საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვერდების რაოდენობა: 252
გამოცემის წელი: 2018
ISBN: 978-9941-27-651-4
მკვლევრები:  ბარბარე ჯანელიძე, მაია ბარქაია
წინამდებარე კვლევა ხუთი თავისაგან შედგება. ზემოთ აღწერილი მიზნებიდან და მეთოდოლოგიური ჩარჩოდან – ერთი მხრივ, პანკისის ხეობის „საფრთხედ მონიშვნის“ გენეალოგიური ხაზის ძიება, ხოლო, მეორე მხრივ, პანკისელთა ცხოვრების წესის დომინანტურ სააზროვნო წესთან პირისპირ დაყენების მცდელობა – გამომდინარე, ეს ხუთი თავი, მკითხველს შეუძლია ერთი დიდი სურათის ხუთ ფრაგმენტად წარმოიდგინოს, ხოლო, კვლევის ავტორები იმ „არქეოლოგებად“, რომლებიც ამ ფრაგმენტთა „ამოთხრას“ და „დალაგებას“ ცდილობენ. ეს „ფრაგმენტები“, ერთი შეხედვით, შეიძლება ერთმანეთთან დაუკავშირებლადაც მოგეჩვენოთ, და მაგალითად, იკითხოთ, რატომ ვიწყებთ კვლევის პირველ თავს „პანკისის კრიზისზე“ ისტორიული მსჯელობით, ხოლო მომდევნო, მეორე თავში ისეთ ტერმინებზე ვსაუბრობთ და მათ დეკონსტრუქციას ვცდილობთ, როგორებიცაა „ძველი და ახალი ტერორიზმი“.
თუმცა, დაკვირვებულ თვალს არ გამორჩება ამ „ფრაგმენტთა“ გამაერთიანებელი ხაზი: პანკისის ხეობის მოქცევა უსაფრთხოების მზერის ქვეშ არ არის მხოლოდ ადგილობრივი და რეგიონალური პოლიტიკის შედეგი, არამედ პირდაპირ კავშირშია გლობალური უსაფრთხოების სისტემასთან და მის ცვალებადობასთან.თუმცა, უსაფრთხოების სისტემის ცვალებადობასთან ერთად, ჩვენ არც ადგილობრივი, პანკისის ხეობისათვის უნიკალურად დამახასიათებელი ტრანსფორმაციებიც უნდა გამოგვრჩენოდა თვალსაწიერიდან
ამიტომაც, კვლევის მესამე და ერთ-ერთი ცენტრალური თავი პანკისის ხეობის რელიგიურ ტრანსფორმაციებს აანალიზებს: როგორ ჩამოყალიბდა პანკისის თანამედროვე რელიგიური სურათი? როგორია ის და რამდენად სწორია მისი ერთ, ჰომოგენურ ერთობად წარმოდგენა? როგორ გამოიყურება ეს სურათი ადგილობრივების თვალსაწიერიდან და როგორ – გარედან? და რაც მთავარია, რა განაპირობებს პანკისელთა რელიგიური მრავალფეროვნების „საშიშ“ და „უვნებელ“ ჯგუფებად დაყოფას? – კვლევის მესამე თავის მთავარი საკვლევი კითხვებია. მაგრამ ამავდროულად, ამ კითხვებზე, განსაკუთრებით კი უკანასკნელ კითხვაზე, რომელიც „საშიშ“ და „უვნებელ“ ისლამს ეხება, პასუხების მოძიება მხოლოდ პანკისის რელიგიური სურათის ადგილობრივი ცვლილებების შესწავლით შეუძლებელია. ა
მიტომაც, კვლევის მეოთხე თავი კვლავაც გლობალურ უსაფრთხოების პოლიტიკას და ისეთ გლობალიზებულ ცნებებს ეხება, როგორებიცაა „რადიკალიზაცია“, „ძალადობრივი ექსტრემიზმი“ და მათთან გამკლავების პროგრამები და კვლევითი მოდელები. ამ თავში ჩვენ ვცდილობთ სისტემატიზება გავუკეთოთ გლობალური უსაფრთხოების სისტემის არაძალოვან მიდგომებს, მაგრამ ამავდროულად გამოვკვეთოთ მათი პრობლემატურობა, ვაჩვენოთ მათი კავშირი პანკისის ხეობის „საფრთხედ“ წარმოდგენასთან და ისეთი მიდგომებიც წამოვწიოთ წინ, რომლებიც მკვლევრებსა და სახელმწიფოს ალტერნატიული სტრატეგიების შემუშავების შესაძლებლობას მისცემს.
მეხუთე თავში კი ჩვენ უკვე ვცდილობთ უსაფრთხოების მზერა ჩამოვაცილოთ პანკისის ხეობას და ყურადღება სახელმწიფოს და არაადგილობრივ ექსპერტებს მივაპყროთ: რა ძალოვანი და არაძალოვანი მიდგომები აქვს სახელმწიფოს პანკისის ხეობისადმი და როგორია ისინი – სახელმწიფოს პოლიტიკის ანალიზისათვის ორი მთავარი კითხვაა. ხოლო, ექსპერტების ინტერვიუების ანალიზის შედეგების წარმოდგენისას, ჩვენ აღვწერთ და სისტემატიზირებას ვუკეთებთ ექსპერტთა მიერ სახელმწიფო პოლიტიკის შეფასებებს, და ამავდროულად, ვაანალიზებთ თავად ექსპერტთა პერსპექტივებს პანკისის ხეობიდან გადინების მიზეზების შესახებ. მაგრამ, ამავე თავის ბოლოს ჩვენ ვინტერესდებით მთავარით: როგორია თავად პანკისელთა შეხედულებები, რითი ხსნიან ისინი 2012-2015 წლებში პანკისის ხეობიდან მებრძოლების ახლო აღმოსავლეთში წასვლას? პანკისელთა პერსპექტივები ახლო აღმოსავლეთში გადინების შესახებ, ან თუნდაც, ექსპერტთა პერსპექტივები, ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს კვლევის ავტორები სწორედ მეხუთე თავში აღწერილ მიზეზებს წარმოადგენდნენ წასვლის განმაპირობებლებად. ავტორების მხრიდან, ამგვარი დასკვნის გაკეთება არამხოლოდ მეთოდოლოგიური შეცდომა იქნებოდა, არამედ კვლავაც გააგრძელებდა იმ ხაზს, რის შედეგადაც პანკისელები და პანკისი „საფრთხედ“, „შავ ოაზისად“ და „ტერორისტების სამოთხედ“ წარმოგვიდგება ხოლმე.
საბოლოოდ, ჩვენ დასკვნის სახით ვაჯამებთ ხუთივე თავის მთავარ მიგნებებს და ამით ვცდილობთ, თითოეული „ფრაგმენტის“ უკვე ერთიანი სურათის სახით მიწოდებას მკითხველისათვის.
ინსტრუქცია