[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით

ქ. თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს,

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს

მოგმართავთ დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილ ახალ მშენებლობასთან დაკავშირებით. სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში დიღმის ტყე-პარკს რამდენჯერმე შეეცვალა ქალაქგეგმარებითი სტატუსი, მწვანე საფარის ტერიტორია დანაწევრდა და გასხვისდა, გაჩნდა უსახური შენობები, რომელთა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჩაედინება პირდაპირ ტყე-პარკის ნიადაგში და აზიანებს გარემოს; გაიჩეხა ხეები, დაირღვა ბუნებრივი ლანდშაფტის ეკოლოგიური ერთიანობა.

ტყე-პარკის ტერიტორიის მშენებლობებისგან დაცვის მოთხოვნით ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არა ერთხელ მიუმართავს თბილისის მუნიციპალიტეტისათვის. 15 წელიწადზე მეტია მოსახლეობა იბრძვის ქალაქის ამ უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტის შესანარჩუნებლად.

2018 წლის მაისში დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, KIA Motors-ის შენობის ადგილზე, საკონცერტო და საგამოფენო სივრცის მშენებლობის მოთხოვნით წარდგენილი იქნა განცხადება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც ივნისში დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და დაიგეგმა პროექტის შეთანხმება.

შეშფოთებულმა მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ განცხადებით მიმართა ქალაქის მერიასა და საკრებულოს. 500-ზე მეტმა ხელმომწერმა მოითხოვა არ დაეშვათ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მიერ ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.

ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ახალი კომპლექსი ფუნქციურად შეუთავსებელია ტყე-პარკის დანიშნულებასთან, რამდენადაც მისგან გამოწვეული გაორმაგებული დატვირთვა მძიმედ აისახება პარკის ეკოსისტემაზე და დააზიანებს მოსახლეობის საჯარო ინტერესს, ისარგებლოს ამ უნიკალური ეკოლოგიური რესურსით. მხარს ვუჭერთ დიღმის ადგილობრივ მოსახლეობას, ვისთვისაც აღნიშნული ტყე-პარკი დასვენების, გაჯანსაღებისა და სოციალური თუ სამოქალაქო აქტივობებისათვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი სივრცეა.

შევახსენებთ ქალაქ თბილისის მთავრობას მათ დაპირებას, რომ მიიღებდნენ ეფექტურ და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ქალაქის უმძიმესი ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად და შეცვლიდნენ მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ დესტრუქციულ ურბანულ პოლიტიკას, რომელმაც არა ერთი საჯარო სივრცე, სკვერი და პარკი შეიწირა.

მოთხოვნილი მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში რთული იქნება ამ ტერიტორიაზე შემდგომი სამშენებლო საქმიანობის შეჩერება და ქალაქის ურბანული პოლიტიკაც უცვლელი დარჩება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

  • უარი ეთქვას დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ახალი ნაგებობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნას;
  • ქალაქ თბილისის მერის განცხადებასთან თანხმობაში, KIA Motors-ის ამ ტერიტორიაზე განლაგებულ შენობა-ნაგებობას მიენიჭოს შეუსაბამო ნაგებობის სტატუსი;
  • ახალი გენგეგმის პროექტის ფარგლებში, დიღმის ტყე-პარკის მთლიან ტერიტორიაზე (აღმაშენებლის ხეივნის, ახმეტელის, ლიუბლიანას და ჭოხონელიძის ქუჩებს შორის სრული არეალი, აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ არსებული ნაწილობრივ განაშენიანებული ზოლის ჩათვლით) გავრცელდეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი მშენებლობა;
  • მომავალ გენერალურ გეგმაში შენარჩუნდეს ამ ტერიტორიისთვის 2006 წელს მინიჭებული სპეციალური გამწვანების ზონის სტატუსი და შეზღუდვის ზონა;
  • გაიმართოს საჯარო შეხვედრები დაინტერესებულ ჯგუფებთან დიღმის ტყე-პარკის დაცვისა და შენარჩუნების სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კავკასიური სახლი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მწვანე ალტერნატივა

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ღია საზოგადოების ფონდი

ინიციატივა საჯარო სივრცისათვის

CENN

უსაფრთხო სივრცე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“