[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკი და ევროკავშირის მოთხოვნები საქართველოს მიმართ

ჩვენ გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ვიზალიბერალიზიის შესაძლო შეჩერების პროცესთან დაკავშირებული მიმდინარე პროცედურებისა და რეკომენდაციების შესახებ, რათა საზოგადოებას შეექმნას ობიექტური წარმოდგენა ევროკავშირის მოთხოვნებისა და საქართველოს მიერ შესასრულებელი ვალდებულებების რეალურ შინაარსსა და პირობებზე.

2025 წლის 15 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა საქართველოსთან დაკავშირებით. მსჯელობა შეეხო მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხსაც, როგორც ერთ-ერთ ზომას „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პოლიტიკისა და ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის საპასუხოდ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა მინისტრთა შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, რომ ევროკავშირს არ სურს ზიანი მიაყენოს საქართველოს მოსახლეობას და შეაჩეროს კავშირის წევრ ქვეყნებთან მათთვის უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა, თუმცა, ამავე დროს, „ეს არის ევროკავშირის ავტორიტეტის საკითხიც“, „მთავრობა არ დგას ევროპულ გზაზე და [ქვეყნის] კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს“1.

2025 წლის 16 ივლისს, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა ოფიციალური წერილით2 მიმართა მაკა ბოჭორიშვილს. წერილის თანახმად, ევროკავშირის 2018/1806 რეგულაციის (Visa Regulation) 8(4) მუხლის თანახმად, ევროკომისია პერიოდულად აფასებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობას იმ მესამე ქვეყნების მიერ, რომლებიც ამ მექანიზმით სარგებლობენ.

2024 წლის 6 დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო მორიგი ანგარიში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში სერიოზულად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები - ეს კი წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.

სწორედ ამ ანგარიშის მიღების დროისთვის არსებული მდგომარეობით მოითხოვა 16 ივლისს ევროკომისიამ მის მიერ გაცემული 8 რეკომენდაციის შესრულება და ქვეყანას ვადა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე მისცა. ოფიციალურ წერილზე თანდართული რეკომენდაციებით მოთხოვნილია:

  1. საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებების, პირადი ცხოვრების უფლების, საჯარო საქმიანობაში მონაწილეობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ძირითადი უფლებების დაცვა და გარანტირება;
  2. გაუქმება და თავიდან აცილება ნებისმიერი კანონმდებლობისა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და ეწინააღმდეგება შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთან დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის გაუქმება; ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შეცვლა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ლგბტქუ ინდივიდთა უფლებების სრულად დაცვა;
  3. საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის ნუსხასთან - ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნების შესახებ; განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომელთაგანაც მომდინარეობს არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკები ევროკავშირისთვის;
  4. ქმედებების გააქტიურება ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნისა და არალეგალურად ყოფნის პრობლემების მოსაგვარებლად - უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიების წარმართვა და სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება;
  5. აქტივების აღდგენის ოფისისა და აქტივების მართვის ოფისის შექმნა და ძალისხმევის გაგრძელება აქტივების მოკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ამოღების კუთხით;
  6. ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, შესაბამისი რესურსის გამოყოფა; განსაკუთრებული ყურადღების დათმობა მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის პროცესში;
  7. ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონის შეცვლა, ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების შესაბამისად - განსაკუთრებით, ბიუროს ეფექტიან დამოუკიდებლობასთან, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან და ფუნქციებთან დაკავშირებით;
  8. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

ევროკავშირის ოფიციალურ წერილში გამოთქმულია მოლოდინი, რომ „საქართველოს უფლებამოსილი ორგანოები“ ამ მოთხოვნას უპასუხებენ კონსტრუქციულად და მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას რეკომენდაციების შესასრულებლად. რეკომენდაციების შესრულებას ევროკომისია მომდევნო ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშში შეაფასებს და შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებული იქნას ვიზის რეგულაციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ზომები, უფრო კონკრეტულად - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი.

ევროკომისიის გადაწყვეტილებას და ოფიციალურ წერილს სპეკულაციური გამოხმაურებები მოჰყვა პირველ რიგში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან. მათი მითითებით, ევროკავშირის საქართველოსგან „სუვერენიტეტის დათმობას“, „ოჯახურ ღირებულებებზე უარის თქმას“, „ომში ჩართვას“ და „ქალის კაცად, ხოლო კაცის ქალად აღიარებას“ მოითხოვს და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით „აშანტაჟებს“.

საპასუხოდ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ „ევროკავშირი სრულად პატივს სცემს საქართველოს კულტურასა და იდენტობას. ევროკავშირმა წლების განმავლობაში საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა გაუწია. ჩვენ ვართ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერები. ამავდროულად, ფუნდამენტური უფლებები არსებითია სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოებისა და ყველა ადამიანისთვის… წესები თანაბრად ვრცელდება ევროკავშირის ყველა პარტნიორზე. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ ამ წესების დაცვის ვალდებულება აიღო. სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება”3.

