[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჭიათურაში დაკავებულების სისხლის სამართლის საქმის განხილვა იწყება

დღეს, 5 მაისს 11 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის გაზაფხულზე ჭიათურაში, მაღაროელთა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მაღაროელების და მათი თანამებრძოლების სისხლის სამართლის საქმის განხილვა იწყება.

როგორც ცნობილია, 2025 წლის 29 აპრილს ჭიათურელი მაღაროელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს. ხოლო 2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მაზანაშვილმა დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელად მოსამართლემ მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წლითა და 3 თვით, ხოლო არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის პოზიციით, მსჯავრდებულებმა, მათ შორის, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა მერაბ სარალიძემ თითქოსდა დააორგანიზეს ჯგუფური ძალადობა, გადაუკეტეს გზა შუქრუთის მაღაროს დირექტორის კუთვნილ ავტომობილს და მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულისგან განსხვავებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს როგორც პროკურატურის, აგრეთვე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 1) მსჯავრდებულებს არ გადაუკეტავთ გზა დაზარალებულად ცნობილი პირის ავტომობილისთვის. გზა არსებული ბუნებრივი პირობებისა და ავტომობილების სიმრავლის გამო ჩაიხერგა; 2) მსჯავრდებულ მერაბ სარალიძეს რაიმე გავლენა გზის ჩახერგვაზე არ ჰქონია და ადგილზე მყოფი პირებისთვის რაიმე მითითებები არ მიუცია; 3) დაზარალებულად ცნობილი პირისთვის უცნობი იყო ვინ იძალადა მასზე ფიზიკურად. კერძოდ, სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა, რომელსაც პირველი შეხება ჰქონდა დაზარალებულთან, აღნიშნა, რომ დაზარალებულმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას არ დაუნახავს, ვინ ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ნაწილში; 4) ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ მოწმეთა ნაწილს არ შეეძლო ბრალდებულების ამოცნობა და მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებები ჩატარებული იყო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.

აღნიშნულის მიუხედავად, მოსამართლემ პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითი განხილვის დროს დაკითხული როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არასათანადოდ, მიკერძოებულად და მანიპულაციურად შეაფასა და განაჩენი ამ სახის მტკიცებულებებს დააფუძნა. კერძოდ, დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები ავტომატურად სანდოდ არ მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ ისინი ბრალდებულების თანამშრომლები, ნაცნობები არიან და განმარტა, რომ მათი ჩვენება ბრალდებულისთვის უკეთესი სამართლებრივი შედეგის მიღების სურვილს ემსახურება, მაშინ როდესაც იგივე სტანდარტი არ გამოუყენებია ბრალდების მოწმეებთან. კერძოდ, საერთოდ არ უმსჯელია ბრალდების მხარის მოწმეთა დაინტერესებაზე, ურთიერთობასა და დამოკიდებულებაზე დაზარალებულთან, მით უფრო, იმ ფონზე, რომ განაჩენი სწორედ მაღაროს დირექტორისა და მისი თანამშრომლების მკვეთრად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს ეფუძნება.

შესაბამისად, მიგვაჩნია რომ განაჩენი უსამართლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მერაბ სარალიძის მხრიდან განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტს. 2025 წლის 28 აპრილს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა მერაბ სარალიძე, იგი არც წარმართავდა, არც ხელმძღვანელობდა და არც რაიმე მითითებებს გასცემდა ინციდენტის დროს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედოვნებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დადასტურდება საქმეში არსებული პროცესუალური და მატერიალური დარღვევები, სათანადოდ შეფასდება საქმის მნიშვნელობა და დადგება ადეკვატური სამართლებრივი შედეგი.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“