშში დასმულ პრობლემურ საკითხებთან მიმართებით, დოკუმენტში წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, გასული წლის მცირე პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, სამართალდამცავთა მნიშვნელოვან ბერკეტად რჩება ნარკოტიკულ დანაშაულთა გამოვლენის და მასთან ბრძოლის პრობლემური საკანონმდებლო ინსტრუმენტები, რისი შეცვლაც, მხოლოდ ფუნდამენტური რეფორმებით არის შესაძლებელი.

ანგარიში შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში.

ნარკოპოლიტიკის_2020_წლის_ანგარიში_1619680807.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“