[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება აფხაზეთში დაპატიმრებული ქალების საკითხს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის საქმეს ეხმიანება. საქართველოს მოქალაქეები 25 წლის ქრისტინე თაკალანძე და 29 წლის ასმათ თავაძე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2022 წლის ივლისში და ამავე წლის ნოემბერში დააკავეს. ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.

ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონში, სოფელი ნაბაკევში ცხოვრობდა და 2022 წლის 20 ივლისს ე.წ. გამშვები პუნქტის გადაკვეთის დროს დააკავეს, როცა ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდა. საოკუპაციო რეჟიმმა მის წინააღმდეგ ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით აღძრა სისხლის სამართლის საქმე და „ბრალად ედება“ საქართველოს დაზვერვის დავალებით მოქმედება და ქართული სპეცსამსახურებისთვის სამხედრო და სხვა ტიპის ინფორმაციას გადაცემა. 2023 წლის 5 მაისს აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ მას 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ასმათ თავაძე აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავმა ორგანოებმა მისსავე სახლში, სოხუმში დააპატიმრეს, სადაც ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ამოიღეს 10 გრამი ნარკოტიკული საშუალება. თავაძის დაკავების ფაქტებში ჩანს მის სახლში არსებული ქართული სიმბოლიკა (საქართველოს დროშა და გერბი). როგორც მედია საშუალებების ხდება ცნობილი, ასმათ თავაძე სამტრედიაში ცხოვრობს, თუმცა სოხუმში მიმოსვლის შესაძლებლობა აქვს და 2021 წელს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობაც მიიღო. ასმათ თავაძეს ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვას ედავებიან, თუმცა ჩნდება ვარაუდი, რომ მის საქმეს პოლიტიკურ ელფერსაც აძლევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების განცხადებით ქრისტინე თაკალანძისა და ასმათ თავაძის დაკავების დღიდან ისინი აქტიურად მუშაობენ მათი გათავისუფლებისთვის, ორივე ქალი უკვე მეორე წელია პატიმრობაში რჩება და დამაიმედებელი ინფორმაცია თბილისისთვის მათი გადმოცემის შესახებ არ ვრცელდება.

ბოლო წლებში, დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ ეთნიკური ქართველების დაკავების პრაქტიკაში ახალი ტენდენციები ჩანს. თუ წინა წლებში ეთნიკური ქართველების მასობრივი დაკავების შემთხვევები მეტწილად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უკავშირდებოდა და როგორც წესი, ასეთი საქმეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით იწარმოება, ბოლო პერიოდში იმატა სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებების, მათ შორის, ქალების დაპატიმრებების რიცხვმა. იმ პირობებში კი, როდესაც ჩვენ არ გაქვს დე ფაქტო ხელისუფლებებთან ჰუმანიტარულ საკითხებზე პირდაპირი დიალოგის ფორმატები, რომელიც ხელისუფლებას ადამიანური უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის საკითხების განხილვისა და მოლაპარაკებების უფრო ქმედით შესაძლებლობას მისცემდა, სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების გათავისუფლების პროცესი რთულდება. ვითარება განსაკუთრებით რთულად დგას აფხაზეთის მიმართულებით, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM ) 2018 წლიდან არ მუშაობს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, დღემდე 9 ადამიანი აგრძელებს უკანონო პატიმრობაში ყოფნას კონფლიქტის ორივე რეგიონში.

ამ კუთხით გასათვალისწინებელია აფხაზეთის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მძიმე პირობები, რაც იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოებაზე და უფლებრივ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება. ევროკავშირის მანდატის ქვეშ, თომას ჰამერბერგის და მაგდალენა გრონოს მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, აფხაზეთის “პენიტენციური დაწესებულებები” მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, იმდენად რომ მათ შეიძლება გამოიწვიონ პატიმრების ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის ფსიქოლოგიური გართულებები. გარდა ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით “პენიტენციური დაწესებულებები/დაკავების ადგილები, სადაც დაკავებული და პატიმრობამისჯილი ქალები არიან განთავსებული არ შეესაბამება მათ სპეციალურ საჭიროებებს. აფხაზეთის დე ფაქტო სახალხო დამცველის აპარატმა 2023 წელს სპეციალური ანგარიშიც გამოქვეყნდა “პენიტენციურ დაწესებულებებში” არსებულ მდგომარეობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის დროს აშენებული “სასჯელაღსრულების დაწესებულებები არ შეესაბამება “ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს”. ამ “დაწესებულებებში” არ არის საკმარისი საწოლები და ოთახები, არ არის ადეკვატური სამედიცინო სერვისი, ადამიანებს არ უტარდებათ პირველადი სამედიცინო შემოწმება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის დროს. ზოგიერთ დაწესებულებაში არ არის დღის შუქი, რაც მძიმედ მოქმედებს პატიმრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მხოლოდ სოხუმში არსებულ დაწესებულებაში არის კვება, დანარჩენ რეგიონებში პატიმრების კვება დამოკიდებულია ოჯახის წევრების მიერ გადაცემულ საკვებზე, სანიტარული და ჰიგიენური პირობები ამ დაწესებულებებში ასევე მძიმე მდგომარეობაშია. დამოუკიდებელი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორებს არ მიუწვდებათ ხელი შეაფასონ და მეთვალყურეობა გასწიონ პატიმრობაში მყოფების უფლებრივ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.

ამდენად, აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი პირების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მძიმეა და მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნდეს სისტემური მიდგომები და ინსტრუმენტები კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის, მათ შორის, არსებითია საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და მათი ჩარევის გზებზე სისტემური მუშაობა, ასევე, გაჭიანურებული კონფლიქტის პირობებში დე ფაქტო ხელისუფლებებთან ადამიანური უსაფრთხოების, უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხებზე პირდაპირი დიალოგის ფორმატების შექმნა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას

  • გააძლიეროს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მუშაობა უკანონოდ დაპატიმრებული ორივე ქალის, ქრისტინე თაკალანძისა და ასმათ თავაძის გადმოცემისა და მათი უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით;
  • გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ყველა ფორმალური და არაფორმალური გზა თალაკანძის და თავაძის თბილისისთვის გადმოცემისა და გათავისუფლებისთვის;
  • გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტამდე, დაკავებული ქალების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, წარმართოს მოლაპარაკებები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან და მეთვალყურეობა გაუწიოს უკანონო პატიმრობაში მყოფი ქალების ფიზიკურ უსაფრთხოებას;
  • შეიმუშავოს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშემწყობი სისტემური ინსტრუმენტები, რომელიც მოიცავს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე მუშაობის გაძლიერებას, ასევე დე ფაქტო ხელისუფლებებთან ჰუმანიტარულ საკითხებზე პირდაპირი დიალოგის პროცესებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“