[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება და ცენზურას აწესებს 

2024 წლის 4 აპრილს, ქართულმა ოცნებამ ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი დააინიცირა, რომელიც, ლგბტი ადამიანებისთვის პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან ერთად, შეკრებისა და გამოხატვის შემზღუდავ დათქმებსა და ცენზურასაც ითვალისწინებს.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონი რვა პუნქტს მოიცავს, რომელთა მიხედვითაც:[1]

  • კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობის მოწესრიგება, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს;
  • არასრულწლოვნის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ;
  • აიკრძალება ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
  • სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება;
  • ბათილი იქნება საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს;
  • აიკრძალება იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული;
  • აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული;
  • აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

ინიცირებული კანონპროექტის  პირველი ხუთი პუნქტი ადამიანის იდენტობისა და პირადი ცხოვრების წინააღმდეგ მიმართულ დათქმებს ითვალისწინებს, ბოლო სამი კი შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ აკრძალვებს შეეხება.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია ხელისუფლების ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა, სწორედ გამოხატვის თავისუფლების პერსპექტივიდან შეაფასოს. კანონპროექტის განხილვის დინამიკის შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამ კანონპროექტს პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლების უფლების პერსპექტივიდანაც შეაფასებს.

  1. კანონპროექტის დასაბუთება და სახალხო განხილვების ფარგლებში გაკეთებული შეფასებები

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ოჯახური ღირებულებების აშკარა და მიზანმიმართული უგულებელყოფის პროპაგანდას საზღვარგარეთ ინტენსიური და მზარდი ხაასიათი აქვს. ეს ტენდენცია ბოლო წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციატორთა აზრით, აუცილებელია  ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება და იმ რისკების აღმოფხვრა, რომლებიც დაკავშირებულია პოლიგამიისა და ინცესტის სამომავლო პროპაგანდასთან.[2]

ერთი მხრივ, კანონის განმარტებით ბარათში საგანგებოდ მიეთითება, რომ: „ყოველი ადამიანის ძირითადი უფლებები აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, განურჩევლად ადამიანის ცხოვრების წესისა. წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი მიზნად არ ისახავს არცერთი ამ ძირითადი უფლების უგულებელყოფას“. [3] თუმცა, მეორე მხრივ, ცალსახაა, რომ ინიცირებული კანონპროექტი იმთავითვე ეწინააღმდეგება იმ კონსტიტუციურ გარანტიებს, რომლებიც ექსპლიციტურად ადგენენ გამოხატვის თავისუფლებასა და ცენზურის დაუშვებლობის პრინციპს.

დამატებით, აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების მხარდამხარ, მმართველი პარტია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვას ატარებს. ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს  საზოგადოება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, ქალისა და მამაკაცის, გენდერის, დედისა და მამის ცნებები და ზოგადად, ქართული იდენტობა საფრთხის წინაშე დგას.

საჯარო დისკუსიებისას, მმართველი პარტიის წევრები ღიად ჰომოფობიური შინაარსის გარდა, არაკონსტიტუციური განცხადებებითაც გამოირჩევიან, მაგალითისათვის:

22 აპრილს ქუთაისში ჩატარებული სახალხო განხილვისას, ქართული ოცნების წევრმა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა  განაცხადა, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, შესაფასებელი იქნება, ემსახურება თუ არა, ესა თუ ის ნაწარმოები ლგბტ პროპაგანდას. „შემფასებელი იქნება შესაბამისი სამსახური“ - თქვა ოხანაშვილმა.[4]

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ სახელმწიფო თავად განსაზღვრავს, რა ნაწარმოებები მიიჩნიოს ასეთად.... შეიძლება დაევალოს, შესაბამის გამავრცელებელ კინოსტუდიებსა თუ ტელევიზიებს, რომ საერთოდ ამოიღოს პირდაპირი პროპაგანდის შემცველი ნაწილი და ვთქვათ, ფილმი კი არ გააქროს ეკრანებიდან, არამედ ეს ნაწილი ამოიღოს“. [5]

