საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ შეტანილ განაცხადზე მთავრობის მოსაზრებებს. თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლო დაჩქარებული წესით დაიწყო და ამ ეტაპზე დავა მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაშია შესული.
EMC-მა განაცხადი ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 6 ივნისს გააგზავნა. 2019 წლის 23 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლო უკვე დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. პანდემიის გამო პროცესის გადავადების გამო, მთავრობის პოზიციები ჩვენ 2020 წლის 1 სექტემბერს გვეცნობა. 2021 წლის 21 ნოემბერს EMC-იმ მთავრობის პოზიციებსა და პასუხებს უპასუხა და მისი წერილობითი დასაბუთება ევროპულ სასამართლოში წარადგინა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მოსარჩელეები, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - ვახა მაჩალიკაშვილი, დედა - მედიკო (აიზა) მარგოშვილი, და - ნატა მაჩალიკაშვილი და ბებია ელენე მაჩალიკაშვილი დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.[1]
ქვემოთ წარმოდგენილი დოკუმენტი მიმოიხილავს მთავრობის პოზიციებსა და მათზე ჩვენს შეპასუხებას.
მთავრობის პოზიციაში წარმოდგენილი აშკარა ფაქტობრივი უზუსტობები თემირლანის უკანონო კავშირებთან დაკავშირებით
მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გაიმეორა თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის დაუსაბუთებელი ბრალდებები და მისი დეჰუმანიზაციის მცდელობები, რაც ეროვნულ დონეზე არაერთხელ იქნა გაკრიტიკებული EMC-ს მიერ.[2]
კერძოდ, მოსაზრებებში მთავრობამ წარმოადგინა 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრ-ტერორისტული ოპერაციის ფაქტობრივი გარემოებების ვრცელი აღწერა და შეეცადა აჰმედ ჩატაევსა და მისი ტერორისტული დაჯგუფების წევრებთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირების ხაზგასმას. მიუხედავად იმისა, რომ თემირლანის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე მაჩალიკაშვილების ოჯახს არ მისცემია დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობა, სახელმწიფომ კვლავ უგულებელყო თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი და გააკეთა ცალმხრივი მითითებები იმის შესახებ, რომ საქმეში მოიპოვებოდა ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან თემირლანის კავშირის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება. თუმცა, შეცდომაში შემყვანი განცხადებების მიღმა, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აღნიშნული ბრალდების დოკუმენტური გამყარება, რადგან, როგორც EMC-მ არაერთხელ მიუთითა, საქმეში არსებული მტკიცებულებები ფრაგმენტული, გადაუმოწმებელი და არაზუსტია და არ იძლევა თემირლანის ბრალეულობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაციის დაგეგმვის ეტაპთან მთავრობის მიერ წარმოდგენილი პოზიციები და განმცხადებლის არგუმენტები
2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაციის დაგეგმვის ხარვეზებთან დაკავშირებით განმცხადებლების არგუმენტების საპასუხოდ, სახელმწიფო შეეცადა ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვას ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებაზე მითითებით. სახელმწიფომ ხაზი გაუსვა თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან დაკავების პროცესში შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის რისკებს. თუმცა, ჩვენ ევროპული სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებებები თემირლანის დაკავებისა და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის თაობაზე არ შეიცავდა მისი შესაძლო შეიარაღების დამადასტურებელ არცერთ მტკიცებულებას. თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაცია განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე და მასზე არ გავრცელებულა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონტ-ტერორისტული ოპერაციის განსაკუთრებული რეჟიმი. ამასთან, თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების შესახებ განჩინება გამოცემული იყო 23 დეკემბერს, რაც სახელმწიფო ორგანოებს აძლევდა საკმარის დროს ოპერაციის დასაგეგმად და საფრთხეების გასათვალისწინებლად. შესაბამისად, დაუსაბუთებელია თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაციის შედარება ისეთ საგამონაკლისო კონტრ-ტერორისტულ ოპერაციებთან, რომლის დროსაც სახელმწიფოს უწევს განსაკუთრებით მასშტაბურ და მოულოდნელ ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავება და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.[3]
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაშვება იმის შესახებ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დასაკავებელ პირთა მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის რისკები არსებობდა, დაუსაბუთებელია, ამ დაშვების პირობებშიც მას ჰქონდა ვალდებულება სპეცოპერაციის დაგეგმვის ეტაპზე გაეთვალისწინებინა შემდეგი საკითხები: იარაღის ტიპი, რომელიც შესაძლოა ჰქონოდათ დასაკავებელ პირებს; დაკავების არალეტალური მეთოდები და მშვიდობიანი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მოლაპარაკების ტექნიკები; შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში ტერიტორიაზე მესამე პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დასაკავებელი პირების ყოველდღიური რეჟიმი და მათი დაკავების საუკეთესო ადგილი და დრო. მთავრობამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი დოკუმენტი რომელიც ასახავდა 2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაციის დაგეგმვისას ზემოთ მითითებულ საკითხების ანალიზსა და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხეების შემცირებას.
