[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ანალიტიკური დოკუმენტები

თემირლან მაჩალიკაშვილის წინაააღმდეგ მიმდინარე გამოძიების კრიტიკული შეფასება

შესავალი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში სუს), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლით (ტერორიზმის მხარდაჭერა) მიმდინარე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის პროცესს.


როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-მა პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელში, რამდენიმე პირის, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების მიზნით მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცრაზმელის მიერ გასროლილი ტყვიის შედეგად 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულ ოპერაციას წინ უძღვოდა 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაცია, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს, ხოლო ადგილზე მყოფი სხვა პირები იქნენ ლიკვიდირებულები.

სუს-ის განმარტებით, დაკავებული და ლიკვიდირებული პირები "ისლამური სახელმწიფოს" წევრები იყვნენ და სალოსის ქუჩაზე აგრეთვე იმყოფებოდა ახმედ ჩატაევი, რომელმაც თვითლიკვიდაციას მიმართა. სუს-ის განმარტებით მიმდინარე მოვლენების ირგვლივ დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრებ რამდენიმე პირს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა სალოსის ქუჩაზე დაკავებულ/ლიკვიდირებულ პირებთან, უზრუნველყვეს მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა, დაბინავება და ამარაგებდნენ სხვადასხვა საჭირო რესურსით. შესაბამისად, მიიღეს აღნიშნული პირების დაკავების გადაწყვეტილება და დაკავების დროს მაჩალიკაშვილი შეეცადა ხელყუმბარის გააქტიურებას, რის გამოც სპეცრაზმელმა გამოიყენა პროპორციული ძალა და თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გაისროლა.

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან კავშირში, სუს-ის თანამშრომლის მიერ, სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო გამოძიება, ხოლო სუს-მა განაგრძო ძიება მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-მა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მაჩალიკაშვილი დაკავებული იყო, რაც პროცესუალურად მას უკვე ანიჭებდა ბრალდებულის სტატუსს და დაცვის უფლების ეფექტურად რეალიზების უფლებას, ბრალდების შესახებ დადგენილების არარსებობის ფორმალური არგუმენტით მაჩალიკაშვილის ადვოკატებს უარი ეთქვათ საქმის მასალების გაცნობასა და გადმოცემაზე. ამ პირობებში სუს-ი, სამართლებრივი პროცედურების მიღმა, ისე რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს ამ ინფორმაციაზე დაშვებაც კი არ ჰქონდა, პერიოდულად სხვადასხვა მედიასაშუალებით ავრცელებდა ინფორმაციას მაჩალიკაშვილის ჩატაევთან და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფ სხვა პირებთან კავშირის შესახებ და მიუთითებდა მისი მხრიდან ტერორიზმის ხელშეწყობის ჩადენაზე.

ამგვარი გადაწყვეტილებებისა და საინფორმაციო კამპანიის მიზანი თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშაევად წარმოჩენა და მისი სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი კრიტიკისა და სოლიდარობის შესუსტება იყო.

სუს-ის განცხადებებში თვალშისაცემი იყო, ყოველგვარი დათქმისა და სამართლებრივი განმარტების გარეშე, მტკიცებითი ფორმით თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენა, რაც მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა და ღირსებას ლახავდა.

26 დეკემბერს შუა ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ ლოგინში მწოლიარე მდგომარეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმემ ბოლო წლებში უფლების დარღვევის ყველაზე მძიმე შემთხვევაა და სუს-ის მხრიდან სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების დროს უფლების დარღვევის აშკარა ნიშნებს ატარებს. EMC-ის მიერ ეს საქმე არა ერთხელ შეფასდა კრიტიკულად და ამ ეტაპზე საქმეს სიცოცხლის უფლების ნაწილში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო უკვე განიხილავს.

სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სპეცოპერაციასთან და გამოძიებასთან დაკავშირებული არა ერთი კრიტიკისა და ეჭვების მიუხედავად, 2020 წლის 27 იანვარს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება მოულოდნელად შეწყვიტა. ამავე დღეს პროკურორმა მიიღო დადგენილება ვითარების შეცვლის გამო, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს მოგვეცა შესაძლებლობა, გავცნობოდით სისხლის სამართლის საქმის იმ მასალებს, რომელსაც უწყების თქმით, არსებითად ეყრდნობა პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილება.

აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი არსებითად ახალი ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომელსაც მანამდე სუს-ი და ზოგიერთი მედია თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის დასადასტურებლად საჯარო პოზიციონირების დროს არ იყენებდა. საქმის მასალების მიხედვით ის ძირითადი გარემოებები, რომელიც სუსისთვის საკმარისი გახდა ემსჯელა თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობაზე, შემდეგია:

  1. სუს-ის მტკიცებით, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემდგომ აჰმედ ჩატაევმა მაჩალიკაშვილს დაურეკა;

  2. მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომერი აღმოაჩინეს ბერი სალოსის გამზირზე არსებულ ბინაში და მის ანგარიშზე თანხას ჩატაევის გარემოცვიდან რიცხავდნენ;

  3. მაჩალიკაშვილი თბილისში, შ. ბორზიევთან და ა. სოლტახმადოვთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ბინაში არსებულ უკაბელო ინტერნეტის პაროლად დაყენებული ჰქონდათ სახელი "თემირლანი" და მაჩალიკაშვილი ეხმარებოდა მობილური ტელეფონების შეძენაში;

  4. მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინეს შ.ბორზიევისა და ა. სოლტახმადოვის ფოტოები, ხოლო მეგობარ გოგონასთან მობილური აპლიკაციით მიმოწერის დროს მაჩალიკაშვილმა "ისტიშხადის" და ა. სოლტახმადოვის, შ. ბორზიევის "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის შესახებ ისაუბრა;

  5. მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონიდან ამოიღეს "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდისტული ფოტო და ვიდეო მასალა.

თუმცა, საქმის მასალებისა და მასში წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობისა და დამუშავების შემდგომ ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ ეს მტკიცებები და ინფორმაცია ფრაგმენტული, გადაუმოწმებელი და არაზუსტია და ის აშკარად არ იძლევა საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ პირობებს თემრლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის დასადასტურებლად. წინამდებარე დოკუმენტში სწორედ ამ საქმის მასალების კრიტიკას წარმოვადგენთ და სუს-ის მიერ გაზიარებული და საჯაროდ მითითებული თითოეული ინფორომაციის კრიტიკულ ანალიზს ვცდილობთ.

აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, EMC-იმ დამაზუსტებელი კითხვებით მიმართა გენერალურ პროკურატურას და ითხოვა იმ მნიშვნელოვან ფაქტობრივ და სამართლებრივ დეტალებზე დამატებითი და დაზუსტებული ინფორმაციის მოწოდება, რომელიც ჩვენი შეფასებით, საეჭვო, არაზუსტი და გადაუმოწმებელია. თუმცა, გენერალურმა პროკურატურამ თავი აარიდა, პასუხი გაეცა ჩვენი კონკრეტული კითხვებისთვის და საქმის მასალების ირგვლივ კვლავ ზოგადი მითითებებით შემოიფარგლა. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ჰქმნის წარმოდგენას, რომ სუს-ი განზრახ ცდილობს მაჩალიკაშვილის ტერორიზმის მხარდაჭერის ფაქტთან დაკავშირებას, რათა თავიდან აირიდოს საზოგადოების კრიტიკული და ლეგიტიმური კითხვები მაჩალიკაშვილის სიცოცხლის უფლების ხელყოფის კანონიერებასთან დაკავშირებით.

ამ რეალობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის საკითხზე მსჯელობის სამართლებრივი შესაძლებლობები და სათანადო პროცესი არ არსებობს, რაც განსაკუთრებით გაართულა გამოძიების საწყის ეტაპზე, სანამ თემირნალ მაჩალიკაშვილი ცოცხალი იყო, მისთვის ბრალდებულის სტატუსის არ მინიჭების გადაწყვეტილებამ, რამაც მას დაცვის უფლების რეალიზების შესაძლებლობა წაართვა. თუმცა სუს-ის მიერ 2 წლის განმავლობაში შეგროვებული ინფორმაცია მთლიანობაში აჩვენებს, რომ ის სათანადო სტანდარტით ვერ ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობას და აშკარად ჩანს გამოძიებისა და ამ საქმეზე საჯარო პოზიციონირების დროს კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებრივი სტანდარტების უხეში დარღვევის ნიშნები. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია შეიძლება ქმნიდა დაკავებისთვის საკმარის სამართლებრივ საფუძველს (რაც დაკავების შესახებ განჩინებაშია წარმოდგენილი), რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის (ანუ ინფორმაციის და ფაქტების (და არა მტკიცებულებების) ერთობლიობის) დაბალ მტკიცებულებით სტანდარტს ითხოვს, თუმცა ის აშკარად არასაკმარისი და დაუსაბუთებელია ალბათობის მაღალი ხარისხით ან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალეულობის დასადასტურებლად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ, სუს-ის მიერ ჩვენთვის გაზიარებული ინფორმაციისა და მტკიცებულებებისა დეტალურ კრიტიკულ ანალიზს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ იმის გამო, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს არ მიეცა სამართლებრივი პროცესის ფარგლებში დაცვის უფლების რეალიზების შესაძლებლობა და, შესაბამისად, მის ადვოკატებს არ ჰქონდათ, სუს-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თავის დროზე გადამოწმების, გაბათილებისა და ახალი მტკიცებულებების შეგროვების შესაძლებლობა, ჩვენი წინამდებარე შეფასება არსებითად ლიმიტირებულია სუს-ის მიერ გაზიარებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეფასებით.