23 აპრილს, ამბროლაურში გამართული სახალხო განხილვისას მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „როდესაც დღეს ბავშვებს აჩვენებენ ანიმაციურ ფილმებს, სადაც ცენტრალური პათოსი ისაა, რომ ბედნიერი ამის გარეშე ვერ იქნები, თუ ასეთი ცხოვრების წესით არ იქცევა ვიღაცა, ეს წარმოუდგენელი რაღაცაა..... ჩვენ უნდა აღვუდგეთ წინ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და თავსმოხვევას, ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ სხვანაირი, განსხვავებული ცხოვრების წესის თავსმოხვევას ყველამ თავი უნდა დაანებოს“.[6]

ფრაქცია ქართული ოცნების წევრის, თენგიზ შარმანაშვილის მტკიცებით კი, „პროპაგანდა არის პროპაგანდა. „მაინ კამპფი“ რომ გქონდეთ სახლში, გერმანიაში კაციშვილი არ დაგიჭერთ. ეს თქვენი საქმეა, მაგრამ კაი დედის შვილი ხარ, გამოდი და ხალხის წინაშე „მაინ კამპფის“ ციტირება დაიწყე. ეგრევე ამოვა პოლიციელი და ხელბორკილს გაგიკეთებს.  საბჭოთა კავშირში აკრძალული ლიტერატურა რომ გქონოდათ, მოვიდოდნენ და დაგაპატიმრებდნენ, ამაზე ლაპარაკი არ არის, გქონდეთ, რაც გინდათ, ის გქონდეთ. უბრალოდ, არავინ არ მოგცემთ უფლებას, რომ გამოხვიდეთ და ამ იდეების პროპაგანდა დაიწყოთ ხალხში“.[7]

როგორც პარლამენტის წევრების განცხადებები აჩვენებს, მმართველი პოლიტიკური პარტია კონსტიტუციური კანონის მიღების პარალელურად, გეგმავს დამატებითი სამართლებრივი მექანიზმების დაწესებასაც, რომელიც სახელოვნებო, ლიტერატურულ, მხატვრულ, საგანმანათლებლო და სხვა პროდუქტებზე ცენზურას დააწესებს და შინაარსს, მოსაზრებებს და იდეებს გააკონტროლებს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კანონი გავრცელდება არა მხოლოდ ლგბტი ადამიანებზე და მათ მხარდამჭერებზე, არამედ იმ ადამიანებზე, ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებზე, რომლებიც არაჰეტერონორმატიულ შეხედულებებს იზიარებენ და გამოხატავენ.

  1. ინიცირებული კონსტიტუციური კანონის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას განამტკიცებს და ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი, ცენზურა დაუშვებლადაა ცნობილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების მიხედვით, „თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, განუმეორებელია, განსხვავებულია და სწორედ ეს ქმნის შანსს მრავალფეროვნებისა და, მაშასადამე, პროგრესისთვის. ამიტომ შეუძლებელია იმ მოსაზრებების თუ გამონათქვამების შემოფარგვლა და ამომწურავად იდენტიფიცირება, ტერმინოლოგიის განსაზღვრა, რომელიც მთლიანად საზოგადოებისთვის, ყველა ადამიანისთვის მისაღებია. მით უფრო დაუძლეველი ამოცანაა ასეთ მოსაზრებებზე ხელოვნურად შეთანხმება ან უპირობოდ გაზიარების დავალდებულება, შედეგად კი, ყველაფერი დანარჩენის კანონის მიღმა გამოცხადება. [...] ამიტომ სახელმწიფოს არ გააჩნია უფლებამოსილება, დაყოს აზრები „მართებულ“ თუ „არამართებულ“, „სასურველ“ თუ „არასასურველ“ და სხვა სახის კატეგორიებად. თუ ადამიანს არ შეუძლია იმის თქმა, რასაც ფიქრობს ან თუ მას აიძულებენ თქვას ის, რასაც არ ეთანხმება, ამით შეურაცხყოფენ ადამიანის უფლებების საფუძველთა საფუძველს – მის ღირსებას“. [8]

საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:

„ზოგადად, სიტყვის მართლმსაჯულების ობიექტად ქცევა უკიდურეს შემთხვევაში უნდა ხდებოდეს, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია. არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მართლმსაჯულების გზით მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვეთანხმებით, გვეშინია, გვძულს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოების მორალისა თუ ტრადიციების შეუსაბამოა. გამოხატვის თავისუფლების და, მაშასადამე, დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობისთვის განსაკუთრებული სიფრთხილე სწორედ ასეთი ნეგატიური განწყობებისა, თუ დამოკიდებულებების განმაპირობებელი მოსაზრებების მიმართ სამართლის დამოკიდებულებას მართებს. გამოხატვის თავისუფლების დაბალანსების საუკეთესო გზა ისევ გამოხატვაა – რადგან ნებისმიერი მოსაზრება, გამონათქვამი, რომელსაც არ ეთანხმები, არ მოგწონს ან, შენი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება, შეიძლება უარყო საწინააღმდეგო მოსაზრებებითა და იდეებით, რომელთაც იზიარებ, მოგწონს ან სწორად მიგაჩნია“. [9]

თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული პრაქტიკა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება ინფორმაციის შინაარსობრივი ფილტრაციის გარეშე[10] და რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, შინაარსობრივი რეგულირების შემოღების გზით, ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა, ხოლო იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელებაა დაუშვებელი, სასამართლოს აზრით, პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას გულისხმობს.[11]

მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მითითებით, კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, ისინი მართლმსაჯულების გზით დააკანონებენ, მაუწყებლის/გამომცემლობის მიერ მასალის განთავსების შინაარსობრივ რეგულირებას და ეთიკურ-მორალურ ჭრილში დაარეგულირებენ და შეაფასებენ  ნებისმიერი საინფორმაციო საშუალების მიერ გადაცემული კონტენტის შინაარსს. ამასთანავე, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები აანონსებენ, იმუშავებს შესაბამისი „შემფასებელი სამსახური“, რომელიც ამა თუ იმ მასალის კანონთან შინაარსობრივ შესაბამისობას შეაფასებს. გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების არა ტექნიკური საკითხების, არამედ მთლიანი უფლებამოსილების კონკრეტულ სამსახურზე დელეგირება კი, თავის მხრივ,  კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მიღმა, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს ლგბტი ჯგუფის დისკრიმინაციას და, ამდენად, შემოთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივა შეუსაბამოა თანასწორობის პრინციპთანაც.

ინიცირებული კანონპროექტი ცალსახად დისკრიმინაციულია. იგი განსხვავებულ მოპყრობას ადგენს ლგბტი ადამიანებისა და არაჰეტერონორმატიური იდეებისა და შეხედულებების მქონე პირების მიმართ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომლის თანახმად, სამართლის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია.[12]

მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოს კონსტიტუციის ტექსტში პირდაპირ არ არის ნახსენები სექსუალური ორიენტაცია, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობა, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც მიუთითებს.[13]

განსახილველი კანონპროექტი ლგბტი ადამიანებსა და სხვა პირებს განსხვავებულ მდგომარეობაში აქცევს და მათ გამოხატვასა და შეკრებას, ასევე სწავლებას, შინაარსობრივი კონტროლისა და აკრძალვების ველში აქცევს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. სასამართლოს მოსაზრებით, სოციალურ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეთა საერთო მასიდან გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის განსხვავებული, შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეგულირების განსაზღვრა განპირობებული უნდა იყოს არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით.[14] თუმცა, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტის სხვადასხვა პუნქტით წარმოქმნილი განსხვავებული მოპყრობის გამართლება, შეუძლებელია არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით. განსახილველი კანონის პროექტი ლგბტი ადამიანებს, ასევე არაჰეტერონორმატიული შეხედულებებისა და იდეების გამომხატველ პირებს, განუსაზღვრელი ვადით, გამონაკლისის გარეშე  უწესებს აბსოლუტურ აკრძალვებს გამოხატვის თავისუფლების კუთხით, რის ერთადერთ ლეგიტიმურ მიზნადაც, კანონმდებელი იმგვარ ბუნდოვან ცნებას ასახელებს, როგორიც ოჯახური ღირებულებების დაცვაა.

