საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2018 წლის 26 დეკემბერს, ერთი წელი სრულდება პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ჩატარებული სპეცოპერაციიდან.[1] ოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში მყოფი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, სპეცრაზმის წევრის გასროლილი ტყვიით, მძიმედ დაიჭრა თავის არეში და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. იმავე დღეს, სუს-მა საზოგადოებას ამცნო[2], რომ თემირლან მაჩალიკაშვილი იყო, 21-22 ნოემბერს, ბერი სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული და დაკავებული პირების, მათ შორის, ახმედ ჩატაევის, ინტერპოლით ძებნილი სოლტახმადოვისა და შ. ბორზიევის ხელშემწყობი პირი. ამის გამო, იგეგმებოდა მისი დაკავება, თუმცა, დაკავების პროცესში, მაჩალიკაშვილი შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის გააქტიურებას. სამართალდამცავებმა მის მიმართ გამოიყენეს პროპორციული ძალა და მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა.
ამ დღიდან მოყოლებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პერმანენტულად, მედიის საშუალებით, ავრცელებს სხვადასხვა ინფორმაციას და ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაში, მოახდინოს მისი დეჰუმანიზება, შეასუსტოს საზოგადოების სოლიდარობა მისი ოჯახის წევრების მიმართ და გააჩინოს ეჭვები თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით. ამ მიზნის მისაღწევად კი, სუს-ი, ხშირად, უხეშად არღვევს სამართლებრივ პროცედურებსა და ადამიანის უფლებათა სტანდარტებს. წინამდებარე სტატიაში, შევეცდებით, გავაანალიზოთ ყველა სამართლებრივი შეუსაბამობა და ვაჩვენოთ, რატომ არ ამტკიცებს სუს-ის მიერ გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან დანაშაულის - ტერორიზმის მხარდაჭერის - ჩადენას.
2017 წლის 26 დეკემბრის შემდეგ, სუს-ი თავად, პერიოდულად კი მედიის საშუალებით, ავრცელებს ინფორმაციას იმ მტკიცებულებების შესახებ, რომლებიც, თითქოსდა, ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობას. კერძოდ, 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-მა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდება თ. მაჩალიკაშვილი შ. ბორზიევთან და ა. სოლტახმადოვთან ერთად, თბილისში, ვაგზლის მოედანზე და ეხმარება მათ მობილური ტელეფონის შეძენაში.[3] 2018 წლის 4 იანვარს, პრესკონფერენციაზე სუს-მა მიუთითა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება. ასევე, დაკავებული შ. ბორზიევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთ-ერთი მობილური ტელეფონის დათვალიერებისას, აღმოჩენილია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ საბანკო ხელშეკრულებაზე გადაღებული ფოტო. აღნიშნული ინფორმაციისა და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, სუს-მა მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი, სხვა დაკავებულ პირებთან ერთად, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ უზრუნველყოფას საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებებით[4]. სუს-ის ამგვარ განცხადებებს მოჰყვა სხვადასხვა პოლიტიკოსის შეფასება და პირდაპირი მითითებები თ. მაჩალიკაშვილის „ტერორისტობის“ შესახებ[5].
სუს-ის შემდგომი ნაბიჯები უკავშირდება თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონის[6] შინაარსის შესწავლას და გამოქვეყნებას. 25 ივნისს, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა ბორზიევთან და სოლტახმადოვთან ერთად გადაღებული ფოტოები. დადგინდა, რომ მაჩალიკაშვილი ამ უკანასკნელებთან ერთად ცხოვრობდა ვარკეთილში, ნაქირავებ ბინაში და კირნათი - მარადიდის საზღვრის გადმოკვეთის შემდგომ, ახმეტ ჩატაევმა პირველი სატელეფონო ზარით მაჩალიკაშვილის მობილურ ნომერზე დარეკა[7]. მოგვიანებით, კვლავ გავრცელდა ინფორმაცია თ. მაჩალიკაშვილსა და უცნობ პირს შორის მიმოწერის შესახებ, სადაც იგი, თითქოსდა, საუბრობდა „ისტიშხადზე“ (თვითლიკვიდაციაზე) და გეგმავდა მეტროსადგურ ვაგზლის მოედანზე თავის აფეთქებას[8]. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, კვლავ ისაუბრა დასახელებულ გარემოებებზე და დამატებით მიუთითა, რომ ჩატაევთან დაკავშირებული პირები თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშზე თანხებს რიცხავდნენ[9] .
პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას გარემოებას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული, სუს-ის გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის სანდოობა ეჭვქვეშ დგება, რამდენადაც სუს-ის გადაწყვეტილებით, თემირლანის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს არ აქვთ წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე. შესაბამისად, სუს-ი მათ ამ ინფორმაციის ვალიდურობის, მოპოვების კანონიერების და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციასთან შეჯერების საშუალებას არ აძლევს. ამის მიზეზი კი, მაღალი ალბათობით, ის სამართლებრივი შეუსაბამობებია, რაც სუს-ის სპორადულად გავრცელებულ, ცალმხრივ ინფორმაციას ისედაც თან ახლავს. სისხლის სამართლის საქმის მასალების სრულად გაცნობის შემთხვევაში, ეს გარემოება შეიძლება კიდევ უფრო ცხადი გახდეს. ასეთ შემთხვევაში კი, სუს-ის ვერსიას, თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორიზმის მხარდაჭერის განხორციელების შესახებ, შესაძლოა, საფუძველი გამოეცალოს.
მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ყველა იმ სამართლებრივ პრობლემას, რასაც სუს-ის გავრცელებული ინფორმაცია აჩვენებს. კერძოდ:
სუს-ის გავრცელებული არცერთი ინფორმაცია არ მიუთითებს დანაშულის სუბიექტურ მხარეზე, ანუ იმაზე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა ბორზიევისა და სოლტახმადოვის ვინაობა, ან ჰქონდა კომუნიკაცია ჩატაევთან. სწორედ ცოდნისა და გაცნობიერების ელემენტია მნიშვნელოვანი თემირლან მაჩალიკაშვილის ქმედების შესაფასებლად და იმის განსასაზღვრად, ახორციელებდა თუ არა ეს უკანასკნელი ტერორიზმის მხარდაჭერას.
ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა, ან როგორც მას მოკლედ უწოდებენ ხოლმე, ტერორიზმის მხარდაჭერა, დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლით. თუ ჩავხედავთ დასახელებულ ნორმას, ვნახავთ, რომ იგი მოიაზრებს რამდენიმე ქმედებას, რომლებიც, პირობითად, ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ. პირველ ჯგუფში, კანონი გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც კონკრეტული პირი ფინანსურ სახსრებს ან სხვა ქონებას აგროვებს ან აწვდის სხვადასხვა პირს. ამასთან ერთად, მან იცის, რომ მიწოდებული/მოგროვებული ფინანსები გამოყენებული იქნება ტერორისტების (თავის მხრივ, ტერორისტებად განიხილებიან ადამიანები, რომლებიც გაეროს რეზოლუციებით არიან მიჩნეულნი ასეთებად) ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად თუ სხვადასხვა დანაშაულის ჩასადენად.
მეორე ჯგუფში მოიაზრება შემთხვევები, როდესაც პირი ტერორისტს ან ტერორისტულ ორგანიზაციას უწევს გარკვეულ მომსახურებას, აძლევს მას თავშესაფარს ან სამალავს, მატერიალურად ეხმარება ან უზრუნველყოფს სხვადასხვა რესურსით (სხვაგვარ რესურსში შეიძლება მოვიაზროთ, მაგალითად, საკვების მიტანა, და ა.შ. ) და მას გაცნობიერებული აქვს რომ ამ ქმედებებს ტერორისტისთვის ან ტერორისტული ორგანიზაციისთვის ახორციელებს.
