საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 10-12 ივნისს გამართულ ადამიანის უფლებათა სხდომაზე შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების პროგრესი. კომიტეტმა საქართველოს მიმართა წარადგინოს ინფორმაცია იმ დამატებითი შესაძლო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს გამოძიების ხარვეზების სრულად აღმოსაფხვრელად, მათ შორის, გამოძიების შედეგებზე დამოუკიდებელი საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობის უზრუნველყოფით. [1]
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 19 იანვარს, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი) პროცედურული ნაწილის დარღვევა - არაეფექტიანი და ხარვეზიანი გამოძიების გამო. კერძოდ, სასამართლომ გააკრიტიკა შემდეგი საკითხები:
მიუხედავად ამისა, სასამართლომ ვერ დაადგინა სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა არაერთგზის მიმსართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების განახლებისა და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. Მხოლოდ 2024 წლის 18 ივნისს, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო დადგენილება გამოძიების განახლებაზე უარის შესახებ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების შესახებ მოსაზრებებს რეგულარულად წარუდგენს.[3] 2024 წლის 12-14 მარტის სხდომაზე, კომიტეტმა მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად მიეღო გადაწყვეტილება გამოძიების განახლების თაობაზე.
ჩვენი შეფასებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და გამოძიებას კვლავ აქვს რესურსი საქმისთვის საკვანძო საკითხის დასადგენად - იყო თუ არა საჭირო ლეტალური ძალის გამოყენება სპეცოპერაციის ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების განმარტებითი ბარათის (notes to the decision) თანახმად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა (რომელიც მსჯელობაში უმეტესად პროკურატურის პირველად გამოძიებას სათანადოდ ჩატარებულად წარმოაჩენდა) ვერ წარმოადგინა მკაფიო და დამაჯერებელი არგუმენტები გამოძიების არგანახლების გადაწყვეტილებაში.[4]
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დადგენილება გამოძიების განახლებაზე უარის შესახებ ჩვენ ზემდგომ პროკურორთან გავასაჩივრეთ, საჩივარი პასუხგაუცემელი დარჩა. შედეგად, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის სასამართლო კონტროლი გამოძიების შედეგებზე კვლავ მიუწვდომელია. როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა სწორედ ის იყო, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, გამოძიების თაობაზე პროკურორის მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლოში გაესაჩივრებინათ. ამასთანავე, ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები შეუძლებელს ხდიდა სასამართლოსთვის, ნაწილობრივ სწორედ ხარვეზიანად ჩატარებული გამოძიების გამო, შეეფასებინა კონფლიქტური ვერსიები, და რომ არ არსებობდა ეროვნული სასამართლოების შეფასება ფატალური გასროლის კონკრეტული გარემოებების შესახებ არ არსებობდა (§104).
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებს გამოძიების არგანახლების გადაწყვეტილებაზე საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობის აუცილებლობაზე. კომიტეტის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსასრულებად არ არის საკმარისი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების არგანახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. არამედ, აუცილებელია, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მიეცეს შესაძლებლობა, პროკურატურასა და სასამართლოში გასაჩივროს გამოძიების არგანახლების შესახებ გადაწყვეტილება. ამ უფლებით კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ დაზარალებულის სტატუსის მქონე პირები არიან აღჭურვილნი. შესაბამისად, იმისათვის, რომ კომიტეტის მითითება შესრულდეს, საქართველო ვალდებულია, განაახლოს გამოძიება და თემირლან მაჩალიკაშვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. ხოლო შემდგომ, თუ პროკურატურა მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა შეწყდეს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ექნება შესაძლებლობა, გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივროს, ხოლო შემდეგ - სასამართლოში.
აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კომიტეტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაყრდნობით, ზოგადი ღონისძიებების გატარებაც დაავალა. კერძოდ, საქართველომ უნდა წარადგინოს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს გამოძიების ფარგლებში საიდუმლოდ ცნობილი ინფორმაციის დაზარალებულისთვის გადაცემის დაგვიანების თავიდან აცილებას. აგრეთვე, საქართველო ვალდებულია, კომიტეტს აცნობოს, რა ღონისძიებები გატარდა, ან გატარდება სპეციალური საპოლიციო ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების სათანადოდ დოკუმენტირებისთვის.
კომიტეტის გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მათი ლეგიტიმური ინტერესების მრავალწლიანი უგულებელყოფის მიუხედავად, კვლავ გააგრძელონ სამართლიანობის აღსადგენად და მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სათანადოდ გამოსაძიებლად.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების წარმომადგენლობას და აპირებს, კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კიდევ ერთხელ მიმართოს პროკურატურას გამოძიების განახლების, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა და საქმისთვის კრიტიკულად აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით.
[1] Committee of Ministers of the Council of Europe, Decision made on its 1531st meeting (10-12 June 2025) (DH) - H46-18 Tsintsabadze group v. Georgia (Application No. 35403/06) https://hudoc.exec.coe.int/?i=004-5830
[2] SJC, “თემირლან მაჩალიკაშვილს საქმე - სტრასბურგის გადაწყვეტილება”, 19.01.2023 https://socialjustice.org.ge/ka/products/temirlan-machalikashvils-sakme-strasburgis-gasatsqvetileba
[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „ https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentrma-temirlan-machalikashvilis-sakmis-aghsrulebis-sakitkhze-ministrta-komitets-mosazrebebi-tsarudgina სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების საკითხზე მინისტრთა კომიტეტს მოსაზრებები წარუდგინა”, 15.05.2025https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentrma-temirlan-machalikashvilis-sakmis-aghsrulebis-sakitkhze-ministrta-komitets-mosazrebebi-tsarudgina
ინსტრუქცია