საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 5 ივლისს ორგანიზებული ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის, ტვ პირველის ოპერატორის - ლექსო ლაშქარავას დაღუპვის შესახებ. ტრაგიკულ შემთხვევაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ-ის 115-ე მუხლი), თუმცა გამოძიების პირველსავე დღეს გამართულ ბრიფინგზე უწყებამ საზოგადოებას წარმოუდგინა დაღუპულის წინა დღის გადაადგილების მარშრუტი, რომლის მიხედვითაც ლექსო და მისი მეგობარი, 10 ივლისს თბილისის სხვა უბნებთან ერთად, იმყოფებოდნენ ფონიჭალაშიც. ფონიჭალის დასახლებაზე პირველი ასოციაცია, ცხადია, ნარკოტიკი და ნარკოტიკით ვაჭრობაა და ეს ნამდვილად არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო ამ თემით ცდილობდა მანიპულირებას.
მაგალითად, 2017 წლის ოქტომბერში, თბილისის ერთ-ერთ უბანში, პოლიციის მიერ ადმინისტრაციული დაკავების დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. თვითმხილველების ყვებოდნენ, რომ დაკავების დროს მამაკაცმა პატრულის თანამშრომლებს უთხრა რომ შეუძლოდ იყო. სამართალდამცავებმა მისი დაკავება მაინც გააგრძელეს და დახმარებაც არ აღმოუჩინეს, ხოლო მოგვიანებით უწყებამ მოამზადა ვიდეო-სიუჟეტი, სადაც ერთ-ერთი მეზობელი საუბრობდა დაღუპულის პირადი ცხოვრების დეტალებზე, მის მიდრეკილებაზე ალკოჰოლსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და გარდაცვალების მიზეზად სწორედ ამას ასახელებდა. საგულისხოა, რომ ინციდენტში მონაწილე არც ერთი სამართალდამცავის სამხრე კამერაზე, ისევე როგორც საპატრულო მანქანის ვიდეოკამერაზე სრულად არ იყო აღბეჭდილი დაკავების ეპიზოდი. ამ კონტექსტში შეგვიძლია გავიხსენოთ ზვიად რატიანის საქმეც, რომლის მიმართაც პოლიციის თანამშრომლებმა არაერთ ეპიზოდში იძალადეს ფიზიკურად და სიტყვიერად. დაკავების დროს რატიანის დაზიანებები დასტურდებოდა არაერთი სამედიცინო დოკუმენტაციით, ასევე დადგინდა პოლიციის მანქანაში მისი სისხლის კვალის არსებობა. ამაზე პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ დაკავების დროს ზვიად რატიანი იყო „ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად“. ამ საქმეშიც არ არსებობდა პოლიციის სამხრე ვიდეო-კამერების ჩანაწერები, თუმცა უწყებამ წარმოადგინა ერთ-ერთი პოლიციელის მიერ პირადი მობილურით გადაღებული ფრაგმენტული ვიდეო, რომელიც მოგვიანებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერშიც გავიდა. საკუთარი პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალების ნიმუში იყო 2018 წლის მაისის მოვლენები, როცა თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში ერთდროულად მოეწყო მასშტაბური სპეცოპერაცია. კლუბებში სამართალდამცავების რეიდს წინ უძღოდა ადამიანების ზედოზირებით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა და სახელმწიფომ ამ გზით გვაჩვენა, რომ ნარკოტიკის მოხმარებას და მისი ზედოზირების შემთხვევებს ეფექტიანად უმკლავდება. თუმცა, აღმოჩნდა რომ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად პოლიციას კლუბებში არც ერთი რეალიზატორი არ დაუკავებია, ხოლო კლუბების ტერიტორიიდან არ ყოფილა ამოღებული არც ერთი ის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც წინა პერიოდში ზედოზირების შემთხვევებს უკავშირდებოდა.
ჩამოთვლილი მაგალითები არაა ამომწურავი და კიდევ ბევრის გახსენება შეიძლება, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს სახელმწიფო ადამიანების, ან ადამიანთა ჯგუფის დეჰუმანიზებას, მათ მიმართ საზოგადოებრივი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მოსპობას. ამ მიზნის მისაღწევად პოლიციას ინსტრუმენტების დიდი არსენალი აქვს, მაგრამ ნარკოტიკი და თრობა სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, კარგად ნაცადი იარაღია. დღეს ნაკლებად ვხედავთ ნარკომომხმარებლებზე შიშველი ძალადობის ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა ქუჩის ნარკოტესტირება, ან ნარკოტიკის „ჩადება“, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკით ადამიანების ინსტრუმენტალიზება აღარ ხდება წინასაარჩევნოდ, პოლიციის ოპერატიული მიზნებისთვის, ან საკუთარი უკანონო ქმედებების გასამართლებლად.
