საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
თბილისის მერია და არქიტექტურის სამსახური ყოფილი იპოდორიმის ტერიტორიაზე პარკის სამშენებლო დოკუმენტაციას არ ასაჯაროებენ, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს პროექტის უკანონობასა და ქალაქის საჯარო ინტერესებთან მისი შეუთავსებლობის შესახებ. ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო ინფორმაციაა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის საფუძვლით თბილისის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.
სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა, ქალაქ თბილისის მერიას, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მშენებლობის დოკუმენტაციის მოთხოვნით 2021 წლის 15 ივლის მიმართა. 2021 წლის 19 ივლისის პასუხით გვეცნობა, რომ ინფორმაცია ამ მშენებლობის შესხებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მონაცემთა ბაზაში არ ინახებოდა და ჩვენი განცხადება გადაეგზავნა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს. მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი ყველა ვადის გასვლისა, ადმინისტრაციულ ორგანოს პარკის მშენებლობის ნებართვა ჯერაც არ გაუსაჯაროებია.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ "ცენტრალური პარკის" პროექტის პრეზენტაცია 2020 წლის 6 ოქტომბერს, ქალაქის მერმა წარადგინა. ამავე წლის 19 ოქტომბერს კი მშენებლობის პროცესი დაიწყო. 2021 წლის 10 აპრილს საინიციატივო ჯგუფის, „იპოდრომი - უბეტონო მხარის“ პირველი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც პარკის პროექტს აპროტესტებდა და ახალი პროექტის შემუშავების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას მოითხოვდა. კრიტიკის საპასუხოდ ქალაქის მერმა 11 აპრილს განაცხადა, რომ პროექტი ჯერ მხოლოდ კონცეფციის სახით არსებობდა და მისი დამუშავება არ იყო დასრულებული, მოსახლეობას კი აღუთქვა, რომ პროცესი მაქსიმალუად ინტერაქციული იქნებოდა. ამ განცხადებამ კიდევ უფრო გაზარდა მოსახლეობის წინააღმდეგობა, რამდენადაც ერთის მხრივ, გამჟღავნდა, რომ მშენებლობის პროცესი მხოლოდ კონცეფტუალური პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა; მეორეს მხრივ, კი მოსახლეობის წერილობით თხოვნას ცენტრალური პარკის მოწყობასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობაზე თბილისის მერიამ 23 აპრილს უარით უპასუხა იმ საფუძვლით, რომ პარკის პროექტს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და მოთხოვნაც მათთან უნდა გადამისამართდეს. მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება, პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით, კვლავაც არ არის შესრულებული, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე კი მშენებლობა გრძელდება.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ათ წელზე მეტია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრებაშია და ამ ტერიტორიაზე პარკის მშენებლობა არც ერთ მათგანს არ განუხორციელებია. 2020 წლის ივნისში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიამ ჯერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია შპს “ინვესტკაპიტალისგან” საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” საკუთრებაში გადაინაცვლა, შემდეგ კი 2020 წლის 5 ოქტომბერს, ფონდმა “ქართუმ” ტერიტორია პარკის მოწყობის მიზნით თბილისი მერიას გადასცა საჩუქრად.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ინსტრუქცია