[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ინდიკო ბჟალავას გათავისუფლებას ეხმაურება

გუშინ, 19 სექტემბერს სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად წამოწყებული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ინდიკო ბჟალავა პატიმრობიდან გათავისუფლდა. ბრალდებულის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.

როგორც ცნობილია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ბალდის კანიონის კერძო ინვესტორისთვის გადაცემას ერთ წელზე მეტია აპროტესტებენ. ბალდის კანიონის დასაცავად შექმნილი მოძრაობა დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ. სოფლისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კანიონის განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივების მონაწილეობის გარეშე, მათი ინტერესების სრული უგულებელყოფით იქნა მიღებული.

პროტესტის მიმდინარეობისას, ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიის წარმომადგენლებისგან და კომპანიასთან დაკავშირებული პირებისგან დევნის, შეურაცხყოფის და ცილისწამების მსხვერპლი არა ერთხელ გამხდარან. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დირექტორის, გიორგი მერკვილაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც კია აღძრული საპროტესტო მოძრაობის ლიდერის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო.

გარემოსდამცველების დევნის ამ კამპანიამ განსაკუთრებით მძიმე ფორმები მიიღო მიმდინარე წლის ივნისში, როდესაც ბალდაში გაშლილი საპროტესტო კარავი შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე გახდა.

2024 წლის 12 ივნისს, კარავზე თავდასხმის დღეს, მარტვილის პოლიციის თანამშრომლებმა მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა დააკავეს, მას პოლიცია კომპანიასთან დაკავშირებული პირის მეუღლის მიმართ მუქარას ედავება. საქმეში არსებული გარემოებებით და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ინდიკო ბჟალავას ხსენებული დანაშაული არ ჩაუდენია.

დაკავების შემდეგ, ინდიკო ბჟალავას სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმეზე შეგროვდა შესაბამისი მტკიცებულებები და დაიწყო საქმის არსებითი განხილვა, გუშინ, მოსამართლე ლევან ნუცუბიძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიესალმება სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას და ვიმედოვნებთ, რომ არსებითი განხილვის დასრულების შემდგომ, საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი, რის საფუძველსაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად იძლევა.

ჩვენ ვაგრძელებთ ინდიკო ბჟალავას ინტერესების დაცვას და საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“