არსებული ნარკოპოლიტიკა ისევე იძლევა ნარკოტიკის მომხმარებლების, მათი ახლობლებისა და ოჯახების კონტროლის შესაძლებლობას, როგორც 10-15 წლის წინ იძლეოდა. დღესაც, ნარკოტიკის (მარიხუანას გარდა) მოხმარება, ან მისი უმცირესი დოზით ფლობა, ისევ კრიმინალად ითვლება. დღესაც, სახელმწიფოს მეცადინეობით, სტიგმატიზებულია ნარკოტიკის მომხმარებლები და მათი ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერის საკითხები ისევ მეათეხარისხოვანია. ქუჩის ნარკოტესტირებების რაოდენობის შემცირების, ან მარიხუანას მოხმარების საზეიმოდ ლეგალიზების პარალელურად, არსად გამქრალა კანონები, რომელიც ერთი დოზის ნარკოტიკის გამო წლობით სასჯელს უმზადებს მომხმარებელს და ზედ უმატებს უფლებრივ შეზღუდვებს, რომელიც თითქმის შეუძლებელს ხდის ღირსეულ ცხოვრებას.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ნარკოტიკთან ბრძოლა - როგორც სახელმწიფოს ეფექტურობის დასტური და სწორედ აქ შემოდის ფონიჭალა: რამდენჯერ ყოფილა, როცა სახელმწიფოში შექმნილი კრიზისის, ან სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული პროტესტის ფონზე, პოლიციას სპეცრაზმი შეუყვანია ამ დასახლებაში და ზედ კამერები მიუყოლებია ოპერაციის გასაშუქებლად. ფონიჭალაში გატარებული არაერთი სპეცოპერაციის მიუხედავად, დღემდე ეს დასახლება სასტიკად არის სტიგმატიზებული - როგორც ნარკოტიკით ვაჭრობის ეპიცენტრი. როგორც ითქვა, ამ რეგიონით და ნარკოტიკის თემით მანიპულირების თვალსაჩინო მაგალითი იყო ლექსო ლაშქარავას საქმეზე გამართული ბრიფინგი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა მიმდინარე გამოძიების კონტექსტში, რამდენჯერმე ახსენა ფონიჭალის დასახლება, რომ თითქოს გარდაცვალების წინა დღეს იქ იმყოფებოდა ლექსო თავის მეგობართან ერთად.
მართალია, უწყების წარმომადგენელმა იქვე თავი დაიზღვია - ჯერ არ ვამბობთ, რომ ჟურნალისტის სიკვდილი ნარკოტიკს და მისით ზედოზირებას უკავშირდებაო, მაგრამ მსგავსი მგრძნობელობის საქმეებზე არ არსებობს სიტყვა, ან გარემოება, რასაც შემთხვევით ახსენებენ. ბრიფინგის დღესვე, ძალიან ცოტას თუ ახსოვდა, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ ექსპერტიზებს ჯერ არ დაუდგენია ლექსოს დაღუპვის კონკრეტული მიზეზი. კიდევ უფრო ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც საერთოდ უარს ამბობს ამ მსჯელობაზე შესვლაში და აქცენტს წინარე ეტაპზე - კერძოდ კი 5 ივლისის მოვლენებზე აკეთებს, სადაც სახელმწიფომ აშკარად ვერ შეძლო მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპერატორების უსაფრთხოების დაცვა. მსჯელობა დიდწილად მოიცვა საკითხმა, ნამდვილად იყვნენ თუ არა ლექსო და მისი მეგობარი ფონიჭალაში.
ჩვენს საჯარო სივრცეში ამ თემის შემოტანით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითქოს გადამალა მთავარი საკითხი - რატომ ვერ შეძლო პოლიციამ 5 ივლისს მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებების დაცვა. 5 ივლისს ლექსო ლაშქარავას მიმართ დაახლოებით 20-მდე ადამიანმა ჯგუფურად იძალადა და მძიმე დაზიანებები მიაყენეს მას თავის და სხეულის არეში. ამ ძალადობის პრევენციისთვის სახელმწიფოს მოქმედება უკიდურესად არაეფექტური იყო. უფრო მეტიც, წინა დღეებში პოლიტიკოსების რიტორიკამ მწვანე შუქი აუნთო და წაახალისა ძალადობრივი ჯგუფები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეალური პრობლემა სახელმწიფოს უმოქმედობაა და სწორედ ამ პრობლემის გადამალვას ემსახურება ფონიჭალის და ნარკოტიკის საკითხების გაჩენა.
დაბოლოს, რამდენიმე წლის წინ, ნარკოტესტირების მიზნით ქუთაისის პოლიციამ ლევან აბზიანიძეს იძულებით მიაღებინა შარდმდენი აბები, ნარკოლოგიური დაწესებულების დატოვებიდან რამდენიმე საათში კი ეს ადამიანი გულის უკმარისობით დაიღუპა. ამ ტრაგიკულ შემთხვევას სავსებით სამართლიანად მოჰყვა ქუთაისსა და თბილისში საპროტესტო აქციები, რომლის ლოზუნგი ასეთი იყო: „ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ“. პროტესტის მთავარი ადრესატი სავსებით ზუსტად იყო შერჩეული, როდესაც ფოკუსი არა შარდმდენზე, არამედ მასზე იყო დასმული, ვინც შარდმდენსა და მსხვერპლს შორის დგას. დღესაც, ლექსო ლაშქარავას შემთხვევაში - ფოკუსი არა ფონიჭალაზე, არამედ იმაზე უნდა გვქონდეს, ვინც მოძალადეებსა და მსხვერპლს შორის ჩადგომაზე,ლექსოს და მისი ათეულობით კოლეგის უსაფრთხოების დაცვაზე უარი თქვა.
ინსტრუქცია