საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2017 წლის 26 დეკემბერს ახმეტის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე 2017 წლის 26 დეკემბერსა და 2018 წლის 4 იანვარს გაკეთებულ საჯარო განცხადებებს უკავშირდება, რომელშიც სუს-ის ოფიციალური წარმომადგენლები მტკიცებით ფორმაში უთითებდნენ მოსარჩელეების შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 3311-ე მუხლით (ტერორიზმის მხარდაჭერა) გათვალისწინებული დანაშაულის განხორციელების თაობაზე, რითიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, ავტომატურად დამნაშავედ გამოაცხადეს თემირლან მაჩალიკაშვილი და ამდენად დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვაზე სახელმწიფოს ფუნდამენტური ვალდებულება. სასარჩელო მოთხოვნაში მოსარჩელეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენასა და მათ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი ავალდებულებს საქმის განმხილველ სასამართლოს ან საჯარო თანამდებობის ნებისმიერ პირს არ გამოხატოს წინასწარი მოსაზრებები იმ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით, ვის მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ან საჯარო თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული განცხადება ასეთ პირთან მიმართებაში არ გამოხატავდეს მოსაზრებას, რომ ის დამნაშავეა, იქამდე ვიდრე ამ პირის დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
მოცემულ შემთხვევაში, სპეცოპერაციის ჩატარების დღიდან, სუს-ი მედიასთან, სპეცოპერაციის თაობაზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის გარეშე, პირდაპირ მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი ეჭვის ან სხვაგვარი დათქმის გარეშე უთითებდა, თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე და მის მიერ ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაზე. 2017 წლის 26 დეკემბერს ბრიფინგის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი (ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი), ყოველგვარი ვარაუდის გარეშე, მტკიცებით ფორმაში საუბრობს და პირდაპირ მიუთითებს სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირების, მათ შორის, მოსარჩელეთა შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაზე. ამასთან, ყოველგვარი დამატებითი განმარტებების გარეშე, სუს-ის მიერ გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც თემირლან მაჩალიკაშვილი ვაგზლის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, ბერი სალოსის ქუჩაზე დაკავებულ/ლიკვიდირებულ პირებთან ერთად. აღნიშნული ვიდეო სუს-მა ჯერ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გაუზიარა, ხოლო მოგვიანებით, ვიდეოჩანაწერი მედიისთვისაც გასაჯაროვდა, რომლის თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, წინა პრესკონფერენციის მსგავსად სუს-ი კვლავ მტკიცებით ფორმაში მიუთითებდა, თემირლანის დამნაშავეობაზე, რაც განცხადებების ამგვარ, მტკიცებით ფორმაში გაკეთების პირობებში, საქმის დეტალებში გაუთვითცნობიერებელ მოსახელობას ავტომატურად არწმუნებდა თემირლანის დამნაშავეობაში. აღნიშნული ვიდეოს მტკიცებულებითი ღირებულება სადავო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პირები პანკისის ხეობას თვეების განმავლობაში სტუმრობდნენ და მათ ადგილობრივები სხვა სახელებითა და ვინაობით იცნობდნენ.
იმის მიუხედავად, რომ სუს-ი მითითებულ საქმეზე წარმოადგენდა ბრალდების მხარეს, მასზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება მაინც ვრცელდებოდა, რამდენადაც განცხადებების გაკეთება არ განხორციელებულა სამართალწარმოების ფარგლებში, არამედ განცხადებების უშუალო მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის მედიისთვის მიწოდება, რა დროსაც როგორც ბრალდების მხარეს, ასევე სხვა ნებისმიერ საჯარო უწყებას აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება.
სუს-ის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საწყის ეტაპზევე დამნაშავედ გამოცხადება მისი სიცოცხლის დაცვის ღირებულების დასუსტებისა და დეჰუმანიზაციის მცდელობა იყო და სავარაუდოდ სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების დროს მის უფლებების დარღვევის გადაფარვის მცდელობას ისახავდა მიზნად.
სუს-ის მიერ, მედიაში თემირლან მაჩალიკაშვილის თაობაზე გაკეთებული განცხადებების შედეგად, დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია და სახელმწიფო უწყების მიერ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, თვითნებურად და უკანონოდ მიენიჭა დამნაშავის სტატუსი, რომელმაც საზოგადოებაში ამგვარი წინასწარგანწყობების გავრცელებას შეუწყო ხელი, რითაც განსაკუთრებული ზიანი მიადგა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ღირსებას. აღნიშნულ დავას ოჯახისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც მათ გამოძიების ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობაზე დავის შესაძლებლობა წართმეული აქვთ.
აღსანიშნავია, რომ მითითებული საქმე მნიშვნელოვანია არამხოლოდ უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის უფლებების აღდგენისთვის, არამედ მას პრეცედენტული მნიშვნელობა აქვს სხვა მსგავსი შემთხვევებისთვისაც, რადგან უდანაშაულის პრეზუმფციის დარღვევის საქმეებზე ეროვნულ სასამართლოებს კარგად ჩამოყალიბებული პრაქტიკა არ გააჩნიათ.
შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის შემდეგ, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და ამ გზით ოჯახის წევრების ღირსების შელახვის საკითხებზე, EMC დავას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს.
ინსტრუქცია