  • დაურეკა თუ არა აჰმედ ჩატაევმა თემირლან მაჩალიკაშვილს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიების შეწყვეტამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ჩატაევმა 2017 წლის 28 ოქტომბერს კირნათი-მარადიდის სასაზღვრო ზოლით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით XXX XXX X20 კონტაქტი ჰქონდა ტელეფონის ნომერთან XXX XXX X29. სუს-ის მტკიცებით, 29-ით დაბოლოებული ნომერი რეგისტრირებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე, შესაბამისად მაჩალიკაშვილს ან სატელეფონო კავშირი ჰქონდა ჩატაევთან, ან ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ პირებს გადასცა მობილური ნომრები და ამით უჭერდა მხარს ტერორიზმს.

მაჩალიკაშვილის სახელზე მობილური ნომრის რეგისტრირებისა და ჩატაევთან შესაძლო სატელეფონო კავშირის შესახებ ინფორმაცია სუს-ის მიერ მტკიცებით ფორმაში ცალმხრივად გავრცელდა, თუმცა, თავად საქმის მასალებში მოიპოვება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც საეჭვოს ხდის მაჩალიკაშვილის მიერ აღნიშნული ტელეფონის ნომრით სარგებლობისა და მით უფრო ჩატაევთან სატელეფონო კავშირის შესაძლებლობას.

კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიიდან გამოითხოვეს ინფორმაცია XXX XXXX20 მობილური ნომრისა და XXX XXXX29 მობილურ ნომრის დემოგრაფიული მონაცემები, აგრეთვე რა იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონებში იყო განთავსებული თითოეული მათგანი და რა პერიოდში, აღნიშნული სიმბარათების გარდა, სხვა რომელი სიმბარათები იყო მოთავსებული ამ მობილურ ტელეფონებში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, XXX XXXX29 ნომერი რეგისტრირებულია მაჩალიკაშვილის სახელზე, თუმცა მისი პირადი ნომრის ნაცვლად მითითებულია სხვა პირის პირადი ნომერი (ჩვენთვის არ არის ცნობილი ვისი და ეს არც გამოძიებას დაუდგენია). ამასთან ერთად, დასტურდება, რომ აღნიშნული ტელეფონის ნომერი სხვადასხვა დროს მოთავსებული იყო სხვადასხვა იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონებში და უშუალოდ 2017 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც სუს-ის განმარტებით ჩატაევმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, აღნიშნული ნომერი მოთავსებული იყო 356100061510250 იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონში და აღნიშნული იმეი კოდი არ შეესაბამება მაჩალიკაშვილის ან მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული არც ერთი მობილური ტელეფონის (რომლებიც 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-მა მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო) იმეი კოდებს, ამავე დროს ჩვენთვის წარმოდგენილ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია თუ ვის მფლობელობაში იყო 356100061510250 იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონი 2017 წლის 28 ოქტომბერს. აღნიშნულ საკითხზე ჩვენი არა ერთი მიმართვის მიუხედავად, გენერალურმა პროკურატურამ არ გაგვცა პასუხი გამოძიებით დადგენილია თუ არა ვის მფლობელობაში იყო აღნიშნული კოდით მობილური ტელეფონი. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული მობილური ტელეფონის მაჩალიკაშვილის მფლობელობაში არსებობა. გამოძიების ინფორმაციით აღნიშნული ტელეფონით პერიოდულად სხვა დაკავებული პირები სარგებლობდნენ, თუმცა რაიმე მითითება თემირლან მაჩალიკაშვილზე არ კეთდება.

