საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2025 წლის 7 მაისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა და ითხოვს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების დაუყოვნებელი დაწყების დავალდებულებას სახელმწიფოსთვის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებას.[1]
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების შესახებ მოსაზრებებს რეგულარულად წარუდგენს. ამ დრომდე, კომიტეტს მოსაზრებები წარვუდგინეთ 2023 წლის დეკემბრის, 2024 წლის მარტის და 2024 წლის სექტემბრის ადამიანის უფლებათა სხდომებზე განხილვის მიზნით, რომლის ფარგლებშიც, კომიტეტს სისტემატურად ვაწვდიდით ინფორმაციას მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემების თაობაზე. 2024 წლის 12-14 მარტის სხდომაზე, მინისტრთა კომიტეტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, დროულად მიეღო გამოძიების განახლების თაობაზე გადაწყვეტილება, თუმცა უშედეგოდ.
მინისტრთა კომიტეტისთვის გაგზავნილ ვრცელ წერილობით მოსაზრებაში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაევალოს გამოძიების განახლება და საქმეზე აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამასთან, მაჩალიკაშვილის საქმის დროული აღსრულების მნიშვნელობისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტს მივმართავთ თხოვნით, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე ზედამხედველობა ადამიანის უფლებათა ყველა სხდომაზე განახორციელოს.[2]
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე სცდება კონკრეტული ოჯახის პირად ტრაგედიას და ამხელს საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის სისტემურ პრობლემას და განსაკუთრებით, პანკისის რეგიონში სახელმწიფო პოლიტიკის ჭარბ სექურითიზაციისა და კონტროლსა და დასჯაზე დაფუძნებული პოლიტიკის პრობლემას.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 26 დეკემბერს, სოფელ დუისში, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელმა. სპეცოპერაცია ჩატარდა სიცოცხლის უფლების დაცვის სტანდარტების საწინააღმდეგოდ დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში, რასაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ვერსიით, თემირლან მაჩალიკაშვილს გასროლის მომენტში ხელყუმბარა ეჭირა და მის აფეთქებას ცდილობდა. თუმცა, საქმის გარემოებების, ჩატარებული გამოძიების ხარვეზებისა და არსებითი მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებისა და განადგურების შესახებ არსებული ლეგიტიმური ეჭვების გათვალისწინებით, ოჯახი ამტკიცებდა, რომ ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილს გასროლის შემდეგ ჩაუდეს, რათა პასუხისმგებლობა აერიდებინათ იმ პირებისთვის, რომლებმაც ეს სპეცოპერაცია დაგეგმეს და განახორციელეს.
2020 წლის 25 იანვარს პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტის შემდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა, რომლითაც, მათ შორის, ვამტკიცებდით, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სახელმწიფომ დაარღვია სიცოცხლის უფლება და არ ჩაატარა მისი მკვლელობის საქმის ეფექტიანი და ყოვლისმომცველი გამოძიება. 2023 წლის 19 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება ფუნდამენტური ხარვეზებით ხასიათდებოდა (გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა, სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ანგარიშგების დოკუმენტების არარსებობა, დაზარალებულის არასათანადო ჩართულობა გამოძიების პროცესში) და სწორედ ამ ხარვეზების გამო ვერ შეძლო სასამართლომ ორ კონფლიქტურ ვერსიას შორის სიმართლის დადგენა სიცოცხლის უფლების დარღვევის საკითხზე.[3]
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, ჩვენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაერთგზის მივმართეთ გამოძიების განახლებისა და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით. 2024 წლის მარტის გადაწყვეტილებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების განახლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმაც. ამ მოთხოვნებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დუმილით პასუხობდა და მხოლოდ 2024 წლის 18 ივნისს, ფეისბუქ პოსტით გავრცელებული განცხადებით, დაზარალებულის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმირების გარეშე, აცნობა საზოგადოებას, რომ არ განაახლებდა გამოძიებას.[4]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიები, არასწორად განმარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები, და დაუსაბუთებლად გამორიცხა ახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პერსპექტივები, მაშინ, როდესაც პროკურატურამ საქმეზე საკვანძო გარემოებების დადგენისთვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ხარვეზიანად ჩაატარა, ხოლო კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების ნაწილი - სრულად უყურადღებოდ დატოვა. ამასთანავე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი აჩვენებს, რომ სამსახურმა გამოძიების განახლებაზე უარის დასასაბუთებლად, უმნიშვნელოდ წარმოაჩინა ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი გამოძიების ხარვეზები და მათი გავლენა გამოძიების შედეგებზე.
