საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების თუ მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის მიმართ არსებული სახელმწიფო პოლიტიკა წლების განმავლობაში უმძიმესი სასჯელებისა და რეპრესიის მექანიზმებს ეყრდნობოდა. ამ კუთხით ყველაზე მძიმე გამოცდილება 2006 წლიდან აითვლება, როდესაც იმჟამინდელმა ხელისუფლებამ „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა“ გამოაცხადა, რაც, სხვებთან ერთად, ნარკოტიკულ დანაშაულებსაც შეეხო.[1] მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ, გარდა იმისა, რომ უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვა, ვერც ნარკოტიკების მომხმარებელთა ზოგადი რიცხვი შეამცირა.[2] პირიქით, ზოგიერთი მონაცემის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი ნარკოტიკების მოხმარების ფაქტები წლების განმავლობაში მზარდი იყო.[3]
2012 წელს ახლად მოსული ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბრობდა.[4] შედეგად, იმ წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით შემცირდა სისხლისსამართლებრივი სანქციები ნარკოტიკული საშულებების შეძენა-შენახვაზე, ხოლო მთავრობამ მიიღო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, „რომელშიც ხაზი გაესვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის, ზიანის შემცირების პროგრამების და ნარკომომხმარებლების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევის მნიშვნელობას“.[5] ამის მიუხედავად, ნარკოპოლიტიკა საქართველოში მაინც ზედმეტად მკაცრი დარჩა და 2015 წლამდე არსებითი ცვლილება არ განუცდია.
2015 წლიდან, ნარკოპოლიტიკის სფეროში რადიკალური გარდატეხები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე დაიწყო. სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა მარიხუანის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, მოხმარების მიზნით ფლობის, შეძენა-შენახვისა და კულტივაციის საკითხებზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება; მარიხუანის პირად სივრცეში მოხმარება ლეგალიზდა; თავისუფლების აღკვეთა აშკარად არაპროპორციულ სასჯელად გამოცხადდა მოსახმარად გამოუსადეგარი ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის და სხვ.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, აჩვენოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დინამიკა, მათი შინაარსი, ძირითადი არგუმენტები და, საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკულად გააანალიზოს ისინი. ამის საფუძველზე, დოკუმენტი მიმოიხილავს პარლამენტის მიერ ამ გადაწყვეტილებების აღსრულების და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის პროცესებს. დოკუმენტი ერთგვარი მცდელობაა, კრიტიკულად დაინახოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე საკუთარი როლისა და მოქმედებების განსაზღვრის პროცესი. ამასთანავე, დოკუმენტში ნაჩვენები იქნება, ჯერ კიდევ რა გამოწვევები არსებობს ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის მიმართულებით და რა მნიშვნელობა ენიჭება ამ პროცესში, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს, მეორე მხრივ კი - პარლამენტს.
დოკუმენტში განხილული საკითხების შესაბამისად, გამოსაყოფია შემდეგი მიგნებები:
ანალიტიკური დოკუმენტი სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში
ინსტრუქცია