როგორც ცნობილია, იმეი კოდი წარმოადგენს კონკრეტული მობილური ტელეფონის უნიკალურ ნომერს და უცვლელია ტელეფონში ნებისმიერი სიმბარათის გააქტიურებისას. შესაბამისად, იმის განსასაზღვრად ჰქონდა თუ არა მაჩალიკაშვილს სატელეფონო კავშირი ჩატაევთან აუცილებელია, დადგინდეს 2017 წლის 28 ოქტომბერს 356100061510250 იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონი იყო თუ არა მაჩალიკაშვილის მფლობელობაში, საქმის მასალებით კი აღნიშნული ფაქტი არ დგინდება, უფრო მეტიც, მითითებულია, რომ აღნიშნული იმეი კოდის მქონე ტელეფონით სხვადასხვა დროს სხვა პირები სარგებლობდნენ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ დგინდება მაჩალიკაშვილის მიერ სარგებლობის ფაქტი. ამავე დროს, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მაჩალიკაშვილი სარგებლობდა სხვა მობილური ნომრით XXX XXX X00 და ასევე არ დასტურდება ამ უკანასკნელის 356100061510250 იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონში მოთავსების ფაქტი.

აქვე მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ გენერალური პროკურატურის მითითებაზე, რომლის თანახმად XXX XXXX29 მობილური ნომრის მაჩალიკაშვილის სახელზე რეგისტრირებისა და ჩატაევის მიერ მასზე განხორციელებული ზარი ასევე შესაძლოა მიუთითებდეს მაჩალიკაშვილი მიერ მობილური ნომრის შეძენაზე და ჩატაევის გარემოცვაში მყოფი პირებისათვის გადაცემაზე, რაც ტერორიზმის მხარდაჭერად უნდა შეფასდეს. აღნიშნულის საპირისპიროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მაჩალიკაშვილის მიერ აღნიშნული ნომრის შეძენისა და ვინმესთვის გადაცემის ფაქტი, კერძოდ, არ მოიპოვება ინფორმაცია ვის ან როდის გადასცა აღნიშნული ნომერი მაჩალიკაშვილმა. ამასთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მობილური ტელეფონის ნომრები ხშირად, ქუჩაში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე იყიდებოდა, შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნომერი რეგისტრირებული იყო მაჩალიკაშვილის სახელზე არ მიუთითებს უშუალოდ მისი მხრიდან შეძენაზე. იმ შემთხვევაშიც კი თუ საგამოძიებო ორგანო მოიპოვებდა მტკიცებულებებს, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა მაჩალიკაშვილის მიერ ნომრის შეძენა და სხვა პირისთვის გადაცემის ფაქტი, საგამოძიებო ორგანოს მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის ფაქტის განხორციელებისთვის უნდა დაედასტურებინა, რომ მან ნამდვილად იცოდა იმ პირის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის შესახებ და მისთვის შეცნობადი იყო, ვის გადასცემდა მობილური ტელეფონის ნომერს. ჩვენთვის წარმოდგენილი საქმის მასალებით კი არცერთი აღნიშნული გარემოება არ დასტურდება.

  • ირიცხებოდა თუ არა მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშზე ფულადი თანხები ჩატაევის გარემოცვაში მყოფი პირების მიერ?

