[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ანგარიში

მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ვრცელი მიმოხილვა

19 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განმცხადებლების მოთხოვნა და დადგინდა სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებაში გამოვლენილი ფუნდამენტური დარღვევების გამო. დიდწილად სწორედ გამოძიებაში არსებული ხარვეზები გახდა იმის მიზეზი, რომ სასამართლომ, ვერ უპასუხა საკვანძო კითხვას - იყო თუ არა თემირლანის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა არაპროპორციული, და შესაბამისად, ვერ შეძლო სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევის აღიარება. ევროსასამართლომ არ განიხილა მოსარჩელეთა მოთხოვნები სპეცოპერაციის ჩატარების დროს მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. ასევე, სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე უფლების დარღვევის დამოუკიდებელი შეფასება, რადგან ამ საკითხს სრულად მოიცავს მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ გადაწყვეტილების მიმოხილვას, რომელშიც წარმოდგენილია სასამართლოს შეფასება ყველა საკვანძო საკითხზე.

  • სიცოცხლის უფლების დარღვევის პროცედურული ნაწილი

სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევის ნაწილში სასამართლომ შეაფასა გამოძიების დამოუკიდებლობის, ადეკვატურობის და საქმეში დაზარალებულის ჩართულობის საკითხი და მიიჩნია, რომ ვერცერთ ასპექტში გამოძიება ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილ სტანდარტს.

  • გამოძიების დამოუკიდებლობა

ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტები გამოძიების დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ სპეცოპერაციის დასრულებისთანავე პირველი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის თემირლანის ოთახის ჩხრეკა და საქმისთვის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების - ხელყუმბარის ამოღება ჩატარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ, რომლებიც ვერ ჩაითვლებიან სპეცოპერაციაში მონაწილე პირებისგან დამოუკიდებელ სუბიექტებად. სასამართლოს განმარტებით, გამოძიება, რომელიც პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დაიწყო, ეყრდნობოდა სუს-ის მიერ თავდაპირველად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. სასამართლომ მიუთითა, რომ, როგორც მსგავს კონტექსტში არაერთხელ განუმარტავს, საწყისი პროცედურული ხარვეზები [საგამოძიებო მოქმედებების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით] საფრთხის ქვეშ აყენებს გამოძიების შემდგომ განვითარებას.“

  • გამოძიების ადეკვატურობა

გამოძიების ადეკვატურობის შეფასებისას, სასამართლომ რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება. პირველ რიგში, სასამართლომ იმსჯელა, რამდენად ადექვატური იყო გამოძიების ფარგლები და მოიცავდა თუ არა იგი სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილს. ამ ასპექტში, სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლების განმეორებითი მოთხოვნების შედეგად, სუს-ის მაღალჩინოსნები 20 თვის დაგვიანებით, თუმცა მაინც იყვნენ გამოკითხულნი სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ჩატარების გარემოებებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, სასამართლოს მითითებით, ამ ნაწილში გამოძიება შეზღუდული იყო იმ ფონზე, რომ საქმეში არ არსებობდა სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის ამსახველი არანაირი დოკუმენტი ან/და ანგარიში.

გარდა ამისა, სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მტკიცებულებების მოპოვების გარემოებებს და ამ კუთხით გამოძიების დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ პრობლემას. სასამართლოს განმარტებით, თემირლანის ოთახის ჩხრეკა ჩატარდა სუს-ის გამომძიებლების მიერ, რომლებიც არ იყვნენ სპეცრაზმელებისგან საკმარისად დამოუკიდებელი პირები. ჩხრეკის შემდეგ, არ მოხდა შემთხვევის ადგილის დაცვა და მისი თავდაპირველი მდგომარეობის შენარჩუნება... ამ დარღვევას კი, პირდაპირი შედეგი ჰქონდა გამოძიებაზე.“ მაგალითისთვის, სასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა თემირლანის ოთახიდან ამოღებული მობილური ტელეფონის მდებარეობა გასროლის მომენტში და მასზე არსებული სისხლის კვალის წარმომავლობა, ასევე შემთხვევის ადგილზე ყურსასმენების არსებობის ფაქტი. ამ გარემოებების დადგენა მნიშვნელოვანი იყო გასროლის მომენტში თემირლანის ქმედებების განსასაზღვრად და სახელმწიფოს მიერ განვითარებული ვერსიის სანდოობის გადასამოწმებლად. რაც შეეხება ხელყუმბარის თავდაპირველი ადგილმდებარეობის დადგენას, სასამართლომ დაუშვა, რომ მისი გადაადგილება შესაძლოა საჭირო გამხდარიყო თემირლანისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. აქვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელყუმბარა თავად სუს-ის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს, და მათვე ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან.

სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ სპეცოპერაციაში მონაწილე პირები, იყვნენ თემირლანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ერთადერთი თვითმხილველები და შესაბამისად, მათ ჩვენებებს ჰქონდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ღირებულება. ამიტომ, სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია სპეცრაზმელების 5 კვირის დაგვიანებით გამოკითხვა, რადგან გამოკითხვის გაჭიანურებით შეიქმნა მათ შორის ვერსიების შეჯერების რისკები. ამასთან, დროის გასვლასთან ერთად გართულდა სპეცრაზმელების მიერ საქმის დეტალების გახსენება. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ სპეცრაზმელებმა შეადგინეს სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ რაიმე ანგარიში. სასამართლოს თანახმად, ამ გარემოებებს განმცხადებლებსა და საზოგადოებაში შეიძლება შეექმნა შთაბეჭდილება, რომ უსაფრთხოების ძალების წევრები მოქმედებდნენ ვაკუუმში და, შესაბამისად, არ იყვნენ საკუთარი ქმედებებისთვის ანგარიშვალდებულები მართლმსაჯულების ორგანოების წინაშე. საბოლოოდ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სპეცრაზმელების გამოკითხვის გაჭიანურება მიანიშნებდა გამოძიების არაადეკვატურობაზე.

  • დაზარალებულის მონაწილეობა პროცესში

სასამართლომ ცალკე იმსჯელა დაზარალებულის პროცესში მონაწილეობაზე, როგორც ეფექტური გამოძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის დაგეგმვისა და აღსრულების ფაზასთან დაკავშირებით ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებაზე - სპეცრაზმელთა ჩვენებებზე წვდომა განმცხადებლებს გამოძიების დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე მიენიჭათ. შესაბამისად, მათ შეეზღუდათ გამოძიებაში ეფექტური მონაწილეობის შესაძლებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილება საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით სწორედ სპეცრაზმელთა ჩვენებებში განვითარებულ ვერსიას დაეყრდნო. სახელმწიფოს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი განმცხადებლებისათვის ამ მტკიცებულების დაგვიანებით გაცნობის გასამართლებლად.

გარდა ამისა, სასამართლოს მითითებით, იმის გამო, რომ პროკურატურამ უარი თქვა განმცხადებლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, მან ვერ შეძლო გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემა გამოვლინდა საქართველოს წინააღმდეგ არსებულ სხვა საქმეებშიც. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პროკურორის გადაწყვეტილებებზე სასამართლო კონტროლი მნიშვნელოვანი გარანტიაა სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ, განმცხადებლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შედეგად, შეუძლებელი გახადა მის მიერ კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი პროცედურული უფლების გამოყენება.“

მთლიანობაში, სასამართლომ გაიზიარა ყველა ის ფუნდამენტური არგუმენტი რომელზეც განმცხადებლები საგამოძიებო ორგანოებთან, და შემდეგ სტრასბურგში წარდგენილ განაცხადში უთითებდნენ. პირველადი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, მათ შორის საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებისას გამოვლენილი ხარვეზები, სპეცოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის საკითხის არასათანადო გამოკვლევა, სპეცრაზმელთა დაგვიანებული გამოკითხვა და განმცხადებლისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი გახდა საფუძველი იმისა, რომ სასამართლოს დაედგინა სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა.