ჩვენი მტკიცებით, განახლებულ გამოძიებას აქვს რესურსი და მან უნდა შეისწავლოს შემდეგი საკითხები:
შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოების მიერ ხშირად განმეორებად მოსაზრებას, რომ გამოძიებას არ აქვს რესურსი ამ საქმეზე დადგინოს სიმართლე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მივიჩნევთ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 წლის დაგვიანებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მიღებული დასკვნა გამოძიების განახლების მიზანშეუწონლობის შესახებ, სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლიდან (სიცოცხლის უფლება და ეფექტიანი გამოძიება) და 46-ე მუხლიდან (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ძალა) გამომდინარე ვალდებულებების უხეში დარღვევის გამოვლინებაა და მინისტრთა კომიტეტისგან სათანადო შეფასებას საჭიროებს. კონვენციის 46-ე მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებს, განახორციელონ ყველა აუცილებელი ღონისძიება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულებისთვის, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მსხვერპლისთვის დარღვეული უფლებების აღდგენას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და პასუხისმგებელი პირების დასჯა. ამ ვალდებულების საწინააღმდეგოდ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების დადგომის გაუმართლებელი გაჭიანურება და დაზარალებულის ლეგიტიმური ინტერესების მუდმივი უგულებელყოფა ახანგრძლივებს ოჯახის ტანჯვას, და დეჰუმანიზების უმძიმესი მაგალითია.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაჩალიკაშვილის საქმის გარდა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების პრობლემა საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სხვა საქმეებშიც ვლინდება. საქართველოს წინააღმდეგ მიღებული საქმეების სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველო აღუსრულებელი გადაწყვეტილებების მაჩვენებლებით, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ბოლოდან მესამე ადგილზეა აზერბაიჯანის და სერბეთის შემდეგ. ამასთან გაზრდილია აღუსრულებელი მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმეების რიცხვი, რომელთა ნაწილი 10 წელზე მეტი ხანია შეუსრულებელი რჩება. აღუსრულებლობის ტენდენცია განსაკუთრებით ნეგატიურ შინაარსს სიცოცხლის და წამების დაუშვებლობის უფლებასთან კავშირში იღებს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა.[5]
მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების თაობაზე წარდგენილ მოსაზრებებს მინისტრთა კომიტეტი 2025 წლის 10-12 ივნისს გამართულ სხდომაზე შეაფასებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვას და კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ვიმედოვნებთ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაითვალისწინებს ჩვენს მიერ წარდგენილ პოზიციას და სახელმწიფოს კიდევ ერთხელ ექსპლიციტურად დაავალდებულებს, ჩაატაროს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დამოუკიდებელი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება.
[1] Rule 9(1) submission to the Committee of Ministers of the Council of Europe concerning the implementation of Machalikashvili & Others v. Georgia (no. 32245/19) as part of the Tsintsabadze group by the Social Justice Center and the European Human Rights Advocacy Centre, 07.05.2025 https://hudoc.exec.coe.int/?i=DH-DD(2025)537E
[2] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობას ადამიანის უფლებათა სხდომების ფარგლებში აფასებს, რომლებიც წელიწადში 4-ჯერ ტარდება: მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში.
[3] SJC, „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ვრცელი მიმოხილვა”, 20.01.2023 https://socialjustice.org.ge/ka/products/machalikashvili-da-skhvebi-sakartvelos-tsinaaghmdeg-sakmeze-evropuli-sasamartlos-gadatsqvetileba-vrtseli-mimokhilva
[4] “ SJC, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულებაზე საგანგებო ანგარიშით მიმართა”, 13.08.2024 https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentrma-evropis-sabchos-ministrta-komitets-machalikashvilis-sakmis-aghsrulebaze-sagangebo-angarishit-mimarta
[5] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მაჩვენებლების შეფასება, 01.07.2024 https://socialjustice.org.ge/ka/products/sakartvelos-mier-adamianis-uflebata-evropuli-sasamartlos-gadatsqvetilebebis-aghsrulebis-machveneblebis-shefaseba
ინსტრუქცია