[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ანალიტიკური დოკუმენტები

მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის ფინალური შეფასება - EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ფინალურ შეფასებას აქვეყნებს და საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიუთითებს გამოძიების არაეფექტიანობის, ასევე გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობლისა და პოლიტიზების პრობლემაზე.

შესავალი

მიმდინარე წლის 25 იანვარს თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე ორწლიანი გამოძიება შეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო. 27 იანვარის პრესკონფერენციაზე თბილისის პროკურატურამ საზოგადოებას განუმარტა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელს (სპეცრაზმელს) უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებია და იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი მოქმედების მიზანი საფრთხისგან მისი და მისი თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა იყო. პროკურატურამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონდა ხელყუმბარა, შეეცადა მის გააქტიურებას, რამაც განაპირობა გასროლა მისი მისამართით. დადგენილების მიხედვით, პროკურატურა ამ დასკვნის გამყარებას საქმეზე ჩატარებული სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებით ცდილობდა, თუმცა, განზრახ ყურადღების მიღმა დატოვა ამავე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით დადგენილი მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს დასკვნის საწინააღმდეგოდ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ხელყუმბარის ფლობის შესაძლებლობას აშკარად საეჭვოს ხდის და სპეცრაზმელის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნას გამორიცხავს.

წინამდებარე შეფასების დოკუმენტში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და გამოძიების სრული მასალების ანალიზის გზით, გვსურს ვაჩვენოთ აუცილებელი მოგერიების არგუმენტით გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და საქმეში არსებული შეუსაბამობები და წინააღმდეგობები.

  • სპეცოპერაციის დაგეგმვის ეტაპი

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დაგეგმვის ეტაპზე რისკების შეფასებისა და მინიმალიზების, სპეცოპერაციის კოორდინირებისა და ხელმძღვანელობის პროცესების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და კონკრეტული თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთა.

EMC-მ აღნიშნული მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოს გამოძიების საწყის ეტაპზევე მიმართა, თუმცა, გამოძიების მიერ ეს საკითხი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მაღალჩინოსნების გამოკითხვის ფარგლებში შეფასდა, რასაც ფორმალური ხასიათი უფრო ჰქონდა და აშკარა იყო, რომ გამოკითხვა სამართლებრივი შედეგის დადგომას არ ისახავდა მიზნად. კერძოდ, სუს-ის მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმები ცხადყოფდა, რომ სპეცოპერაცია რისკების სათანადო გაზომვისა და ანალიზის, ასევე პროცესის ჯეროვანი ზედამხედველობისა და მონიტორინგის გარეშე ჩატარდა. დასაკავებელი პირების, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობის თაობაზე კონკრეტული და ხელშესახები ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ჰქონდა და საგამოძიებო მოქმედებაში სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მონაწილეობის გადაწყვეტილება მიღებული იქნა მხოლოდ ბერი სალოსის გამზირზე 21-22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული აბსტრაქტული საფრთხის გათვალისწინებით. ამასთან ერთად, გამოკითხულმა პირებმა მიუთითეს, რომ სპეცოპერაციის წერილობითი გეგმა არ ყოფილა შედგენილი და მონაწილე პირები მხოლოდ ზეპირი კონსულტაციებით შემოიფარგლნენ. სუს-ის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ გომელაურმა გამოძიებას პირდაპირ მიუთითა, რომ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შედეგად თავად იღებს და სპეციალური აქტი და სტანდარტი რომელსაც სპეცრაზმის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ეფუძნებოდეს, არ არსებობს. სპეცრაზმის საქმიანობა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ კანონსა და დებულებას ეფუძნება. გომელაური აქვე ადასტურებს, რომ წერილობითი გადაწყვეტილება პანკისის ხეობაში 26 დეკემებრს დაგეგმილ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გაცემული ინსტრუქციების თაობაზე არ შემდგარა და მან მხოლოდ ზეპირად აუხსნა თანამშრომლებს საქმის ვითარება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სუს-ის მაღალჩინოსნების განმარტებით, სპეცოპერაციის დასრულების შემდგომ მომხდართან დაკავშირებით წერილობითი ანგარიში არ იქნა შედგენილი.