ამდენად, უდავოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, როგორც  ფორმალურ-სამართლებრივი კუთხით, ისე მატერიალურ-სამართლებრივი შინაარსითაც.

  1. ინიცირებული კონსტიტუციური კანონის შესაბამისობა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებთან

აღსანიშნავია ისიც, რომ ინიცირებული კონსტიტუციური კანონი არსებითად ეწინააღმდეგება ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბაზისურ სტანდარტებს.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს.[15] ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება შინაარსობრივად გამოხატვის სხვადასხვა ფორმას მოიაზრებს, მათ შორის:

  • აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას;
  • ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას;
  • ცენზურის დაუშვებლობას;
  • სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;
  • ხელოვნების, შემოქმედებისა და გამოგონების თავისუფლებას.[16]

თავის მხრივ, კანონმდებლობა ადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებსაც. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.[17] ხოლო უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება პირდაპირ უნდა მიემართებოდეს ლეგიტიმური მიზნის განხორციელებას, იგი უნდა იყოს კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის. ამასთანავე, გამოხატვის თავისუფლების მზღუდავი მოწესრიგება არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და  იგი  უნდა იყოს პროპორციულად შემზღუდავი.[18]

უმნიშვნელოვანესია საკანონმდებლო დათქმა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების შესახებ, რომ „შინაარსობრივი რეგულირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვალსაზრისობრივად ნეიტრალური, არადისკრიმინაციული შეზღუდვის სახით“.[19]

თავის მხრივ, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, მათ შორის, პირდაპირი დისკრიმინაციაც,  რაც ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნაა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას რომელიმე ნიშნის, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.[20]

მეტად განჭვრეტადია საკანონმდებლო რეგულირება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების შესახებ. დასაშვებია, დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ გამოხატვა ეხება:

  • ცილისწამებას;
  • უხამსობას;
  • პირისპირ შეურაცხყოფას;
  • დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას;
  • მუქარას;
  • პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას;
  • რეკლამას, ტელეშოპინგს ან სპონსორობას;
  • სამხედრო მოსამსახურის, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, წევრის ან თანამშრომლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას;
  • თავისუფლებააღკვეთილი ან თავისუფლებაშეზღუდული პირის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.[21]

მმართველი გუნდის ინიცირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტი,  აშკარად სრულად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებს. კანონის პროექტით დადგენილი შეზღუდვები, რომლებიც ლგბტი თემისა და არაჰეტერონორმატიული შეხედულებების მქონე პირების გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ, დისკრიმინაციულ რეგულაციებს წარმოადგენს და ზემოთ აღნიშნულ პირებს სრულად ართმევს გენდერულ იდენტობასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და შინაარსების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების შესაძლებლობას.

  1. ინიცირებული კონსტიტუციური კანონის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან

გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი განამტკიცებს, რომლის პირველი პუნქტის მიხედვითაც, „ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად“.[22] აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი სრულად და ამომწურავად ასახელებს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა არსებობისას შესაძლებელია შეიზღუდოს ეს უფლება.  

პრეცედენტულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მიდგომა, რომ გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი განუყოფელი ფუნდამენტია დემოკრატიული საზოგადოებისათვის, ძირითადი პირობაა მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარებისათვის და რომ გამოხატვის თავისუფლება მიემართება არა მხოლოდ ისეთ „ინფორმაციასა“ და „იდეებს“, რომლებიც მოწონებულია და მიღებული როგორც არაძალადობრივი ან ინდიფერენტული, არამედ ისეთსაც, რომელიც, შესაძლოა, შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი ანდა შემაწუხებელი იყოს სახელმწიფოსათვის, ან მოსახლეობის რომელიმე სეგმენტისათვის. ასეთია პლურალიზმის მოთხოვნა, ტოლერანტულობა და გახსნილი გონება, რომელთა გარეშეც დემოკრატიული საზოგადოება ვერ იარსებებს.[23]

არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მოტივით ლგბტი ადამიანების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით რელევანტურია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, ბაიევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელშიც ადამიანის ევროპულმა სასამართლომ, ქართული ოცნების ინიცირებული კანონპროექტის მსგავსი, რუსეთში მოქმედი კანონმდებლობა მკაცრად გააკრიტიკა.