  • სიცოცხლის უფლების დარღვევის არსებითი ნაწილი

სიცოცხლის უფლების დარღვევის შინაარსობრივ ნაწილზე მსჯელობისას, სასამართლომ ჩათვალა, რომ ეროვნული კანონმდებლობა საკმარისად მკაფიოდ გაწერს ლეტალური ძალის გამოყენების ჩარჩოს. რაც შეეხება სპეცოპერაციის განხორციელების გარემოებებს, სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცოპერაციის ჩატარებისას არ იდგა სპონტანური გამოწვევის წინაშე, რადგან მას სამი დღე ჰქონდა თემირლანის დაკავების ოპერაციის დასაგეგმად. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სპეცოპერაცია არ ტარდებოდა ტერორისტული აქტის თავიდან ასაცილებლად. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ წარმოუდგენია დოკუმენტები და მასალები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიყენა ოპერაციის დაგეგმვის, მიმდინარეობის დასრულების დროს. ფორმალური ანგარიშები იმის თაობაზე, როგორ დაიგეგმა და განვითარდა ოპერაცია ასევე არ მოიპოვება გამოძიების მასალებში და ამაზე, მთავრობას არ წარმოუდგენია სათანადო ახსნა-განმარტება.“

სასამართლოს განმარტებით, თემირლანის გარდაცვალების გარემოებები არ უტოლდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც სიკვდილი დგება პატიმრობაში, ან სხვა ისეთ სიტუაციაში, როდესაც სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს. ამაზე დაყრდნობით, სასამართლომ ჩათვალა, რომ ძალის გამოყენების პროპორციულობასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე არ უნდა გადასულიყო. ამ მხრივ, სასამართლომ მიიჩნია, რომ საკვანძო კითხვა უკავშირდებოდა თემირლანის ქცევას მის ოთახში სპეცრაზმელების შეჭრის მომენტში. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა ორი ურთიერთსაპირისპირო ვერსიის არსებობას. კერძოდ, გამოძიების ვერსიით, თემირლანის მისამართით გასროლა განხორციელდა მის მიერ ხელყუმბარის გააქტიურების მცდელობის შემდეგ. ამის საპირისპიროდ, განმცხადებლები უთითებდნენ, რომ, სპეცრაზმელების შეჭრის მომენტში თემირლანი, დიდი ალბათობით, მობილური ტელეფონით სარგებლობდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ თემირლანის ოთახიდან ამოღებულ ხელყუმბარას აჩნდა მისი სისხლის კვალი, საკმარისი აღმოჩნდა სტრასბურგის სასამართლოსთვის დამაჯერებლად მიეჩნია სახელმწიფოს ვერსია მტკიცების ტვირთის განაწილებისას სასამართლოს თანახმად, ასეთ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის წინაშე არსებული მტკიცებულებები შეუძლებელს ხდის ამ ორი კონფლიქტური ვერსიის შეფასებას, იმის მიუხედავად, რომ ეს, როგორც მინიმუმ ნაწილობრივ გამომდინარეობს გამოძიების ხარვეზებიდან.“ მტკიცების ტვირთის საკითხზე მსჯელობის დროს, სასამართლო ასევე უთითებს, რომ ის ითვალისწინებს, რომ სპეცოპერაციის მიზანი იყო თემირლანის დაკავება ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში და, 2017 წლის 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის ფონზე, თემირლანის შესაძლო შეიარაღების მოლოდინი სუს-ს შეიძლებოდა ჰქონოდა.

გარდა ამისა, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული საქმის გარემოებები არ შეუფასებია ეროვნულ სასამართლოს. სასამართლოს პოზიციით, იგი ვერ შეითავსებს პირველი ინსტანციის სასამართლოს როლს რადგან მოწყვეტილია ადგილობრივ გარემოებებს და არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა შეაფასოს რა ვითარებაში გაისროლა სპეცრაზმელმა და იყო თუ არა სპეცრაზმელების ოთახში შესვლის მომენტში თემირლანი მათი ეფექტური კონტროლის ქვეშ.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სუს-ის ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა ვერ შეძლო ოპერაციის ადგილზე სასწრაფო დახმარების ორგანიზება, რამაც გააჭიანურა თემირლანის საავადმყოფოში გადაყვანა და მისთვის ხელოვნური სუნთქვის მიწოდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ თემირლანს გადაუდებელი დახმარება გაუწია სუს-ის სამედიცინო პერსონალმა და ჰოსპიტალიზაციის დაგვიანებასა და გარდაცვალებას შორის კავშირი არ გამოვლინდა.

