[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულებაზე საგანგებო ანგარიშით მიმართა

2024 წლის 2 აგვისტოს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების თაობაზე ანგარიში წარუდგინა.[1] ჩვენი დოკუმენტი ეხმიანება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 15 ივლისის დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების განახლებაზე უარის თქმის შესახებ[2] და კომიტეტს სამსახურის გადაწყვეტილების დეტალურ კრიტიკულ ანალიზს წარუდგენს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 წლის დაგვიანებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მიღებული დასკვნა გამოძიების განახლების მიზანშეუწონლობის შესახებ, სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლიდან (სიცოცხლის უფლება და ეფექტიანი გამოძიება) გამომდინარე ვალდებულებების უხეში დარღვევის გამოვლინებაა და მინისტრთა კომიტეტისგან სათანადო შეფასებას საჭიროებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილებაში მოყვანილი არგუმენტებიდან ნათელია, რომ ახალი საგამოძიებო მოქმედებების და მოკვლევის ნაცვლად, სამსახურმა სრულად გაამართლა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის და შემდგომ, პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, მაჩალიკაშვილის ოთახის ჩხრეკა და სადავო ხელყუმბარის ამოღება. ასევე, სრულად გამორიცხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმის ოფიცრების მიერ ჩვენებების შეთანხმების შესაძლებლობა, მაშინ როდესაც, ამგვარ საფრთხეზე ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ მიუთითა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ პირველადი გამოძიების მასალებსა და პროკურატურის მიერ განვითარებულ ვერსიაზე თავისი გადაწყვეტილების სრულად დაფუძნება პროკურატურის მიმართ მიკერძოებულობის ეჭვებს აჩენს. ეს კი განსაკუთრებით მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული სასამართლოს შეფასებით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება არაეფექტიანი იყო, და რომ სასამართლომ მინიმუმ ნაწილობრივ, სწორედ ხარვეზიანი გამოძიების გამო ვერ შეძლო დაზარალებულის ოჯახისა და პროკურატურის ორი კონფლიქტური ვერსიის შეფასება.[3] გარდა ამისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირველად გამოძიების შედეგების უპირობო გაზიარება მიუთითებს, რომ გამოძიების დამოუკიდებლობის ხარვეზი კვლავ გამოუსწორებელია.

დამატებით, სამსახურმა უგულებელყო ევროპული სასამართლოს მიერ საქმის გამოძიების პროცესში დადგენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევები (გამოძიების არასაკმარისი დამოუკიდებლობა, ამომწურავობა და მომჩივანთა შეზღუდული ჩართულობა გამოძიებაში) და წარმოაჩინა როგორც უმნიშვნელო ხასიათის ხარვეზები, რასაც არ შეეძლო გავლენა მოეხდინა გამოძიების შედეგებზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილების ანალიზიდან აშკარაა, რომ მისთვის სასურველ დასკვნამდე მისასვლელად, მან არასწორად განმარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, სრულად უგულებელყო საქმის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გარემოებები და გარდაცვლილის ოჯახის წუხილები გამოძიების მიზნებთან მიმართებით. სამსახურმა ასევე ზედაპირულად შეაფასა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პერსპექტივა, როგორიცაა სპეცრაზმელების ხელახალი და სიღრმისეული გამოკითხვა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება სპეცრაზმელების ჩვენებების სანდოობის შესამოწმებლად, მტკიცებულებების შესაძლო განადგურების და ფალსიფიცირების საკითხის შესწავლა, თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონი ადგილმდებარეობის, სისხლის წვეთების წარმომავლობა მასზე და ოთახში ყურსასმენების არსებობის სათანადოდ შესწავლა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მყარად დადგენილი პრაქტიკით, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში, ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან კომიტეტს მიაწოდონ დასაბუთებული გადაწყვეტილება მათ მიერ გადადგმული საგამოძიებო ნაბიჯების შესახებ, რომელთა ჩატარება შეუძლებელი გახდა პრაქტიკული მიზეზების გამო და ღონისძიებებზე რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ევროპის საბჭო წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ სახელმწიფოებმა განახორციელონ ყველა ღონისძიება, რათა საქმის ხელახალი გამოძიება კონვენციასთან შესაბამისობით ჩატარდეს.[4] ამის საპირისპიროდ, ხელისუფლება არ იღებს სათანადო ნაბიჯებს მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსასრულებლად, რაც სიცოცხლის უფლების განგრძობით დარღვევას და შესაბამისად,  ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენს, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, აღასრულონ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