განმცხადებელი ლგბტ+ თემის აქტივისტი პირების თქმით, რუსეთში მოქმედი კანონმდებლობა არა მხოლოდ ზღუდავდა მათ აქტივობასა და ჩართულობას ლგბტ+ უფლებების ადვოკატირების კამპანიებში, არამედ აიძულებდა მათ დაემალათ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია, რადგან ამაზე საჯაროდ საუბარი, კანონმდებლობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალა. განმცხადებლები სწორედ ადმინისტრაციული წესით მიეცნენ პასუხისმგებლობაში ლგბტ+ შინაარსის შემცველი ბანერების საჯაროდ  გამოფენისათვის.

სასამართლომ განმარტა, რომ დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა გამართლებული იყოს მორალური საფუძვლებით, მით უფრო, როდესაც შეზღუდვის მთავარ ლეგიტიმურ მიზნად ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვა სახელდება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მაშინ, როდესაც პირის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, არასაკმარისია დასაბუთება, რომ ფართო საზოგადოება კრიტიკულად არის განწყობილი ჰომოსექსუალიზმის მიმართ და, რომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა, შესაძლოა, შეუთავსებელი იყოს ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებთან.[24]

ამასთანავე, სასამართლომ საგანგებოდ მიუთითა, რომ იგი მტკიცედ უგულებელყოფს სახელმწიფოთა იმგვარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცალსახად მიკერძოებულია ჰეტეროსექსუალი უმრავლესობის მიმართ. კონკრეტულ ქვეყანაში უმცირესობათა თემის ირგვლივ ნეგატიური განწყობების არსებობის ფაქტი, ტრადიციებისა და ჰომოსექსუალიზმის შეუთავსებლობის მტკიცებასთან ერთად, სასამართლომ, განსხვავებული მოპყრობისათვის საკმარის გამართლებად არ მიიჩნია.[25]

დამატებით, სასამართლომ იმსჯელა არასრულწლოვანთა დაცვის, როგორც ლეგიტიმური მიზნის, დაუსაბუთებლობაზეც. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „ისეთი სენსიტიური საკითხების განხილვისას, როგორიცაა სექსუალური განათლება, მშობელთა პოზიცია, საგანმანათლებლო პოლიტიკა და მესამე პირთა გამოხატვის უფლება, თანადროულად უნდა იქნას დაბალანსებული და ამგვარ კონტექსტში, ხელისუფლებას არ აქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ ხელი შეუწყოს ობიექტური, მრავალფეროვანი, მეცნიერულად ზუსტი და ახალგაზრდა აუდიტორიისათვის სასარგებლო ინფორმაციის გავრცელებას“.[26]

ვინაიდან  განმცხადებელთა მიერ თავიანთი სექსუალური იდენტობის გამოხატვა არ შეიცავდა სექსუალურად ექსპლიციტურ, მცდარ ანდა აგრესიულ გამოხატვას და ისინი არ ადვოკატირებდნენ და მოუწოდებდნენ სხვებს რაიმე კონკრეტული სექსუალური ქცევის განხორციელებისაკენ, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი გამოხატვა მშობელთა და ბავშვთა უფლებებს არ ეწინააღმდეგებოდა.

ამდენად, ამ საქმეზე, საბოლოოდ სასამართლომ  გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევა დაადგინა.[27]

  1. ვენეციის კომისიის კრიტიკა ინიცირებული კანონპროექტის ანალოგი მოწესრიგების შესახებ

2013 წელს, ვენეციის კომისიამ, ერთობლივად განიხილა რუსეთის ფედერაციაში, ასევე, იმავე პერიოდში უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკაში მიღებული კანონი „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ და სამივე შემთხვევაში, სისტემურ სამართლებრივ ხარვეზებსა და პრობლემურობაზე მიუთითა.