როგორც ვხედავთ, ორივე ჯგუფისთვის აუცილებელია, პირმა იცოდეს, რომ იგი ახორციელებს ქმედებებს ტერორისტისთვის თუ ტერორისტული ორგანიზაციისთვის დასახმარებლად. მან უნდა იცოდეს, რომ პირი, რომელსაც, პირობითად, მიჰყვება მობილური ტელეფონის საყიდლად, ტერორისტია ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს კავშირი. იმ შემთხვევაში, თუ არ პირმა არ იცის, რომ ადამიანი, რომლისთვისაც ჩვეულებრივი ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მოქმედება განახორციელა, არის ტერორისტი, მაშინ დაუშვებელია, რომ მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს და სახელმწიფომ უთხრას, რომ იგი ტერორიზმის მხარდაჭერას ახორციელებდა. პირის ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ქმედებების განხორციელების ნებელობა ანუ სურდეს, რომ ტერორისტს, მაგალითად, უყიდოს მობილური ტელეფონი ან გაუწიოს სხვა სახის მომსახურება. შესაბამისად, ეს დანაშაული სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ პირს, ერთი მხრივ, გაცნობიერებული აქვს ვის ეხმარება და მეორე მხრივ, სურს რომ დაეხმაროს. სხვა შემთხვევაში, დანაშაული არ არსებობს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პერიოდულად, ხდება ცნებების - ტერორიზმის მხარდაჭერა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - აღრევა. ეს ცნებები სხვადასხვა დანაშაულებრივ შემადგენლობაზე მიუთითებს. ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება გულისხმობს სხვადასხვა მოქმედების განხორციელებას, უშუალოდ ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად. ტერორიზმის მხარდაჭერა კი შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირს უშუალოდ ტერორისტულ საქმიანობაში კი არ ეხმარებიან, არამედ, მაგალითად, აძლევენ თავშესაფარს.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ ტერორიზმის მხარდაჭერის, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობა, საკმაოდ მყიფეა. ხშირად, ჩვეულებრივი ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მოქმედებები შესაძლოა დანაშაულის განხორციელებადაც იქცეს, თუ სახეზე იქნება დანაშაულის აუცილებელი ელემენტი - ცოდნა და გაცნობიერება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო უწყებებმა სრულყოფილად და ყურადღებით უნდა შეისწავლონ ქმედების თითოეული დეტალი და წარმოადგინონ ძალიან მყარი მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ ქმედების განხორციელების მომენტში, პირს შეცნობილი ჰქონდა იმ პირის ტერორიზმთან კავშირი, ვისაც ფინანსურად ან სხვა რესურსით უჭერდა მხარს.
ბუნებრივია, როდესაც სუს-ი უთითებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფდა, მან უნდა წარმოადგინოს ჩატაევთან კომუნიკაციის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება. მტკიცებულებამ უნდა დაადასტუროს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს გაცნობიერებული ჰქონდა ბორზიევისა და სოლტახმადოვის ვინაობა და განზრახული ჰქონდა, მათთვის, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირების სხვდასხვა რესურსით უზრუნველყოფა. სუს-ის გავრცელებული მასალები კი ამგვარ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს. როგორც უკვე აღინიშნა, არცერთი მათგანი თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან ჩატავეთან კავშირსა და მისი დაჯგუფების წევრების შესახებ ინფორმაციის ფლობაზე არ მიუთითებს. მეტიც, თავად შოაიფ ბორზიევმა მაჩალიკაშვილის ადვოკატებთან დაადასტურა, რომ თემირლანმა მათი ვინაობის და მათი ჩატავეთან კავშირის შესახებ არაფერი იცოდა.
სუს-ი აქტიურად ცდილობს, საზოგადოების თვალში, თემირლან მაჩალიკაშვილი დამნაშავედ და ტერორიზმთან დაკავშირებულ პირად წარმოაჩინოს, რაც მისი ოჯახის წევრებისთვის ღირსების შელახვის ყველაზე მძიმე პირობაა. მათ არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ შვილის სიკვდილზე მეტად ის ფაქტია მტკივნეული, რომ მას ტერორისტად, ტერორისტების მხარდამჭერად მოიხსენიებს სუს-ი და თავის გამართლების საშუალებასაც კი არ აძლევს მათ.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ დრომდე, თემირლან მაჩალიკაშვილს სისხლის სამართლის საქმეში არანაირი სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნია, ანუ ის არ ყოფილა დაკავებული და მისთვის არ წარუდგენიათ ბრალი. გამოძიების საწყის ეტაპზე, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა არაერთხელ მიმართეს სუს-ს, პროკურატურას და ითხოვეს მათი შვილის წინააღმდეგ არსებული ყველა ინფორმაციის გაცნობა. თუმცა, ამის საშუალება მათ არცერთმა უწყებამ არ მისცა და ამ დრომდე. მათ არ ეძლევათ საქმეში არსებული მასალის გაბათილებისა და დაცვის საშუალება.
საწყის ეტაპზე, როდესაც მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობას ითხოვდნენ, პროკურატურა უთითებდა, რომ გარდაცვალების შემთხვევაში, პირის მიმართ გამოძიება უნდა შეწყვეტილიყო, რის გამოც, სამართლებრივად შეუძლებელი იყო მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემა. მიუხედავად ამისა, სუს-ი ჯერაც არ წყვეტს გამოძიებას და ცდილობს უშუალოდ თემირლანთან დაკავშირებული ცნობების მოგროვებას. მაგალითად, ზაფხულში, როდესაც სუს-ში დაკითხეს მალხაზ მაჩალიკაშვილი, შეკითხვების უმრავლესობა უშუალოდ და მხოლოდ თემირლანს, მისი ცხოვრების სტილს და ურთიერთობებს ეხებოდა. ანალოგიური შეკითხვები მოგვისმენია სხვა პირების დაკითხვის შემთხვევაშიც, რაც მიუთითებს, რომ გარდაცვალების ფაქტის მიუხედავად, გამოძიება მაინც გრძელდება.
