[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

გარემოსდამცველებზე თავდასხმები უნდა შეწყდეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ბალდის კანიონის დამცველ ადგილობრივ აქტივისტებს. დღეს, 12 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროტესტის მონაწილეების კარავს თავს დაესხნენ. ბალდის კანიონის აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმებელები შეიარაღებული იყვნენ სანადირო თოფით და ცივი იარაღით. ერთ-ერთი ადგილობრივი მრავალჯერადი ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც მარტვილის მოსახლეობა ბალდის კანიონის კერძო ინვესტორისთვის გადაცემას აპროტესტებს. სოფელში კარავია გაშლილი, სადაც ადგილობრივები ღამეს ათევენ. ადგილობრივების პროტესტის და წინააღმდეგობის საგანი გახდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანიონის კერძო პირისთვის გადაცემის შესახებ. 2022 წლის ბოლოს მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონი, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს, კერძო კომპანიას 40-წლიანი იჯარით გადაეცა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ გადაწყვეტილების შესახებ ისინი ინფორმირებული არ ყოფილან და კანიონის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც კომპანიამ ადგილზე სამუშაოები დაიწყო და კანიონის ტერიტორია შემოღობა.

2023 წლის 22 სექტემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ადგილობრივების სახელით სასამართლოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის საშუალების სახით კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. სასამართლომ უარი თქვა, გამოეყენებინა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და საკითხის არსებითად გადაწყვეტამდე, შეეჩერებინა კანიონზე მიმდინარე სამუშაოები. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბალდის კანიონის ბუნების ძეგლისთვის შეუქცევადი ზიანის თავიდან არიდების ერთადერთ გზად განგრძობითი პროტესტი რჩება. სარჩელის არსებითი განხილვის მიზნით სასამართლოს სხდომა ამ დრომდე არ გამართულა.

რამდენიმე თვეა ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლებისგან და კომპანიასთან დაკავშირებული პირებისგან დევნის, შეურაცხყოფის და ცილისწამების მსხვერპლი არიან. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დირექტორის, გიორგი მერკვილაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც კია აღძრული საპროტესტო მოძრაობის ლიდერის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო.

გარემოსდამცველების დევნის ამ კამპანიამ გუშინ კიდევ უფრო მძიმე ფორმები მიიღო და აქტივისტებზე შეიარაღებული თავდასხმის მომსწრე გავხდით. ზოგადად, აქტივისტების წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე დაუსჯელი ძალადობის და დევნის კამპანიის ფონზე, კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ადგილობრივი გარემოსდაცვითი აქტივისტებიც ხდებიან სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეთანხმებიან სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საერთო სიკეთის - ბალდის კანიონის - კერძო პირისთვის გადაცემის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

  • სამართალდამცავ უწყებებს - დროულად და ეფექტურად გამოიძიონ ადგილობრივ აქტივისტებზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევა და უზრუნველყონ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობისგან და დევნისგან დაცვა;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს - შეაჩეროს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების მოქმედება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე და წამოიწყოს რეალური დიალოგი ადგილობრივებთან ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის სამომავლო ბედის შესახებ;
  • სახალხო დამცველს - პირადად დაინტერესდეს გარემოსდამცველი აქტივისტების უფლებრივი მდგომარეობით და მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები, ადგილობრივების გამოხატვის და შეკრების თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“