ვენეციის კომისიამ განმარტა, რომ თუკი სახეზეა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა, აუცილებელია, ამგვარი შეზღუდვა, ერთი მხრივ, იყოს კანონით განსაზღვრული, ხოლო მეორე მხრივ, იყოს განჭვრეტადი.

კომისიამ განაცხადა, რომ დაუშვებელია, კანონის უმთავრესი ფუნდამენტი და მიზანი,   იმგვარი ფართო ცნებების აკრძალვა იყოს, როგორიცაა ტერმინი „პროპაგანდა“ და „პრომაცია“, რადგან არსებული სამართლებრივი პრაქტიკა ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადია პროპაგანდის დებულებების გამოყენების კუთხით.[28] კომისიის თქმით, ეს დებულებები, პრეცედენტული სამართლით, არ არის სათანადოდ განმარტებული და ამდენად, ბუნდოვანია, „ჰომოსექსუალური პროპაგანდის აკრძალვა“ გულისხმობს თუ არა,  მათ შორის, ჰომოსექსუალიზმის მხარდაჭერის გამომხატველ მოსაზრების, ინფორმაციას,  ჰომოფობიური დამოკიდებულების შეცვლის მცდელობის, ანდა პირის სექსუალური ორიენტაციის ფაქტობრივი ინფორმაციის გასაჯაროებას.[29]

ვენეციის კომისიის აზრით, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვა, ერთი მხრივ, განავრცობს ამა თუ იმ ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შესახებ დისკუსიებს, თუმცა, მეორე მხრივ, კატეგორიულად ზღუდავს ლგბტ თემს მიკუთვნებულ პირთა მიერ ამის შესახებ საჯაროდ საუბარს, რაც გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სტანდარტებს არ შეესაბამება.[30]

ამასთანავე, მოწესრიგებაზე მსჯელობისას, კომისიამ განმარტა, რომ იმგვარი მზღუდავი ზომების გამოყენების ლეგიტიმურობა, რომლებიც საზოგადოებრივი სივრციდან ჰეტეროსექსუალთა გარდა, ყველა სხვა სექსუალური იდენტობის მქონე ჯგუფს განდევნის, მტკიცე და დამაჯერებელი მიზეზებით უნდა იყოს დასაბუთებული. თავის მხრივ, საზოგადოებრივი მორალის დაცვა, კომისიამ არ მიიჩნია ლეგიტიმურ მიზნად, იმდენად რამდენადაც, მისი განმარტებით, ლგბტი ადამიანების მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა, არ არის დამოკიდებული ჰეტეროსექსუალი უმრავლესობის წევრთა პოზიტიურ/ნეგატიურ განწყობებზე და რომ საზოგადოებრივი მორალის მიზნით დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს პრინციპებს, რომლებიც არ არის ექსკლუზიური ერთი კონკრეტული ტრადიციის ანდა განწყობის მიმართ.[31]

კომისიამ ასევე განიხილა „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის“ შესახებ კანონით დასახელებული მეორე ლეგიტიმური მიზნის, არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობის“ მართლზომიერება. კომისიის აზრით, დაუშვებელია, არასრულწლოვნებისათვის ხელმისაწვდომი არ იყოს საკმარისი ინფორმაცია სექსუალობის საკითხებზე, მათ შორის, ჰომოსექსუალიზმზე, ამდენად, კომისიამ ბავშვთა დაცვის მოტივიც არალეგიტიმურ მიზნად ცნო.

ვენეციის კომისიამ, 2021 წელს მწვავედ გააკრიტიკა უნგრეთის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო კანონიც, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას.[32]

დასკვნა

ამდენად, შეკრების, ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის, ასევე საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში გამოყენებული ინფორმაციის შინაარსობრივი კონტროლის დაშვება და უფლებაში ჩარევის ძალიან ფართო, ბუნდოვანი და არალეგიტიმური საფუძვლების დაშვება კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საბაზო პრინციპებს ეწინააღმდეგება და დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის შეუთავსებელი ჩარევაა.  