საბოლოოდ კი, სასამართლოს დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა თემირლანის გარდაცვალებაში სახელწმიფოს პასუხისმგებლობა და კონვენციის მე-2 მუხლის შინაარსობრივი დარღვევა.

  • მოსამართლე გნატოვსკის განსხვავებული აზრი ამ საკითხზე

მეხუთე სექციის ერთ-ერთი მოსამართლე - გნატოვსკის განსხვავებული აზრის თანახმად, სასამართლოს პროცედურულთან ერთად, უნდა დაედგინა სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევაც. განსხვავებული აზრის ავტორმა გააკრიტიკა სასამართლოს მიერ ძალის გამოყენების პროპორციულობასთან დაკავშირებით საკვანძო საკითხის შეფასება, კერძოდ კი, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი. გნატოვსკის აზრით, სახელმწიფოს მიერ განვითარებულ ვერსიას ეჭქვეშ აყენებდა განმცხადებლების მიერ მითითებული არაერთი გარემოება, მათ შორის ხელყუმბარის ამოღების და გამოკვლევის გარემოებები. გნატოვსკის მითითებით, მსგავს საქმეებში, როდესაც სადაო მოვლენები სრულად, ან უმეტესად ხელისუფლების ექსკლუზიური ცოდნის სფეროში ექცევა, ევროსასამართლოს დადგენილი პრაქტიკა ითვალისწინებს მტკიცების ტვირთის მთავრობაზე დაკისრებას. განსხვავებული აზრის ავტორის თანახმად, ხელისუფლების მიერ ეფექტური სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა პირდაპირ კავშირშია მის შინაარსობრივ დარღვევასთან, რადგან მხოლოდ გამოძიების გზით არის შესაძლებელი საქმეზე სიმართლის დადგენა. შესაბამისად, სახელწმიფოს ევალებოდა საქმის ეფექტური გამოძიება და ძალის გამოყენების პროპორციულობასთან დაკავშირებით გონივრული და დამაჯერებელი ახსნა-განმარტების წარმოდგენა, რაც მან ვერ უზრუნველყო.

  • კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის შეფასება

სასამართლომ განმცხადებლების მოთხოვნის ის ნაწილი, რომლითაც ისინი დაობდნენ სპეცოპერაციის ჩატარების დროს მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელ მოპყრობის თაობაზე დაუშვებლად მიიჩნია. სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ეჭქვეშ დაეყენებინა ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა და გონივრულობა ღამით, 32 შეიარაღებული და ნიღბიანი სპეცრაზმელის მონაწილეობით. სასამართლოს მითითებით, ამგვარი ოპერაციები გარდაუვლად იწვევს ნეგატიური ემოციებს და შესაბამისად, „განმცხადებლებზეც ჰქონდა მძიმე გავლენა. თუმცა, სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ მიუთითებდა, რომ სპეცოპერაცია მიზნად ისახავდა განმცხადებლებისთვის შიშის ჩანერგვას ან მათ მიმართ დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო ის სტრესი და მღელვარება, რომელსაც განმცხადებლები ოპერაციის დროს დაექვემდებარნენ, სასამართლოს აზრით, არ გასცდენია იმ ზღვარს, რაც მოსალოდნელია ამგვარი ტიპის ოპერაციების დრს. კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე მსჯელობისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ აპლიკანტებს პირველივე გამოკითხვის დროს არ დაუყენებიათ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ პრეტენზია, ხოლო პირველმა განმცხადებელმა (ვახა მაჩალიკაშვილმა) უარი თქვა შეთავაზებულ სამედიცინო შემოწმებაზე.

  • შეჯამება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში სიცოცხლის უფლების არსებით ასპექტზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მსჯელობა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციასთან არ მოდის შესაბამისობაში და ამ საქმეზე განმცხადებლების უფლებების სრულყოფილი აღდგენისთვის და მომავალში მსგავსი ტიპის საქმეებზე მკაფიო და თანმიმდევრული პრეცედენტული სამართლის განვითარებისთვის, ეს მნიშვნელოვანია. ამ კუთხით პალატის წევრი მოსამართლის განსხვავებული აზრი ჩვენს სარჩელს პოზიციას უმაგრებს. დიდ პალატაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 3 თვე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“