საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფხაზეთში მცხოვრები შშმ პირის საქმეზე მნიშვნელოვანი სასამართლო დავა მოიგო, რომელიც სახელმწიფოს საქართველოს პირადობის ნეიტრალურ მოწმობის მქონე ადამიანებზე სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოებისა და მოქალაქესთან გათანაბრებული სოციალური მიდგომების დამკვიდრებისკენ მოუწოდებს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია და ის არსებული პოლიტიკის ძირეული რევიზიისა და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველიც უნდა გახდეს.
2021 წელს ოჩამჩირეში (აფხაზეთი) მცხოვრებმა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომელიც საქართველოს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ფლობს და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა[1], შშმ პირებისთვის განკუთვნილი პენსიის და COVID-19 შედეგად მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად დაწესებული კომპენსაციის მოთხოვნით საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. სამწუხაროდ, სოციალური მომსახურების სააგენტომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და მიუთითა, რომ იმის გამო რომ ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, მსგავსი სოციალური დახმარებით ვერ ისარგებლებდა.
სააგენტოს ეს გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ამტკიცებდა, რომ ადამიანის უფლება ჰქონდეს მინიმალური საარსებო პირობები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მისი სიცოცხლის და თვითგანვითარების უფლებასთან ისარგებლოს სოციალური დახმარებით, ჰქონდეს ადეკვატური თავშესაფარი და ა.შ., წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას და სოციალური სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს. ის არ შეიძლება დაუკავშირდეს მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის სახეს ან/და იურიდიულ მისამართს. ამასთან, ჩვენი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრულფასოვანი მფარველობა, ინტეგრირება და მხარდაჭერა, გამოხატავს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ტერიტორიული მთლიანობის იდეას და ქვეყნის გაცხადებულ დეოკუპაციის პოლიტიკას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მიზნები და ვალდებულებები სახელმწიფოს მიერ სათანადოდ დაცული არ იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალური დაცვის სააგენტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და სრულად გაიზიარა სოციალური სამართლიანობის ცენტრის არგუმენტაცია. კერძოდ, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და სოლიდარობის პრინციპებზე, მმართველობითი საქმიანობისას ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა: „სამართლებრივი ნორმის იმგვარი განმარტება, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს შესთავაზა სადავო აქტების გამოცემისას ეწინააღმდეგება სოციალური სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს [...] სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა“.
სასამართლომ დეტალურად შეაფასა პირადობის ნეიტრალური მოწმობის სამართლებრივი მნიშვნელობაც: „კანონმდებელმა ნეიტრალური მოწმობა გაუთანაბრა რა პირის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, მას მიანიჭა პირის იდენტიფიცირების და სამართლებრივ ურთიერთობებში ლეგალურად მონაწილეობის შესაძლებლობის იურიდიული მნიშვნელობა[...]პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემით სახელმწიფომ მოსარჩელეს მიანიჭა პირადი ნომერი და მისცა შესაძლებლობა სამართლებრივ ურთიერთობებში მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის ისარგებლოს სოციალური შეღავათებით [...] მოსარჩელე მიიჩნევა საქართველოს მოქალაქედ, ხოლო სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა რა სახის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტია მათ სახელზე გაცემული.“
სასამართლო ასევე შეეხო დეოკუპაციის პოლიტიკის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას: „დაუსაბუთებელია ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირისთვის სახელმწიფო დახმარების გაცემაზე უარის თქმა კანონში პირდაპირი ჩანაწერის არარსებობის საფუძვლით. მით უფრო, როდესაც საქართველოს მთავრობამ ... დაამტკიცა სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით და იგი დააფუძნა ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებზე, როგორიცაა: საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია; საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრები ურყევია, ამასთან ... საქართველოს მთავრობა ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის მისაწვდომი გახადოს ყველა ის სარგებელი, რომელიც მოაქვს სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესს.“
ჩვენი აზრით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ცვლის სახელმწიფოს პრობლემურ მიდგომებსა და პრაქტიკას, რომელიც პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს სუსტ სოციალურ გარანტიებს აძლევს და მომავალში ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისათვის სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
თავის დროზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ პირადობის ნეიტრალური მოწმობის მექანიზმის შემოღება წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის, დეიზოლაციისა და საქართველოსთან მობილობის გაზრდის კუთხით. მოქმედი კანონმდებლობა ამგვარი მოწმობის მქონე პირებს გარკვეულ სოციალურ შეღავათებს ანიჭებს, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარების, მეწარმე სუბიექტად და გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის; საბანკო ანგარიშის გახსნის, ასევე სახელმწიფო გრანტის მიღების უფლებას, თუმცა, მათზე არ ავრცელებს ისეთ საბაზისო სოციალურ გარანტიებსა და პროგრამებს როგორიც არის პენსია, მათ შორის, შშმ პირთა პენსია, მუნიციპალური საცხოვრისების სერვისები, ფულადი შეღავათები. ეს მიდგომა გარდა იმისა, რომ საქართველოს პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირების გაუმართლებელ დიფერენცირებას იწვევს, ის ამგვარი დოკუმენტის მიღებისა და საქართველოს სოციალური დაცვის სისტემაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების რეალური დაცვის სოციალურ და პოლიტიკურ მიზნებს არ პასუხობს.
ნიშანდობლივია, რომ პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიმღებ პირთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია, რაც მათ შორის, ამ სტატუსთან დაკავშირებული მწირი სოციალური გარანტიებით შეიძლება აიხსნას. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლიდან 2021 წლის ბოლომდე გაცემულია ჯამში 246 პირადობის ნეიტრალური მოწმობა, აქედან უმეტეს შემთხვევაში სოხუმში და ოჩამჩირეში მცხოვრებ პირებზე.
იმედს გამოვთქვამთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და კვალდაკვალ, საქართველოს პარლამენტი და მისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობა და შესაბამისი აღმასრულებელი უწყებები პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებისთვის უფრო ფართე სოციალურ გარანტიებს, გასაცემლებსა და პროგრამებს გაითვალისწინებენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უფლებებისა და სოციალური საჭიროებების დაცვას არსებითად გააუმჯობესებენ.
[1] საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები იმ პირების იდენტიფიცირების მიზნით, რომელთაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა 2011 წლიდან გაიცემა პირადობის ნეიტრალური მოწმობა.
ინსტრუქცია