სპეცოპერაციის არასათანადოდ დაგეგმვისა და მასზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიუხედავად საგამოძიებო ორგანოს რაიმე სახის სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია, პირიქით თბილისის პროკურატურამ ფაქტობრივად სამართლებრივ პრობლემად არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ სპეცოპერაცია შეიარაღებული ან სხვა სახის წინააღმდეგობის შესახებ ინფორმაციის და რისკების მოძიების, შეგროვებისა და გადამოწმების გარეშე ჩატარდა, მაშინ როდესაც ადამიანის უფლებათა სტანდარტებით, სამართალდამცავების მხრიდან იარაღის გამოყენების შემთხვევები მაღალი სტანდარტებით რეგულირებას ითხოვს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გააჩნია სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო სამართლებრივი სტანდარტები, ,,სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ დადგენილია, რომ სუს-ის თანამშრომლის მხრიდან ლეტალური ძალის გამოყენებისთანავე უნდა მომზადდეს სპეციალური წერილობითი ანგარიში, რომელიც უნდა წარედგინოს პროკურორს. მსგავსი ანგარიში სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის არცერთ თანამშრომელს არ მოუმზადებია და ეს საკითხი პროკურატურისთვის პრობლემური არ აღმოჩნდა.

  • რა მოხდა 2017 წლის 26 დეკემბერს თ. მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში- საგამოძიებო ორგანოს ვერსია

საგამოძიებო ორგანოს ვერსიით, რომელიც სრულად ემყარება სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის ჩვენებას, 2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაგეგმა სპეციალური ოპერაციის ჩატარება პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელში, მათ შორის თ. მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში.

სპეცოპერაციის დაწყებამდე სპეცრაზმელებს ხელმძღვანელმა პირებმა ჩაუტარეს ზეპირი ინსტრუქტაჟი, დაავალეს დასაკავებელ პირთა ცოცხლად აყვანა, თუმცა იქვე გააფრთხილეს, რომ ვინაიდან აღნიშნულ პირებს კავშირი ჰქონდათ ა. ჩატაევთან და მის გარემოცვასთან შესაძლოა გაეწიათ შეიარღებული წინააღმდეგობა. სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის განმარტებით, მეწყვილესთან ერთად, ავიდა მაჩალიკაშვილების საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, შევიდა პირველივე ოთახში, სადაც შუქი ენთო, ხოლო კარი იყო დახურული, თუმცა არ იყო დაკეტილი, ამიტომ უბრალოდ შეაღო, ოთახის შიდა მიმართულებით გადადგა ორი ნაბიჯი და დაინახა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი იწვა საწოლის შუაში, ეხურა საბანი, ისე რომ ხელები არ უჩანდა და როდესაც სპეცრაზმელმა მოსთხოვა ხელების ჩვენება თემირლან მაჩალიკაშვილმა მოულოდნელად გადაიძრო საბანი, გადაიხარა მარჯვნივ, საწოლიდან ამოიღო ხელყუმბარა, გადაიწია უკან მარცხნივ და შეეცადა ხელყუმბარის გააქტიურებას, რა დროსაც სპეცრაზმელი იძულებული გახდა საკუთარი და თანამშრომლის სიცოცხლის დასაცავად გასროლა მოეხდინა. სპეცრაზმელის განმარტებით, გასროლის შემდგომ მან უსაფრთხოების მიზნით თემირლან მაჩალიკაშვილს გადახადა საბანი, შეამოწმა ხომ არ იყო რაიმე სხვა საფრთხის შემცველი ნივთი, ამის შემდგომ თავად გადაადგილა ხელყუმბარა და გამოიძახა გამნაღმელები.