2024 წლის 6 დეკემბრის ანგარიში4 ვიზის შეჩერების მექანიზმზე რიგით მეშვიდეა, რომლის ფარგლებშიც ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მქონე ქვეყნების სავიზო პოლიტიკას ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობის კუთხით სხვადასხვა კომპონენტის საფუძველზე ამოწმებს. ეს კომპონენტებია: სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა, დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მიგრაციისა და თავშესაფრის მოთხოვნის მენეჯმენტი, მიგრაციის მონიტორინგი, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.

ზემოაღნიშნული ანგარიშის თანახმად, შესაფასებელ პერიოდში საქართველოს არ ჰქონია პროგრესი სავიზო პოლიტიკის დაახლოების მიმართულებით. უფრო პირიქით, 2024 წლის აპრილიდან ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებით ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაშორების ხარისხი გაიზარდა. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის წევრობის მიზანთან. რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უმეტესად ეხება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას, საუბარია გარკვეულ პროგრესზე. თუმცა, კომისია იქვე უთითებს, რომ ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, აქტივების აღდგენის ოფისისა და აქტივების მართვის ოფისის შექმნა და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელება, ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კანონმდებლობის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობა ჯერ კიდევ რიგით მე-6 ანგარიშით იყო მოთხოვნილი, თუმცა საქართველომ ეს რეკომენდაციები არ შეასრულა. ბოლოს, ანგარიშში განსაკუთრებული კრიტიკა ეხება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით ქვეყანაში გაუარესებულ მდგომარეობას და იმ კანონმდებლობის მიღებას, რომელთა გაუქმებაც ზემოაღნიშნული რეკომენდაციებითაა მოთხოვნილი. კომისიის ხაზგასმით: „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება არის ის პირდაპირი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს თავის დროზე ვიზალიბერალიზაცია მიენიჭა“.

შესაბამისად, რეკომენდაციები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის წერილით 2025 წლის 16 ივლისს მიიღო, ჯერ კიდევ ევროკომისიის 2024 წლის დეკემბრის ანგარიშითაა გათვალისწინებული და საქართველოს ისინი არ შეუსრულებია.

ამასთან, ანგარიშშივეა მკაფიო მითითება, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია, რათა საქართველომ „განაგრძოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება“. თუმცა, ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წლის განმავლობაში არათუ უგულებელყო, არამედ ადამიანის უფლებების შემზღუდავი სხვა არაერთი კანონმდებლობა მიიღო და არაერთი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადადგა.

შესაბამისად, აშკარაა, რომ ევროკავშირის მოთხოვნები უკავშირდება “ქართული ოცნების” მიმართ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული სტანდარტული რეკომენდაციების პაკეტს, რომელთა შესრულება ჩვენი შეფასებით, შესაძლებელია და ის არ უკავშირდება რადიკალური ხასიათის ცვლილებებს პოლიტიკისა და სამართლის სისტემაში. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაცია განსხვავდება გაფართოების პროცესის რეკომენდაციებისგან, რომელიც უფრო ფუნდამენტური და ღრმაა და ძირეულ რეფორმებსა და ჰარმონიზაციას ითხოვს.

ამის მიუხედავად, “ქართული ოცნება” თითქმის 2 წელია ამ კუთხით არსებული რეკომენდაციების შესრულებას უგულებელყოფს და არ აჩვენებს მათი ჯეროვანი შესრულების მზადყოფნასაც კი, რაც ევროკავშირთან თანამშრომლობის მიზანმიმართული დაზიანების, ურთიერთობების სრული დეინსტიტუციონალიზაციისა და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შეჩერების დემონსტრაციულ პოლიტიკურ ინტერესს უფრო აჩენებს.

ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური სიკეთეების გათვალისწინებით, ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციების დემონსტრაციული შეუსრულებლობის გადაწყვეტილება უმძიმესი პოლიტიკური და ანტისოციალური გადაწყვეტილებაა, რომელიც კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებთან და მისწრაფებებთან მოდის წინააღმდეგობაში. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს, “ქართული ოცნების” მიერ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა და ევროკავშირის სტანდარტების მიზანმიმართული უგულებელყოფა საზოგადოებრივი ნების ღია და პირდაპირ უარყოფას წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას დაამძიმებს, არამედ გადაავადებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ჩვენს ქვეყანას სრულიად სხვა პოლიტიკურ სივრცეში დააბრუნებს.

მომდევნო, რიგით მერვე ანგარიში სავარაუდოდ წლის ბოლოს გამოქვეყნდება, ხოლო ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ იმ დროისთვის არსებული მდგომარეობისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების საფუძველზე მიიღებს.

შესაბამისად, აღნიშნული პროცესის შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებას”.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ არ დაუშვას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიკეთეების დაკარგვა, არ გადაუხვიოს კონსტიტუციური მისწრაფებების გზას და დაუყოვნებლივ დაიწყოს ევროკავშირთან დიალოგი ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“