2019 წელს, ნარკოპოლიტიკის სფეროში, საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. ამდენად, EMC-ის ანგარიშში გაანალიზებულია გასულ წელს ნარკოტიკულ დანაშაულებზე მართლმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობა, საერთო სასამართლოს პრაქტიკა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემები.
ანგარიშში მიმოხილულია 2019 წლის სტატისტიკური მონაცემები ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის და გამამტყუნებელი განაჩენების, ნარკოტესტირების, პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობისა და სხვა რელევანტური საკითხების თაობაზე.
ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ნარკოპოლიტიკის სფეროში შემდეგი ტენდენციები და პრობლემები გამოიკვეთა:
- ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმის პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია და ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა;
- 2019 წელს გაზრდილია ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ასევე თავისუფლების აღკვეთის გამოყენება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყისი ან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის და შენახვის შემთხვევებზე;
- გაიზარდა ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა, ასევე მცირედით გაიზარდა დადებითი პასუხის მაჩვენებელი გადაყვანილ პირთა ექსპერტიზის შედეგებში. მიუხედავად ამისა, ნარკოტესტირებაზე გადაყვანის სამართლებრივი საფუძვლები და გადაყვანილ პირთა უფლებრივი მდგომარეობა კვლავაც კრიტიკის საგანია;
- 2018 წელთან შედარებით, გაზრდილია ნარკოტიკულ დანაშაულთა საპროცესო შეთანხმებით დასრულების სტატისტიკური მონაცემები;
- დღემდე არ შექმნილა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. არ აღირიცხება ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული ისეთი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის სფეროში პოლიტიკის რაციონალურად და სამართლიანად განსაზღვრისთვის;
- უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები მარიხუანის თუ სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით, არ აღირიცხება ერთმანეთისგან განცალკევებულად;
- პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის კომპეტენცია ნარკოტიკულ დანაშაულებზე სამოქალაქო უფლებების ვადამდე აღდგენასთან დაკავშირებით არ ვრცელდება ადმინისტრაციული წესით მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა მიმართ, რომელთა შემთხვევაში მოსამართლეს დისკრეციული უფლებამოსილება აქვს, 3 წლამდე შეუზღუდოს მათ სამოქალაქო უფლებები;
- სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ნარკოტიკულ დანაშაულებზე იმდენად დაბალია, რომ პოლიციელთა შეთანხმებული ჩვენებები და ნარკოტიკულ საშუალებაზე დანიშნული ქიმიური ექსპერტიზა გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად მიიჩნევა.
ნარკოპოლიტიკა_საქართველოში_1580287543.pdf