საგამოძიებო ორგანოს შეფასებით, სპეცრაზმელის ჩვენებას ამყარებს ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის (დნმ-ს) არსებობა ხელყუმბარაზე, ჩხრეკის ოქმის მიხედვით ხელყუმბარა ამოღებული იქნა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან და ამავე დროს თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის სასამართლო განჩინებაში მითითებულია, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი დასაკავებელ პირებს საცხოვრებელ სახლში ჰქონდეთ ცეცხლსასროლი იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა. სწორედ ამ გარემოებებზე დაყრდნობით დაასკვნა საგამოძიებო ორგანომ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ცდილობდა ხელყუმბარით გაეწია წინააღმდეგობა, რის გამოც სპეცრაზმელი იძულებული გახდა თავის არეში ესროლა, რამაც საბოლოოდ თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა გამოიწვია.

  • რატომ ეწინააღმდეგება გამოძიების ვერსია გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებს

როგორც ზემოთ აღინიშნა, პროკურატურის დასკვნა რომ თ. მაჩალიკაშვილის ნამდვილად ჰქონდა ხელყუმბარა არსებითად ემყარება სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის განმარტებებს, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და ჩხრეკის ოქმს. თუმცა, მხოლოდ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული დასკვნა ეწინააღმდეგება საქმეში სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით დადგენილ გარემოებებს, რომლებიც სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის განმარტებების საპირისპიროა და სპეცრაზმელის ჩვენების ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს.

სპეცრაზმელის განმარტებით მან დაინახა, რომ თ. მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახში შუქი ენთო, კარის სახელი მოსინჯა ხელით, ნახა, რომ არ იყო დაკეტილი ამიტომ ისე ნელა შეაღო, რომ შეღების ხმას თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წვერები ვერ გაიგონებდნენ. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი თ. მაჩალიკაშვილის ოთახის კარზე არსებულ საკეტზე აღმოჩენილია ტეხვითი კვალი, ხოლო ჭანჭიკებზე აღმოჩენილია მექანიკური დაზიანების კვალი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სპეცრაზმელმა თ. მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახის კარი შეამტვრია, რაც ნელა, უხმაუროდ შეღების ფაქტს გამორიცხავს და ადასტურებს ოჯახის წევრების მითითებას, რომ მათ კარის შემტვრევის ხმა გაიგეს, რასაც მყისიერად მოჰყვა გასროლის ხმა.

სპეცრაზმელის განმარტებით კარის გაღების შემდგომ ოთახის შიდა მიმართულებით გადადგა ორი ნაბიჯი და შევიდა ოთახში, მხოლოდ ამის შემდგომ დაინახა თემირლან მაჩალიკაშვილი. აღნიშნულისგან განსხვავებით ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გასროლა შესასვლელი კარის ცენტრალური წერტილიდან განხორციელდა. ამასთან ერთად, თ. მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახის პერიმეტრების გათვალისწინებით შესასვლელი კარიდან საწოლამდე იმდენად მცირე მანძილია, რომ ორი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში სპეცრაზმელი თ. მაჩალიკაშვილის საწოლთან აღმოჩნდებოდა და ახლო მანძილიდან განახორციელებდა სროლასს, თუმცა ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია რომ ახლო მანძილისთვის დამახასიათებელი სროლის კვალი არ აღინიშნებოდა. სპეცრაზმელის ვერსიითვე ირკვევა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში შესვლის შემდგომ მან ჯერ მოუწოდა თ. მაჩალიკაშვილს ეჩვენებინა მისთვის ხელები და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა მოახდინა გასროლა. გასროლის დროსთან დაკავშირებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და განსაკუთრებით მისი და, ნატა მაჩალიკაშვილი უთითებს, რომ გაიგეს კარის შემტვრევის ხმა, რასაც მომენტალურად მოჰყვა გასროლის ხმა. გასათვალისწინებელია, რომ ნატა მაჩალიკაშვილს თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახის გვერდით ეძინა და კარის შემტვრევისთანავე შეეცადა ოთახიდან გამოსვლას, სწორედ ამ მომენტში გაიგო სროლის ხმა და სპეცრაზმელსა და თემირლან მაჩალიკაშვილს შორის კომუნიკაცია ასეთის არსებობის შემთხვევაში მისთვის აღქმადი უნდა ყოფილიყო. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გამოძიების ფარგლებში ორმა სპეცრაზმელმა, რომლებიც თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახის წინ იმყოფებოდნენ, არ მიუთითეს გასროლამდე რაიმე სიტყვიერი გაფრთხილების თაობაზე. მაშინ, რომ მათი ლოკაციის გათვალისწინებით, სპეცრაზმელის მოწოდება ყველა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო აღქმადი. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ გამოკითხვის ოქმები გარკვეულ შეუსაბამობას შეიცავს სროლის დროსთან დაკავშირებით, კერძოდ, სპეცრაზმელთა ნაწილი უთითებს, რომ სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში განხორციელდა გასროლა, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ხოლო ეზოში მყოფი სპეცრაზმელების მითითებით ძირითადი ჯგუფის მეორე სართულზე ასვლიდან რამდენიმე წამში გაიგეს სროლის ხმა და შემდგომ რაციით შეიტყვეს, რომ ობიექტი დაჭრილი იყო.

