საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2024 წლის 18 ივნისს, საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა საჯარო განცხადება, რომლითაც საზოგადოებას აცნობა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების განახლებას. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს იცავს გამოძიებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ის აგრძელებს, ამ საქმეზე უსამართლო, არაეფექტიანი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ტენდენციას. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ არის დამოუკიდებელი უწყება და მას არ აქვს ინსტიტუციური რესურსი გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების მძიმე და პოლიტიზირებული საქმეები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადების შესაბამისად, სამსახურმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო და ამ ჯგუფის საქმეების ფარგლებში განხილული თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმეზე არ არის მიზანშეწონილი გამოძიების დაწყება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შეფასება რამდენიმე ძირითად არგუმენტს ეფუძნება:
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ დაეყრდნო მხოლოდ თბილისის პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების მასალებს და თავად არ უწარმოებია ყოველმხრივი, სრული და დამოუკიდებელი გამოძიება.
ამ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1 წელი მოანდომა. ამ პერიოდის განმავლობაში, უწყებას არც ერთი ჩვენი შუამდგომლობისთვის და განცხადებისთვის არ უპასუხია. ამასთან, უწყებამ არც თემილან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები გამოკითხა.
ინფორმაცია გამოძიებაზე უარის შესახებ ცნობილი გახდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფეისბუქ გვერდიდან. ამ საქმეზე უწყების მუშაობის მანერა, თავის მხრივ, მისი პოლიტიზირებისა და მიუკერძოებლობის პრობლემას აჩვენებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიღებული გადაწყვეტილება არის ფორმალური, არასათანადოდ შესწავლილი, უსაფუძვლო და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებასთან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის სტანდარტების დარღვევის გამო მიიჩნია, რომ საქმეზე დაირღვა სიცოცხლის უფლების პროცედურული ასპექტი და ჩათვალა, რომ სწორედ არაეფექტიანი გამოძიების გამო შეუძლებელია ცალკეულ საკითხებზე, მათ შორის, სიცოცხლის უფლების არსებით ნაწილზე მსჯელობაც კი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გაეაზრებინა, რომ საქმეზე არსებითი დარღვევის დადგენა ევროპული სასამართლოს მიერ სწორედ გამოძიების ფუნდამენტური ხარვეზების და შესაბამისი მტკიცებულებების არ ქონის გამო ვერ მოხდა.
ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სახელმწიფომ დაარღვია გამოძიების ფუნდამენტური პრინციპები. მათ შორის, სასამართლოს თქმით:
ევროპული სასამართლოს შეფასებების გათვალისწინებით, სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა არაერთხელ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და წარუდგინა არაერთი განცხადება და შუამდგომლობა, რომელშიც ის გამოძიების განახლების პირობებში დაუყოვნებლივი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ითხოვდა, მათ შორის:
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ჩანს, უწყებამ სათანადოდ არ გაითვალისწინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი შეფასებები და სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფუნდამენტური დარღვევები წარმოაჩინა, როგორც მცირე პროცესუალური დარღვევები, რომელიც გამოძიების შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს. ჩვენთვის დაუსაბუთებელია და ეჭვების გამჩენი ის, თუ როგორ შეუძლია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების არ დადგენა გამოძიების მხრიდან, სპეცრაზმელების ჩვენებებში არსებითი ხასიათის ცდომილებები, მცირე მნიშვნელობის პროცესუალურ დარღვევებად მიიჩნიოს. უწყების ეს შეფასება ზუსტად იმეორებს იუსტიციის სამინისტროს პოზიციებს, რომელიც მან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ საჯაროდ წარმოადგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის მანერა და მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია კიდევ ერთხელ აჩვენებს უფრო ფართოდ ამ უწყების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის პრობლემას, რომელიც ვენეციის კომისიის, ევროკავშირისა და ადგილობრივი აქტორების მიერ არაერთხელ იყო გაკრიტიკებული.
ჩვენი მტკიცებით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას შეეძლო გამოძიებაზე არსებითი გავლენის მოხდენა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიმართლის დადგენა.
