საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფხაზეთში მცხოვრები შშმ პირის საქმეზე[1] მნიშვნელოვანი სასამართლო დავა მოიგო, რომელიც 2023 წლის 22 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირები გაუთანაბრა საქართველოს მოქალაქეებს და მიუთითა, რომ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების, მათ შორის შშმ პირების ინტეგრაციაზე ზრუნვა და საბაზისო სერვისებზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა.
2021 წელს ოჩამჩირეში (აფხაზეთი) მცხოვრებმა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომელიც საქართველოს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ფლობს, შშმ პირებისთვის განკუთვნილი პენსიის მოთხოვნით საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. სამწუხაროდ, სოციალური მომსახურების სააგენტომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და მიუთითა, რომ იმის გამო, რომ ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, მსგავსი სოციალური დახმარებით ვერ ისარგებლებდა. სააგენტოს ეს გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ამტკიცებდა, რომ ადამიანის უფლება, ჰქონდეს მინიმალური საარსებო პირობები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია პირის სიცოცხლის და თვითგანვითარების უფლებასთან ისარგებლოს სოციალური დახმარებით, ჰქონდეს ადეკვატური თავშესაფარი და ა.შ., წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას და სოციალური სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს. ის არ შეიძლება დაუკავშირდეს მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის სახეს ან/და იურიდიულ მისამართს. ამასთან, ჩვენი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრულფასოვანი მფარველობა, ინტეგრირება და მხარდაჭერა, გამოხატავს ქვეყნის გაცხადებულ დეოკუპაციის პოლიტიკას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მიზნები და ვალდებულებები სახელმწიფოს მიერ სათანადოდ გააზრებული და დაცული არ იყო.
პირველი ინსტანციის მგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ სცნო სოციალური მომსახურების სააგენტოს მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს ადეკვატური სოციალური მხარდაჭერას არ აძლევდა. აღნიშნული საქმე პრეცედენტულია და დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში განაპირობებს პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირების სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოებას და ამ მიზნით ახალი საკანონმდებლო ცვლილებებს.
უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ პირადობის ნეიტრალური მოწმობის მექანიზმის შემოღება წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის, დეიზოლაციისა და საქართველოსთან მობილობის გაზრდის კუთხით. მოქმედი კანონმდებლობა ამგვარი მოწმობის მქონე პირებს გარკვეულ სოციალურ შეღავათებს ანიჭებს, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარების, მეწარმე სუბიექტად და გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის; საბანკო ანგარიშის გახსნის, ასევე სახელმწიფო გრანტის მიღების უფლებას, თუმცა, მათზე არ ავრცელებს ისეთ საბაზისო სოციალურ გარანტიებსა და პროგრამებს როგორიც არის პენსია, მათ შორის, შშმ პირთა პენსია, მუნიციპალური საცხოვრისების სერვისები, ფულადი შეღავათები. ეს მიდგომა საქართველოს სოციალური დაცვის სისტემაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების რეალური დაცვის მიზნებს არ პასუხობს. ნიშანდობლივია, რომ პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიმღებ პირთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია, რაც მათ შორის, ამ სტატუსთან დაკავშირებული მწირი სოციალური გარანტიებით შეიძლება აიხსნას.
ჩვენი მოსარჩელის მხრიდან ორივე ინსტანციის სასამართლოში დავის მოგების მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ პროცესზევე განაცხადა, რომ ის აღნიშნულ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციაში. სამწუხაროდ, წლებია საჯარო უწყებები ამკვიდრებენ მანკიერ პრაქტიკას, ნებისმიერი დავის ფარგლებში სამივე ინსტანციაში უპირობოდ გაასაჩივრონ გადაწყვეტილებები, რაც ერთი მხრივ, ბიუროკრატიული და სასამართლო რესურსების უსაფუძვლო ხარჯვას იწვევს და მეორეს მხრივ კი, მოსარჩელეებს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ტოვებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მოსარჩელე არის ეტლით მოსარგებლე შშმ პირია, რომელიც თბილისში ყოველგვარი შემოსავლის და საცხოვრებლის გარეშე ცხოვრობს და გააჩნია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ის თითქმის სამი წელია ამ მდგომარეობაში ელოდება დავის დასრულებას და სახელმწიფოს ნაცვლად, მხარდაჭერას კერძო საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებიდან იღებს.
მოვუწოდებთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამ კრიტიკულ შემთხვევაში მაინც თავი შეიკავოს დავის ხელოვნურად გაჭიანურებისგან და დაუყოვნებლივ დაიწყოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების პროცესი!
[1] საქმის დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე - https://rb.gy/czh0vt
ინსტრუქცია