სპეცრაზმელის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, თემირლან მაჩალიკაშვილმა მოულოდნელად ხელი კრა საბანს, გადაიხარა მარჯვნივ, საწოლიდან ამოიღო ხელყუმბარა, შემდგომ კვლავ გადმოიხარა მარცხნივ და შეეცადა ხელყუმბარის გააქტიურებას. ბუნებრივია ამგვარ მოქმედებებს გარკვეული დრო დასჭირდებოდა და გაუგებარი რატომ არ მოქმედებს ამ დროს სპეცრაზმელი თუ მისთვის აღქმადი გახდა რომ თ. მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარა ამოიღო საწოლის მარჯვენა მხრიდან, რატომ დაელოდა თ. მაჩალიკაშვილის საწყის პოზიციაში დაბრუნებას და მხოლოდ ამის შემდგომ მოახდინა გასროლა?! ამასთან ერთად, სპეცრაზმელი აგრეთვე გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ გასროლის შემდგომ საბანი გადახადა თემირლან მაჩალიკაშვილის, თუმცა, გამოკითხვის საწყის ეტაპზე აღნიშნავს, რომ თ. მაჩალიკაშვილმა ჯერ საბანი გადაიძრო და შემდგომ ამოიღო ხელყუმბარა.

პროკურატურა საკუთარ დასკვნას ამყარებს იმ ფაქტზე მითითებით, რომ ხელყუმბარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თ. მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოიღეს და მასზე აღმოჩნდა თ. მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილი. ამგვარი მითითების მიუხედავად პროკურატურას ყურადღება არ გაუმახვილებია იმ ფაქტზე, რომ თ. მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლის განხორციელების შემდგომ დაახლოებით სამი საათის განმავლობაში სპეცრაზმელებმა ოჯახის წევრებს საძინებელ ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს, ხოლო ყველაზე მნიშნელოვან მტკიცებულებას-ხელყუმბარას ადგილი თავად სროლის განმახორციელებელმა სპეცრაზმელმა შეუცვალა და ეს ხელყუმბარა რატომღაც აღმოჩნდა პაკეტში, რომელზეც 2017 წლის 26 დეკემბრის ნაცვლად ბერი სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის თარიღი -21 ნოემბერი ეწერა.

ფაქტია, რომ შვილის ოთახში შესულ მალხაზ მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა იატაკზე ფალია მოხსნილი დახვდა, თუმცა საკითხავი სწორედ ის იყო როგორ მოხვდა ხელყუმბარა თ. მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში და ოჯახის წევრების ფაქტობრივად სამსაათიანი გამოკეტვა სხვადასხვა ოთახში, თ. მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში მხოლოდ სპეცრაზმელების გადაადგილების ფაქტი პროკურატურისთვის სპეცრაზმელის განმარტებებში ეჭვის შეტანის საფუძველი უნდა გამხდარიყო, რამდენადაც აშკარა იყო მტკიცებულების ფალსიფიცირების შესაძლებლობა. თუმცა, საგამოძიებო ორგანოს ამგვარი ეჭვი არ გასჩენია.