ამ პირობებში, სპეცრაზმელებს მინიჭებული ჰქონდათ გაუმართლებლად ფართო ავტონომია, რამაც კიდევ უფრო გაზარდა სპეცოპერაციის ჩატარებისას გადამეტებული ძალის გამოყენებისა და სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.[5]
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ღამის საათებში სპეც-ოპერაციის ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნას, რომლის მხიედვითაც, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ დღის საათებში, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.[6]
2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაციის განხორციელება
სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა დამაკმაყოფილებელი დასაბუთება 2017 წლის 26 დეკემბერს თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ძალის გამოყენების პროპორციულობისა და აუცილებლობის შესახებ.[7] მთავრობის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ თემირლანის მიმართ გასროლა განხორციელდა აუცილებელი მოგერიების პირობებში, მთლიანად ეყრდნობა სპეცოპერაციის მონაწილე სპეცრაზმელთა ჩვენებებს და მოკლებულია დამაჯერებლობას შემდეგი გარემოებების გამო:
თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ვერსიის მთავარ მტკიცებულებად წარმოდგენილია თემირლანის ოთახიდან ამოღებული ხელ-ყუმბარა, რომელზეც გენეტიკური ექსპერტიზის თანახმად აღმოჩნდა თემირლან მაჩალიკაშვილის სისხლის კვალი. თუმცა, დაქტილოსლოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხელყუმბარაზე არ დაფიქსირდა თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები.
გარდა ამისა, ხელყუმბარის ამოღების, შენახვისა და მასზე ექსპერტიზის ჩატარების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები ეჭქვეშ აყენებს ამ მტკიცებულების სანდოობას:
თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობა დამატებით აყენებს ეჭქვეშ სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ვერსიის სანდოობას.
გამოძიების არაეფექტურობა
თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიება პირველი ეტაპიდანვე მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა.
დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევა
თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდან საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების, მათ შორის ხელყუმბარის ამოღება ჩაატარეს სროლის განმახორციელებელი პირების პირდაპირმა კოლეგებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რაც ეწინააღმდეგება გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპს.[10] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშივე ინახებოდა აღნიშნული მტკიცებულებები 5 კვირის განმავლობაში, რა დროსაც ხელყუმბარაზე ჩატარდა გენეტიკური, დაქტილოსკოპიური და ბალისტიკური ექსპერტიზები. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების გამომძიებლებმა არ უზრუნველყვეს შემთხვევის ადგილის დაცვა, პროკურატურის წარმომადგენლების მისვლამდე, რამაც გაზარდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაკარგვისა და განადგურების საფრთხე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის მიერ სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გაკეთებული განცხადება ცხადყოფს, რომ სახელმწიფომ უპირობოდ გაიზიარა თემირლანის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ვერსია, რამაც თავიდანვე ეჭქვეშ დააყენა გამოძიების ობიექტურად წარმართვის შესაძლებლობა.
გამოძიების შეზღუდული ფარგლები
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შემოიფარგლებოდა თემირლანის მიმართ ძალის გამოყენების აუცილებლობის შეფასებით და არ მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სპეც-ოპერაციის დაგეგმვა და სიცოცხლის მოსპობის რისკების შემცირება და მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაცია და განადგურება. სპეცოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით სუს-ის მაღალჩნოსნები პირველად გამოიკითხნენ 2019 წლის აგვისტოში, სპეცოპერაციის ჩატარებიდან 20 თვის შემდეგ და მათ მიმართ არ დასმულა მნიშვნელოვანი კითხვები დაგეგმვის ეტაპზე გაცემული დეტალური ინსტრუქციების, შედგენილი დოკუმენტებისა და სპეცრაზმელთა სპეციფიკური როლების შესახებ.
ხარვეზები მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით
მიუხედავად განმცხადებლების განმეორებითი მოთხოვნებისა, პროკურატურამ ვერ უზრუნველყო თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში გადაღებულ ფოტოებზე ასახული ყურსასმენების აღმოჩენა. გამოძიებამ ასევე ვერ დაადგინა გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობა და არ უზრუნველყო მასზე აღმოჩენილ სისხლისმაგვარ ლაქებზე ექსპერტიზის ჩატარება.
დაზარალებულის სტატუსზე უარი და საიდუმლო მასალებზე დაშვება
გამოძიების განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუსაბუთებლად არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, რამაზ შეუძლებელი გახადა მის მიერ გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება. გარდა ამისა, მაჩალიკაშვილების ოჯახს საქმისთვის არსებითი მტკიცებულებების - სპეცრაზმელების ჩვენებების გაცნობის შესაძლებლობა 2020 წლის იანვარში, გამოძიების შეწყვეტიდან რამდენიმე დღით ადრე მიეცა. პროკურატურამ არ გაითვალისწინა მაჩალიკაშვილების ოჯახის მოთხოვნმა სპეცრაზმელების ჩვენებების გაცნობის შემდეგ მათი ვერსიების გადამოწმების მიზნით დამატებითი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ.
კონვენციის მე-3 მუხლი
სახელმწიფომ უარყო განმცხადებლების დასაბუთებული არგუმენტები სპეცოპერაციის განმავლობაში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და საქმისთვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად პრიორიტეტი მიანიჭა სპეცზრაზმელთა ჩვენებებს.