გამოძიების მიმდინარეობის ეტაპზე სუს-ის მაღალჩინოსნებმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მაჩალიკაშვილმა თიბისი ბანკში გახსნა ანგარიში, აღნიშნული ანგარიშის შესახებ ინფორმაცია აღმოჩნდა ბერი სალოსის გამზირზე არსებულ ბინაში, რითაც დასტურდებოდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფი პირები აღნიშნული ანგარიშის მეშვეობით იღებდნენ, ან აპირებდნენ ფულადი თანხების მიღებას. ამავე დროს, სუს-ის მაღალჩინოსანი ინტერვიუს დროს მიუთითებდა, რომ მაჩალიკაშვილის სახელზე ფიქსირდებოდა ფულადი გზავნილები და მათ უშუალოდ ჩატაევის ნათესავები რიცხავდნენ. აღნიშნულის საპირისპიროდ საქმის მასალებით დადგენილია, რომ მაჩალიკაშვილის ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს "თი ბი სი: ბანკიდან და ბანკის 2018 წლის 8 იანვრის წერილის თანახმად, მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტები თითქოსდა აღმოჩნდა ბერი სალოსის გამზირზე №49 ბინაში, არ ფიქსირდება ტრანზაქცია და ამავე დროს არ არის განხორციელებული ფულადი გზავნილები. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და ვითხოვეთ ინფორმაცია ამ ანგარიშის მიღმა მაჩალიკაშვილის სახელზე სხვა ფულადი გზავნილების არსებობის შესახებ, თუმცა, პროკურატურამ უარი განგვიცხადა დამადასტურებელი მტკიცებულების გაცნობაზე იმ მოტივით, რომ საქმეზე კვლავ გრძელდებოდა ინტენსიური გამოძიება და ამ მასალების წარდგენა მესამე პირისთვის ვერ მოხდებოდა. შესაბამისად, სუს-ის მითითება, რომ მაჩალიკაშვილის ანგარიშზე ფულადი თანხები ტერორიზმთან კავშირში მყოფი პირების მიერ ირიცხებოდა საქმის მასალების მიხედვით სათანადოდ არ დასტურდება. ამ კუთხით ცხადია, რომ გამოძიებას ამგვარი ფაქტის შეფასებისთვის კვლავ დასჭირდებოდა კონკრეტული გადარიცხვის ფაქტთან კავშირში ტერორიზმის მხარდაჭერის შეცნობადობისა და მიზნის გაცნობიერების დამტკიცება, რაც გამოძიებას ასევე არ მოუხდენია.

  • მაჩალიკაშვილის შ. ბორზიევთან, ა. სოლტახმადოვთან ცხოვრებისა და მობილური ტელეფონების შეძენის ფაქტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, მაჩალიკაშვილმა თბილისში, ვარკეთილში იქირავა ბინა და 21-22 ნოემბერს დაკავებულ და ლიკვიდირებულ შ. ბორზიევთან და ა. სოლტახმადოვთან (რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს წევრები" იყვნენ) ერთად ცხოვრობდა და უზრუნველყოფდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო რესურსით, მათ შორის 2017 წლის 10 ნოემბერს, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეხმარა მობილური ტელეფონების შეძენაში. გარდა ამისა, სუს-ის მითითებით, მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი იქნა მაჩალიკაშვილის, შ. ბორზიევისა და ა. სოლტახმადოვის ერთობლივი ფოტოები. საგამოძიებო ორგანოს შეფასებით, აღნიშნული ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ მაჩალიკაშვილი დახმარებას უწევდა ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირებს.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ არცერთი მითითებული ფაქტობრივი გარემოება თავისთავად (per se) არ მიუთითებს მაჩალიკაშვილს მიერ ტერორიზმის მხარდაჭერაზე, რამდენადაც აღნიშნული დანაშაულის ჩადენის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სუბიექტური ელემენტი, რომ პირს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ თავისი მოქმედებით ეხმარებოდა ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირს. ამ შემთხვევაში კი საქმის მასალებით, მათ შორის ბინის მეპატრონის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ბინა არა თემირლან მაჩალიკაშვილმა, არამედ რამაზ მარგოშვილმა (რომელიც ამ საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული პირი და მაჩალიკაშვილების კარის მეზობელი და ახლობელია) იქირავა და მას ქირას ეს უკანასკნელი უხდიდა, და მხოლოდ ერთი-ორჯერ რ. მარგოშვილმა ქირა მას თემირლან მაჩალიკაშვილის მეშვეობით გადასცა. რაც შეეხება მაჩალიკაშვილის აღნიშნულ პირებთან ერთად ცხოვრების ფაქტის მიზეზებს, აგრეთვე საქმის მასალებით, დადგენილია, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს არასდროს უარყვიათ მაჩალიკაშვილის რამაზ მარგოშვილის მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრება, რომელიც რაღაც პერიოდი დაემთხვა ამავე სახლში რამაზ მარგოშვილის სტუმრების - შ. ბორზიევისა და ა. სოლტახმადოვის ცხოვრების ეპიზოდს. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, მათ შორის, სუს-თვის მიცემულ გამოკითხვაში აღნიშნავდნენ, რომ ბინა თბილისში, მათი კარის მეზობელმა რამაზ მარგოშვილმა იქირავა და ვინაიდან მაჩალიკაშვილი თბილისში სწავლობდა და გადატანილი თვალის ოპერაციისა და მასთან დაკავშირებული მძიმე ფინანსური ხარჯების გამო არ ჰქონდა ბინის ქირის გადასახდელი თანხა, ოჯახი დათანხმდა რ. მარგოშვილის შეთავაზებას, რომ მაჩალიკაშვილს რამდენიმე თვე, გამოცდების დასრულებამდე ბინაში ეცხოვრა. კერძოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების განმარტებით დგინდება, რომ მან 2016 წლის ნოემბრის თვეში გაიკეთა თვალზე ოპერაცია და რეაბილიტაციის შემდგომ დაიწყო რ. მარგოშვილის ნაქირავებ ბინაში ცხოვრება, რა დროსაც დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში ამავე ბინაში ცხოვრობდნენ ა. სოლტახმადოვი და შ. ბორზიევი. 2017 წლის მაისის თვეში მაჩალიკაშვილმა დატოვა ვარკეთილში არსებული ბინა და სექტემბრის თვეში ცხოვრება ორ თანასოფლელთან ერთად, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნაქირავებ ბინაში გააგრძელა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების განმარტებით, შ. ბორზიევი და ა. სოლტახმადოვი სრულიად სხვა სახელებითა და ისტორიით თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, იმყოფებოდნენ პანკისის ხეობაშიც, კომუნიკაცია ჰქონდათ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და ყველა იცნობდათ, როგორც ჩეჩნეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებსაც ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის რეჟიმთან ჰქონდათ პრობლემები. აღნიშნულ ორ პირს მაჩალიკაშვილების ოჯახი, ისევე როგორც არა ერთი ადგილობრივი, სწორედ ამ ისტორიით იცნობდა და შესაბამისად, ამგვარი პირად ურთიერთობებში გადაკვეთისა და კომუნიკაციის ამსახველი ყოფითი გარემოებები per se დანაშაულებრივ ფაქტად არ შეიძლება მივიჩნიოთ.

  • მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონში აღმოჩენილი მასალების შეფასება

სუს-ის განმარტებით, მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმთან მხარდაჭერას აგრეთვე ადასტურებს მის მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაცია. კერძოდ, მობილური აპლიკაციის მეშვეობით მეგობარ გოგონასთან მიმოწერა, შ. ბორზიევის ფოტო, სადაც ეს უკანასკნელი "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ფონზეა გამოსახული და ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტული ფოტო/ვიდეო მასალა. სუს-ის შეფასებით, მეგობარ გოგონასთან, ზ.ქ.-თან მიმოწერის დროს მაჩალიკაშვილი საუბრობდა ე.წ. "ისტიშხადის" განხორციელებაზე, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შემდგომ კი მას უთხრა, რომ იცნობდა შ. ბორზიევს, ა. სოლტახმადოვს, იცოდა, რომ ისინი სირიაში იბრძოდნენ და ქართველ სამართალდამცავებს უბრძოლველად არ ჩაბარდებოდნენ. პროკურატურისა და სუს-ის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია დაკითხვის დროს დაადასტურა მაჩალიკაშვილის მეგობარმა გოგონამ და აღწერილია მისი დაკითხვის ოქმში.

აღნიშნულის საპირისპიროდ უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში ნამდვილად მოიპოვება მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია, მათ შორის მიმოწერა თემირლან მაჩალიკაშვილის მეგობარ გოგონასთან, ზ.ქ.-თან და სხვა პირებთან, თუმცა ჩვენთვის გაზიარებულ მასალებში არ დასტურდება, რომ ამ კომუნიკაციაში მაჩალიკაშვილი შ. ბორზიევსა და ა. სოლტახმადოვზე საუბრობდა ზ.ქ-ს დაკითხვის ოქმში მითითებულია, რომ მობილური აპლიკაციის "ვოცაპის" მიმოწერის დროს მაჩალიკაშვილმა და ზ.ქ.-მ ისაუბრეს ბერი სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ და თემირლან მაჩალიკაშვილმა მას უთხრა, რომ პირადად იცნობდა სპეცოპერაციის დროს დაკავებულს და ერთ ლიკვიდირებულ პიროვნებას, ეს პირები იყვნენ მეომრები, ნამყოფები იყვნენ სირიაში და უბრძოლველად არ ჩაბარდებოდნენ სამართალდამცავებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზ.ქ. განმარტავს, რომ ამგვარი საუბარი მას და თემირლან მაჩალიკაშვილს "ვოცაპის" მიმოწერის დროს ჰქონდათ, ჩვენთვის წარმოდგენილ საქმის მასალებში არ ფიქსირდება "ვოცაპის" ან სხვა აპლიკაციით მსგავსი შინაარსის მქონე საუბარი მაჩალიკაშვილსა და ზ. ქ.-ს შორის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმის მასალების გაცნობის შემდგომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართეთ პროკურატურას და ვითხოვეთ მიეთითებინათ ზ. ქ-სა და თემირლან მაჩალიკაშვილს შორის მიმოწერის ის ნაწილი, სადაც მაჩალიკაშვილი შ. ბორზიევზე და სხვა ლიკვიდირებულ პირებზე საუბრობს. თუმცა, პროკურატურამ ფორმალურად კვლავ ზ.ქ.-ს ჩვენებაზე მიგვითითა, რაც მიმოწერის დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს მაჩალიკაშვილის მიერ დაკავებული და ლიკვიდირებული პირების შესახებ საუბარს.

მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონში შ. ბორზიევის ფოტოს (ორი იდენტური ფოტო) განთავსებაზე, რომელზე დაყრდნობითაც სუს-ი აგრეთვე აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილისთვის მათ შორის ამ ფოტოს მეშვეობით იყო შეცნობადი ბორზიევის "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი, საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული ფოტო წარმოადგენს "ინსტაგრამზე" განთავსებული ფოტოს "სქრინშოტს" და მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონში ატვირთულია 2017 წლის 24 და 25 ნოემბერს, ანუ მას შემდეგ, რაც ბერი სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს შ. ბორზიევი და გასაჯაროვდა მის შესახებ ინფორმაცია.

რაც შეეხება სუს-ის მითითებას, რომ მაჩალიკაშვილის მიმოწერის დროს "ისტიშხადზე" (თვითლიკვიდაცია) საუბრობდა და "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდისტულ ფოტო/ვიდეო მასალას ინახავდა, ხაზი უნდა გაესვას თარგმანის ხარისხისა და კონტექსტის პრობლემას. აღნიშნული ლაპარაკი მეგობარ გოგოსთან თემირლანის დაკავების ოპერაციამდე 1 დღით ადრე შედგა და ის ვიდეოს გარჩევას უკავშირდებოდა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი თვითირონიითა და არასერიოზულად ლაპარაკობს "ისტიშხადზე". ამგვარი განცხადება სოციალური თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს და ცალკე კომპლექსური განხილვა სჭირდება, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი ბერი სალოსის ქუჩაზე უკვე ჩატარებული ოპერაციისა და ამ მსჯელობის კონტექსტის გათვალისწინებით დანაშაულების მომზადების ან მისი ჩადების სერიოზულობის დამადასტურებელ გარემოებად არ შეიძლება მივიჩნიოთ.

  • ადასტურებს თუ არა სუს-ის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალები თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის შეცნობადობის ფაქტს ?

როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მითითებულ საქმის მასალებზე დაყრდნობით ცდილობს დაადასტუროს, რომ მაჩალიკაშვილი მხარს უჭერდა ტერორიზმს. თუმცა, როგორც თითოეული მათგანის დეტალური სამართლებრივი შეფასებით დგინდება, წარმოდგენილი მასალები ვერც დამოუკიდებლად და ვერც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ვერ ადასტურებს მაჩალიკაშვილის შესაძლო ბრალეულობას, რამდენადაც სუს-ის მიერ გაზიარებული ინფორმაცია, რომელიც თითქოს და აჩვენებს იმ გარემოებას, რომ მაჩალიკაშვილს გაცნობიერებული ჰქონდა შ. ბორზიევისა და ა. სოლტახმადოვის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ჩატაევთან, უსაფუძვლო, ბოლომდე შეუსწავლელ და საეჭვო ფრაგმენტულ ინფორმაციას ეფუძნება.

თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიებისა და სუს-ის მიერ მის წინააღმდე ინფორმაციის ცალმხრივი გავრცელების პირობებში მაჩალიკაშვილი ოჯახის წევრები და EMC ვუთითებდით, რომ გასაჯაროებული მასალები არ ადასტურებდა მაჩალიკაშვილის ბრალეულობას, რამდენადაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს 1) პირმა იცოდეს, რომ იგი ეხმარება ტერორისტს თუ ტერორისტულ ორგანიზაციას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა პირმა არ იცის, რომ ადამიანი, რომლისთვისაც ჩვეულებრივი ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მოქმედება განახორციელა, არის ტერორისტი, მაშინ დაუშვებელია, რომ მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს; 2) პირს უნდა ჰქონდეს ქმედებების განხორციელების ნებელობა ანუ სურდეს, რომ ტერორისტს ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფ პირს აღმოუჩინოს მხარდაჭერა. ამ ორი კუმულაციური (ერთობლივი) პირობის არარსებობის შემთხვევაში, კი პირს ვერ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაშიც, მაჩალიკაშვილის საქმეში არსებული არცერთი ინფორმაცია უპირობოდ და აშკარად არ მიუთითებს, რომ მას რამე ფორმით გაცნობიერებული ჰქონდა და სურდა ტერორიზმის მხარდაჭერა. აქვე, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეში ბრალდებული არც ერთი პირი თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ შ. ბორზიევისა და ა. სოლტახმადოვის, და მით უფრო ჩატაევის რეალური საქმიანობისა და კავშირების შესახებ ცოდნისა და ამ მიზნით მათი მხარდაჭერის ფაქტს არ ადასტურებს.

აქვე, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩვენთვის გაზიარებულ მასალებში არ იყო მითითებული 2017 წლის 26 დეკემბრამდე აწარმოებდა თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაჩალიკაშვილის მიმართ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის სატელეფონო მიყურადებას და ხომ არ გამოვლენილა გარემოება, რაც მიუთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე.

შეჯამება

​სამწუხაროდ, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევის პარალელურად, გამოჩნდა მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი პრინციპებისა და კანონის მოთხოვნების უგულებელყოფისა და ამ საქმის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნიშნები, რაც არსებითად აზიანებს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას. ნაცვლად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოებს სუს-ის მიერ დაგეგმილი და ჩატარებული სპეცოპერაციის დროს კანონის მოთხოვნებისა და უფლების სტანდარტების დარღვევის საკითხი სათანადოდ შეეფასებინა, მათ სრულიად უსაფუძვლოდ მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებული გამოძიება დახურეს და არ უპასუხეს ამ საქმეში დაგროვებულ ლეგიტიმურ კითხვებს, ეჭვებსა და კრიტიკას. ამ ფონზე სუს-ი მუდმივად ცდილობდა მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზებას, მის ტერორიზმთან კავშირში განხილვას და ამ გზით მისი სიცოცხლის ფასის დაკნინებას თუმცა, 2 წლის შემდეგ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ჩვენთვის აშკარა გახდა, რომ ეს ინფორმაცია საეჭვო, არასათანადოდ შესწავლილი და არაზუსტია და მთლიანობაში სათანადო დასაბუთებით სტანდარტით მაჩალიკაშვილის ბრალეულობაზე არ მიუთითებს. აქ კიდევ ერთხელ მივუთითებთ, რომ იმის გამო, რომ ამ ნაწილში სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესი და სათანადო სამართლებრივი პროცედურები აღარ გაგრძელდა, მაჩალიკაშვილის (მის ოჯახს, ადვოკატებს) დაცვის უფლების რეალიზებისა და სუს-ის მიერ ცალმხრივად, არაობიექტურად და არაგამჭვირვალედ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეგროვებული ინფორმაციის სამართლებრივი გაბათილების შესაძლებლობას არ მისცემია. ამ პირობებში, ჩვენ სუს-ის მიერ 2 წლის შემდეგ გაზიარებული საქმის მასალების შეფასებასა და კრიტიკას ვცდილობთ.

სახელმწიფო მოხელეების მხრიდან სიცოცხლის ხელყოფისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საქმეებში არსებითია სახელმწიფო ორგანოები სათანადო გულისხმიერებისა და კანონის უზნაესობის პრინციპების განუხრელი დაცვით მოქმედებდნენ. სამწუხაროდ, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ეს მიდგომები არსებითად დაირღვა და ამ პრაქტიკამ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ არსებული ისედაც არსებული უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა. სამწუხაროა ისიც, რომ სახელმწიფო უწყებებმა ამ საქმეზე არ გაიზიარეს უფლებებისა და სამართლის პრინციპების იგნორორების ის ნეგატიური სოციალური გავლენები, რომელიც პანკისის ხეობაში ისტორიულად ჩამოყალიბებული კონტროლისა და დასჯის პოლიტიკის პირობებში დამატებით არსებობს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“