ბუნებრივია, საძინებელი ოთახის სამსაათიანი ერთპიროვნული კონტროლის პირობებში ხელყუმბარაზე თ. მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის გადატანა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა, მით უფრო, რომ მედიაში გავრცელებული ფოტოებიც ცხადყოფს თ. მაჩალიკაშვილის ოთახში მისი სისხლის უამრავი კვალის არსებობას. თუმცა, გასათვალისწინებლია, რომ ექსპერტიზამ ვერ შეძლო აღმოეჩინა თ.მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდი ხელყუმბარის ამფეთ ფალიაზე. დაქტილოსპოკიური ექსპერტიზის დასკვნაში ნათლად არის მითითებული, რომ ხელყუმბარაზე არსებული თითის ანაბეჭდები არ იყო ვარგისი იდენტიფიკაციისთვის, ხოლო ამფეთქ ფალიაზე საერთოდ არ აღმოჩნდა ანაბეჭდი.

სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელი და სხვა პირები კატეგორიულად უარყოფენ თ. მაჩალიკაშვილის საწოლში ყურსასამენის არსებობას, მათ ასევე კატეგორიულად უარყვეს რომ თ. მაჩალიკაშვილის საწოლზე იდო ელექტრო ლეიბი. თუმცა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებულ ფოტოებზე გარკვევით ჩანს ელექტრო ლეიბის კაბელი.

სპეცრაზმელთა განმარტებით თ. მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონი მათ საწოლში არ უნახავთ და მოგვიანებით გამომძიებელმა იატაკიდან ამოიღო. ჩხრეკის ოქმზე დართული ფოტოსურათების მიხედვით მობილური ტელეფონი იატაკის იმ ნაწილიდან ამოიღეს სადაც სისხლის კვალი საერთოდ არ შეიმჩნეოდა, თუმცა მობილურ ტელეფონზე რატომღაც აღმოჩნდა სისხლის კვალი. აღნიშნული მიგნება კი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მობილური ტელეფონი თ. მაჩალიკაშვილის სიახლოვეს იყო, მას სპეცრაზმელებმა გასროლის შემდგომ შეუცვალეს ადგილი. ამ მოსაზრებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ თ. მაჩალიკაშვილის ბოლო აქტივობას სოციალურ ქსელში 03:39 წუთზე ფიქსირდება, რაც ოპერაციის დაწყების დროს ემთხვევა, შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თ. მაჩალიკაშვილის ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა და მისი გადატანა მოგვიანებით სპეცრაზმელებმა მოახდინეს.

გამოძიების პროცესში გამოვლენილი პროცესუალური ხარვეზები

EMC-ის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობდა და კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზანი არ გააჩნდა. აღნიშნულზე მიუთითებდა გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილი ხარვეზები. კერძოდ,