ამასთან, ვინაიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების სპეციალური მექანიზმი არ არსებობს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მოკლებულია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსობრივი შემოწმების რეალურ შესაძლებლობას. შესაბამისად, საქმეზე ხელახალი გამოძიება ერთადერთი შესაძლებლობაა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 7 წლის გასვლის შემდეგ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელახალი გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება, რადგან შემდგომი გაუმართლებელი დაყოვნება კიდევ უფრო გაართულებს საგამოძიებო ორგანოს მიერ სრულყოფილი გამოძიების და არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის პერსპექტივას. წლების განმავლობაში არაეფექტიანი გამოძიება და სახელმწიფოს მიერ მოკლულის ოჯახის ლეგიტიმური ინტერესების მუდმივი უგულებელყოფა კიდევ უფრო ამძიმებს და ახანგრძლივებს მათ ტანჯვას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ხელახალი გამოძიების პერსპექტივის არაადეკვატური შეფასება ადასტურებს ვენეციის კომისიის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წუხილებს პროკურატურისგან სამსახურის პრაქტიკული დამოუკიდებლობის ნაკლებობის შესახებ.[5] ეს ასევე მიუთითებს პროკურატურისგან სამსახურის პრაქტიკული დამოუკიდებლობის ნაკლებობასა და პოლიტიკური ნების არარსებობაზე, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე მართლმსაჯულება რეალურად აღსრულდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფით და პასუხისმგებელი პირების გამოვლენითა და დასჯით.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების და პირველადი გამოძიების ფუნდამენტური ხარვეზების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების იმპლემენტაცია ვერ მოხდება მხოლოდ არსებული საქმის მასალების ფორმალისტური გადახედვით. არამედ, აუცილებელია ხელახალი გამოძიების დაწყება და იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რასაც შეუძლია საქმეში ცენტრალური საკითხის - სახელმწიფოს მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების საკითხის დადგენა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მინისტრთა კომიტეტს მოუწოდებს, უახლოესი შესაძლებლობისთანავე შეაფასოს მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების პრობლემა, მოუწოდოს  სახელმწიფოს, დაიწყოს ხელახალი გამოძიება და მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი მოკლულის ოჯახის წევრებს, და შეაფასოს სახელმწიფოს მიერ კონვენციის 46-ე მუხლის დარღვევის საკითხი. ვიმედოვნებთ, რომ მინისტრთა კომიტეტი სათანადოდ შეაფასებს სახელმწიფოს მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულების აშკარა დარღვევას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Rule 9.1 - Communication from the applicant (02/08/2024) concerning the case of Machalikashvili and Others v. Georgia (Application No. 32245/19) (Tsintsabadze group, 35403/06) https://hudoc.exec.coe.int/?i=DH-DD(2024)880E

[2] სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება, 18.06.2024

https://www.facebook.com/sis.gov.ge/posts/pfbid02pV8CNLBcai7P3qHJHa8uvV34n2N8YTZxk8jYUcYVYZ85p7PFf4R4otYgV9NLtFpCl

[3] Machalikashvili and Others v. Georgia (no. 32245/19), § 104

[4] Committee of Ministers, 1419th meeting (DH), Decision on Gubacsi group v. Hungary (Application No. 44686/07) https://hudoc.exec.coe.int/?i=CM/Del/Dec(2021)1419/H46-16E

[5] Venice Commission, Opinion No. 1158/2023 on the Law of Special Investigative Service, 18.12.2023 https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2023)044-e

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“