[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

დღეს, სენაკის რაიონულ სასამართლოში ბალდის კანიონის საქმის განხილვა გაიმართება

დღეს, 17 ივლისს, 14 საათზე, სენაკის რაიონულ სასამართლოში გაიმართება მორიგი სხდომა ბალდის კანიონის კერძო კომპანიისთვის გადაცემის საქმეზე. ადგილობრივების ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ 2022 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო პირს იჯარით წესით გადასცა. კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა კომპანიამ „კანიონი 350“, რომელთანაც სააგენტომ ხელშეკრულებაც გააფორმა. ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიამ იკისრა ვალდებულება, კანიონის ტერიტორიაზე მოაწყოს „ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ვიზიტორთა ცენტრს, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდულ ბილიკს (ხიდებითა და გადასახედებით) და არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციას.

სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ადგილობრივები ინფორმირებული არ ყოფილან და კანიონის კერძო პირისთვის გადაცემის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც კომპანიამ სამუშაოების წარმოება დაიწყო და კანიონის ტერიტორია შემოღობა.

მიგვაჩნია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ბუნების ძეგლის განკარგვის პროცესი ააშკარავებს იმ სისტემურ და ფუნდამენტურ ჩავარდნებს, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს ახასიათებს საქართველოში. ეს ჩავარდნები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სექტორით და თანაბრად პრობლემურია წიაღისეულის მოპოვების, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ურბანული განვითარების და დაცული ტერიტორიების მართვის თაობაზე სხვადასხვა უწყებების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც ადგილობრივების უფლებების და ინტერესების სრული უგულებელყოფით წარიმართება. სწორედ ამიტომ ბალდის კანიონის საქმეს აქვს პრეცედენტული მნიშვნელობა საქართველოში გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, კანიონის კერძო ინვესტორისთვის გადაცემას უკვე 600 დღეზე მეტია აპროტესტებს. პროტესტის მიმდინარეობისას, ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიის წარმომადგენლებისგან და კომპანიასთან დაკავშირებული პირებისგან დევნის, შეურაცხყოფის და ცილისწამების მსხვერპლი არა ერთხელ გამხდარან. გარემოსდამცველების დევნის ამ კამპანიამ განსაკუთრებით მძიმე ფორმები მიიღო 2024 წლის ივნისში, როდესაც ბალდაში გაშლილი საპროტესტო კარავი შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე გახდა. იმავე დღეს დააკავეს ბალდის კანიონის მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა. მას პოლიცია კომპანიასთან დაკავშირებული პირის მეუღლის მიმართ მუქარას ედავებოდა. საქმეში არსებული გარემოებებით და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ინდიკო ბჟალავას ხსენებული დანაშაული არ ჩაუდენია. ინდიკო ბჟალავა 2024 წლის 19 სექტემბერს გირაოთი გათავისუფლდა და მის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო უახლოეს თვეებში მიიღებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ადგილობრივების უფლებების დაცვას როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის საქმეზე და პროცესების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“