საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება გუშინ, 2018 წლის 4 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრის საკითხს და პროკურატურას თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ეფექტიანი, დროული და სამართლიანი გამოძიების უზრუნველყოფისთვის სასწრაფო ზომების მიღებას სთხოვს.
თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების ნეგატიური ხელყოფის პირველი საქმეა. აღნიშნულ საქმეს მაჩალიკაშვილის ოჯახის მიმართ ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის მიღმა, პანკისის ხეობაში წლების განმავლობაში სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელების შინაარსიც აქვს.
2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დაგეგმვის პროცესთან კავშირში არსებობს არა ერთი ლეგიტიმური კითხვა, რომელიც მის კანონიერებას სადავოს ხდის. რეპრესიული ძალის დემონსტრირებაზე მიმართული სპეცოპერაციის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ სათანადოდ არ მოხდა ძალის გადამეტების პრევენცია (მათ შორის, შესაძლო რისკების სწორი გაზომვა, პროპორციული საშუალებების გამოყენება), რამაც უმძიმესი შედეგი გამოიწვია. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესი ამ დრომდე არსებითად ფორმალისტურ ხასიათს ატარებს. ჩვენი არაერთი დასაბუთებული მოთხოვნის მიუხედავად, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა არ არის ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, ადვოკატებს კი არ გვაქვს წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ საქმის მასალებზე, რომელიც ამ საქმეში სუს-ის საქმიანობას უკავშირდება და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქმისთვის.
გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტის უგულებელყოფით, გამოძიების საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღება და მათთან დაკავშირებული ექსპერტიზების დანიშვნა სუს-ის მიერ განხორციელდა, რომლის თანამშრომლების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის საკითხიც იყო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საგანი. საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღების და შენახვის დროს დაირღვა კანონის მოთხოვნები, რამაც სადავო გახადა მათი ვალიდურობის და კანონიერების საკითხი. მთლიანობაში გამოძიების ფარგლებში დაშვებულმა შეცდომებმა და რეალური პროგრესის არ არსებობამ მიმდინარე გამოძიების მიმართ დაზარალებულის ოჯახის ნდობა შეასუსტა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მის საჯარო განცხადებებში თემირლან მაჩალიკაშვილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, დამნაშავედ გამოაცხადა, რითაც უხეშად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია მის მიმართ. უნდა ითქვას, რომ სხვა დაკავებული პირების ადვოკატების განცხადებით, მათ მიმართ მიმდინარე სასამართლო განხილვის ფარგლებში, პროკურატურას არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც თ. მაჩალიკაშვილის ბრალეულობას აჩვენებდა.
თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე პანკისის ხეობაში სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნიშანია, რომელიც წლების განმავლობაში დასჯისა და სოციალური კონტროლის მიდგომებს ეფუძნება. სწორედ ამიტომ მაჩალიკაშვილის საქმეზე სამართლიანობის დადგენას და იმ პირების დასჯას, რომლებმაც არასათანადოდ დაგეგმეს, განახორციელეს სპეცოპერაცია და კანონის დაცვით არ მოახდინეს მტკიცებულებების ამოღება და დაცვა, არსებითია არა მხოლოდ დაზარალებული პირების ინდივიდუალური უფლებების აღდგენისთვის, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ადგილობრივი საზოგადოების ნდობის აღდგენისთვისაც.
მთავრობის მხრიდან ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრა დადებითად უნდა შეფასდეს. შეხვედრის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ზემოთ წარმოდგენილი არგუმენტები და საქმეზე მისი პირადი და პრიორიტეტული მონიტორინგის დაპირება გასცა. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას, რომ სპეცოპერაციის შემდეგ საქმის მძიმე უფლებრივი და სოციალური ეფექტის მიუხედავად, მთავრობამ არ უზრუნველყო დაზარალებულ ოჯახთან და პანკისის ადგილობრივ საზოგადოებასთან ნდობაზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება, რაც უნდობლობისა და ფრუსტრაციის არსებითი მიზეზი გახდა. ბოლო დღეებში მიმდინარე აქციების ფონდზე სიტუაციის ესკალაცია სწორედ სახელმწიფოს მიერ გამოძიების დროს დაშვებული მნიშვნელოვანი ხარვეზების და არასათანადო კომუნიკაციის შედეგია. აქციებთან კავშირში ხელისუფლების მიერ გაკეთებული არც ერთი განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პოლიტიკის შეცვლას და დამატებითი ზომების მიღებას არ ითვალისწინებდა, რაც საქმისა და მასთან დაკავშირებული უფრო ფართე სოციალური კონტექსტების არ აღიარების ნიშანი იყო.
უნდა ითქვას, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ შეხვედრას მიმდინარე გამოძიების პროცესზე რეალური გავლენა არ ექნება და ის მხოლოდ ფორმალური შეხვედრის ფორმატით ამოიწურება, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობისა და დაუსჯელობის განცდა მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის, ისევე როგორც დანარჩენი საზოგადოებისთვის კიდევ უფრო გაღრმავდება.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს პროკურატურას
უახლოეს დღეებში EMC ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის აპარატს, პარლამენტს გაუგზავნის დასაბუთებულ ანალიტიკურ მასალას, თ. მაჩალიკაშვილის საქმეში ადამიანის უფლებების სტანდარტების დარღვევისა და გამოძიების არაეფექტიანობასთან დაკავშირებით.
EMC აგრძელებს გამოძიების პროცესში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების ინტერესების დაცვას და პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შედეგების თაობაზე შეფასებებს საზოგადოებას გონივრულ ვადაში გაუზიარებს
ინსტრუქცია