საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მთავრობის მიერ წარდგენილი შეპასუხების ანალიზი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოდგენილ საბოლოო პოზიციას აფასებს და მიუთითებს, რომ საერთაშორისო სასამართლოშიც კი ხელისუფლება აგრძელებს მსხვერპლისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას და აშკარად დაუსაბუთებეულ და ფაბრიკაციულ ინფორმაციაზე აპელირებს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 23 ოქტომბერს დაჩქარებული წესით დაიწყო. 2020 წლის 21 ნოემბერს სოციალური სამართლიანის ცენტრმა გააგზავნა მისი შეპასუხება მთავრობის მოსაზრებებზე. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავრობამ ევროპულ სასამართლოში წარადგინა მისი საბოლოო პოზიცია, რითიც დასრულდა მხარეთა შორის შეპასუხების ფაზა.
მიუხედავად, იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის გარემოებები არ წარმოადგენს ოჯახის მიერ სტრასბურგში წარდგენილი განაცხადის დავის საგანს, კომუნიკაციის ყველა ეტაპზე სასამართლოსთვის მთავრობის მიერ გაგზავნილი მოსაზრებების დიდი ნაწილი ეთმობა სწორედ თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის წარმოჩენისა და მისი ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირების მცდელობას. სამწუხაროდ მთავრობა კვლავ ცალმხრივი და დამახინჯებული ინფორმაციითა და არგუმენტებით ცდილობს თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას და ამ გზით, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული ფართომასშტაბიანი უკანონო სპეცოპერაციის დაგეგმვისა და აღსრულებისას მიღებული გადაწყვეტილებების გამართლებას.[1]
წარმოდგენილ განცხადებაში გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობის (ევროპულ სასამართლოში მას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს) მიერ წარმოდგენილ რამდენიმე პრობლემურ, დაუსაბუთებელ და აშკარად ფაბრიკაციულ მოსაზრებაზე.
საქართველოს მთავრობის დაუსაბუთებელი ბრალდებები თ. მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის განხორციელების თაობაზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეპასუხებაზე წარდგენილ დამატებით და საბოლოო მოსაზრებებში საქართველოს მთავრობამ კვლავ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის დაუსაბუთებელი ბრალდებებზე გააკეთა აპელირება. ამ მიზნით, მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მსჯავრდებული ბ.ჩ.-ს ჩვენება, სადაც მსჯავრდებული საუბრობს მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ა. ჩატაევისა და მისი გარემოცვის წევრებთან თითქოსდა კავშირზე და ტერორისტულ დაჯგუფებასთან მათი აფილაციის თითქოსდა ცოდნის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ჩვენების გაცნობის შესაძლებლობა სოციალური სამართლიანობის ცენტრს ამ დრომდე არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (შემდგომში სუს) თ. მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიების შეწყვეტის შემდგომ მოგვცა შესაძლებლობა გავცნობოდით საქმის იმ მასალებს, რომლებიც დაკავშირებული იყო თ. მაჩალიკაშვილთან, რატომღაც სუს-მა არ უზრუნველყო მითითებული ჩვენების ჩვენთვის გაცნობა. როგორც ცნობილია, ბ. ჩ-ს დამნაშავედ იქნა ცნობილი ტერორიზმის მხარდაჭერის სისხლის სამართლის საქმეში, თუმცა 3 წლის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რის საფუძველზეც მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2020 წლის დეკემბერში დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბ.ჩ-ს და კიდევ ერთი პირის, გ.ზ.-ს საქმის განხილვა პირველივე თვეებში გამოიყო ცალკე, რაც აჩენდა მოლოდინს, რომ ამ პირებთან გამოძიება თანამშრომლობას იმთავითვე ცდილობდა.
