[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

EMC ზვიად რატიანის საქმეზე პროკურატურას მიმართავს და პოლიციელთა მიმართ დევნის დაწყებას ითხოვს

პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობიდან ერთი წელი გავიდა. თუმცა, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პასუხისგებაში მიცემული არ არის საქმეში მონაწილე არცერთი პოლიციელი, ასევე დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს თავად ზვიად რატიანს. EMC თბილისის პროკურატურას მიმართავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ზვიად რატიანის ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეში მონაწილე პოლიციელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისში ჩატარებული საპოლიციო რეიდის ფარგლებში, პოლიციამ შეაჩერა და ადმინისტრაციული წესით დააკავა ზვიად რატიანი. დაკავებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე, პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებული ზვიად რატიანის მიმართ, ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენიმე ეპიზოდად განახორციელეს, მათ შორის, პოლიციის მანქანით მისი ტრანსპორტირებისას და შემდგომში, დროებითი მოთავსების იზოლატორის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ზვიად რატიანის დაზიანებები აღბეჭდილი და დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით. გამოძიების მასალებით ასევე დადგენილია, ერთ საათზე მეტ ხანს, დაკავებული ზვიად რატიანის დაყოვნება პოლიციის მანქანაში დროებითი მოთავსების იზოლატორთან, რის შესახებაც პოლიციას დამაჯერებელი განმარტებები არ წარმოუდგენია. შესაბამისი ექსპერტიზებით ასევე დგინდება პოლიციის მანქანაში ზვიად რატიანის სისხლის კვალის არსებობის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ ზვიად რატიანმა ამოიცნო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი.

ამ პირობებში, გაუგებარი და სამართლებრივად გაუმართლებელია, გამოძიების დამატებითი გაჭიანურება ყოველგვარი კონკრეტული შედეგის დადგომის გარეშე.

ზვიად რატიანის მიმართ ჩადენილი ძალადობის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ნება სამწუხაროდ, არცერთ ეტაპზე ხილვადი და დადასტურებული არ ყოფილა. გამოძიების ერთწლიანი მიმდინარეობის შემდეგაც, ზვიად რატიანს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. EMC-მ ხუთჯერ მიმართა თბილისის პროკურატურას ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, თუმცა პროკურატურა ყოველ ჯერზე, დაუსაბუთებლად უარს აცხადებდა სტატუსის მინიჭებაზე. ამ დრომდე, საქმეზე გამოძიება უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რაც მომხდარის არასწორ სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს. პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის, განზრახ დამამცირებელი მოპყრობა და მიყენებული დაზიანებების სიმრავლე და ხასიათი, საწყისი ეტაპიდანვე გამოძიების არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციით წარმართვას მოითხოვდა.

EMC-ის შეფასებით, ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების მიუხედავად, ამ დროისთვის საქმეში არსებული მტკიცებულებები, ერთობლიობაში ქმნის საკმარის საფუძველს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისა და ზვიად რატიანის ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე პოლიციელების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის. აღნიშნული მოთხოვნით წერილობითი განცხადებით EMC-იმ უკვე მიმართა თბილისის პროკურატურას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“