გამოძიების გაგრძელება კი უხეშად არღვევს სამართლებრივ პროცედურებს, ვინაიდან თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს არ ეძლევა დაცვის უფლების რეალიზებისა და გამამართლებელი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიების გაგრძელებით კვლავაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წლის 26 დეკემბერს დაირღვა, როდესაც სუს-მა მტკიცებით ფორმაში მიუთითა[10], რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორიზმის მხარდაჭერას ახორციელებდა. ამ დროიდან მოყოლებული, სუს-ის მხრიდან მაჩალიკაშვილზე გავრცელებული ყოველი ინფორმაცია განგრძობითად არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც ადგენს, რომ ადამიანი არ შეიძლება დამნაშავედ იქნას მიჩნეული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ გახდება სასამართლოს განსჯის საგანი და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ დადგინდება მისი დამნაშავეობა. თემირლან მაჩალიკაშვილი კი ვერასდროს წარდგება სასამართლოს წინაშე და ვერასდროს გახდება შესაძლებელი მისი ქმედების სამართლებრივი შეფასება. ამის გამო, სუს-ი და სხვა სახელმწიფო უწყებები უნდა დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს, შეწყვიტონ გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ და ცხადია, თავს უნდა შეიკავონ მისი დამნაშავედ წარმოჩენისაგან.
შეჯამება
სტატიაში შევეცადეთ, განგვეხილა თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული ყველა გარემოება და მათი შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ცხადი ხდება, რომ სუს-ი გავრცელებული ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს. იგი უგულებელყოფს დანაშაულებრივი ქმედების - ტერორიზმის მხარდაჭერისთვის უმნიშვნელოვანეს ელემენტს - სუბიექტურ შემადგენლობას, რაც სავარაუდო დამნაშავის მიერ ფაქტობრივი გარემოებების ცოდნას და გაცნობიერებას გულისხმობს. ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებით, სუს-ი ცდილობს საკუთარი დანაშაულის გადაფარვას და თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას, რათა მისი სიცოცხლის უფლების დაცვას საზოგადოების თვალში მნიშვნელობა დაუკარგოს.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პირველი საქმეა, რომელსაც სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების დარღვევის გამო, 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვა. ამ საქმის სოციალური გავლენები კი, კიდევ უფრო მძიმეა, პანკისის ხეობაში სახელმწიფოს არსებითად უსაფრთხოების იდეაზე დაფუძნებული პოლიტიკის გათვალისწინებით. სამწუხაროა, რომ სიცოცხლის ხელყოფის ამ მძიმე საქმეს ხელისუფლება, ამ დრომდე, არა სამართლიანი მართლმსაჯულებით, არამედ მსხვერპლის დისკრედიტაციის და დეჰუმანიზების მცდელობით პასუხობს. ამით, იგი მსხვერპლისა და მისი ოჯახის ღირსებას დარტყმას აყენებს, სამართლებრივი სისტემის მიმართ ოჯახისა და ადგილობრივი თემის ნდობას კი კიდევ უფრო ამცირებს.
ავტორი: ქეთი ჩუთლაშვილი, EMC-ს იურისტი, მაჩალიკაშვილების საქმის ადვოკატი
[1] https://www.youtube.com/watch?v=_-jftdcxFps
[2] https://reginfo.ge/people/item/4415-kontrteroristulma-zentrma-5-piri-terorizmis-xelshexybobis-braldebit-daakava
[3] https://www.youtube.com/watch?v=jym5N0tW7Do
[4] https://ssg.gov.ge/news/306/saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxuris-gancxadeba
[5] https://news.ge/sopo-kiladze/
[6] რომელიც კანონის დარღვევით ამოიღო სუს-მა თ. მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან.
[7] https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/67452/ahmed-chataevtan-temirlan-machalikashvilis-kavshirebze-akhali-detalebia-tsnobili-eqskluzivi
[8] https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/68272/sad-apirebda-tavis-apetqebas-tbilisshi-temirlan-machalikashvili-eqskluzivi
[9] https://www.kvirispalitra.ge/versia/48253-qteroristtha-muqara-namdvilad-realuri-iyoq-eqskluziuri-interviu-kontrteroristuli-centris-khelmdzghvanelthan.html
[10] უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტზე EMC სუს-ის წინააღმდეგ საერთო სასამართლოში დაობს
ინსტრუქცია