ზემოთ მითითებულ ჩვენებაში ბ. ჩ. აღნიშნავს, რომ ის იცნობდა პანკისის ხეობაში მყოფ ორ პირს (სეიფულას და აბდულას), იცოდა რომ იყვნენ ა. ჩატაევის დაჯგუფების წევრები (და იბრძოდნენ სირიაში) და მათ დახმარებას უწევდნენ რამაზ მარგოშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი. ბ. ჩ-ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, სეიფულას და აბდულას ა. ჩატაევთან კავშირის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა თემირლან მაჩალიკაშვილს და მათი დახმარების მიზნით გახსნა საბანკო ანგარიში, ხოლო როდესაც ა. ჩატაევი საქართველოში შემოვიდა, ამ ფაქტის გაუმჟღავნებლობის შესახებ თავად ბ.ჩ. პირადად გააფრთხილა ერთ-ერთმა მსჯავრდებულა რ. ა.-მ და მიუთითა, რომ თ. მაჩალიკაშვილისა და სხვებს თავად გააფრთხილებდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამჩვენებაში მითითებული ინფორმაცია ბ.ჩ.მ მალხაზ მაჩალიკაშვილთან პანკისის ხეობაში დაგეგმილი საგანგებო საჯარო განხილვისას სრულად უარყო და მიუთითა, რომ გამოკითხვის ოქმს ხელი შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერა, ვინაიდან მასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისულმა პირებმა დაარწმუნეს, რომ ჩვენებაში უჩვეულო არაფერი ეწერა. ბ. ჩ.-მ მალხაზ მაჩალიკაშვილს აგრეთვე მიუთითა, რომ მას არასდროს ჰქონია ინფორმაცია საქმეში მაჩალიკაშვილების მონაწილეობის შესახებ.
აღნიშნული განმარტების პარალელურად, ბ.ჩ.-ს ჩვენების არასანდოობაზე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება მიუთითებს. მათ შორის,
აღნიშნული გარემოებებისა და კითხვებზე პასუხების არარსებობის პირობებში კი მითითებული ჩვენება არასანდო ჩანს და არსებითად სპეკულაციურია.
მთავრობის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებების ფრაგმენტულობასა და ბრალდებების დაუსაბუთებლობაზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება მის საჯარო განცხადებებში.[2] ქვემოთ შევეხებით კიდევ რამდენიმე გარემოებას, რომელიც დამახინჯებულად არის წარმოჩენილი ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ მთავრობის საბოლოო მოსაზრებებში.
2.1. მოსაზრებები, რომელიც არ არის გამყარებული არც ერთი მტკიცებულებით
2.2. მოსაზრებები, რომელიც აშკარად არაზუსტი და განზრახ არასრულია
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა არაერთხელ მიუთითა, რომ თემირლანის სახელზე ნომრის რეგისტრაცია თავისთავად არ ადასტურებს მის მიერ ამ ნომრით სარგებლობის ფაქტს. როგორც მთავრობის მიერ წარმოდგენილ დათვალიერების ოქმშივეა აღნიშნული, თემირლანის სახელზე რეგისტრირებული ერთ-ერთი ნომრით (დაბოლოებით „-29“) პერიოდულად სარგებლობდნენ სხვადასხვა პირები, რომლებიც 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში შესაძლოა ცხოვრობდნენ ვარკეთილის ტერიტორიაზე.
გარდა იმისა, რომ მთავრობამ დამახინჯებულად წარმოაჩინა თემირლანის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებები, იგი გასცდა ეროვნულ დონეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებსაც კი, რომელიც მოიცავდა მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფების მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებას. კერძოდ, მთავრობას შეცდომაში შეჰყავს სტრასბურგის სასამართლო, როდესაც ახსენებს თემირლანის შესაძლო ჩართულობას ტერორისტული დაჯგუფების წევრებისათვის იარაღის ტრანსპორტირებასა და მიწოდებაში. თუმცა ამგვარ ჩართულობაზე არ მიუთითებს საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება.
სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენილ მოსაზრებებში, მთავრობა ასევე აშკარად არასწორედ მიუთითებს, რომ განმცხადებლებს სადავოდ არ გაუხდიათ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შედეგები, მაშინ, როდესაც გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში, განმცხადებლები გამუდმებით მოითხოვდნენ გამოძიების მასალებზე წვდომასა და დაცვის უფლების განხორციელებას. მაჩალიკაშვილების ოჯახს საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცათ მხოლოდ გამოძიების შეწყვეტის შემდეგ, რა დროსაც ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა დამატებითი კითხვების დასმა და შუამდგომლობების დაყენება.
დასკვნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების დასაბუთებულობა არ წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დავის საგანს და ეს მსჯელობა არსებითად სცდება მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადის ფარგლებს. სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ საფუძველშივე უადგილო იყო მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე ვრცელი არგუმენტაციის წარმოდგენა და დაცვის სტრატეგიის მეტწილად თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებით აგება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მთავრობის მოსაზრებებში წარდგენილ შეპასუხებაში მკაცრად გააკრიტიკა მთავრობის ეს დაუსაბუთებელი პოზიციები. სწორედ ამიტომ, მთავრობამ კომუნიკაციის საბოლოო ეტაპზე გადაწყვიტა დამატებითი სისხლის სამართლის მასალების, მათ შორის, ზემოთ განხილული ბ.ჩ.-ს ჩვენების წარმოდგენა, რომელიც მანამდე არც ეროვნულ და არც საერთაშორისო დონეზე არ გამოუყენებია. იმ პირობებში, როდესაც არც ერთ ბრალდებულ პირს თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და თავად ამ ჩვენების აღების გარემოებები და კონტექსტი კი აშკარად საეჭვო და არასანდოა, წარმოდგენილი ინფორმაციის სერიოზულობა და დამაჯერებლობას ეჭვის ქვეშ დგება. სამწუხაროდ, ევროპული სასამართლოს პროცედურის შესაბამისად, ჩვენ მთავარობის ბოლო მოსაზრებებზე ჩვენი კომენტარების წარდგენის შესაძლებლობა არ გვაქვს. სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მთავრობის ამ უპასუხისმგებლობაზე საზოგადოების ინფორმირება და ჩვენი კრიტიკის წარმოდგენა.
სამწუხაროდ, ჩადენილი მძიმე დანაშაულის აღიარებისა და ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება პირველივე დღეებიდან ცდილობს მაჩალიკაშვილების ოჯახის დევნასა და დეჰუმანიზებას. ხელისუფლებამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს არც ეროვნულ დონეზე მისცა მათი ვაჟის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში მონაწილეობისა და მისი უდანაშაულების მტკიცების შესაძლებლობა. სახელმწიფო უწყებებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არასდროს უმოქმედიათ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპით და ეს საქმე ბოლო წლებში ადამიანის უფლებების ხელყოფის ყველაზე მძიმე და სერიოზულ შემთხვევად რჩება. სამწუხაროდ, მთავრობამ შეცდომაში შემყვანი და აშკარად ფაბრიკაციული, სპეკულაციური და არაზუსტი ინფორმაციის გამოყენების სტრატეგია ასევე გამოიყენა ისეთ ავტორიტეტულ სასამართლოში, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ცხადია, ჩვენ დარწუნებულები ვართ, რომ ევროპული სასამართლო მთავარობის ამ მოსაზრებებს კრიტიკულ სამართლებრივ შეფასებას მისცემს და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ჩვენი დავის საკვანძო არგუმენტებს და პრეტენზიებს გაითვალისწინებს.
[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული სახელმწიფოს მოსაზრებებზე წარდგენილი შეპასუხების მიმოხილვა ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/machalikashvili-da-skhvebi-sakartvelos-tsinaaghmdeg-sakmeze-evropul-sasamartloshi-mimdinare-komunikatsiis-mimokhilva-1
[2] სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული დეტალური სამართლებრივი შეფასება თ. მაჩალიკაშვილის წინაააღმდეგ მიმდინარე გამოძიების საქმეზე, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/temirlan-machalikashvilis-tsinaaaghmdeg-mimdinare-gamodziebis-kritikuli-shefaseba
[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული დეტალური სამართლებრივი შეფასება თ. მაჩალიკაშვილის წინაააღმდეგ მიმდინარე გამოძიების საქმეზე, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/temirlan-machalikashvilis-tsinaaaghmdeg-mimdinare-gamodziebis-kritikuli-shefaseba
ინსტრუქცია