გამოძიების ჯეროვანობის პრინციპი მოითხოვს გამოძიებამ მიიღოს ყველა ზომა სიმართლის დასადგენად და ამ კუთხით, მნიშვნელოვანია გამოძიებამ აჩვენოს, რომ ის კეთილსინდისიერად ცდილობდა ყველა ეჭვის, კითხვის, ვერსიის გადამოწმებასა და ამისთვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვებას. სამწუხაროდ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ იმოქმედა კეთილსინდისიერებისა და ჯეროვანი გულისხმიერების დაცვით და გამოძიების განახლებაზე უარი სრულიად უსაფუძვლოდ მიიღო, დაზარალებულ ოჯახთან და მათ ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის გარეშე.
წელზე მეტია, რაც მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და საქართველოს მთავრობას მისი აღსრულების ვალდებულება წარმოეშვა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულება კონვენციის მხარე ყველა სახელმწიფოსთვის სავალდებულოა. გადაწყვეტილების აღსრულება მოიაზრებს არამხოლოდ მომჩივანისთვის კომპენსაციის გადახდას, არამედ დარღვეული უფლების აღდგენას, რაც მსგავს შემთხვევებში ხელახალი გამოძიების ჩატარებას გულისხმობს. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება პირველ რიგში, სწორედ საქმის ხელახალ გამოძიებასა და სასამართლოს მიერ გამოძიების პროცესში იდენტიფიცირებული ფუნდამენტური ხარვეზების გათვალისწინებით, ჩატარებას გულისხმობდა.
2024 წლის 11-14 მარტს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც მაჩალიკაშვილის საქმეც არის გაერთიანებული. მინისტრთა კომიტეტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ჯგუფში გაერთიანებულ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, მაჩალიკაშვილის საქმეზე, გაჭიანურებული გამოძიების გამო და ხელისუფლებას მკაცრად მოუწოდა ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელებისკენ, მათი სწრაფად და ამომწურავად დასრულებისთვის. ამასთან, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, წარუდგინოს კომიტეტს ამ საქმეების გამოძიების პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ გაერთიანებული ინფორმაცია. კერძოდ, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფად განიხილოს მაჩალიკაშვილის საქმის მასალები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნების შესაბამისად და კომიტეტს და გარდაცვლილის ოჯახს აცნობოს გამოძიების განახლების გადაწყვეტილების შესახებ. ამ საქმის აღსრულების ზედამხედველობის შემდეგი განხილვა კი მინისტრთა კომიტეტმა 2025 წლის შეხვედრებზე ჩანიშნა.
2024 წლის 18 ივნისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ნიშნავს საქართველოს მთავრობის პრინციპულ უარს აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან.
საქართველოს მთავრობის მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი ისედაც მძიმე და პრობლემურია. 2023 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში, ევროპულ კონვენციასთან მიერთებიდან დღემდე, მინისტრთა კომიტეტს აღსრულების მიზნით, ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული 180 გადაწყვეტილება გადაეცა. ამ საქმეებიდან, დღემდე მინისტრთა კომიტეტმა მხოლოდ 104 საქმეზე შეწყვიტა ზედამხედველობა (საქმეთა 57%), დანარჩენ საქმეებზე ზედამხედველობა კი გრძელდება (pending cases). ამ მაჩვენებლით, საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ბოლოდან მესამე ადგილზეა აზერბაიჯანისა და სერბეთის შემდეგ.[1]
მიმდინარე აღუსრულებელი საქმეების რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს არ გადაუდგამს აუცილებელი ნაბიჯები მათ საბოლოოდ აღსასრულებლად და ის აუარესებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმას მყისიერად მიმართოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რათა მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოიცეს შუალედური რეზოლუცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი კომიტეტის სხდომაზე. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დაველოდოთ მინისტრთა კომიტეტის შეფასებას და გადაწყვეტილებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილების მიმართ. კომიტეტთან კომუნიკაციაში სოციალური სამართლიანობის ცენტრი მათ შორის მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას, რომელიც კომიტეტს აძლევს შესაძლებლობას თავად მიმართოს ევროპულ სასამართლოს სახელმწიფოს მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევის დასადგენად.
[1] Department for the Execution of Judgments of the European Court of Human Rights, Total Number of Cases Transmitted for Supervision, statistical data
https://public.tableau.com/app/profile/execution/viz/PercentageLeadingTotal/Dashboard1
ინსტრუქცია