2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაციის დაგეგმვის ეტაპზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუთვალისწინებია მაჩალიკაშვილების ოჯახის სახლში ყოფნა და თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების ალტერნატიული სტრატეგია. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობს მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრების ახსნა-განმარტებები და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის დასკვნა მათ მიერ განცდილი მძიმე ფსიქიკური ტანჯვის შესახებ, სახელმწიფოს მოსაზრებით, სპეცოპერაციის ღამის საათებში ჩატარება შეიარაღებული და შენიღბული სპეცრაზმელების მიერ წარმოადგენდა პროპორციულ ზომას დაკავებისას ძალის გამოყენების რისკების შესამცირებლად. ამასთან, სახელმწიფომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების მისამართით იარაღის დამიზნება და მიწაზე დაწვენა ემსახურებოდა უსაფრთხოების ინტერესებს იმის მიუხედავად, რომ არცერთი მათგანი თავად არ ყოფილა რაიმე დანაშაულში ბრალდებული და არ გაუწევია სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობა.
პროკურატურას არ დაუწყია დამოუკიდებელი გამოძიება არასათანადო მოპყრობის საქმეზე და ამ ფაქტან დაკავშირებით სპეცოპერაციის მონაწილეები გამოიკითხა სპეცოპერაციის ჩატარებიდან 20 თვის გასვლის შემდეგ. ამ შემთხვევაშიც, პროკურატურა დაკმაყოფილდა სპეცრაზმელების მხრიდან ზოგადი და ბლანკეტური მითითებით არასათანადო მოპყრობის უარყოფის შესახებ და არ დაუსვამს დამატებითი კითხვები ჩვენებებს შორის წინააღმდეგობების აღმოსაფხვრელად. აღნიშნული ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს არ გამოუვლენია რეალური მცდელობა საქმის გარემოებების დასადგენად და საკუთარი დასკვნები დაამყარა მხოლოდ სპეცრაზმელთა ჩვენებებს.
დასკვნა
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივიჩნევთ, რომ განაცხადში მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით წარმოდგენილი მტკიცებები კონვენციის მე-2 და მე-3, ასევე მე-13 მუხლების დარღვევის შესახებ კარგად დასაბუთებული და არგუმენტირებჯულია და ჩვენი რწმენითა და ევროპული სასამართლოს კარგად ჩამოყალიბებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლომ ის უნდა გაიზიარო.
ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიების აშკარად არაეფექტიანი ხასიათისა და საბოლოოდ, 2020 წლის იანვარში საქმეზე გამოძიების თვითნებური შეწყვეტის პირობებში, ევროპული სასამართლო რჩება ერთადერთ სამართლებრივ მექანიზმად, რომელსაც მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ დარღეული უფლების აღდგენის რეალური პოტენციალი აქვს. უფლების აღდგენის (restitution integrum) ყველაზე ეფექტიანი საშუალება კი საქართველოს მთავრობისთვის ეროვნულ დონზე საქმის ხელახალი გახსნის დავალდებულება იქნება, რაც საქმეზე ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების ჩატარებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას გულისხმოვს. სწორედ ეს არის მაჩალიკაშვილების ოჯახის ცენტრალური ინტერესი და მოთხოვნა ევროპული სასამართლოს წინაშე.
EMC მომავალშიც გაუზიარებს საზოგადოებას სიახლეებს მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე ევროპულ სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებულ სიახლეებს.
[1] EMC-ის განცხადეbა, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-m-temirlan-machalikashvilis-sakmeze-evrosasamartlos-mimarta
[2] EMC-ის მიერ მომზადებული დეტალური სამართლებრივი შეფასება თ. მაჩალიკაშვილის წინაააღმდეგ მიმდინარე გამოძიების საქმეზე, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/temirlan-machalikashvilis-tsinaaaghmdeg-mimdinare-gamodziebis-kritikuli-shefaseba
[3] Finogenov and Others v. Russia, nos. 18299/03 and 27311/03, §212, 20 December 2011; Tagayeva and others v. Russia, no. 26562/07, §571, 18 September 2017; Isayeva and Others v. Russia, no. 57950/00, §215, 24 February 2005
[4] https://emc.org.ge/ka/products/emc-machalikashvilis-sakmeze-sus-is-maghali-tanamdebobis-pirebis-gamokitkhvis-protsess-afasebs
[5] Erdogan and Others v. Turkey, no. 19807/92 25 April 2006
[6] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 პუნქტი
[7] https://emc.org.ge/ka/products/machalikashvilis-sitsotskhlis-khelqofis-sakmis-finaluri-shefaseba-emc
[8] Ramsahai and Others v. Netherlands [GC], no. 52391/99 § 330-331, 10 November 2005
[9] Ayvazyan v. Armenia, no. 56717/08, § 80, 1 June 2017
[10] Ramsahai and Others v. the Netherlands, § 295, 325 and 337-340, Emars v. Latvia, 22412/08, § 85-96, 18 November 2014, Chebab v. France, no. 542/13, § 97-99, 23 May 2019, Kukhalashvili and Others v. Georgia, no. 8938/07, § 132, 2 April 2020
ინსტრუქცია