[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

დღეს სენაკის სასამართლო ბალდის კანიონის შესახებ ადგილობრივების სარჩელის განხილვას იწყებს

დღეს სენაკის სასამართლოში გაიმართება პირველი სხდომა ბალდის კანიონის კერძო კომპანიისთვის გადაცემის საქმეზე. ადგილობრივების ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ 2022 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო პირს იჯარით წესით გადასცა. კომპანიის შესარჩევად, გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა კომპანიამ „კანიონი 350“, რომელთანაც სააგენტომ ხელშეკრულებაც გააფორმა. ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიამ იკისრა ვალდებულება, კანიონის ტერიტორიაზე მოაწყოს „ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ვიზიტორთა ცენტრს, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდულ ბილიკს (ხიდებითა და გადასახედებით) და არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციას.

სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ადგილობრივები ინფორმირებული არ ყოფილან და კანიონის კერძო პირისთვის გადაცემის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც კომპანიამ სამუშაოების წარმოება დაიწყო და კანიონის ტერიტორია შემოღობა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გამორიცხვით, უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, დაინტერესებული საზოგადოება ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად უნდა იყოს ინფორმირებული გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის საწყის ეტაპზე. ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას მოითხოვს დაცული ტერიტორიების მარეგულირებელი დარგობრივი კანონმდებლობაც. კერძოდ, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ დაცული ტერიტორიების დაარსების, განვითარების, შემცირებისა და გაუქმების გადაწყვეტილებების, მენეჯმენტის გეგმების, ადმინისტრაციების დებულებებისა და სხვა დოკუმენტების განხილვისა და შესწორების პროცესში. ამასთან, საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმა, მიუთითებს, რომ აუცილებელია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა დაცული ტერიტორიების დაგეგმვასა და მართვაში.[i]

მოცემულ შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც დაგეგმილი საქმიანობა ყველაზე მეტად შეეხება და რომელიც უშუალო და პირდაპირ გავლენას განიცდის ბუნების ძეგლის იჯარით გადაცემის შედეგად, არათუ არ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ ინფორმირებულიც კი არ ყოფილა, რომ სააგენტო ბალდის კანიონის კერძო კომპანიისთვის გადაცემას აპირებდა. ეს  კი ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა ადგილობრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების და სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებული სტრატეგიული ხედვის საწინააღმდეგოდ.

ადგილობრივები მიუთითებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ინტერესების გაუთვალისწინებლობაზე (მაგ., არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტები, რაც მომავალში მათ კანიონის ტერიტორიაზე უსასყიდლოდ დაშვების გარანტიას მისცემდა) და ამასთან, ეჭვქვეშ აყენებენ, სააგენტოს გადაწყვეტილების მართებულობას, რომლითაც ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე როლერის ატრაქციის მოწყობა დასაშვებად იქნა მიჩნეული და უპირატესობა არ მიენიჭა დაცული ტერიტორიის ბუნებრივი გარემოს ხელუხლებად შენარჩუნების ინტერესს, რაც ლოგიკური იქნებოდა ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რაც, ერთი მხრივ, იქ არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვაში, ხოლო, მეორე მხრივ, ბუნებრივ გარემოში ტურიზმისა და რეკრეაციის ხელშეწყობაში მდგომარეობს.

კერძო კომპანიისთვის კანიონის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე  არ ჩატარებულა სათანადო კვლევები, რომლებიც დაგეგმილი საქმიანობის ბუნებრივი ძეგლის ბიომრავალფეროვნებაზე გავლენას შეაფასებდა და შესაბამისად, არ დადგენილა, რამდენად დაშვებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოწყობა ბალდის კანიონის დაცულ ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ ბალდის კანიონის კომპანია „კანიონი 350“-ისთვის გადაცემის პროცესი უკიდურესად პრობლემურად წარიმართა და არსებობს ვარაუდის საფუძველი, შესაძლო კორუფციული ინტერესების თაობაზეც, რასთან დაკავშირებითაც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასაც მიმართა, თუმცა ჩვენს განცხადებას რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

მიგვაჩნია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ბუნების ძეგლის განკარგვის პროცესი ააშკარავებს იმ სისტემურ და ფუნდამენტურ ჩავარდნებს, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს ახასიათებს საქართველოში. ეს ჩავარდნები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სექტორით და თანაბრად პრობლემურია წიაღისეულის მოპოვების, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ურბანული განვითარების და დაცული ტერიტორიების მართვის თაობაზე სხვადასხვა უწყებების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც ადგილობრივების უფლებების და ინტერესების სრული უგულებელყოფით წარიმართება.

სწორედ ამიტომ, გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის და აღდგენის მიმართულებით განსაკუთრებული როლი ეკისრება ხელისუფლების სასამართლო შტოს, რომელიც მართლმსაჯულებაზე ეფექტურ და დროულ ხელმისაწვდომობას უნდა უზრუნველყოფდეს, თუმცა, როგორც ამ ტიპის სარჩელებზე ჩვენი და სხვა ორგანიზაციების პრაქტიკა აჩვენებს, საქმეები როგორც წესი, არათანაზომიერად ჭიანურდება და სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დარღვეული გარემოსდაცვითი უფლებების სათანადოდ აღდგენას.

ამ შემთხვევაშიც, გასული წლის ნოემბერში შეტანილ ჩვენს სარჩელზე სასამართლომ განხილვა თითქმის ათი თვის შემდეგ ჩანიშნა. მიუხედავად ამისა, იმედს ვიტოვებთ, სენაკის რაიონული სასამართლო შეძლებს საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვას  და სათანადოდ გააცნობიერებს გადაწყვეტილების სამართლებრივ სოციალურ და ეკოლოგიურ შედეგებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ადგილობრივების უფლებების დაცვას და პროცესის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[i] საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №2-4 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“