აშკარაა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის მისაღებადაც ქართულ ოცნებას არ ჰყავს მხარდამჭერების საკმარისი რაოდენობა, ჰომოფობიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას უფრო ისახავს მიზნად და სოციალური სიძულვილის ინსტრუმენტალიზების და გენერირების უმძიმეს მაგალითს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორები ცდილობენ გამიჯნონ ერთმანეთისგან ლგბტი უფლებების დაცვა და პროპაგანდა, მათ მიერ ინიცირებული ტექსტი, ისევე როგორც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებები, უშვებს არა მხოლოდ ლგბტი ადამიანების, არამედ მასწავლებლების, ჟურნალისტების, პროფესორების, მწერლების, რეჟისორების, ექიმების და სხვათა გამოხატვასა და აკადემიურ თავისუფლებაში თვითნებურ და შეუზღუდავ ჩარევას. ამასთანავე, აშკარაა, რომ არსებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას და დისკურსულ დონეზე მტრულ ენას მოჰყვება სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ზრდა და ლგბტი ადამიანებისთვის და სხვებისთვის მტრული და საფრთხის შემცველი გარემოს შექმნა. შესაბამისად, ეს ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასთან და მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ აღიარებულ ვალდებულებებთან, რომელთა შორისაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლა.

ეს საკანონმდებლო ინიციატივა, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან შეუთავსებლობის მიღმა, წინააღმდეგობაში მოდის ევროინტეგრაციის ამოცანებთან, რომლებიც თანასწორობის იდეალების დაცვის პრინციპზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ზიანის მიღმა, ეს კონსტიტუციური ინიციატივა აფერხებს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და ეწინააღმდეგება მის საკვანძო ღირებულებებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, 1-ლი მუხლი, სრულად. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/9Kgmq

[2] საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, განმარტებითი ბარათი, გვ. 2. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/K9e8l

[3] იქვე. გვ. 3.

[4] ხელმისაწვდომია: https://youtu.be/ZJKkW6LZUQ4

[5] იქვე.

[6] ხელმისაწვდომია: https://youtu.be/vD4gbXnm5vE 9:00 წუთიდან.

[7] იქვე. 45:03 წუთიდან.

[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 40.

[9] იქვე. II-41.

[10]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე, „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36.

[11] იქვე.

[12] საქართველოს კონსტიტუცია, მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი.

[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლები - გიორგი გოცირიძე და თამარ კორძაია ლადო სადღობელაშვილის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლო, 2010, სამოტივაციო ნაწილი, გვ. 2.

[14]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, „ ჯანო ჯანელიძე, ნინო უბერი, ელეონორა ლაგვილავა და მურთაზ თოდრია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

[15]სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილი.

[16]იქვე. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი.

[17] იქვე. მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი.

[18] იქვე. მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი.

[19] იქვე. მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი.

[20] დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები.

[21] სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილი.

[22] ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/bRwzX

[23] Handyside v. the United Kingdom, პარა. №49.

[24]CASE OF BAYEV AND OTHERS v. RUSSIA, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/WVTu0

[25] იქვე.

[26] იქვე.

[27] იქვე.

[28] EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION) OPINION ON THE ISSUE OF THE PROHIBITION OF SO-CALLED “PROPAGANDA OF HOMOSEXUALITY”. პარა. №27-28, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/Hhxe8

[29] იქვე. პარა №34.

[30] იქვე. პარა. №41.

[31] იქვე. პარა. №53.

[32] CDL-AD(2021)050-e Hungary - Opinion on the compatibility with international human rights standards of Act LXXIX amending certain Acts for the protection of children, adopted by the Venice Commission at its 129th Plenary Session (Venice and online, 10-11 December 2021), დოკუმენტი ხელმისაწვდომია: https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2021)050-e

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“