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაარღვია ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი და თემირნალ მაჩალიკაშვილის ოთახიდან ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მისმა, და არა პროკურატურის თანამშრომლებმა ამოიღეს, რითაც ამ მტკიცებულებების ნამდვილობა და სანდობაა ეჭვს ქვეშ დადგა და მთლიანად გამოძიების პროცესის მიმართ ნდობა შეასუსტა და ფორმალური გახადა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაახოლოებით სამი საათის განმავლობაში სრულად აკონტროლებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლს, მის საძინებელ ოთახში შესვლის უფლება ოჯახის წევრებს კი არ მისცეს. სწორედ სუს-ის თანამშრომლებმა თავად ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები და მნიშვნელოვანი მტკიცებულებებს ადგილი უცვალეს და შემდეგ ამოიღეს.
  • თბილისის პროკურატურამ სუს-ის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგები დაგვიანებით მხოლოდ 2018 წლის 8 თებერვალს გამოითხოვა - ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოასწრო აეფეთქებინა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან თითქოსდა ამოღებული ხელყუმბარა. შემდგომში შეუძლებელი გახდა ალტერნატიული საექსპერტო კვლევების ჩატარება.
  • თბილისის პროკურატურამ დაგვიანებით გამოკითხა სროლის განმახორციელებელი და სპეცოპერაციაში მონაწილე სხვა პირები - საქმის მასალების მიხედვით თბილისის პროკურატურამ სუს-ს სპეცოპერაციაში მონაწილე პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გაზიარების მოთხოვნით 2017 წლის 30 იანვარს მიმართა, თუმცა, სუს-მა მხოლოდ ერთი თვის შემდგომ უპასუხა და უშუალოდ სროლის განმახორციელებელი პირის გამოკითხვის შესაძლებლობა პროკურატურას 2018 წლის 2 თებერვალს მიეცა, ხოლო სხვა პირების შემდგომ დღეებში. სუს-ის მაღალჩინოსნები კი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოს თვეში გამოიკითხნენ. სპეცოპერაციაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის პროკურატურისთვის დაგვიანებით ერთი მხრივ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალ გავლენაზე, ფაქტობრივად უკონტროლო ძალაუფლებაზე, მეორე მხრივ კი ჰქმნის ეჭვს, რომ საგამოძიებო ორგანომ ფაქტობრივად დრო მისცა სროლის განმახორციელებელ პირს მოემზადებინა მისთვის სასურველი ჩვენება და შეესაბამებინა უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისთვის.
  • თბილისის პროკურატურა თითქმის ორი წლის მანძილზე არ აძლევდა თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს სროლის განმახორციელებელი და სხვა პირების გამოკითხვის ოქმებზე წვდომის შესაძლებლობას - გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიხედვით აღნიშნული შეზღუდვის მიზანი სპეცრაზმელის უსაფრთხოება იყო. გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე EMC სპეცრაზმელის გამოკითხვის ოქმზე წვდომას მისი პირადი ინფორმაციის დაცვით ითხოვდა. სწორედ ამგვარი ფორმით გაგვაცნეს გამოკითხვის ოქმები 2020 წლის იანვარში. შესაბამისად გაუგებარია ამ შემთხვევაში, პირადი ინფორმაციის დაცვით გამოკითხის ოქმების გაცნობა რატომ იყო პრობლემური 2018 წლის თებერვლის თვეში.
  • თემირლან მაჩალიკაშვილისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სასწრაფო დახმარება დაგვიანებით გამოიძახეს - საგამოძიებო მოქმედებებით და სასამართლო-სამედიცინო კომისიური ექსპერტიზით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილის სახლში სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაახლოებით 20 წუთის შემდგომ გამოიძახეს და ამის შემდგომ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან ერთად, თ. მაჩალიკაშვილისთვის თავის არეში მიყენებული ჭრილობა ქირურგიულად იმგვარად იქნა დამუშავებული, რომ კვალი წაიშალა და შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხებზე რეაგირება პროკურატურას ასევე არ მოუხდენია.

შეჯამება

გამოძიების პროცესის ზემოთ წარმოდგენილი კრიტიკით ცალსახაა, რომ საგამოძიებო ორგანო მხოლოდ სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის განმარტებებს არ უნდა დაყრდნობოდა, რამდენადაც სპეცრაზმელის განმარტებებსა და ექსპერტიზით დადგენილ გარემოებებს შორის ფუნდამენტური შეუსაბამობები არსებობს, რაც ბუნებრივია პროკურატურისთვის სპეცრაზმელის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი უნდა გამხდარიყო. თუმცა, საგამოძიებო ორგანომ შეუსაბამობები უგულებელყო და მხოლოდ სპეცრაზმელის განმარტებები გაიზიარა, ხოლო როდესაც თ. მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველებმა სპეცრაზმელის ჩვენების ვალიდურობა ეჭვქვეშ დავაყენეთ და სპეცრაზმელისთვის კრიტიკული კითხვების დასმა მოვითხოვეთ, საგამოძიებო ორგანომ ფორმალური გამოკითხვები ჩაატარა, საქმისათვის მნიშვნელოვანი კითხვები კვლავ არ დაუსვა სპეცრაზმელს, უარი თქვა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე და მოულოდნელად შეწყვიტა გამოძიება.

ზემოთ განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებული, პრობლემურია და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის გამოვლინებაა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“